viernes, 28 de mayo de 2021

ვინ არის ოკუპანტი?

 

პრესაში, ტელევიზიასა და, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, ხშირად ვხვდებით „ეროვნულად“ განწყობილი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების და საქართველოს ეკლესიის ზოგიერთი მაღალი თუ დაბალი იერარქის მხრიდან წამოსულ გზავნილს, რომელიც დაახლოებით ასეთი სახისაა: „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან ერთად ოკუპანტია სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებსაც დღეს უკავიათ ლორე, ჰერეთი და ტაო-კლარჯეთი.“

ჩვენი სახელმწიფოსათვის ეს მეტად საშიში განცხადებები განსაკუთრებით საყურადღებო მაშინაა, როცა იგი სასულიერო პირების მხრიდან კეთდება, რადგანაც საზოგადოების საკმაო ნაწილი მათ განცხადებებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებს. ეს კი ხელს უწყობს არასასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ქმნის დაძაბულ ფონს მეზობელ სახელმწიფოებთან. ეს მითუფრო სახიფათოა, როდესაც ხელისუფლება  ამ საკითხში, უმეტეს შემთხვევაში, „წაყრუების“ პოზიციაზე დგას და მისი ქმედებები ძალიან პასიურია.

ასეთი სახის პროპაგანდისტული მასალა სოციალ ქსელებში უხვად ვრცელდება

            სანამ ამ საკითხს გავშლიდეთ, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტება დაგვჭირდება:

·         „საერთაშორისო სამართალი“ - არის  პრინციპებისა და წესების ერთობლიობა, რომლებიც აღიარებულია სუვერენული სახელმწიფოებისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მიერ, როგორც  სავალდებულო იურიდიული ვალდებულებები. დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი წესების სისტემა ემყარება სახელმწიფო სუვერენიტეტის წინაპირობას. თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს, რომელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩაებას მოლაპარაკებებში, რომელს მოაწეროს ხელი ან მოახდინოს მისი რატიფიცირება.

·         „ოკუპაცია“ – რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება. (თუმცა უნდა ითქვას რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა ამ მხრივ კიდევ უფრო შორსაა წასული და საქმე გვაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ, ყოველდღიურ ანექსიასთან, რომელიც იურიდიულად ჯერ არ გაფორმებულა).

·         „ისტორიული საქართველო“ - ეს ტერმინი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიას, რომელიც მოიცავს იმ ისტორიულ პროვინციებსაც, რომლებიც, დროის ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოსა და კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ დღეს საერთაშორისო სამართლით სხვა სახელმწიფოების შემადგენლობაშია;

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სახელმწიფოებს შორის ურთიეთობების მოწესრიგება ხდება საერთაშორისო სამართლის პრიციპების დაცვით. ამას ადასტურებს ის ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გააფორმა თავის მეზობლებთან.

 

საქართველო-თურქეთი

            ისტორიული ტაო-კლარჯეთი ანტიკური პერიოდიდან ჩანს წყაროებში და ის  XVI საუკუნემდე, ქართული სახელმწიფოს (თუ სახელმწიფოების) ნაწილი იყო. XV საუკუნეში, ერთიანი სამეფოს დაშლისა და ოსმალეთის იმპერიის უძლიერეს სახელმწიფოს ქცევის შემდეგ კი ამ უკანასკნელის ნაწილი გახდა. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად  ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. საბოლოოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 13 ოქტობერს ყარსის ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთმა ქემალ ათათურქის რეჟიმს საბოლოოდ დაუთმო ყარსის, არტაანისა და ართვინის ოლქები.

1991 წელს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთელ მეზობელთან. ხელშეკრულება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ ძალაში შევიდა 1993 წლის 25 მარტს. (1) მასში ვკითხულობს, რომ მხარეები: „პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს . . . მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.“

 

საქართველო-სომხეთი

      ისტორიული ლორე შუა საუკუნეებში (XI ს.) ჯერ სომხური ტაშირ-ძორაგერტის სამეფოს ნაწილი იყო. მოგვიანებით, დავით აღმაშენებლის დროს, ეს მხარე საქართველოს სამეფოს ნაწილი გახდა. XV საუკუნიდან კი ქართლის სამეფოში, შემდეგ კი თბილისის გუბერნიაში შედიოდა. ასე გრძელდებოდა დემოკრატიული რეპუბლიკის ეპოქამდე, მიუხედავად იმისა, რომ პროვინციის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყო ქართული. ის ტერიტორიული პრეტენზიები, რაც საქართველო-სომხეთის ომში ამ უკანასკნელს ჰქონდა ლორეზეც გავრცელდა. კონფლიქტის მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ რომ ეს საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყვეტილიყო, მანამდე კი სადავო რეგიონს მონაცვლეობით, 3-3 თვით მართავდა ქართულ-სომხური ადმინისტრაცია.

      საქართველოსთვის ვითარება გასაბჭოების შემდეგ უარესობისაკენ შეიცვალა. 1921 წლის ზაფხულში, რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით ლორე სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი გახდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორმა რესპუბლიკამ 1993 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ“, რომლის პირველივე მუხლი ამბობს: „მხარეები თავიანთ ურთიერთობას აგებენ, როგორც მეგობარი სახელმწიფოები. ისინი ვალდებულებას კისრულობენ თანმიმდევრულად იხელმძღვანელონ ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და არსებული საზღვრების ურღვევობის, თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ძალის თუ ძალით დამუქრების, მათ შორის ეკონომიკური თუ ზემოქმედების სხვა ხერხების გამოუყენებლობის, დავის მშვიდობიანად მოგვარების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის, ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპებით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით.“ იგივე მეორდება 2001 წლის ხელშეკრულებაში. (2)

 

საქართველო და აზერბაიჯანი

ისტორიული ჰერეთი ანტიკური პერიოდიდან ქართული ეთნიკურ-პოლიტიკური და კულტურული სივრცის ნაწილს შეადგენდა. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ კი ამ სასაზღვრო პროვინციის მდგომარეობა გართულდა, რაც გამოიხატა ადგილობრივი მოსახლეობის გამაჰმადიანებაში. მათ „ინგილოებს“ (თურქულად „ახლად მორჯულებული“) უწოდებდნენ, ეს სახელი მთლიან მხარეზეც გავრცელდა და დღემდე სინონიმად იხმარება.

ჰერეთი რუსული მმართველობოის დროს ძირითადად თბილისის გუბერნიაში შედიოდა და ზაქათალის ოკრუგს მოიცავდა. ოლქში ქრისტიანი მოსახლეობა უმცირესობას შეადგენდა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის ეს საკითხი უთანხმოებას იწვევდა, თუმცა მოკავშირე სახელმწიფოებს შორის საქმე სამხედრო კონფლიქტამდე არ მისულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზაქათალის ოკრუგს ავტონომია მიანიჭა.

 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა ზაქათალის ოლქი საქართველოს ნაწილად სცნო, თუმცა მალევე, აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ბაქოელმა ბოლშევიკებმა მოსკოვთან გააპროტესტეს  ხელშეკრულების მათთვის არასასურველი პუნქტი და ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნება მოითხოვეს. საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა, რომ 12 მაისს ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, ზაქათალის ოლქის  საკითხს კომისია გადაწყვეტდა.  

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს საკითხი საქართველოს საზიანოდ გადაწყდა. 1921 წლის ნოემბერში, ზაქათალის ოლქი აზერბაიჯანის სსრ-ს ნაწილი გახდა. იგივე ბედი ეწია ელდარს, გარეჯის ველსა და ქვემო ყარაიზის სექტორს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1996 წლის 8 მარტს ხელმოწერილ ხელშეკრულებაში „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუშიშროების შესახებ“ ვკითხულობთ, რომ მხარეები: „ხაზს უსვამენ . . . სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის საკითხებში ურთიერთქმედების მნიშვნელობას . . . და როგორც მეგობარი სახელმწიფოები განუხრელად იხელმძღვანელებენ სახელმწიფო სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის . . . ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, დავის მშვიდობიანი საშუალებებით მოწესრიგების  . . . აგრეთვე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით.“

სამივე მეზობელთან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს არანაირი ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზიები არა აქვს, არც ისტორიურ ტაო-კლარჯეთთან, არც ჰერეთთან და არც ლორესთან მიმართებაში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 1992 წელს საქართველოს გაერთიანებულ ერებში გაწევრიანება მოხდა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ მსოფლიო თანამეგობრობამ და მისმა ზემოდნახსენებმა მეზობლებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სცნეს სწორედ ამ საზღვრებში. რასაც დაეთანხმა საქართველოც და მას რაიმე სახის ოფიციალური პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პირველივე დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობას მტრულად შეხვდა იყო და არის რუსეთის ფედერაცია. ამაზე მეტყველებს მისი აშკარა უარყოფითი როლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, 1992-1993 წლებში, მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებში. ეს დაპირისპირება, ძირითადად, ეთნკურად ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდით და იქ მარიონეტული რეჟიმების შექმნით დამთავრდა. მეორე ეტაპი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომი იყო, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით  საბოლოოდ გაფორმდა ოკუპაცია და დაიწყო მცოცავი ანექსიის პროცესი.


ამ ფონზე რუსეთი აცნობიერებს, რომ მის მომხრე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებშიც კი ვერ გაექცევა ოკუპანტის იარლიყს. ამიტომ, ის ცდილობს თავისი ძლიერი პროპაგანდით დაქსაქსოს ქართული საზოგადოების ენერგია და ანტირუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში ისრები საქართველოს სხვა მეზობლებისკენ მიმართოს. მისი მიზანია, ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების წახალისებით, ისტორიულ გრძნობებზე თამაშით და წარსულის არასწორი ინტერპერეტაციით, ხელი შეუწყოს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებას. ამით კი მოსახლეობაში მკაფიოდ დაამკვიდროს აზრი, რომ თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ისეთივე ოკუპანტები არიან, როგორც რუსეთი.

პასუხი კითხვაზე „ვინ არის უკუპანტი?“ მარტივია - რუსეთის ფედერაცია.


გოგი გაფრინდაშვილი


 1. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1207454?publication=0

2. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1222930?publication=0

 

 

No hay comentarios.:

Publicar un comentario