![]() |
ევა პერონი 1952 წლის 26 ივლისს, ცივ და წვიმიან ბუენოს აირესში, 08.25 წუთზე გარდაიცვალა. ის 33 წლისაც არ იყო. რამდენიმე საათის შემდეგ მიღებულ იქნა პირველადი ზომები, რათა ცხედარი დაებალზამებინათ და პანაშვიდებისთვის მოემზადებინათ. მომდევნო დღეს, თეთრ კაბაში მორთული, პაპ პიუს XII-ის სავარდით (1) ხელებგადაჯვარედინებული, იგი იწვა მინით დახურულ კუბოში, რომელზეც არგენტინის დროშა იყო გადაფარებული. სამგლოვიარო პროცესია პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოვიდა, გზა ხალხის მასაში გაიკვალა, და ნელა გაემართა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაკენ, სადაც ევიტას ოფისი ჰქონდა და სადაც მას ზღვა ხალხი ელოდებოდა.
სამოქალაქო პანაშვიდი სამხედროებისა და საზღვაო ძალების კურსანტების თანხლებით დაიწყო. თეთრ მიხაკებში ჩაფლული კუბოს ირგვლივ იყო სპილოს ძვლით, ვერცხლითა და ოქროთი გაწყობილი ჯვარცმა და ორი შანდალი. ამავე საღამოს დაიწყო პანაშვიდები, რომელმაც 11 აგვისტომდე გასტანა და მას როგორც ბუენოს აირესიდან, ისე პროვინციებიდან, უამრავი ადამიანი დაესწრო. ისინი დაჟინებით ცდილობდნენ დამშვიდობებოდნენ ევიტას. 9 აგვისტოს კუბო ორი მეტრის სიმაღლის ლაფეტზე მოათავსეს. სამხედრო მეთაურები წინ წაუძღვნენ სამგლოვიარო პროცესიას, რომელმაც კონგრესთან გადაინაცვლა, რათა სათანადო პატივი მიეღო პრეზიდენტისგან, მაშინ როცა ხალხის მოძრავი დიდი მასა გრძელ დისტანციაზე იყრიდა თავს. 10 აგვისტოს, ლაფეტი გადატანილ იქნა “შრომის მთავარი კონფედერაციის“ (Confederación General del Trabajo (CGT) (2) შენობასთან, სადაც კატაფალკამ მიიზიდა სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილი მშრომელები. მათ მიჰყვა ყვავილებით სავსე მანქანა, რომელსაც ასევე უამრავი ხალხი აცილებდა. “შრომის მთავარი კონფედერაციის“ შენობაში დასრულდა მისი სხეულის ბალზამირება და ევიტა იქვე დაასვენეს, რადგანაც ელოდებოდნენ „ერის სულიერი ლიდერის“ საპატივსაცემოდ აგებულ მონუმენტს. 1952 წლის 7 მაისს ეს წოდება მას კონგრესმა მიანიჭა.
![]() |
| 1952 წლის 9 აგვისტო |
მათ, ვინც იმ დღეებში გლოვობდა ევიტას, ან მის სიკვდილს ზეიმობდა, აღიარებდა, რომ ის პერონიზმისათვის ემბლემატური ფიგურა იყო. თუმცა მათი რეაქციები ასახავდა ორ ანტაგონისტურ ხედვას, რომელსაც ფართოდ იზიარებდნენ განსხვავებული სოციალური ფენები, როგორც მისი პერსონის, ასევე გენერალ ხუან დომინგო პერონის მთავრობაში, მისი როლის შესახებ. წლებთან ერთად ამ გავლენამ ნამდვილი მითოლოგიის სახე მიიღო. ეს ყველაფერი მაშინ დაიბადა, როდესაც 1944 წელს, პერონმა და ევიტამ ერთმანეთი გაიცნეს და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, რომელიც საჯაროდ მაშინ გაცხადდა, როდესაც პერონი სამხედრო ხელისუფლების წევრი გახდა. მათი სასიყვარულო ურთიერთობა უფრო კომპლექსური გახდა, როდესაც პერონი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ხოლო ევიტა ღიად შემოვიდა არგენტინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ბევრისთვის იქცა უტყუარ სიმართლედ. პერონისტებსა და ანტიპერონისტებს შორის დაყოფა გამწვავდა და იგი ქვეყანაში პერონის შემდეგ, ყველაზე დიდი მნიშვნელობის პოლიტიკურ ფიგურად იქცა.
ესაა მითოლოგია მჩქეფარე სასიცოცხლო ენერგიით, რაც გამოხატულ
იქნა მრავალფეროვანი ჟანრითა და არაორდინალური
ძალით, მიუხედავად ჩავლილი დროის და იმ დამატებებისა, რომელიც მან შეიძინა. ის შეიცავს
ორი ანტაგონისტური ხედვის ასპექტებს, თუმცა უფრო მეტად ნეგატიური დომინირებს. ის დღესაც ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენელი
ბევრი ელემენტი დადასტურებულად ყალბია. ამას განსაკუთრებით მოწმობენ: რომანები, მოთხრობები,
მიუზიკლები, სპექტაკლები, სატელევიზიო პროგრამები, დოკუმენტური ან მხატვრული ფილმები,
რომლებიც XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში
ევიტაზე შექმნილა. მისი მითოლოგია უფრო ძლიერია, ვიდრე ის ფაქტები, რომელიც, სავარაუდოდ,
მას ეხება.
ასე მოხდა მაგალითად, არგენტინის პირველი პრეზიდენტის,
ბერნარდინო რივადავიას (1780-1845) მიერ
დაარსებული ფილანტროპული ინსტიტუტის, „ბუენოს აირესის საქველმოქმედო საზოგადოების“
გაუქმება. XX საუკუნის დასაწყისში,
მრავალი დაწესებულება მოქმედებდა - საავადმყოფოები, თავშესაფრები და ბავშვთა სახლები, რომლებსაც გააჩნდათ შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსება
და მათ დაარსების დღიდან მართავდა ქალბატონების ჯგუფი, რომელიც არგენტინის ყველაზე
ძველ ფენას მიეკუთვნებოდა. უფრო მეტად გავრცელებული ვერსიაა, მაგრამ არა იმიტომ რომ
ეს სიმართლეა, არის ის, რომ 1946 წელს, „საქველმოქმედო საზოგადოების“ მართვის სადავეების
სახელმწიფოს ხელში გადასვლელად ევიტას გავლენა
გადამწყვეტი აღმოჩნდა.
კადნიერი ქმედების გამო,
რაც საქველმოქმედო საზოგადოების მმართველი
ქალების მხრიდან მოდიოდა, ევიტამ დაწესებულების გაუქმება მოითხოვა. რა თქმა უნდა ეს ფაქტები მიუთითებდა, რომ „საქველმოქმედო საზოგადოების“
დაშლა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის რეფორმის ნაწილი იყო და მას
1943 წლის 4 ივნისს მომხდარი გადატრიალების (3) შედეგად მოსული სამხედრო მთავრობები
ანხორციელებდნენ. დოკუმენტური წყაროები ნათლად ადასტურებენ, რომ, პირველი დეკრეტი,
„საქველმოქმედო საზოგადოებასთან“ დაკავშირებით 1943 წლის 21 ოქტომბერს გამოიცა, მაშინ როცა პერონი და ევიტა ერთმანეთს არც
კი იცნობდნენ. “საქველმოქმედო საზოგადოებას“
ეხებოდა 1944 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, დამატებით გამოქვეყნებული ორი დეკრეტიც. კანონით, მისი გადაცემა სახელმწიფოსათვის დასრულდა
1946 წლის სექტემბერში, როდესაც ევიტა თავის პოლიტიკურ კარიერას იწყებდა.
ევიტას სიკვდილის მოჰყვა
სხვადასხვა ნაშრომების გამოქვეყნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთი და
იმავე პიროვნებასთან დაკავშირებული ორი დიამეტრალურად განსხვავებული ვერსიის საჩვენებლად,
რამაც შექმნა ევიტისტური მითოლოგია. პერონის მმართველობის პირველ ორი ვადის განმავლობაში
(1946-1952 და 1952-1955) პირველ ლედისთან დაკავშირებით, სათაურებით „ევიტა“, არგენტინაში
მრავალი ნაშრომი გამოქვეყნდა: “ამერიკის სოციალური სამართლიანობის
შთამაგონებელი სული,“ „ამერიკის ევა“, “თავმდაბალთა მადონა“, “ევა პერონის სიდიადე და ელვარება,“ “ევა პერონის მოკლე გმირული
დახასიათება“ და „ევა პერონის სოციალური მისტიკა.“
ესაა მოკლე, ძირითადად
ჰაგიოგრაფიული შრომები, სადაც არ იშურებენ ქებას და სადაც, ფაქტებს ნაკლები მნიშვნელობა
აქვს. როგორც წესი, გვერდზე დებენ ევიტას ბავშვობასა და ახალგაზრდობას, არ ამბობენ
თუ სად დაიბადა, არ საუბრობენ მის ოჯახზე, მის განათლებაზე თუ სამსახიობო კარიერაზე
და აქცენტს აკეთებენ სოციალურ სფეროში მის საქმიანობაზე, როგორც კი ხელისუფლებაში პერონი მოვიდა.
ამ შრომებში ევიტა ჩანს, როგორც უნაკლო დედა და მეუღლე, რომელსაც საკუთარი თავი დავიწყებული აქვს და ყველაფერს
სხვებისთვის აკეთებს. უსაზღვრო კეთილშობილებით
ეხმარება მუშებს, ბავშვებს, მოხუცებს და არასოდეს ავიწყდება უმწეოები. ესაა ქალი, რომელიც
პატივს არ ეძებს, უფრო პირიქით. მას მხოლოდ
პერონისა და „უპერანგოების“ (4) სიყვარული ამოძრავებს. ლამაზი, იდეალისტი, უანგარო, კეთილშობილი, დაუღალავი და თავდადებული - ესაა ტრაგიკული და ღრმად ტკივილიანი სიმბოლო
(მისი ნაადრევი სიკვდილის გამო), რაც კი რამ საუკეთესოა პერონიზმში. ასე ვთქვათ, კარგი
ევიტა: „საოცარი ფერია“, „პირველი სამარიტელი,“ „უბრალოთა ნუგეში,“ „სიყვარულის ხიდი
უპერანგოებსა და პერონს შორის,“ “იმედის ქალბატონი“ - ამ სათაურებით მოიხსენიებდა
მას პერონისტული პრესა და ამ ეპითეტებს ხშირად იყენებდნენ პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები. ეს იყო გამოჩენილი ქალი, რომელსაც სხვა მოკვდავებს ვერ შეადარებდი,
ქალი რომელიც ღირსებით მხოლოდ დედას ან ღვთისმშობელს უახლოვდებოდა. ესაა ნამდვილი
წმინდანი, წმინდა ევიტა.
ეს ტექსტები
ევიტას იმიჯის ტირაჟირებას დიდი მასშტაბით ახდენდა, რასაც ხელისუფლების საინფორმაციო
სამსახურები, ისევე როგორც პერონისტული პრესა, როგორიცაა ჟურნალი „მუნდო არხენტინო“
(არგენტინული სამყარო) ან გაზეთებიდან „დემოკრასია,“ (დემოკრატია)
ქებით არ იღლებოდნენ. პერონისტი
პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამას მრავალგზის იმეორებდა, რაც სრული მასშტაბით ჩანს მის
ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი ცხოვრების აზრი.“ ამ ტექსტში, რომელიც არის მისი დაწერილი
თუ არა, (მას სურდა გამოქვეყნებულიყო როგორც თავისი), ევიტა ყვება ყოველდღიური აქტივობების
შესახებ, მათზე ვინც მიდის მასთან დახმარების სათხოვნელად, პროფკავშირებზე და სხვ.
მაგრამ პერონთან შეხვედრამდე არსებულ ცხოვრების დეტალებზე დუმს. არაფერს ამბობს იმ
სოფელზე, სადაც დაიბადა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, არ საუბრობს თავის ძმაზე, რომელიც
ასე უყვარდა, არც სამ დაზე და არც ხანგძლივ პერიოდზე, რომელიც მსახიობობისას ბუენოს
აირესში გაატარა. ასეა იმ „საოცარ დღემდე,“ როდესაც შეხვდა პერონს. “ჩემი ცხოვრების აზრთან“ დაკავშირებით, „დემოკრასიაში“
გამოქვეყნებულ ერთ გამოხმაურებაში ეწერა, რომ ერთადერთი ხმა, რომელსაც ჰქონდა ევიტას
მსგავსი გამოძახილი იყო „იესოს ხმა.“
![]() |
| "ჩემი ცხოვრების აზრი" - პირველი გამოიცემა |
მისი
ცხოვრების ბოლო კვირებში ევიტასთვის პატივის მიგება გაშნაგებით დაიწყეს. კონგრესი,
დითირამბებით სავსე 84 გამოსვლის შემდეგ, მისთვის ძეგლის აგებას დათანხმდა.
სხდომის დროს სენატორმა ილდა ნეირა კასტინეირამ იგი ეკატერინე მეორეს, ელიზაბეთ
პირველს, ჟანა დ’არკს და ესპანეთის დედოფალ ისაბელს შეადარა. სენატორმა ხუანიტა ლარაურიმ კი თქვა:
„არ არსებობს სიტყვები, რომლის მეშვეობითაც გადმოვცემთ თუ რა გააკეთა მან თავისი
ხალხისთვის. არ არსებობს სიტყვები, რომლის მეშვეობითაც გადმოვცემთ თუ რა მოგვცა ჩვენ
მან. ევა პერონმა გაიღო თავისი ჯანმრთელობის ნაგლეჯები ... იბრძოდა მუშებისათვის,
ძვირფასი „უპერანგოებისათვის.“ ევა პერონმა დათმო
თავისი ცხოვრების ნაწილი, მუშაობდა რა დღედაღამ საკუთარი ხალხისა და
სამშობლოსათვის.
მისი
გარდაცვალების შემდეგ, პატივის მიგება მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა. პროვინცია
პამპას და ქალაქ ლა პლატას ევა პერონი
ეწოდა. „ჩემი ცხოვრების აზრი“ შეიტანეს სასკოლო პროგრამაში, ყოველ საღამოს, 08.25
ზე კი სამთავრობო საინფორმაციო ქრონიკის წამყვანი ახსენებდა ხალხს, რომ ევა პერონი
მარადისობაში სწორედ ამ დროს გადავიდა. იმ დღეებში ათასობით ცრემლიანი ქალი და
კაცი, მოხუცი და ახალგაზრდა საათობით ცდილობდა დაენახა მისი კუბო, შეხებოდა და
ეკოცნა მისთვის. დედაქალაქის უბნებში და პატარა ქალაქებში მრავლად იყო პატარა
საკურთხევლები, სადაც დაჩოქილი ხალხი, შავი ლენტით, ყვავილებითა და სანთლებით
შემკულ ევიტას ფოტოსთან, ლოცულობდა. საგაზეთო კიოსკებში ღვთისმშობლის
ფორმით გამოსახულ ევიტას სტიკერებს ჰყიდნენ.
მთავრობისა და
მასზე შეყვარებული ხალხის მიერ
გაპოპულარულებულ ევიტას ფიგურას, იმავე წელს, დაუპირისპირდა სხვა იმიჯი, ანტი
ევიტა, რომელიც მითქმა-მოთქმებისა და
ჭორების სახით 40-იანი წლებიდან არსებობდა. 1952 წელს, გამოქვეყნდა სამი წიგნი,
რომლებმაც, ევიტასთან დაკავშირებით, ანტიპერონისტული მითოლოგიის ბაზა
შექმნეს. სოციალისტი ლიდერის, ამერიკო გიოლდის (5) წიგნი, „ევა დუარტეს მითი“
ურუგვაიში გამოიცა, სადაც ის გაძევებული იყო. ამერიკელმა ჟურნალისტმა, ფლერ კაულეზმა
დაწერა „სისხლიანი პრეცენდენტი“, ხოლო “ქალი მათრახით: ევა პერონი“ ეკუთვნის
მარია ფლორესის კალამს. ეს ორი უკანასკნელი წიგნი ნიუ იორკში, ინგლისურ ენაზე
გამოქვეყნდა. „სისხლიანი პრეზიდენტი“ ესპანურად
არასდროს უთარგმნიათ. მარია ფლორესის წიგნი კი, რომელიც უფრო მეტად
ცნობილია, არგენტინაში 1955 წელს ითარგმნა და როგორც კი პერონი ჩამოაგდეს,
ანგლო-არგენტინელი მწერალისა და ჟურნალისტის, მერი მეინის, ავტორის ნამდვილი
სახელითა და გვარით, გამოქვეყნდა.
![]() |
| ამერიკო გიოლდი |
“ქალი მათრახით“ ევიტას პირველი
ბიოგრაფია იყო და ამ წიგნმა, მის საწინააღმდეგო
მითოლოგიაზე, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. მეინი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის
დროიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა,
კონტრაქტის თანახმად, ევიტას შესახებ წიგნის დასაწერად არგენტინაში გაემგზავრა.
ბუენოს აირესში ის ოპოზიციონერ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა, თუმცა 1980
წლის 5 აპრილს, სტენფორდში, კონექტიკუტში, The Advocate-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მხოლოდ ერთი
პიროვნება, ძველი სოციალისტი, კანონმდებელი, ასევე ქვეყნიდან გასახლებული, ალფრედო
პალასიოსი (6) ახსენა. მეინი ხატავს ევიტას, როგორც ღარიბი ოჯახიდან გამოსულ დაბალი
მორალის მქონე ქალს, განათლების არმქონე, ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილს,
რომელმაც სწრაფად გაითავისა, „რომ მას არ შეეძლო უპირატესობა დაეთმო ვინმესთვის და
რომ მამაკაცი მისი ბუნებრივი მტერი იყო ან სულელი, რომელსაც ჭკვიანი ქალი თავისი
მიზნებისთვის გამოიყენებდა.“ მისივე სიტყვებით, ის ბუენოს აირესში ძალიან
ახალგაზრდა წავიდა და აუგუსტინ მაგალდისთან ტანგოს მღეროდა.
როგორც ჩანს,
სწრაფად გამოავლინა რომ
„გავლენიანი კაცების მიზიდვის და გამოყენების“ ფენომენალური ნიჭი ჰქონდა
და როდესაც კაცს ხელში ჩაიგდებდა „ადვილად
არ თმობდა თავის მსხვერპლს, გარდა ამისა, ბოლომდე ავიწროებდა, რათა ბოლო წვეთამდე მიეღო
სარგებელი. მერი მეინის ევიტა მძიმე, ამბიციური ქალია, წარუმატებელი მსახიობი, მძიმე ცხოვრებაგამოვლილი, თავისი სოციალური
წარმომავლობით უკმაყოფილო და შურისძიებას მოწყურებული. აქედანაა მისი სიძულვილი
ყველას მიმართ ვინც მისი სოციალური ფენას არ წარმოადგენდა. ეს განსაკუთრებით
ეხებოდა ოლიგარქიას. მან პოლიტიკის სამყაროში შესვლა შურისძიების გამო გადაწყვიტა.
ისაა პერონისტული არგენტინის ნამდვილი ძალა. იგი განაგებს პერონის არგენტინაში -
ის არის „ქალი მათრახით.“
![]() |
| "ქალი მათრახით" |
გიოლდის წიგნი ევიტასა
და პერონზე თავდასხმაა. გიოლდის აზრით, ევიტას „კაცების მართვის ჟინი“ ჰქონდა, მათ
ფსიქოლოგიასაც კარგად იცნობდა. იყენებდა პრიმიტიულ,
უკულტურო ლექსიკას და შეპყრობილი იყო „ბრძანებლობის ამბიციით.“ გიოლდის მიაჩნდა, რომ ევიტა ძალაუფლების
სტრუქტურაში პერონის გადაწყვეტილებით იქნა შეყვანილი. აქედან გამომდინარე, ეს იყო
არგენტინული ტოტალიტარიზმის იდეალური დამატება, რომელიც ნამდვილად განსხვავდებოდა
ევროპული ტოტალიტარიზმის ნიმუშებისაგან. ავტორი მიუთითებს, რომ ევიტას ჰყავდა წინამორბედი
არგენტინის ისტორიაში - ენკარნასიონ ესკურა (1795-1838), ფედერალისტთა ლიდერის, ხუან მანუელ დე
როსასის (1893-1877), (7) ენერგიული მეუღლე. როსასმა, რომელიც 1829 წელს ბუენოს აირესის პროვინციას მართავდა, თავისი
ცოლის წყალობით მოახერხა გაერთიანებული პროვინციების სათავეში მოსვლა, 1845 წელს წინააღმდეგობა
გაუწია ფრანგულ-ინგლისურ ბლოკადას, მაგრამ 1852 წელს ლიბერალების კოალიციასთან
დამარცხდა, რომლებსაც სათავეში უნიტარისტები ედგნენ. ძველი რეჟიმის „აღმდგენთა
რევოლუციიის“ დროს ფედერალისტთა გეგმების მხარდაჭერისათვის ენკარნასიონი
„ფედერაციის გმირად“ გამოაცხადეს. გიოლდისათვის, ისევე როგორც არგენტინელი
ისტორიკოსების სხვადასხვა თაობებისათვის, როსასი იყო დიქტატორი, რომელიც
ლიბერალებს დაუნდობლად დევნიდა და რამაც შეაფერხა
ახალი რესპუბლიკის გაერთიანება და დამშვიდება. როსასი იყო ტირანი XIX საუკუნეში
პერონი კი XX, ორივეს უკან კი ძლიერი ქალები იდგნენ.
![]() |
| ენკარნასიონ ესკურა და ხუან მანუელ დე როსასი |
ამავეს ეხება წიგნი „სისხლიანი პრეცედენტი“,
ნაშრომი რომელიც დაწერა მოდის, ხელოვნებისა და საზოგადოების შესახებ მდიდრული
ჟურნალის, Flair-ის
გამომცემელმა ფლერ კაულეზიმ,
1950 წლის ივლისში, არგენტინაში ავტორის ხუთდღენახევრიანი ვიზიტის შემდეგ. ფლერი ბუენოს
აირესში ბიზნესმენის ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელთა შორისაც იყო მისი მეუღლე, Look და სხვა გამოცემათა მეპატრონე, გარდნერ კაულზი. ისინი
მიიღეს პერონმა და ევიტამ. ევიტამ ფლერი მიიიწვია, რათა ეს უკანასკნელი მთელი დღე ყოველდღიურ
შეხვედრებზე თან ხლებოდა. ეს წიგნი მიეძღვნა ადვოკატს და გაზეთ „ლა პრენსას“ გამომცემელს,
იმ დროის არგენტინის ერთ-ერთ გამორჩეულ ჟურნალისტს, ალბერტო გაინსა პასს. იგი შთამომავლობით
იმ სამხედროებისადმი მტრულად განწყობილ ოჯახს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც 1943 წლის
4 ივნისს ძალაუფლება ხელში აიღეს. პასი პერონისტების
მთავრობას სასტიკად აკრიტიკებდა, რომელიც
თავის ძალაუფლებას „ლა პრენსას“ პუბლიკაციების ამოღებისა და გამოცემის გაზეთის გამყიდველთა
პროფკავშირისთვის გადასაცემად იყენებდა.
ტექსტი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ეძღვნება
ენკარნასიონს და როსასს, მეორე „ხუანს და ევიტას.“ სათაურში სისხლი დაკავშირებულია ენკარნასიონთან. კაულზის
აზრით ვერც როსასი და ვერც პერონი ენკარნასიონისა და ევიტას გარეშე ძალაუფლებას
ვერ მოიპოვებდნენ. მისი ევიტა არის ნამდვილად განსაკუთრებული, დიდი ენერგიის
მქონე, დაუღალავი და ძალიან ამბიციური, რომელიც მართავდა პროფკავშირებს, წერდა კანონ-პროექტებს, იღებდა „პარტიულ“
გადაწყვეტილებებს, თუმცა არ მიუთითებდა
ეს “პერონისტულ პარტიას” ეხებოდა თუ პარტიის ქალთა განაყოფს. ევიტა
თვალყურს ადევნებდა, რომ მისი ბრძანებები, ფაბრიკების ჩათვლით, ყველას
შეესრულებინა.
ამ და სხვა წიგნებმა შექმნეს ანტიევიტას მითოლოგია,
სადაც აქცენტი ევიტას პიროვნულობაზე, ხასიათზეა და სრულად იგნორირებულია მისი
აქტივობების პოლიტიკური მხარე. მათთვის ძალიან რთულია ევიტას პოლიტიკის პრიზმიდან
შეხედონ და, აქედან გამომდინარე, გაითავისონ რომ ის ამ სფეროთი უკიდურესად იყო დაინტერესებული. ეს საკითხი ჩანს
ასევე სხვადასხვა ესეში, რომელიც 1955
წელს, პერონის ჩამოგდების შემდეგ, გამოქვეყნდა: „ევა პერონი;“ „მისი ნამდვილი
ცხოვრება;“ „პერონის ეს ღამე;“ „ევა, ღმერთის რჩეული;“ „წარმატებებისა და
მარცხების საოცარი ისტორია“ და „რა არის ეს“? ბოლო, მგზნებარე სიტყვა ცნობილ
მწერალს, ესეკიელ მარტინეს ესტრადას ეკუთვნის. (8)
როდესაც პერონიზმი „განმათავისუფლებელმა
რევოლუციამ“ (9) შეცვალა, ევიტა უკვე
გარდაცვლილი იყო; პერონი ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა, ათასობით მისი მომხრე კი
ციხეში იჯდა ან გაძევებული იყო ქვეყნიდან. ამ თემაზე დაწერილი წიგნების მიზანი იყო
პერონიზმის „ნამდვილი“ ბუნების გამჟღავნება, პერონისათვის ნიღბის ჩამოხსნა, სიყალბის ჩვენება, რასაც მანამდე ადგილი ჰქონდა და
ევიტას წინააღმდეგ გააფთრებული შეტევა, რასაც ისინი წინასიტყვაობებში ხშირად დაუნდობლად
აცხადებდნენ. ადგილი ჰქონდა: პოლიტიკოსების, ესეისტების, მწერლებისა და
ჟურნალისტების ულმობელ, სიძულვილში გადასულ, აზვირთებულ კრიტიკას. ტექსტები,
გამონაკლისის გარეშე, საეჭვო ხასიათისა გახლდათ, რადგანაც სავსე იყო ანეგდოტებით,
ჭორებით, მოარული ხმებითა და ინსინუაციებით, რომლებიც, თითქმის ყოველ მათგანში,
მუდმივად მეორდებოდა. მათ მსგავსად, ისინი, ვინც ცდილობდნენ ევიტასთვის ხოტბა
შეესხათ, არ ამჟღავნებდნენ წყაროებს, ნაკლებად ჰქონდათ სათანადო სქოლიოები და, რა თქმა
უნდა, არც ბიბლიოგრაფიას უთითებდნენ. მათ მიერ შექმნილი პორტრეტის მიხედვით ევიტა იყო დაბალი შეგნების მქონე, თამამი, გაუნათლებელი, ისტერიული და ვულგარული ქალი. ცუდი
მსახიობი და, საკუთარი დედის ცხოვრების წესის გამო, საეჭვო სოციალური
წარმომავლობის.
პერონის გაცნობამდე მას მრავალრიცხოვანი
ურთიერთობები ჰქონდა სხვა კაცებთან, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებთან. ევიტა იყო ამბიციური და ფარისეველი, რომელიც
პერონიზმში ყველაზე ცუდს - ბრბოს ძალაუფლებაში - განასახიერებდა. ის მართავდა
პერონს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას. ის იყო ნამდვილი „ქალი მათრახით,” რომელსაც პერონზე მეტი შეძლო, რადგანაც ეს
უკანასკნელი მშიშარა გახლდათ, რაც
მას უბადრუკ ადამიანად წარმოაჩენდა,
ლაჩრობა კი არგენტინელისათვის მიუღებელი იყო, მით უფრო, როდესაც საქმე
სამხედრო პირს ეხებოდა. ესეკიელ მარტინეს ესტრადასთვის ევიტას ქცევა კაცური
იყო: „ამ წყვილში ის კაცია და პერონი ქალი.“ „განმანთავისუფლებელი რევოლუციის“
სამხედროებისთვის, რომლებმაც პერონი ჩამოაგდეს, ევიტა იყო მეორე ტირანის ან
„გაქცეული ტირანის“ „ახალი ენკარნასიონ ესკურა, “როგორც პერონს უწოდებდნენ. 1955
წელს, გენერალ ედუარდო ლონარდის მთავრობამ შექმნა სამხედროებითა და სამოქალაქო
პირებით დაკომპლექტებული სახელმწიფო საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა
გამოეკვლია დიქტატორის მმართველობა, მისი პროპაგანდა, რომელიც ევიტას სახით „მისი ყველაზე ძლიერი იარაღი“
იყო, მისი დამანგრეველი უნარი და დღის სინათლეზე
გამოეტანა პერონის ყველა პროპაგანდისტული ტყუილი. ანგარიშის სათაური იყო: „მეორე ტირანიის შავი
წიგნი.“ (10)
![]() |
| მეორე ტირანიის შავი წიგნი |
1955 წლის 15 ნოემბერს, სამხედროების ახალმა ჯგუფმა
გენერალ პედრო ეუხენიო არამბურუს მეთაურობით, ძალაუფლება ხელში აიღო. ისინი
დარწმუნებულები იყვნენ პერონიზმის ყველა ნიშან-თვისებისგან არგენტინის გაწმენდის
აუცილებლობაში. სხვა
ზომებთან ერთად, გააუქმეს პერონისტული პარტია, დააპატიმრეს მრავალი სამხედრო და
თანამდებობებს ჩამოაშორეს ლიდერები, ხელი შეუშალეს პროფკავშირების საქმიანობას და,
შრომითი და სოციალური კანონმდებლობის ჩათვლით, გააუქმეს 1949 წლის კონსტიტუცია.
გენერალ ხუან ხოსე ვაჟეს ამბოხების მცდელობა (1956 წლის 10-12 ივნისი) ამ
უკანასკნელის და სხვა სამხედროების დახვრეტით ჩაახშეს. ასევე, ხოსე ლეონ სუარესში, ნაგავსაყრელზე დასაჯეს პერონის მომხრე სამხედროები და პარტიის აქტიური
წევრები. (11) ქუჩებიდან, შენობებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, ქალაქებიდან,
პროვინციებიდან წაშალეს პერონის და ევიტას სახელები. გაანადგურეს მათი ძეგლები და
ფოტოები და დაწვეს მათზე დაწერილი წიგნები. ევიტას ან პერონის ფოტოსურათის ქონა
ისჯებოდა რამდენიმეთვიანი პატიმრობით. განსაკუთრებით ევიტას ებრძოდნენ. სცადეს
გადაეწერათ მისი ცხოვრება, და პერონისტული ვერსია შეეცვალათ იმ ვარიანტით, სადაც
ასახული იყო მათი დამოკიდებულება. სცადეს ევიტას ბალზამირებულ სხეულთან
დაკავშირებული მოსაზრების უარყოფა, რომელიც მონუმენტის აგებამდე “შრომის მთავარი კონფედერაციის“ შენობაში იყო დასვენებული. თავიდან ცხედარი ამავე შენობის მესამე სართულზე
გამოკეტეს, შემდეგ კი დამალეს ის ადგილი, სადაც გვამი მოათავსეს. საბოლოოდ,
უკიდურესად გასაიდუმლოებული ოპერაციის შედეგად, ცხედარი ქვეყნის გარეთ გაიტანეს და
ის მოთავსებულ იქნა უცნობ ადგილას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუჩინარდა.
ამგვარად, ევიტა იქცა პირველ გაუჩინარებულად იმ გრძელს სიაში, რომელიც ოცი წლის
შემდეგ სხვა სამხედრო დიქტატურამ დატოვა.
ამ მითოლოგიაში მოხდა ევა პერონით მოჯადოებული
უამრავი არგენტინელისა და უცხოელის თავმოყრა. ისტორიულმა ფიგურამ, ვინც ეს სტერეოტიპული
წარმოდგენები გააჩინა, ვინც უკიდურესად ეზიზღებოდა ან ბრმად უყვარდა
ხალხს, ბევრად ნაკლები
ცნობისმოყვარეობა აღძრა, ვიდრე ევიტისტურმა იკონოგრაფიამ. ჯერ კიდევ რამდენიმე
წლის წინ, შესაძლო ისტორიული სიმართლის ძიება არ იძლეოდა ევიტასთან მისაახლოებელი
ნაბიჯების გადადგმის საშუალებას, თუმცა არგენტინაში, მრავალი წლის განმავლობაში,
ამის გასაკეთებლად საჭირო ვითარება არც
არსებობდა. შედეგად, ის შრომები, რომლებიც 50-იანი წლებიდან მისი ხასიათისა და
პიროვნულობის შესახებ დაიწერა, მეტ-ნაკლებად კარგად არის შესრულებული, მაგრამ მცირე
რამ აქვს საერთო ისტორიულ პერსონაჟთან.
ევიტისტური მითოლოგიის ჩამოყალიბება, 1944 წლის
იანვრის შემდეგ, მისი და იმ დროისათვის პოლკოვნიკ პერონის ურთიერთობის გაბმიდან
მალევე დაიწყო. პერონი 48 წლის იყო. მაღალი, სიმპათიური, გარდელის ღიმილით (12) და ქვრივი. თავის მხრივ
ევიტას, იგივე ევა დუარტეს, 25 წელიც არ შესრულებოდა. მას ჰქონდა შავი თმები, მუქი
თვალები და სასიამოვნო ღიმილი. მშობლიური პროვინციიდან ჩამოსული თეატრში თამაშობდა
და სანამ კინოში წარმატებას მიაღწევდა რადიოთეატრში მუშაობდა. ისინი არ მალავდნენ
თავიანთ ურთიერთობას და, იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილის მიხედვით, ევიტა
პოლკოვნიკის „საყვარლად“ იქცა.
![]() |
| ხუან დომინგო პერონი |
1943 წლის 4 ივნისიდან არგენტინას სამხედრო დიქტატურა
მართავდა, რომელსაც სათავეში გენერალი პედრო პაბლო რამირესი ედგა. ამ დღეს
მომხდარმა გადატრიალებამ, სადაც პერონთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
პოლკოვნიკების ჯგუფმა, დაასრულა კონსერვატორთა მმართველობა, რომელიც „სამარცხვინო დეკადის“ (13) სახელითაა
ცნობილი. იმ სექტორებისათვის,
რომლებსაც აწუხებდათ ფაშიზმისა თუ ნაციზმის ექსპანსია ევროპაში და მეორე მსოფლიო
ომის მიმდინარეობა, „4 ივნისის რევოლუცია,“ როგორც მას, ახალი მთავრობის მხრიდან
ნეიტრალური პოლიტიკის გაგრძელების გამო, მისი მომხრე, ძირითადად, ნაციონალისტი
სამხედროები უწოდებდნენ, თავიდანვე საბედისწერო მოვლენა გამოდგა. სანამ შეერთებული
შტატები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ეს პოლიტიკა
ჩრდილო ამერიკული ქვეყნისათვის არ იყო სახიფათო, მაგრამ მათ 1941 წლის
დეკემბერში, პერლ-ჰარბორში, იაპონია დაესხა თავს. 4 ივნისის გადატრიალების შემდეგ, „ნახევარსფეროს
სოლიდარულ პოლიტიკას, “რომელსაც აშშ უჭერდა მხარს, არგენტინელი სამხედროების
მხრიდან ბევრად დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ისინი
მალევე იქცნენ ნაცისტებად.
დაპირისპირებები იყო მოკავშირეების მხარდამჭერებსა
და არგენტინის ნეიტრალიტეტის მომხრეებში, რომლებშიც, როგორც სამოქალაქო, ისე
სამხედროთა შორისაც იყვნენ პრონაცისტები. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი
როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე
პოზიციებიდან უყურებდნენ დე ფაქტო მთავრობის ქმედებებით გამწვავებულ სოციალურ პოლიტიკას. შრომისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელსაც პოლკოვნიკი პერონი ხელმძღვანელობდა,
სწრაფად შეიძინა უპრეცენდენტო მნიშვნელობა. მუშათა კლასი და მუშათა მოძრაობის
ორგანიზებული სექტორები, რომელთა შორისაც კომუნისტების, სოციალისტებისა და
სინდიკალისტების გაერთიანებები იყო, მასშტაბთან მიმართებაში არ გახლდათ
ერთგვაროვანი, მაგრამ სოციალისტებს, სინდიკალისტებს, და იმ მშრომელებს შორის,
რომლებიც პროფესიული გაერთიანებების შექმნას ცდილობდნენ, უფრო და უფრო მეტ
მხარდამჭერს იძენდა. მისმა სწრაფმა აღმასვლამ, ომის სამინისტროს შრომისა და
სოციალური დაცვის დეპარტამენტის დირექტორიდან, შრომისა და სოციალური დაცვის, ასევე
ომის მინისტრად და ვიცე-პრეზიდენტად, პერონი, გენერალ ედელმირო ხ. ფარელის მთავრობაში, სწრაფად აქცია ყველაზე საკამათო ფიგურად. შეერთებულ
შტატებში მიაჩნდათ, რომ თუკი არგენტინის მთავრობა ნაცისტი სამხედროების ხელში
იმყოფებოდა, პერონი საშიში დემაგოგი იყო, რომელიც ძალაუფლების ხელში ასაღებად
ემზადებოდა.
პერონსა და ევიტას შორის ურთიერთობები რამენიმე
თვეში, დიდი პოლიტიკური მღელვარებების დროს, გამყარდა, როდესაც კრიზისს კრიზისი მისდევდა. ევიტა განაგრძობდა რადიოთეატრში საქმიანობას, ის
გადაიღეს ფილმში, სადაც მთავარი როლი შეასრულა, თუმცა ამავე დროს ის პერონის იმ
პროპაგანდისტულ აქტივობებშიც იყო ჩართული, რომელიც შრომისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს უკავშირდებოდა. ისეთ თვინიერ და თვალთმაქც საზოგადოებაში, როგორიც იყო
იმ წლების არგენტინა, არაა გასაკვირი რომ, ხმები ევიტას პირადი ცხოვრების შესახებ
სწრაფად გაჩნდა და მისი სოციალური წარმომავლობის, განათლების ნაკლებობის და,
განსაკუთრებით, პროფესიის შესახებ აკეთებდნენ კომენტარებს. პერონის პირადი
ცხოვრება მისი არმიელი კოლეგებისათვის პრობლემად იქცა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ევიტასთან ურთიერთობა არ
შეეფერებოდა შეიარაღებული ძალების ოფიცერს. მაგრამ, ყველაზე შემაშფოთებელი იყო:
მისი მმართველობის სტილი შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მისი მზარდი
პოპულარობა პროფკავშირულ წრეებში, მათ შორის სოციალისტურ პარტიაში, და ძალაუფლების
ზრდა ფარელის მთავრობაში.
1945 წლის 9 ოქტომბერს, კამპო დე მაჟოს (14) ოფიცერთა ჯგუფმა მკაცრად მოითხოვა, სამივე
თანამდებობიდან პერონის გადადგომა და მისი გადასახლება კუნძულ მარტინ გარსიაზე. (15) მაგრამ 17 ოქტომბერს, დილით, ათასობით მუშამ
მიატოვა სამსახური და გაემართა მაისის მოედნისკენ. (16) ისინი განლაგდნენ მთავრობის რეზიდენციის,
„ვარდისფერი სახლის“ წინ და ითხოვდნენ მიტინგზე პერონის დასწრებას, რასაც გვიან ღამით მიაღწიეს. ოთხი დღის შემდეგ,
ევიტამ და პერონმა სამოქალაქო ქორწინება გააფორმეს, რელიგიური ცერემონია კი 10
დეკემბერს შედგა.
![]() |
| 1945 წლის 17 ოქტობერი |
პერონმა „მშრომელთა პარტიიდან,“ რომელიც 1946 წლის
24 ოქტომბერს, „სინდიკალისტების“ და
„რადიკალური სამოქალაქო გაერთიანების რეფორმატორული საბჭოს“ მხარდაჭერით დააფუძნეს,
თავისი კანდიდატურა წამოაყენა. ეს უკანასკნელი „რადიკალურ სამოქალაქო კავშირს“
ამავე წლის ნოემბერში გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა. 1946 წლის 24 თებერვლის
არჩევნებზე ოპოზიცია გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. მათ გვერდზე გადადეს
განსხვავებები და ერთიანი ფრონტი ჩამოაყალიბეს, რომელშიც შედიოდნენ: „კომუნისტური
პარტია,“ „სოციალისტური პარტია,“ „პროგრესულ-დემოკრატიული პარტია“ და „რადიკალური
სამოქალაქო გაერთიანება.“ შეერთებული
შტატების ელჩმა, სპრიუელ ბრეიდენმა, მათ ღია და მხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადა.
პერონმა ხმების 56% მიიღო და არჩევნებში გაიმარჯვა. მან გენერლის წოდება მიიღო და
საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას 1946 წლის 4 ივნისს შეუდგა. პირველი ლედი კი
გახდა მისი ახლადშერთული მეუღლე, დონია მარია ევა დუარტე დე პერონი, ახალგაზრდა
მსახიობი, რომელიც მისი „საყვარელი“ იყო, როდესაც ევა დუარტედ იწოდებოდა.
პერონის გამარჯვებამ ერთი ეპოქის დასასრული
განსაზღვრა. პოლიტიკურ სივრცეში დაიწყო პროცესი, რომლის ნიშანსაც წარმოადგენდა პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან ძალაუფლების დაკარგვა, რასაც ოპოზიცია არ ელოდა და რაც მათ რთულად მიიღეს. მაგრამ ეს არ ეხებოდა
მხოლოდ ტრადიციულ ელიტას, როგორც ეს კონსერვატორების შემთხვევაში მოხდა, რომლებმაც
ვერ გადახარშეს თავიანთი მარცხი. ამას დასაწყისში მოჰყვა აგონია და შემდგომში
პოლიტიკური ველიდან, კონტინენტის მასშტაბით, ისეთი განსაკუთრებული პარტიის თითქმის
გაქრობა, როგორიც არის „სოციალისტური პარტია,“ რომელიც ხედავდა თუ როგორ იშლებოდა
მისი პროფკავშირული ფრთა პერონისტების წინსვლის საპირისპიროდ. მხოლოდ „რადიკალური
სამოქალაქო კავშირი“ (17) გადარჩა და დეპუტატთა პალატაშიც კი გაიყვანა თავისი
წარმომადგენლები.
თებერვლის არჩევნების შემდეგ, პერონმა ყველა
პროვინციის მმართველობა, სენატი და დეპუტატთა პალატაში უმრავლესობა მიიღო. ოპოზიცია
კიდევ უფრო სუსტდებოდა, მთავრობა კი უფრო და უფრო თავდაჯერებულად
გამოიყურებოდა. ქედმაღალი და
თვითდაჯერებული ხელისუფლება, სინდისის ქენჯნის გარეშე, სწრაფად იწყებს ოპოზიციური
პრესის კონტროლს, თუმცა უცხოეთიდან, ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა მონტევიდეო და
ნიუ იორკი, ოპოზიცია მოკავშირეებისა და საშუალებების ძიებას აგრძელებდა, რაც
აუცილებელი იყო პერონიზმის კრიტიკის გასაგრძელებლად. მაგალითად, აქედან
განხორციელდა პირველი შეტევები ევიტას მიმართულებით და სწორედ ამ ქალაქებში
დაწერილ ზემოთხსენებულ წიგნებში იყო საუბარი პერონისტულ მთავრობაზე.
გამოჩდნენ ახალი პოლიტიკური გმირები, დაიწყო მუშათა
ორგანიზებული მოძრაობა, რომლის იდეოლოგიური
მახასიათებლები ადრინდელისგან ბევრად განსხვავდებოდა. ასე რომ, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების
ნარჩენების განადგურების შემდეგ, ის ხდებოდა პერონისტული მოძრაობის ნაწილი. 1947 წლიდან, არგენტინელმა ქალებმა, XX საუკუნის გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლის შემდეგ,
საარჩევნო ხმის უფლება მიიღეს. ევიტა,
რომელსაც არც ფემინისტური და არც სუფრაჟისტური გამოცდილება ჰქონდა, მხარს უჭერდა
ამ მოთხოვნებს და განსაკუთრებით
ქალთა მასებს პატრონობდა. მან შექმნა „პერონისტული პარტიის ქალთა ფილიალი“ და
ორგანიზება გაუწია პერონისტი ქალების კამპანიას, რომლის მიზანიც 1951 წელს, მისი
მეუღლის ხელახლა არჩევა იყო.
![]() |
| პერონისტული პარტიის ქალთა ფილიალის დამჯუძნებელი ყრილობა |
ეს ის დროა, როდესაც ძველი დროის ჩაცმულობა: ძვირფასი კოსტუმი, „ბაბოჩკა“ ან ჰალსტუხი და ცილინდრი ქაფურის ბურთულებთან ერთად კარადებში შეინახეს და მისო ადგილი მკლავებაკაპიწებულმა პერანგებმა და ბრეტელებიანმა მაისურებმა, მუშათა კლასის ტანსაცმელმა დაიკავა. პერონის მომხრე მამაკაცები უკვე აღარ ცდილობდნენ პატივსაცემი ჯელტმენებივით ჩაცმას. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩნდებიან შფოთის გამომწვევი პერსონაჟები, “უპერანგოები,“ როგორც პირველი თაობების პერონისტებს უწოდებდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ტერმინი „შავთავიანები“ – ისინი ყველა იმ სამყაროს მიეკუთვნებოდნენ, რომელსაც მმართველი ფენები არ იცნობდნენ და უგულვებელყოფდნენ. დრო, როდესაც ულამაზესი შენობები, ისეთი როგორიცაა 1908 წელს აგებული კოლუმბის თეატრი, აშენდა სოციალურად რაფინირებული კლასის აღფრთოვანებისათვის, რომელიც ფრანგი არქიტექტორების მიერ აგებულ ვეებერთელა სახლებში ცხოვრობდა, მუდმივად მოგზაურობდა ევროპაში, სჯეროდა თავისი ძალაუფლების და სტატუსის. ამ დროს კი შემოიჭრნენ პროფკავშირების ლიდერები და მუშები, რადგან ამას განსაზღვრავდა „პერონის ახალი არგენტინა.“ როგორც კარგი ოჯახების სახლებს შეშვენის, მთელი მისი ისტორიის მანძილზე, „ვარდისფერის სახლის“ დაკეტილი აივანიც კი, არა მარტო გაიღო, არამედ სამეზობლოს ეზოდ იქცა, დიდ საცხოვრებელ სახლად, საიდანაც პერანგში ჩაცმული პრეზიდენტი, აწეული ხელებით ესალმება ათასობით და ათასობით გაოფლიანებულ პერონისტს, რომლებსაც უპყრიათ მაისის მოედანი, რათა აღნიშნონ 1 მაისი და 17 ოქტომბერი.
ეს არის არგენტინა, სადაც მთავრობა ხელისუფლებაში
არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ თავს რევოლუციურად
და ამასთან, 4 ივნისის რევოლუციის მემკვიდრედ აცხადებს, თუმცა ეს ღიად სამხედრო გადატრიალება იყო.
გადატრიალება, რომელსაც
ოპოზიცია განსაზღვრავს, როგორც „ნაციზმ-ფაშიზმის დასაწყისად არგენტინაში,“ რასაც
მოგვიანებით ხაზს უსვამდა „განმანთავისუფლებელი რევოლუციის“ მიერ შექმნილი
„ეროვნული საგამოძიებო კომისია.“ მიუხედავად სამთავრობო რიტორიკისა, დასაწყისში, რევოლუციურ ცვლილებებზე დაჟინებით კეთდება აქცენტი
- და ევიტა ამ რიტორიკას სწრაფად მოექცევა სათავეში, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე
შეინარჩუნებს. რეალობა კი ის იყო, რომ პამპას მამულების, ბუენოს აირესის „პატარა სასტუმროების,“
(18) გალერებისა და
საფრანგეთში მოგზაურობის არგენტინა, იწყებს დემოკრატიზაციას, რასაც იმპულსს აძლევს შემოსავლების გადანაწილების
პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ
გარკვეული თვალსაზრისით.
მიუხედავად შეზღუდვებისა, ეს არის პროცესი, რომელიც
ძალაუფლებას ჩამოშორებულ სექტორებს არყევს. ხდება საფრთხეებისა და შიშების პროვოცირება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური ლიდერები,
სამთავრობო პრესა და
პირველი ლედიც კი, აცხადებენ რომ პერონის არგენტინაში პრეზიდენტი არის „პირველი
მშრომელი.“ ევიტა ასე მიმართავს
მუშებს: „ჩემო ძვირფასო, სამშობლოს უპერანგოებო“ ან უბრალოდ „ამხანაგებო.“ ესაა ახალი სამყარო, სადაც პროფკავშირების ლიდერებს უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ
კანონმდებლებად, ნიშნავენ ელჩებად ან მინისტრებად, სოფელში მცხოვრებ პეონებს აქვთ
შვებულების უფლება და ბედავენ მის მოთხოვნას, რადგანაც მათ აქვთ „პეონის სტატუტი,“ (19) რომელიც შრომის სამინისტრომ გამოსცა, როდესაც
ამ უწყებას პერონი მართავდა. ფაბრიკებში მუშებს მეპატრონე უკვე შენობით ვეღარ
მიმართავს და ვერც თავის ნებაზე გასცემს ბრძანებებს. მათ ეპყრობიან ღირსეულად და იცავენ მათ
უფლებებს, როგორც ამას მუდმივად იმეორებენ პროფკავშირების ლიდერები და დაჟინებით აცხადებს ევიტა.
შიშებსა და საფრთხეებს მძაფრად აღიქვამდა ეფექტური
სამთავრობო პროპაგანდა, რომელიც, „პერონის ახალ არგენტინაში,“ რევოლუციური მმართველობის
დიდებულების შესახებ ყოველდღიურად აცხადებდა და ყველას ახსენებდა რა ევალებოდათ.
ეს იყო ქვეყანა, სადაც ოფიციალური პროპაგანდა ამბობდა, რომ პრივილეგიებს ბოლო
მოეღო და რომ მხოლოდ ბავშვები და მოხუცები სარგებლობდნენ უპირატესობით. ეს იყო
ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის მეუღლეს, რომელიც ბევრის აზრით მართავდა არგენტინას,
მგზნებარე გამოსვლები ჰქონდა „ვარდისფერი სახლის“ აივნიდან, სადაც პერონი სვენებ-სვენებით განმარტებებს აკეთებდა და სადაც
არასდროს გამოსულა ქალი სიტყვით. მგზნებარე გამოსვლით, რომელსაც თან ახლდა რადიოთეატრის ექო, ევიტა
მუდმივად ახსენებდა ხალხს იმ სიკეთეებს, რაც მათ პერონის მეშვეობით მოიპოვეს.
სთხოვდა მათ პერონისადმი ერთგულებას და მის დაცვას მტრების, მოღალატეების და
სამშობლოს გამყიდველებისგან. აფრთხილებდა კომუნისტებისა და ოლიგარქიის
მოქმედებების შესახებ, რომ ამ უკანასკნელთა კარგი ცხოვრება დასრულდა და რომ
სიფრთხილე მართებდათ თავიანთ ქმედებებში.
მაშინ, როდესაც ფართო მასები, განსაკუთრებით მუშათა
კლასი, ცვლილებებით ტკბებოდა და ევიტას მებრძოლი სტილით, მისი ყველაზე უფრო
რევანშისტული გამოსვლებით, სიამოვნებას იღებდა, ყველაზე უზრუნველყოფილი
ფენები ამ მოვლენების გამო დაჩაგრულად გამოიყურებოდნენ. ყველასთვის ცხადი იყო, რომ არგენტინაში, როგორც პერონის მომხრეებისთვის, ისე მოწინააღმდეგეთათვის, ახალი ერა დაიწყო და ახალი არგენტინის ემბლემატური სიმბოლო უდავოდ გახლდათ
ევიტა.
მასში შეიცნეს „უპერანგოები,“ ვისთანაც მიდიოდნენ
ოფისში, რათა მისი დახმარებით გადაეჭრათ პირადი, ოჯახური ან პროფკავშირების
პრობლემები. ამ ხალხის მახსოვრობაში ევიტა მათი მსგავსია, თუ ის განსხვავებულია
მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულია პერონთან, ისევე როგორც ისინიც, რადგანაც მისი
წყალობით აქვთ ყველა ბენეფიტი, რითაც ახლა სარგებლობენ. ევიტაში ასევე ხედავენ
ახალგაზრდებს, რომლებიც მასავით ბუენოს აირესში მიდიან სამსახურის საშოვნელად,
უკეთესი ცხოვრებისათვის, ან კითხულობენ რომანტიულ
ან ფოტორომანებს, (20) უსმენდნენ რადიოსერიალებს და უყურებენ ფილმებს, იმიტომ რომ დიდი ეკრანის ფანტაზიებს ევიტამ შეასხა
ხორცი და არ ჰქონდა მნიშვნელობა ფილმი ჰოლივუდში იყო გადაღებული თუ არგენტინაში,
სონო ფილმის მიერ. (21) მაგრამ არ იცოდნენ, რომ ევიტა ესაა ფანტაზია, რომლის მსგავსიც არავინაა, იმიტომ რომ „მისი ისტორია“ განსაკუთრებულია, მხოლოდ
მისია, ერთადერთია. „მისი ისტორია“ იწყება, მაშინ როცა იგი თხოვდება, როდესაც
საბოლოოდ მთავრდება სასიყვარულო რომანი. ევიტას ფილმში არ არის happy end იმიტომ, რომ მისი
ფილმის საფინალო კოცნა „მისი ისტორიის“ დასაწყისია, ანუ მისი ცხოვრება პერონთან და
მისი შესვლა ისტორიაში.
ეს არის „ახალი არგენტინის ახალი ქალი,“ უკიდურესი,
თუმცა უანალოგო და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული შემთხვევა. როგორც სხვა
ქვეყნებში, არის ისტორიული მომენტი, როდესაც ფემინისტ ქალებს უარყოფენ იმისთვის,
რათა დამჯერე ქალები, პირველ რიგში, ცოლები და დედები შეაქონ. მაგრამ პერონის
არგენტინაში ასევე უარყოფენ მაღალი ფენის ქალებს, არამხოლოდ კლასობრივი მიზეზით,
არამედ 1945 წელს, ფემინისტებთან ერთად განხორციელებული მობილიზაციის გამოც,
რომელიც სამხედრო დიქტატურის და, კონკრეტულად კი, პერონის წინააღმდეგ იყო
მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ქალები დაუბრუნდნენ საშინაო საქმეებს და
ფემინურობას, ეს განსხვავდებოდა იმისგან, რაც 30-იან წლებში იყო, რადგანაც ქალებში
განათლების დონე გაიზარდა. ასევე იმატა დასაქმების შესაძლებლობებმა და გაიზარდა სამუშაო ძალის ოდენობა. ევიტა არის
ქალურობის ახალი სახე, რომელსაც ცალი ფეხი პირად გარემოში, ხოლო მეორე
საზოგადოებრივ სივრცეში უდგას და, მიუხედავად იმისა, რომ წლები არანორმალურად
შეცვლის მის ცხოვრებას, იგი ფეხს არ მოიცვლის აქედან.
პერონისტული ხელისუფლების პირველ წელს, მას დონია
მარია ევა დუარტე დე პერონს უწოდებდნენ. ცოლი პრეზიდენტს უფრო ხშირად ახლდა
პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ვიდრე ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ.
ხანდახან, ზოგიერთ ღონისძიებაზე, ევიტა ცვლის კიდეც ქმარს, მაგრამ ძალიან მალე
ახერხებს გამართოს აქტივობების სერია, რაც ახალ პოლიტიკურ რეალობას შექმნის -
მართლაც და განსაკუთრებულს პირველი ლედის რანგში და არამხოლოდ არგენტინაში.
1951 წლისათვის, მისი სახელი ოფიციალურად
შეიცვალა და გახდა ევა პერონი, მაგრამ „უპერანგოებისათვის“ ის კვლავ „ამხანაგ
ევიტად“ რჩებოდა. იმ სამუშაოს გამო, რასაც ევიტა მათთვის და მათთან ერთად სწევდა, “უპერანგოთა წინამძღოლი“ უწოდეს და იგი ამ ტიტულს,
რომელიც პერონისტულ მასაზე მის ქარიზმატულ
ლიდერობას ასახავდა, სიამაყით ატარებდა. ეს იყო ლიდერობა,
რომელიც კონკურენციაში არ შედიოდა პერონთან, რადგანაც ის იყო, არის და ყოველთვის
იქნება „ბელადი.“
თავისი მოკლე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში
ევიტას არ დაუკავებია არც ერთი არჩევითი და სამთავრობო პოსტი, თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როცა ეს სცადა.
1951 წლის 22 აგვისტოს, 9 ივლისის გამზირზე მიმდინარე მრავალრიცხოვან აქციაზე,
„პერონისტული პარტიის ქალთა ფილიალმა“ და “შრომის მთავარმა
კონფედერაციამ“ ის ვიცე-პრეზიდენტობის
კანდიდატადაც დაასახელა. მიტინგი იმით დასრულდა, რომ ევიტას არც დაუდასტურებია და არც უარყვია ეს შეთავაზება. 31 აგვისტოს, რადიოში გამოსვლისას,
მან გაამჟღავნა, რომ უარს ამბობდა ვიცე-პრეზიდენტად კენჭისყრაზე. მიმართვა კი ასე დაასრულა:
„უარს ვამბობ პატივზე და არა ბრძოლაზე. ჩემი ბრძოლის ადგილი
არის სამუშაო.“ მიუხედავად იმისა, რომ
“შრომის მთავარ კონფედერაციას“
და „ქალთა ფილიალს“ არ შეეძლოთ, ევიტას და პერონის თანხმობის
გარეშე, 22 აგვისტოს მსგავსი თავყრილობა მოემზადებინათ, სამხედროების ოპოზიციის გამო,
მათ მოუწიათ ამ პროექტზე უარის თქმა, რადგანაც პერონს არ სურდა და არ შეეძლო არმიის
პოზიციის ინგორირება. ევიტას „უარმა,“ რა თქმა უნდა, ვერ დააწყნარა შეიარაღებული ძალები.
1951 წლის 28 სექტემბერს გენერალ ლუსიანო ბენხამინ მენენდესის მეთაურობით დაიწყო ამბოხება,
რომელიც სწრაფად ჩაახშეს. (22)
![]() |
| გენერალი ბენხამინ მენენდესი |
პერონის შემდეგ, ევიტა იყო ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ფიგურა. ის
სათავეში ედგა „ევა პერონის ფონდს“, აკონტროლებდა დიდი რესურსების მქონე უწყებას,
რომელსაც იყენებდა მოხუცებისათვის სახლების ასაგებად, ჰოსპიტალების, სკოლების ასაშენებლად, ფონდი აგებდა დაწესებულებებს
ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ბუენოს აირესში ქვეყნის შიდან ნაწილიდან ჩამოჰყავდათ, არიგებდა საკერავ მანქანებს, საშობაოდ ტკბილეულს
და სიდრს ურიგებდა მსურველებს და, სხვა საჩუქრებთან ერთად, ახალი ოფისი გადასცა “შრომის მთავარ კონფედერაციას.“ ევიტა ერთადერთი ქალი იყო, რომელიც პერონისტული
პარტიის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, ასევე სათავეში ედგა „ქალთა ფემინისტურ
პარტიას“ იგივე „პერონისტული
პარტიის ქალთა ფილიალს,“ რომელსაც პერონის პრეზიდენტობის პირველივე თვეებიდან რკინის
ხელით მართავდა, და, როგორ მისი მეუღლე აკეთებდა შრომის მინისტრის პოსტზე -
თითქმის ყოველდღიურად ხვდებოდა პროფკავშირების ლიდერებს, ეს იყო პირდაპირი კავშირი
მუშათა ორგანიზებულ მოძრაობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად თან ახლდა
პერონს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ევიტას პროფკავშირებთან,
პერონისტ პოლიტიკოსებთან, „ქალთა ფემინისტურ პარტიასთან“ თავისი ვალდებულებები ჰქონდა. დიდ ჯაფას მოითხოვდა, ფონდი, სადაც იგი,
ჰოსპიტალების, სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების, კლინიკების და
სასტუმროების მშენებლობას გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს.
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ის მუდმივად
წარმოთქვადა ემოციებით, დრამატული ტონითა და მომაჯადოვებელი ლექსიკით სავსე
სიტყვას, რომელსაც სიზუსტე და ანალიზი აკლდა. სიტყვით გამოსვლისას პუბლიკას ესაუბრებოდა
პერონისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, „სამშობლოს უპერანგოებზე,“ მოხუცებზე, ბავშვებზე
და ფიცს დებდა რომ „რაც არ უნდა ღირდეს“ სიცოცხლის ბოლომდე დაიცავდა იმ
მონაპოვარს, რომელიც მათ პერონმა მისცა. და ამ ყველაფერს უზადოდ ჩაცმული,
გულმოდგინედ დავარცხნილი, მოწესრიგებული ფრჩხილებით, სამკაულებით მორთული და
ფრანგულსუნამო ნაპკურები, აკეთებდა. ელეგანტური, ულამაზესი და მომღიმარი, მისაბაძ
ობიექტს წარმოადგენდა, პერონიზმის პროპაგანდისტულ მანქანას და თაყვანისმცმლებს ის
ცაში აჰყავდა, თუმცა ის მაინც შორეული და მიუწვდომელი იყო, მიუხედავად იმისა რომ
არგენტინაში უამრავ გოგონას არქმევდნენ ევას. როგორც კაროლინ ჰეილბურნი (23)
შენიშნავს, განსაკუთრებული
ქალები “არიან იმის
მტკიცებულება, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მოეპრიანებათ.“
![]() |
| კაროლინ ჰეილბურნი |
ევიტას მისი განსაკუთრებულობა სხვა არგენტინელი
პირველი ლედებისაგან გამოარჩევდა. არც ერთს შეეძლო, პროტოკოლით გათვალისწინებულ
ღონისძიებებზე, ასეთი სიხშირით თან ხლებოდა თავის მეუღლეს, როგორც ამას ის
აკეთებდა. არც ერთს შეეძლო
ოფიციალური ვიზიტით მარტო გამგზავრებულიყო ესპანეთში, მოევლო ევროპის მრავალი
ქვეყანა ისე, თითქოს ეს ძალიან ბუნებრივი ყოფილიყო მის ცხოვრებაში. 1947 წლის
ივლისამდე, არც ერთი არგენტინელი მოხვედრილა, ჟურნალ „თაიმის“ გარეკანზე, როცა
მისმა ღიმილმა მთელი მსოფლიო მოიარა. არც ერთი პირველი ქალბატონი არ დადიოდა სამსახურში
ყოველდღიურად და ხანდახან გვიან ღამემდეც რჩებოდა, როგორც ამას ევიტა
აკეთებდა. არც ერთ ქალს უსაუბრია „ვარდისფერი სახლის“ აივნიდან, სანამ 1948 წელს
მან არ გააკეთა ეს და ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვინც ასე თავისუფლად საუბრობდა მიკროფონში, როგორც ის.
![]() |
| ევიტა "თაიმის" გარეკანზე |
მისი განსაკუთრებულობის გამო, ევიტა შორს იდგა სხვა ქალებისაგან, იმათგანაც კი, ვინც მისი გულმხურვალე
თაყვანისმცემელი იყო და ეს განსაკუთრებულობა განაპირობებდა იმას, რომ მისი
პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც, მეორე მხრივ, მართლაც რეალური იყო და მისი
ხელიდან იმართებოდა, აუტანელი ყოფილიყო მისი მტრებისათვის. მათთვის რთული გახლდათ
იმასთან შეგუება, რომ ეს ვულგარული ქალი, რომელიც რამდენიმე წლის რადიოთეატრის მსახიობი
იყო, იქცა გავლენიან ქალად, რომლის მანათობელი
ღიმილიც ჩნდებოდა აფიშებზე, გაზეთებში და ჟურნალებში. მას ხედავდნენ კინოთეატრში,
ფილმის წინ ნაჩვენებ საინფორმაციო გამოშვებაში, ევიტა ბრალმდებელის ტონით
ესაუბრებოდა, თვალყურს ადევნებდა და შეკითხვით მიმართავდა მათ. ევიტა მათზე მუდმივად გაღიზიანებულიც იყო, ისინიც
გრძნობდნენ მის მრისხანებას, სიძულვილს, მათთვის ეს ქალი იყო ყველაფერი ცუდის
სიმბოლო, რაც არგენტინაში ხდებოდა - ინსტიტუტებში არსებული კორუფციის, დემაგოგიის, დეკადენსის და პლებეურობის, რაც პერონის მთავრობამ
მოიტანა. ევიტა მათთვის იყო უკონტროლო მრისხანება, ბუნებრივი ძალა, რომელიც თავს
დაატყდა ქვეყანას. 1946 წლიდან,
ევიტას ხელში თავი მოიყარა იშვიათმა, განსაკუთრებულმა, გავლენამ, ძალაუფლებამ,
რომელიც მის მტრებში არანორმალურ შიშს იწვევდა, რასაც 1952 წელს, ბუენოს აირესში გავრცელებული
ხმებიც ადასტურებდა.
ამავე წელს, ფსიქოანალიტიკოსმა მარი ლანგერმა (24) გამოაქვეყნა
წიგნი „მარადიული ფანტაზიები ფსიქოანალიზის შუქზე,“ რომელიც 1957 წელს, პერონის დამხობის შემდეგ,
მეორედ, შევსებული ვერსია გამოიცა. წიგნი ეხება მრავალი მითის ანალიზს, რომელსაც ავტორი „სოციალურ მითებს“ უწოდებს. იგი მათ განსაზღვრავს როგორც განსაკუთრებულ
ვითარებაში არსებულ კოლექტიურ რეაქციებს, რომელიც დაკავშირებულია ქალის ფიგურასთან. ლანგერისათვის მისაბაძი აღმოჩნდა
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ინგლისსა და საფრანგეთში გაჩენილი მითების
შესახებ მარი ბონაპარტეს მიერ შექმნილი ნაშრომი.
![]() |
| მარი ლანგერი |
ლანგერი აანალიზებს სამ მითს, რომელიც პერონის მმართველობის დროს გამოჩნდა და
კიდევ ერთს, რომელიც ინგლისის დედოფალ ელისაბეთ I-ს ეხება. არგენტინის შესახებ მისი ნაშრომი განსაკუთრებით ერთ მითზე ფოკუსირდება, რომელსაც მან, მისი სხვა კოლეგების მსგავსად, 1952 წელს
მოუყარა თავი. ეს
იყო „შემწვარი ბავშვის“ მითი. ლანგერის მიხედვით, ზღაპარში მოქმედება ვითარდება
ბუენოს აირესში. ახალგაზრდა,
შეძლებულ წყვილს, რომელიც ცხოვრობს ლამაზ სახლში, ჰყავს პატარა შვილი. დედა უვლის შვილს და ემზადება, რომ ღამით ქმართან ერთად
სავახშმოდ გავიდეს. ბავშვს ტოვებენ მოსამსახურესთან და როდესაც გვიან ღამით
ბრუნდებიან ხედავენ, რომ სახლში
შუქები ყველგან ანთებულია და მოახლე ზის მაგიდის თავში, რომელიც სასადილო
ოთახში დგას. მას აცვია ქალბატონის საპატარძლო კაბა და სინზე, რომელიც მაგიდაზეა, დევს შემწვარი
ბავშვი. თხრობას აქვს სხვადასხვა შესაძლო დასასრული, თუმცა ყველა ძალადობრივი.
ლანგერი „შემწვარი ბავშვის მითში“ ფოკუსს აკეთებს
დედაზე, რომელიც უეჭველად ევიტაა, ვინც იმ დროისათვის ძლევამოსილად მეფობდა.
მკვლევარი მასში ხედავს პერსონაჟს, რომელიც
გამოხატავს ღრმა და განზოგადებულ შიშს, რომელსაც არგენტინული ბურჟუაზია
განიცდიდა ამ ქალის წინაშე.
მაგრამ ამ ზღაპრის სხვაგვარად წაკითხვა
შესაძლებელია 1952 წლის შემდეგ. ეს ის წელია, როდესაც ევიტას ჯანმრთელობის
მდგომარეობა რთულდება და იგი 1952 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა. აქედან
გამომდინარე, ის უკვე აღარ არის ძლევამოსილი ქალი ან თუ კიდევ არის, ძალიან მცირე
ხნით.
თუ ყურადღებას გავამახვილებთ ზღაპარზე, სადაც ქალი
წვავს ბავშვს, იცმევს საქორწინო კაბას და ჯდება მაგიდის თავში, სიტუაცია
მნიშვნელოვნად იცვლება, დასკვნა კი ის არის, რომ მას სურს სახლში ცოლისა და დედის
ადგილის დაკავება. მაგრამ როგორც შინამოსამსახურე, იგი დაბალი ფენის
წარმომადგენელია, რომელიც ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მაგრამ მის ნაწილი არაა,
მუშაობს მისთვის, ბედავს იფიქროს
ქალბატონის ადგილის დაკავებაზე და, როგორც ასეთი, ორმაგად უზურპატორს
წარმოადგენს. ის არის კანონდამრღვევი,
ძირგამომთხრელი და, ამას გარდა, მოძალადე.
ამ პერსპექტივიდან, შინამოსამსახურის პერსონაჟი
არის ფიგურა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევიგრძნობთ ღრმა შიშს, რომელიც არსებობდა
სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის იმ ცვლილებების წინ, რაც მოხდა 40-იან წლებში,
როდესაც რაღაცები პირიქით ჩანდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. მითი ჩვენ გვაჩვენებს მათ
მოწყვლადობას და დაუცველობას, ვიგებთ, რომ ხალხში პერონიზმის მხარდამჭერთა
რაოდენობა დიდი იყო, იმედენად დიდი, რომ ისინი სახლებში შეიჭრნენ, იქ მოეწყვნენ და
აღარ წავიდნენ იქიდან. მეორე მხრივ, ეს იყო დადასტურება, რომ პერონიზმის
მმართველობის ქვეშ უკვე აღარაფერი იყო ხელშეუხებელი, კერის სიწმინდეც კი. შინამოსამსახურეები გადაიქცნენ
მუშებად, ეპოქის სტილის მიხედვით პერონიზმის მეხუთე კოლონად, რომლებთანაც არაფრის თქმა
არ შეიძლებოდა, რადგანაც ისინი „რეჟიმის“ და, განსაკუთრებით კი, „ევიტას ჯაშუშები“
იყვნენ.
მითი ასევე გვიჩვენებს უარყოფას, რომელიც ევიტამ იმ
ფენებში გამოიწვია, რომლებსაც ის
ადევნებდა თვალყურს - იმას, რასაც იგი ამბობდა მეტაფორულად, ისინი პირდაპირ
იღებდნენ. ეს იყო უარი მისი კლასიდან, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის
პრეზიდენტის ცოლი, მორთული იყო სამკაულებით თუ იმოსებოდა პარიზში. ეს იყო უარი მის
დაჟინებულობაზე ჩართულიყო პოლიტიკაში და განეხორციელებინა ის აქტივობები,
რომლისთვისაც ის, როგორც დაბალი ფენის
წარმომადგენელი და შეზღუდული განათლების მქონე,
არამხოლოდ არ იყო მზად, არამედ გამოუსადეგარიც იყო როგორც ქალი, რომელსაც
როგორც სამართლებრივი, ისე სოციალური თავლსაზრისით სუბორდინირებულს, შეზღუდული
სამოქალაქო უფლებები გააჩნდა და 1952 წლამდე ვერც არჩევნებში მონაწილეობდა. როდესაც
უსმენდნენ მის გამოსვლებს, სადაც ის ხმამაღლა და შეუჩერებლად გამოხატავდა თავის
სიყვარულს, მრისხანებას და სიძულვილს, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევიტა
აღიარებდა მისთვის დაწესებულ გენდერულ საზღვრებს და ჩანდა როგორც სამაგალითო ცოლი და პარადიგმული დედა, რომელსაც არ სჭირდებოდა
შვილების ყოლა, რადგანაც უპოვარების, ბედკრულების, ღარიბების და ბავშვების კეთილდღეობას უძღვნიდა თავს. ისინი ყველა მისი
შვილები იყვნენ.
მისი დასწრება საჯარო ღონისძიებებზე მუდმივად იყო
ევიტად არსებობის დადასტურება, იმ განსაკუთრებულ პერსონად, რომლადაც ის იქცა; ის
ამაყობდა თავისი ლიდეობით, ქარიზმატულობით, დარწმუნებული იყო რომ ძალაუფლება ჰქონდა და იყენებდა მას. მასში გაღვიძებული სურვილები და ამბიციები უსაზღვრო
გახლდათ. ამასთან ერთად, მისი მხრიდან უპერეცენდენტო სითამამის ქმედება იყო,
კადნიერი სურვილის ქონა, გამხდარიყო ვიცე-პრეზიდენტი.
არაა გასაკვირი, რომ ანტიპერონისტული მითოლოგია მას
დასცინოდა, ეყრდნობოდა მის
მრისხანებას, მის ხარბ მისწრაფებას შურისძიებისაკენ, მის ბოღმიან განზრახვას, მის
ამბიციას და დომინირებას პერონზე. აქედან იყო მისი წუხილი საკუთარ სოციალურ წარმომავლობაზე,
განათლების ნაკლებობაზე, სამსახიობო კარიერასა და არალეგიტიმურობაზე. რაც უფრო აზვიადებდნენ მომხდარს, მით უფრო ამართლებდნენ იმ ადგილის
არალეგიტიმურობას, რომელსაც ის არგენტინის პოლიტიკურ ცხოვრებაში იკავებდა. ევიტა
იყო დიდი ავანტურისტი, ძირგამომთხრელი, კანონდამრღვევი, უკმაყოფილო, თვითმარქვია და მანიპულატორი - უზურპატორი ამ
სიტყვის სრული მნიშვნელობით. აქედან მომდინარეობდა მისი სახლის წაშლისა და ხელახლა
გადაწერის ძალისხმევა.
70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც არგენტინას კვლავ
სამხედროთა მიერ დაკომპლექტებული მთავრობები მართავდნენ, იწყებოდა ინსტიტუციური
სისტემის დაშლა, რომელიც ორიენტირებული იყო პერონიზმიდან გამოყოფაზე; პერონისტი
ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა შექმნა პარტიზანული ორგანიზაცია „მონტონეროები.“ (25) მათ
ევიტას სახელი დროშასავით აღმართეს და მისი რეაბილიტაცია მოითხოვეს. პარტიზანების
მიზანი იყო პერონის დაბრუნება არგენტინაში და სამხედრო დიქტატურათა დასრულება,
რასაც ისინი იმ დროინდელ ხელისუფლებასთან
ბრძოლით იწყებდნენ.
![]() |
| პრეზიდენტი არამბურუ |
მათი არსებობა 1970 წელს განხორციელებული დარტყმით
გამჟღავნდა, როდესაც “მონტონეროების
ორგანიზაციის ხუან ხოსე ვაჟეს შენაერთმა“ მოიტაცა ექსპრეზიდენტი, გენერალი პედრო
ეუხენიო არამბურუ. იგი გამოიყვანეს თავისი სახლიდან და წაიყვანეს
პროვინცია ბუენოს აირესში მდებარე მამულში, სადაც არამბურუ რევოლუციურმა სასამართლომ დაადანაშაულა
სამშობლოს ღალატში, გენერალ ხუან ხოსე ვაჟეს დახვრეტის, ხოსე ლეონ სუარესის
ნაგავსაყრელზე მოწყობილი სასაკლაოს და ევიტას ცხედრის გაუჩინარების, გამო. მონტონეროებმა
განაცხადეს რომ ექსპრეზიდენტი სიკვდილით დასაჯეს და მის ცხედარს მაშინ გადასცემდნენ
ოჯახს, „როდესაც არგენტინელ ხალხს დაუბრუნდებოდა ძვირფასი ამხანაგის, ევიტას ნეშტი.“
ფაქტობრივად გაცვლა განხორციელდა, როდესაც პრეზიდენტის, გენერალ ალეხანდრო
აუგუსტინ ლანუსეს წარმომადგენელი და პერონი შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში
პერონიზმს, მაგრამ არა ექსპრეზიდენტს, ექნებოდა მონაწილეობის უფლება. 18 წლიანი
ემიგრაციის შემდეგ პერონს არგენტინაში, ევიტას ნეშტთან ერთად, დაბრუნების
საშუალება მიეცა. 1971 წლის 2 სექტემბერს, მილანში ამოთხარეს მარია მაჯი დე
მაჯისტრის სახელზე გაცემული ევიტას საფლავი და კუბო პერონის მადრიდულ რეზიდენციაში
გადაასვენეს.
![]() |
| მარია მაჯი დე მაჯისტრის საფლავი |
პერონისტი ახალგაზრდებისათვის 70-იანი წლების
მონტონეროების ევიტა პერონისტული რევოლუციის წარმოსახვითი ემბლემატური ფიგურა იყო.
რევოლუციონერი ევიტა პირველ რიგში იყო სამხედრო, პერონის ფანატიკოსი მომხრე, სექტანტი
და მკაცრი, რომელსაც შედეგები არ აინტერესებდა; სოციალური სამართლიანობასთან
დაკავშირებით, თავისი უპირობო მოთხოვნების შესახებ ბოლო ხმაზე აცხადებდა და მზადყოფნას გამოთქვამდა სიცოცხლე პერონისათვის
მიეძღვნა. ფრაზები მათი ყველაზე შთამაგონებელი გამოსვლებიდან გაზეთებში,
ჟურნალებში, სააგიტაციო
ბროშურებსა და ქალაქის კედლებზე ვრცელდებოდა. ეს ის ევიტა იყო, რომელსაც რომ ეცოცხლა
არ დაუშვებდა „განმანთავისუფლებელი რევოლუციის“ გამარჯვებას და ორგანიზებას
გაუწევდა ხალხს. ამის გაკეთებას შეპირდა იგი 1952 წლის პირველ მაისს, თავის უკანასკნელ სიტყვაში, რომელიც "ვარდისფერი სასახლის" აივნიდან წარმოთქვა:
„ძმებო,
თუ საჭიროს, სამართალი ჩვენი ხელით აღვასრულოთ. ღმერთს ვთხოვ, არ დაუშვას რომ ამ
სულელებმა [მოღალატეებმა] ხელი აღმართონ პერონზე, იმიტომ რომ სასტიკი იქნება ეს დღე!
ჩემო გენერალო, მე გამოვალ მშრომელ ხალხთან ერთად, მე გამოვალ სოფლის ქალებთან
ერთად, მე გამოვალ „სამშობლოს უპერანგოებთან“ ერთად ... იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ
ავიტანოთ ოლიგარქიის და ქვეყნის გამყიდველების ჩექმა, რომლებმაც ექსპლოატაციის
ქვეშ მოაქციეს მშრომელები.“
მანიფესტაციებზე აფრიალებდნენ მონტონეროების
დროშებს და ახალგაზრდობა გაჰყვიროდა: „ევიტას რომ ეცოცხლა მონტონერო იქნებოდა.“ მას განსხვავებულად გამოსახავდნენ. ეს არ იყო
ევიტა, რომელიც პოზირებდა, იღიმოდა, ელეგანტურად ეცვა, სამკაულებითა და მაკიაჟით
იყო მორთული, არამედ ჩანდა ახალგაზრდა, უბრალო ქალი მაკიაჟის გარეშე, გულღია ფართო ღიმილით
და გრძელი გაშლილი ფრიალა თმებით.
![]() |
| მონტონეროების ევიტა |
მონტონერო ევიტა არ იყო არც სისულელე და არც
გამონაგონი, მაგრამ ეს იყო ერთგანზომილებიანი, კონტექსტიდან ამოვარდნილი,
პერონისაგან ჩამოშორებული და, გარკვეულწილად,მისი მოწინააღმდეგეც. ცალსახად რომ
ვთქვათ, პერონის ძველი,
ლაჩრული იმიჯი ევიტას საპირისპიროა. ამიტომაც
მოახდინეს მისი დისტანცირება და გამოაცალკევეს, როგორც პერონისგან, ისე მისი ახალი
ცოლის, მარია ესტელა მარტინეს დე პერონისაგან და წინა პლანზე ორგანიზაციასთან მისი კავშირი წამოწიეს. ეს ასახავდა იმ დაყოფას
რაც პერონიზმში და, განსაკუთრებით, მის
რადიკალიზებულ მომხრე ახალგაზრდობაში არსებობდა, რომლებიც, პირველ რიგში,
პროფკავშირებს და შემდეგ კი თავად პერონს უპირისპირდებოდნენ. ამ უკანასკნელს
მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს (1973 წლის 12 ოქტომბერი -
1974 წლის 1 ივლისი). 1974 წლის 1 მაისს, პერონმა მაისის მოედნიდან გააძევა
მონტონეროების ერთი კოლონა და მათ “სულელები“ და “ლაწირაკები“ უწოდა. დაჯგუფების მომდევნო ნაბიჯი იყო
იატაკქვეშეთში გადასვლა და მთავრობის წინააღმდეგ ხელში იარაღის აღება.
![]() |
| მონტონეროების გერბი |
მონტონეროების ევიტას პოპულარობა დროებითი აღმოჩნდა. იგი ქვეყნის
გარეთ არასდროს გავრცელებულა და მოისპო 1976 წლის 24 მარტის სახელმწიფო
გადატრიალებით და ხუნტის დე ფაქტო მთავრობით, რომელიც 1976-1983 წლებში შეიარაღებული
ძალების მეთაურებისაგან შედგებოდა. მაგრამ დიქტატურის წლებში, როდესაც არგენტინაში
გაბატონებული იყო სახელმწიფო ტერორიზმი და იზრდებოდა იძულებით გაუჩინაურებული
ადამიანებისა და საკონცენტრაციო ბანაკების რიცხვი, დანარჩენმა მსოფლიომ ხელახლა
აღმოაჩინა ანტი-ევიტა. კვლავ შეუყვარდა მისი სახე, რომელიც მუსიკის საფარველში იყო
გახვეული. 1976 წელს, ორმა ინგლისელმა, ტიმ რაისმა და ენდრიუ ლოიდ ვებერმა, ფლერ კაულეზის
და მერი მეინის ევიტას მითოლოგია გააცოცხლეს.
მწერლების ნაწარმოებთა ბაზაზე შექმნეს ოპერა, რომელიც ორი წლის შემდეგ სცენაზე დაიდგა.
მას ნაცისტურ-ფაშისტური ელფერი დაკრავდა და მდარედ იყო მოკაზმული ჩე გევარათი. იქამდე, სანამ
ფილმს გადაიღებდნენ, დადგმამ დაიწყო დიდი ქალაქების
სცენათა შემოვლა. თხრობა მიმდინარეობდა კოვალსის დახმარებით, რომელიც, როგორც მემუარებში თავად ამბობს, ამ საქმეს
სიამოვნებით აკეთებდა, რადგანაც სურდა რომ “ამ საშინელი ქალის ნებისმიერი სახის იდეალიზაციისათვის შეეშალა ხელი.“
![]() |
| ევა პერონის საფლავი რეკოლეტას სასაფლაოზე, დურატეთა აკლდამაში |
ანტიევიტას მითოლოგიით გამოწვეულ საერთაშორისო აღტაცებას დღემდე თან ახლავს უამრავი მიმდევარი, რომელიც იკვებებიან ახალი, გამოგონილი ტექსტებით. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ებმება მის მახეში, რომლებიც მიფრინავენ ბუენოს აირესში, სადაც რეკოლეტას სასაფლაოზე შეუძლიათ ევიტას საფლავის და ასევე „ევა პერონოს ფონდის’“ შენობაში მდებარე, მისი მუზეუმის მონახულება.
(1) სავარდი
- კრიალოსანის სახეობა კათოლიციზმში, რომელიც 150 მარცვლისაგან შედგება და დაკავშირებულია
სხვადასხვა ლოცვის აღვლენასთან.
(2) შრომის
მთავარი კონფედერაცია - არგენტინული პროფკავშირები, რომელიც 1930 წელს დაარსდა და დღეს
მსოფლიოში დასაქმებულთა ერთ-ერთ ყველაზე ფართო გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად
ორგანიზაციის სათავეებთან კომუნისტები, სოციალისტები და უპარტიო, დამოუკიდებელი წევრები
იდგნენ. ეს ვითარება 1945 წლამდე გაგრძელდა. პერონის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ
„შრომის მთავარი კონფედერაცია“ პერონიზმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ძალად იქცა, რაც
დღემდე გრძელდება.
(3)
1943 წლის 4 ივნისის რევოლუციას, იგივე „43-ის რევოლუცია“ (La Revolución
del 43), მოჰყვა „სამარცხვინო დეკადის“
დასასრული და პრეზიდენტ რამონ კასტიჟოს ჩამოგდება. 43-ის რევოლუციამ სამი წელი გასტანა
და არგენტინას ამ პერიოდის განმავლობაში სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი: არტურო რაუსონი,
პედრო პაბლო რამირესი და ედელმირო ფარელი, მართავდა. ამ უკანასკნელის მმართველობისას ხუან დომინგო პერონს, 1944-45 წლებში, ვიცე-პრეზიდენტის
პოსტი ეკავა.
(4) „უპერანგოები“ (descamisados)
- არგენტინული ბურჟუაზია
ასე მოიხსენიებდა პერონის მხარდამჭერებს, რომლებიც 1945 წლის 17 ოქტომბერს, მაისის
მოედანზე შეიკრიბნენ თავიანთი ლიდერის მხარდასაჭერად და ბევრმა მათგანი, სიცხის გამო,
წელსეზმოთ გაშიშვლდა. მართალია ეს მიმართვა თავიდან დამცინავი ხასიათისა იყო, მაგრამ
მოგვიანებით პერონისტებიც ასე მოიხსენიებდნენ თავიანთ თავს.
ამ სიტყვას ესპანურ ენაში „უპოვარის“ მნიშვნელობაც აქვს,
რაც ასევე მიესადაგებოდა პერონისტებს, რადგანაც
არგენტინელი ლიდერის მხარდამჭერების უმრავლესობა სოციალურად დაბალ ფენას წარმოადგენდა.
(5)
ამერიკო გიოლდი (Américo Ghioldi - 1899-1985) - არგენტინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამორჩეული ფიგურა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა
პერონის პოლიტიკას. მან მონაწილობა მიიღო 1951 წლის 28 სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალების
მცდელობაში, რომლის დამარცხების შემდეგაც იძულებული გახდა ურუგვაიში გაქცეულიყო.
1955 წელს ის მიესალმა „განმანთავისუფლებელ რევოლუციას“ და არგენტინაში დაბრუნდა. იგი მთლიანობაში
სამჯერ იქნა არჩეული არგენტინის დეპუტატთა პალატაში. კარიერის ბოლოს
1976-1983 წლებში იყო არგენტინის ელჩი პორტუგალიაში. გიოლდი ასევე იყო ბუენოს აირეისა
და ლა პლატას უნივერსიტეტების პროფესორი.
(6) ალფრედო პალასიოსი (Alfredo
Palacios
1878-1965)
- არგენტინელი სოციალისტი,
ადვოკატი და კანონმდებელი, რომელმაც იპოლიტო ირიგოჟენთან და ხუან პერონთან ერთად, დიდი
გავლენა მოახდინა XX საუკუნის
არგენტინურ პოლიტიკაზე. პალასიოსი პირველი ლათინოამერიკელი სოციალისტი იყო, რომელიც
1904 წელს საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს (ამას გარდა, პოლიტიკური კარიერის განმავლობაში
ის კონგრესის ორივე პალატაში ორ-ორ ჯერ იქნა არჩეული). იგი აქტიურად იყო ჩართული შრომის
კანონმდებლობის შექმნასა და საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაში.
პალასიოსი ოპოზიციაში ედგა პერონს, რომელსაც ფაშისტიც
უწოდა. 1951 წლის 28 სექტემბრის წარუმატებელი ამბოხის შემდეგ იგი, გარკვეული ხნით,
თანაპარტიელებთან ერთად დააპატიმრეს.
რაც შეეხება მის გადასახლებას, ეს დაკავშირებულია
1943 წელს მომხდარ გადატრიალებასთან, რომლის შემდეგაც პალასიოსმა ორი წლით დატოვა ქვეყანა
და მონტევიდეოს შეაფარა თავი.
(7) ხუან მანუელ დე როსასი (Juan
Manuel de Rosas –
1793-1877) - არგენტინელი სამხედრო და პოლიტიკოსი, ბუენოს აირეის პროვინციის
გუბერნატორი 1829-1832 წლებში, ხოლო 1835-1852 წლებში არგენტინის კონფედერაციის ლიდერი.
მისი გავლენა იმდენად დიდი იყო არგენტინის ისტორიაზე, რომ მისი მმართველობის პერიოდს
როსასის ეპოქას უწოდებენ.
1833 წელს, როსასმა „უდაბნოს კამპანია“ წამოიწყო, რაც
მომდევნო წელს, ინდიელებით დასახლებული სამხრეთ პამპისა და ჩრდილოეთ პატაგონიის დაპყრობით
დასრულდა. ამ ლაშქრობის დროს, როდესაც როსასი ბუენოს აირესში არ იმყოფებოდა, ლიბერალურად განწყობილმა გუბერნატორმა ბალკარსემ და მისმა
მომხრეებმა, 1833 წლის 11 ოქტომბერს, გადატრიალება სცადეს, თუმცა დამარცხდნენ. ამ პროცესში,
რომელიც „კანონების აღდგენის“ სახელითაა ცნობილი, გადამწყვეტი როლი როსასის მეუღლემ,
ენკარნასიონ ესკურამ ითამაშა.
(8) ესეკიელ მარტინეს ესტრადა (Ezequiel Martínez Estrada – 1895-1964) - არგენტინელი,
მწერალი, პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი. მისი ის ესეები, რომლებიც პერონიზმის გააზრების
მცდელობას წარმოადგენდა, 1955 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. იმ პერიოდში არგენტინელი პოლიტიკოსებისა
და ინტელექტუალების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ პერონის დამხობა პერონიზმსაც დაასრულებდა
და გააქრობდა. ამ მოსაზრებას ესტრადა არ ეთანხმებოდა. მას მიაჩნდა, რომ ეს იდეოლოგია
მტკიცეა და რომ არგენტინას წინ ელის წინაპერონიზმი, პერონიზმი და პოსტპერონიზმი, რაც
მთლიანობაში ას წელზე მეტხანს გასტანს.
(9) განმანთავისუფლებელი
რევოლუცია (Revolución Libertadora) – 1955 წლის 16 სექტემბერს მომხდარი ანტიპერონისტული
და ანტიკომუნისტური გადატრიალების ოფიციალური სახელწოდება, რომლის შედეგადაც, დაამხეს
ხუან პერონის ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში აიღეს სამხედროებმა. მათ დაშალეს კონგრესი,
თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ასევე პროვინციებისა
და ქალაქების მმართველები. 1955-1958 წლებში არგენტინას ორი დე ფაქტო პრეზიდენტი, ჯერ
პირველი სამი თვე ედუარდო ლონარდი, ხოლო შემდგომში პედრო ეუხენიო არამბურუ მართავდნენ.
1958 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების
შემდეგ კი ქვეყნის პირველი პირი არტურო ფრონდისი გახდა.
(10) 1958
წელს გამოქვეყნებული ანგარიში, შესავალის ჩათვლით, 13 თავს მოიცავდა და 317 გვერდისაგან
შედგებოდა.
(11) დახვრეტა ხოსე ლეონ სუარესის ნაგავსაყრელზე - 1956 წლის
9 ივნისს, ბუენოს აირესთან ახლოს,
ხენერალ სან მარტინის მუნიციპალიტეტში, პერონის აქტიური მომხრეების წინააღმდეგ სადამსჯელო
ღონისძიება განხორციელდა. დააპატიმრეს ამბოხებულ გენერალ ხუან ხოსე ვაჟესთან კავშირში
მყოფი პერონის 12 მომხრე, რომლებიც საბოლოოდ ლეონ ხუარესის ნაგავსაყრელზე აღმოჩდნენ
და როდესაც დარწმუნდნენ, რომ მათ დახვრეტას უპირებდნენ, გაქცევა სცადეს. სროლისას პოლიციელებმა
ხუთი მათგანი მოკლეს, ოთხი გაიქცა, ხოლო სამმა თავი მოიმკვდარუნა და საბოლოოდ გადაურჩა
სიკვდილს.
(12)
კარლოს გარდელი (1890-1935) - არგენტინელი
მომღერალი, მსხიობი, კომპოზიტორი და ტანგოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფიგურა. იგი
გამოირჩეოდა თავისი ღიმილით.
(13)
„სამარცხვინო დეკადა“ (Década
Infame) - არგენტინელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ხოსე ლუის ტორესმა
ასე უწოდა ქვეყნის ისტორიის იმ მონაკვეთს, რომელიც 1930 და 1943 წლების სამხედრო გადატრიალებებს შორის
ჩაეტია. ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო საარჩევნო მანიპულაციები, გაყალბება, რეპრესიები
ოპოზიციის წინააღმდეგ, კორუფცია და უცხოური კაპიტალის (განსაკუთრებით ბრიტანულის) წილის
გაზრდა ეკონომიკაში. ეს უკანასკნელი გამოწვეული იყო 1933 წელს არგენტინა-გაერთიანებულ
სამეფოს შორის გაფორმებული „როკა-რანსიმანის ხელშეკრულებით,“ რომლის მიხედვითაც, „დიდი
დეპრესიის“ პირობებში ბრიტანეთი უზრუნველყოფდა არგენტინული ხორცის იმპორტს, სანაცვლოდ
კი იღებდა მონოპოლიებს ადგილობრივ ბაზარზე.
(14) კამპო დე მაჟო (Campo de Mayo) - არგენტინის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა, რომელიც ბუენოს
აირესის ჩრდილო-დასავლეთით, 30 კმ ში,
მდებარეობს. იგი 5000 ჰექტარს მოიცავს, რომელზეც არმიის სხვადასხვა
სახეობათა ნაწილები და სხვა ნაგებობებია განლაგებული.
(15) კუნძული მარტინ გარსია, რომელიც რიო დე ლა პლატაზე მდებარეობს, ცნობილია იმით, რომ XX საუკუნეში, სამხედროს გადატრიალებების
შემდეგ, პერონის გარდა, იქ დროებით გადაასახლეს არგენტინის სხვა პრეზიდენტებიც: იპოლიტო
ირიგოჟენი (1930) და არტურო ფრონდისი (1962).
(16) მაისის მოედანი (Plaza
de Mayo) - ბუენოს აირესის მთავარი მოედანი.
(17) რადიკალური
სამოქალაქო კავშირი (Unión Cívica
Radical) - დიდი ტრადიციებისა და მხარდაჭერის მქონე
არგენტინული მემარცხენე ცენტრისტული პარტია, რომელიც 1891 წელს დაარსდა.
(18) პატარა სასტუმრო (ფრ.
petit hôtel) – XVIII-XIX საუკუნეებში ბურჟუაზიისა და არისტოკრატიის ზედა ფენების
არამუდმივი, ურბანული რეზიდენცია, რომელსაც იყენებდნენ ქალაქში ვიზიტისას. წლის დანარჩენ
პერიოდს კი სოფლად, მამულებში ატარებდნენ. (ტერმინი „hôtel“ დღევანდელი მნიშვნელობით
არ უნდა გავიგოთ).
ასეთი შენობების უმრავლესობაში დღეს მუზეუმები, სხვა
საჯარო დაწესებულელები ან საელჩოებია.
(19)
დეკრეტი, რომელიც პერონის ინიციატივით გამოიცა 1944 წელს და შრომით უფლებებს ანიჭებდა
სოფლად დასაქმებულ ნახევრადუუფლებო პირებს. მათ შეეძლოთ შესვენებაზე ესაუზმათ და ესადილათ,
არ ემუშავათ კვირას. დამსაქმებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო მათი პირადი ჰიგიენის
დაცვა, მიეცა შესაბამისი ტანსაცმელი, ეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე, კვებაზე და სხვ. ერთ
წელზე მეტი სტაჟის მქონე მშრომელების განთავისუფლებას უკვე კანონი კრძალავდა.
(20)
იგივე ფოტოისტორია - რაიმე ამბის თხრობა ფოტოების
მეშვეობით. ფოტორომანი საკმაოდ იყო დაკავშირებული კომიქსებსა და კინოსთან.
(21)
სონო ფილმი (Sono Film) - 1933 წელს დაარსებული კინო სტუდია, რომელმაც
მოახერხა, არგენტინული კინოს „ოქროს ხანაში“ (30-50 წლები) გადაეღო საუკუთესო ფილმების
უმრავლესობა;
(22) ბენხამინ მენენდესი
(Benjamín Menéndez - 1885-1975) - არგენტინელი გენერალი, რომელიც, 1951 წლის 28 სექტემბერს, მეთაურობდა პერონის
წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას. ხელისუფლებამ ამბოხი სწრაფად ჩაახშო და მისი მეთაურები
დააპატიმრა. მენენდესს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 1955 წელს, „განმანთავისუფლებელი
რევოლუციის“ შემდეგ ის გაანთავისუფლეს და აღუდგინეს სამხედრო წოდება.
(23)
კაროლინ ჰეილბურნი (Carolyn
Heilbrun -1926-2003) - ამერიკელი მეცნიერი,
ფემინისტი და მწერალი. ის
იყო პირველი ქალი, ვინც კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე მიიღო
მუდმივი საშტატო სამსახური. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა თანამედროვე
ბრიტანული ლიტერატურა და ფემინისტური საკითხები. ჰეილბურნი ასევე თანაავტორია
კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სერიისა: „გენდერი და კულტურა.“
(24)
მარი ლანგერი (Marie Langer – 1910-1987) - ავსტრო-არგენტინელი
ექიმი, ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი. „არგენტინის ფსიქონალიზიტიკოსთა
ასოციაციის“ თანადამფუძნებელი.
(25) მონტონეროები (Montoneros) - პერონისტული მემარცხენე პარტიზანული დაჯგუფება,
რომელიც 1970-1980 წლებში აქტიურად მოქმედებდა არგენტინაში. მათი სახელი მომდინარეობს
ცხენოსანი მილიცია „მონტონერადან,“ რომელსაც უნიტარისტებსა და ფედერალისტებს შორის,
XIX საუკუნის
პირველ ნახევარში, მიმდინარე სამოქალაქო ომში, უკანასკნელის მხარეს იბრძოდა. არამბურუს
გარდა, მათ სახელს უკავშირდება ბიზნესმენების, კომპანია “Bunge & Born” მმართველების, ხორხე და ხუან ბორნების გატაცება, რომელთა გამოსასყიდმაც იმ დროისათვის
რეკორდული თანხა, 60 მლნ. დოლარი შეადგინა.
მონტონეროები, ერთი მხრივ, „არგენტინური რევოლუციის“
ხელისუფლებას (1966-1973) და 1976-1983 წლების სამხედრო დიქტატურას ებრძოდნენ, მეორეს
მხრივ კი პროფკავშირებს, მემარჯვენე პერონისტებს და ამ უკანასკნელთა სამხედრო ფრთა
„არგენტინის ანტიკომუნისტურ ალიანსს“ (Alianza Anticomunista Argentina), იგივე
„სამმაგი ას“ უპირისპირდებოდნენ (1973-1976). მონტონეროების წინააღმდეგ რეპრესიები
1977-78 წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა, რის შემდეგაც დაჯგუფების ცოცხლად გადარჩენილი
წევრების უმრავლესობამ არგენტინა დატოვა.
ესპანურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო გოგი გაფრინდაშვილმა



















No hay comentarios.:
Publicar un comentario