sábado, 26 de mayo de 2018

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის განვითარების გზაზე


1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საქმიანობა უკიდურესად რთულ პირობებში უწევდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზეც მძიმედ აისახა, სამოქალაქო ომი და ქაოსი ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე და მტრული ვითარება სამეზობლოში (დენიკინი, საბჭოთა რუსეთი, ოსმალეთი და სომხეთი). 
ამ ფონზე მათ მოახერხეს შემდეგი (არასრული ჩამონათვალი):
1919 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა ქალებმაც მიიღეს, რაც მაშინ რევოლუციური მოვლენა იყო. მსგავსი უფლება ქალებს იმ დროისათვის მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში ჰქონდათ. პარლამენტის მანდატი 5 ქალმა მოიპოვა.
1919 წელს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, სადაც უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
მნიშვნელოვანი იყო ასევე სასამართლო რეფორმის განხორციელება და უზენაესი სასამართლოს - სენატის შექმნა. 
1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული იყო. 1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს:
კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს; 
ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია; 
კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს  და უზრუნველყოფს მათ დაცვას; 
დაშვებულია საკუთარ ენაზე განათლება, წერა და ბეჭდვა; 
დაკანონებულია 8 საათიანი სამუშაო დღე; 
ეკლესიისა და სახელმწიფოს უფლებები გაიმიჯნა და აიკრძალა სახელმწიფო ხაზინიდან ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის დაფინანსება.
1919 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ საკუთარი დროებითი ფულადი ნიშნის _ ბონის გამოშვება დაიწყო. მისი კურსი მეზობელი ქვეყნების ვალუტასთან შედარებით სიმყარით გამოირჩეოდა. ჩამოყალიბდა სახელმწიფო ბანკი.  
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო სახელმწიფო აპარატის გაქართულება ყველა დონეზე. მათ შორის პარლამენტშიც მუშაობა ქართულად ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავლად იყო ეთნიკურად არაქართველი და ქართულის არმცოდენე დეპუტატი.
შეიქმნა შეიარაღებული ძალები, რომელიც მოიცავდა სახალხო გვარდიასა და რეგულარულ ჯარს. სამი წლის მანძილზე, ოკუპაციამდე, ისინი წარმატებით იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას: დენიკინის თეთრგვარდიელების, ოსმალეთის, წითელი არმიის, სომხეთის, ოს და აფხაზ სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს სფერო პრიორიტეტული იყო, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმუმ მესამედი ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვას.
მოხდა ქვეყანაში არსებული ქონების ნაციონალიზაცია (მანგანუმი, ქვანახშირი, სომხური და სხვა ქვეყნის კაპიტალი).
მთავრობა შეუდგა აგრარული რეფორმის გატარებას, რომელიც სახელმწიფო ფონდებიდან კერძო საკუთრებაში მიწის გაცემას ითვალისწინებდა. 
მოხდა საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ძალითაც 1920 წლის 7 მაისს ლენინის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამავე ხელშეკრულებით, საზღვარი გავიდა ფსოუზე, რასაც ქართული მხარე ითხოვდა, რადგან ფსოუსთან ზღვა და კავკასიონი ყველაზე ახლოსაა ერთმანეთთან და შედარებით მარტივია სასაზღვრო ზოლის დაცვა. ამავე ხელშეკრულებით გაგრის ოლქი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მანამდე შავი ზღვის ოლქის შემადგენლობაში იყო.
შეიქმნა ქართული სპეც-სამსახურები (“განსაკუთრებული რაზმი”), რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში იყო და აქტიურად იბრძოდა “მეხუთე კოლონის” წინააღმდეგ. დახურული იყო ის გაზეთები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწეოდნენ; რუსეთთან ხელშეკრულების დადებამდე მეტეხის ციხე სავსე იყო იმ ხალხით (ძირითადად ბოლშევიკებით), ვისაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა ედებოდა ბრალად (1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ბოლშევიკური პარტია, რომელიც აკრძალული იყო ლეგალური გახდა და ეს ხალხი ციხიდან გამოვიდა, თუმცა მათი ნაწილი მალევე უკან შეაბრუნეს).
1919 წლის გაზაფხულზე აირჩიეს აფხაზეთის სახალხო საბჭო არზაყან (დიმიტრი) ემხვარის თავმჯდომარეობით. საბჭომ 20 მარტს მიიღო აქტი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, რომელიც დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. 
ქვეყნის სათავეში პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ელიტა იდგა (როგორც პოზიციაში, ისე ოპოზიციაში), რომლებსაც შიდა საკითხებზე კამათისა და დაპირისპირების მიუხედავად, საგარეო პოლიტიკაში სრული კონსენსუსი ჰქონდათ და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას უჭერდნენ მხარს.
უკიდურესად მწირი დაფინანსების პირობებში, დაიწყო დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩამოყალიბება ევროპის სახელმწიფოებში და აქტიური საქმიანობა აღიარების და ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან პროტექტორატის მოსაპოვებლად. ეს მიზანი ნაწილობრივ შესრულდა. რადგან წამყვანმა სახელმწიფოებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი  და სხვა) სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
დასავლეთში პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების გარდა, მთავრობა მუდმივად ცდილობდა იარაღის შეძენას თავდაცვის მიზნით.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ვიზიტი საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დიდი ბრიტანეთის, ბელგიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები.
1918 წლის 3 სექტემბერს თბილისის უნივერსიტეტი გამოცხადდა სახელმწიფო უნივერსიტეტად (დაარსდა ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით 1918 წლის 8 თებერვალს). 
1919 წელს დაარსდა საქართველოს მუზეუმი.
1920 წელს - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა და საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივი.  


გოგი გაფრინდაშვილი

2016 წლის 11 ივნისი, ბუენოს აირესო


No hay comentarios.:

Publicar un comentario