თუკი
რამე გვქონდა XX საუკუნეში
პროგრესული და დასავლური (ვგულისხმობ დემოკრატიის ხარისხს, სეკულარიზმს, სახელმწიფო
ინსტიტუტებს და სხვ.) ეს უდავოდ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
„მენშევიკების მთავრობა“, როგორც პირველ
რესპუბლიკას ხანდახან მოიხსენიებენ ხოლმე, არ ყოფილა ერთი, საქართველოში თუნდაც ყველაზე
ძლიერი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის საკუთრება. ის თანაბრად ეკუთვნოდა ყველას, ვინც
მეფის რუსეთის დროს სხვადასხვა ხერხებით იბრძოდა ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. პირველ
რიგში კი ეკუთვნოდა ორ „ოქროს“ თაობას - „მესამოციანნი“ (თერგდალეულებს) და „მეოთხოცდაათიანნი“
(რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები“) როგორც მათ არჩილ ჯორჯაძე უწოდებდა თავის წერილში (მცირედით
გადახვევა გამოდის, მაგრამ რახან საზემო თარიღია და სენტიმენტების უფლებაც უფრო მეტად
გვაქვს, უნდა ვთქვა: დემოკრატიული რესპუბლიკა უკეთესი და უფრო მეტად საინტერესო იქნებოდა,
მას რომ იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ინტელექტუალი, არჩილ ჯორჯაძე
მოსწრებოდა);
თერგდალეულებისგან განსხვავებით, მათ მომდევნო
თაობას არ გაუმართლა. არ გაუმართლა არც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. არგამართლება
გერმანიის პირველ მსოფლიო ომში მარცხით დაიწყო, ევროპისა და საბჭოთა რუსეთისგან უსაფრთხოების
გარანტიების ვერმიღებით გაგრძელდა და ბრძოლის მიუხედავად, რუსული ოკუპაციით დასრულდა.
საბჭოთა რეჟიმმა თავი თერგდალეულების (ილიას) მემკვიდრედ გამოაცხადა
და მის შემდეგ, სხვადასხვა დოზით, დაახლოებით 50 წლის მანძილზე მოქმედი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ჯგუფის თუ ძალის გაშავება დაიწყო. მთვარი აქცენტი
კი ბოლშევიკების იდეურ მტრებზე, მენშევიკებზე გაკეთდა. საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიაში
ეს ხალხი წარმოჩენილი იყო როგორც: „უხერხემლო“, „ბურჟუა კაპიტალისტების მსახური“, „ნაციონალისტი“
და სხვ.
უიღბლობა
შემდგომი პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაშიც ფართოდ გავრცელდა, ოღონდ ახალი იარლიყებით
(„უხერხემლოებს“ და „ილიას მკვლელებს“ დაემატა „ათეისტები“, „ქვეყნიდან გაქცეულები“,
„კოსმოპოლიტები“ და სხვ.) ეს მოსაზრებები ძირითადად არა მეცნიერულ კვლევას, არამედ
ემიგრაციაში დაწერილ მემუარებს და ოპოზიციურ პრესას დაეყრდნო. ასეთი ნეგატიური „ნარატივი“
გაბატონებულია ქართულ საზოგადოებაში და ცხადია, მასზე სასურველ გავლენას ვერ ახდენს
მცირერიცხოვან პროფესიონალ ისტორიკოსთა შრომები (საკმაოდ დამღლელია ვირტუალურ სივრცეში
აკვიატებულ აზრებთან ფაქტებით უშედეგოდ კამათი, ამიტომ მოვიშველიებ ხოლმე, ადრე მეგობრისთვის
დაწერილ იმ საქმეთა მოკლე ჩამონათვალს რაც 1918-1921 წლებში გაკეთდა საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის მიერ) - იხ. ლინკი http://gogidamagogi.blogspot.com.ar/2016/06/blog-post.html
უიღბლობა გრძელდება დღესაც, რაც გამოიხატება,
პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან 100 წლისთავის
თარიღისადმი (რაც სიმბოლოა მთელი ამ მემკვიდრეობის) მიფუჩეჩებულ დამოკიდებულებაში.
თუმცა, იქ სადაც რუსთაველის იუბილე „გააკატავეს“ წესით აღარაფერია გასაკვირი.
იმ
პროფესიონალებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ (მათ შორის ჩემს მეგობრებსაც), შეიძლება ცოტა გულზეც მოხვდეთ, მაგრამ
ფაქტია, დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის არმცოდნეები, ან საუკეთესო შემთხვევაში,
შორიახლოს მყოფები საკმაოდ ფუთფუთებენ, სტატიებს აცხობენ, ლექციებს კითხულობენ და ამ
არაპროფესიონალიზმის გვირგვინია - პრეზიდენტის
პატრონაჟით 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც ერთი პანელიც კი არ ეთმობა
დემოკრატიულ რესპუბლიკას.
დღეს
გამორჩეული დღეა და პირადად ჩემთვის ამ თარიღს დამატებით მნიშვნელობას ისიც მატებს,
რომ ამ პოსტს ვწერ არგენტინიდან. ქვეყნიდან, რომელმაც მსოფლიო ომის შემდეგ, ახალ გეოპოლიტიკურ
ვითარებაში 1919 წელს პირველმა აღიარა საქარველოს დამოუკიდებლობა დე-იურედ).
აღვნიშნავთ 26 მაისს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ,
რომ ქართული საზოგადოება და მისი პოლიტიკური ელიტა შორსაა იმ დემოკრატიული იდეალებისგან,
რასაც დაეფუძნა ქართული სახელმწიფო 100 წლის წინ.
რახან
იუბულეა, ბოლოს სადღეგრძელოსავით ვიტყვი: მიუხედავად ბოლოდროინდელი უიმედო განწყობისა,
საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი თავის ჩათვლით, ვუსურვებ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას. ისეთს, რის გამოც
მიყვარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - თანასწორი, სეკულარული, ერთიანი და დემოკრატიული.
გოგი გაფრინდაშვილი
2018 წლის 26 მაისი, ბუენოს აირესი

No hay comentarios.:
Publicar un comentario