sábado, 26 de mayo de 2018

უიღბლო რესპუბლიკის 100 წლისთავი



თუკი რამე გვქონდა XX საუკუნეში პროგრესული და დასავლური (ვგულისხმობ დემოკრატიის ხარისხს, სეკულარიზმს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და სხვ.) ეს უდავოდ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
„მენშევიკების მთავრობა“, როგორც პირველ რესპუბლიკას ხანდახან მოიხსენიებენ ხოლმე, არ ყოფილა ერთი, საქართველოში თუნდაც ყველაზე ძლიერი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის საკუთრება. ის თანაბრად ეკუთვნოდა ყველას, ვინც მეფის რუსეთის დროს სხვადასხვა ხერხებით იბრძოდა ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. პირველ რიგში კი ეკუთვნოდა ორ „ოქროს“ თაობას - „მესამოციანნი“ (თერგდალეულებს) და „მეოთხოცდაათიანნი“ (რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები“) როგორც მათ  არჩილ ჯორჯაძე უწოდებდა თავის წერილში (მცირედით გადახვევა გამოდის, მაგრამ რახან საზემო თარიღია და სენტიმენტების უფლებაც უფრო მეტად გვაქვს, უნდა ვთქვა: დემოკრატიული რესპუბლიკა უკეთესი და უფრო მეტად საინტერესო იქნებოდა, მას რომ იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ინტელექტუალი, არჩილ ჯორჯაძე მოსწრებოდა);
თერგდალეულებისგან განსხვავებით, მათ მომდევნო თაობას არ გაუმართლა. არ გაუმართლა არც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. არგამართლება გერმანიის პირველ მსოფლიო ომში მარცხით დაიწყო, ევროპისა და საბჭოთა რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიების ვერმიღებით გაგრძელდა და ბრძოლის მიუხედავად, რუსული ოკუპაციით დასრულდა.
საბჭოთა რეჟიმმა  თავი თერგდალეულების (ილიას) მემკვიდრედ გამოაცხადა და მის შემდეგ, სხვადასხვა დოზით, დაახლოებით 50 წლის მანძილზე მოქმედი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფის თუ ძალის  გაშავება დაიწყო. მთვარი აქცენტი კი ბოლშევიკების იდეურ მტრებზე, მენშევიკებზე გაკეთდა. საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიაში ეს ხალხი წარმოჩენილი იყო როგორც: „უხერხემლო“, „ბურჟუა კაპიტალისტების მსახური“, „ნაციონალისტი“ და სხვ.
უიღბლობა შემდგომი პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაშიც ფართოდ გავრცელდა, ოღონდ ახალი იარლიყებით („უხერხემლოებს“ და „ილიას მკვლელებს“ დაემატა „ათეისტები“, „ქვეყნიდან გაქცეულები“, „კოსმოპოლიტები“ და სხვ.) ეს მოსაზრებები ძირითადად არა მეცნიერულ კვლევას, არამედ ემიგრაციაში დაწერილ მემუარებს და ოპოზიციურ პრესას დაეყრდნო. ასეთი ნეგატიური „ნარატივი“ გაბატონებულია ქართულ საზოგადოებაში და ცხადია, მასზე სასურველ გავლენას ვერ ახდენს მცირერიცხოვან პროფესიონალ ისტორიკოსთა შრომები (საკმაოდ დამღლელია ვირტუალურ სივრცეში აკვიატებულ აზრებთან ფაქტებით უშედეგოდ კამათი, ამიტომ მოვიშველიებ ხოლმე, ადრე მეგობრისთვის დაწერილ იმ საქმეთა მოკლე ჩამონათვალს რაც 1918-1921 წლებში გაკეთდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ) - იხ. ლინკი http://gogidamagogi.blogspot.com.ar/2016/06/blog-post.html
 უიღბლობა გრძელდება დღესაც, რაც გამოიხატება, პირველ რიგში, სახელმწიფოს  მხრიდან 100 წლისთავის თარიღისადმი (რაც სიმბოლოა მთელი ამ მემკვიდრეობის) მიფუჩეჩებულ დამოკიდებულებაში. თუმცა, იქ სადაც რუსთაველის იუბილე „გააკატავეს“ წესით აღარაფერია გასაკვირი.
იმ პროფესიონალებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ (მათ შორის ჩემს მეგობრებსაც), შეიძლება ცოტა გულზეც მოხვდეთ, მაგრამ ფაქტია, დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის არმცოდნეები, ან საუკეთესო შემთხვევაში, შორიახლოს მყოფები საკმაოდ ფუთფუთებენ, სტატიებს აცხობენ, ლექციებს კითხულობენ და ამ არაპროფესიონალიზმის  გვირგვინია - პრეზიდენტის პატრონაჟით 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც ერთი პანელიც კი არ ეთმობა დემოკრატიულ რესპუბლიკას.
დღეს გამორჩეული დღეა და პირადად ჩემთვის ამ თარიღს დამატებით მნიშვნელობას ისიც მატებს, რომ ამ პოსტს ვწერ არგენტინიდან. ქვეყნიდან, რომელმაც მსოფლიო ომის შემდეგ, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში  1919 წელს  პირველმა აღიარა საქარველოს დამოუკიდებლობა დე-იურედ).  აღვნიშნავთ 26 მაისს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საზოგადოება და მისი პოლიტიკური ელიტა შორსაა იმ დემოკრატიული იდეალებისგან, რასაც დაეფუძნა ქართული სახელმწიფო 100 წლის წინ.

რახან იუბულეა, ბოლოს სადღეგრძელოსავით ვიტყვი: მიუხედავად ბოლოდროინდელი უიმედო განწყობისა, საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი თავის ჩათვლით, ვუსურვებ  დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას. ისეთს, რის გამოც მიყვარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - თანასწორი, სეკულარული,  ერთიანი და დემოკრატიული.


გოგი გაფრინდაშვილი

2018 წლის 26 მაისი, ბუენოს აირესი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის განვითარების გზაზე


1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საქმიანობა უკიდურესად რთულ პირობებში უწევდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზეც მძიმედ აისახა, სამოქალაქო ომი და ქაოსი ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე და მტრული ვითარება სამეზობლოში (დენიკინი, საბჭოთა რუსეთი, ოსმალეთი და სომხეთი). 
ამ ფონზე მათ მოახერხეს შემდეგი (არასრული ჩამონათვალი):
1919 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა ქალებმაც მიიღეს, რაც მაშინ რევოლუციური მოვლენა იყო. მსგავსი უფლება ქალებს იმ დროისათვის მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში ჰქონდათ. პარლამენტის მანდატი 5 ქალმა მოიპოვა.
1919 წელს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, სადაც უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
მნიშვნელოვანი იყო ასევე სასამართლო რეფორმის განხორციელება და უზენაესი სასამართლოს - სენატის შექმნა. 
1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული იყო. 1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს:
კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს; 
ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია; 
კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს  და უზრუნველყოფს მათ დაცვას; 
დაშვებულია საკუთარ ენაზე განათლება, წერა და ბეჭდვა; 
დაკანონებულია 8 საათიანი სამუშაო დღე; 
ეკლესიისა და სახელმწიფოს უფლებები გაიმიჯნა და აიკრძალა სახელმწიფო ხაზინიდან ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის დაფინანსება.
1919 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ საკუთარი დროებითი ფულადი ნიშნის _ ბონის გამოშვება დაიწყო. მისი კურსი მეზობელი ქვეყნების ვალუტასთან შედარებით სიმყარით გამოირჩეოდა. ჩამოყალიბდა სახელმწიფო ბანკი.  
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო სახელმწიფო აპარატის გაქართულება ყველა დონეზე. მათ შორის პარლამენტშიც მუშაობა ქართულად ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავლად იყო ეთნიკურად არაქართველი და ქართულის არმცოდენე დეპუტატი.
შეიქმნა შეიარაღებული ძალები, რომელიც მოიცავდა სახალხო გვარდიასა და რეგულარულ ჯარს. სამი წლის მანძილზე, ოკუპაციამდე, ისინი წარმატებით იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას: დენიკინის თეთრგვარდიელების, ოსმალეთის, წითელი არმიის, სომხეთის, ოს და აფხაზ სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს სფერო პრიორიტეტული იყო, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმუმ მესამედი ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვას.
მოხდა ქვეყანაში არსებული ქონების ნაციონალიზაცია (მანგანუმი, ქვანახშირი, სომხური და სხვა ქვეყნის კაპიტალი).
მთავრობა შეუდგა აგრარული რეფორმის გატარებას, რომელიც სახელმწიფო ფონდებიდან კერძო საკუთრებაში მიწის გაცემას ითვალისწინებდა. 
მოხდა საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ძალითაც 1920 წლის 7 მაისს ლენინის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამავე ხელშეკრულებით, საზღვარი გავიდა ფსოუზე, რასაც ქართული მხარე ითხოვდა, რადგან ფსოუსთან ზღვა და კავკასიონი ყველაზე ახლოსაა ერთმანეთთან და შედარებით მარტივია სასაზღვრო ზოლის დაცვა. ამავე ხელშეკრულებით გაგრის ოლქი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მანამდე შავი ზღვის ოლქის შემადგენლობაში იყო.
შეიქმნა ქართული სპეც-სამსახურები (“განსაკუთრებული რაზმი”), რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში იყო და აქტიურად იბრძოდა “მეხუთე კოლონის” წინააღმდეგ. დახურული იყო ის გაზეთები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწეოდნენ; რუსეთთან ხელშეკრულების დადებამდე მეტეხის ციხე სავსე იყო იმ ხალხით (ძირითადად ბოლშევიკებით), ვისაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა ედებოდა ბრალად (1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ბოლშევიკური პარტია, რომელიც აკრძალული იყო ლეგალური გახდა და ეს ხალხი ციხიდან გამოვიდა, თუმცა მათი ნაწილი მალევე უკან შეაბრუნეს).
1919 წლის გაზაფხულზე აირჩიეს აფხაზეთის სახალხო საბჭო არზაყან (დიმიტრი) ემხვარის თავმჯდომარეობით. საბჭომ 20 მარტს მიიღო აქტი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, რომელიც დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ. 
ქვეყნის სათავეში პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ელიტა იდგა (როგორც პოზიციაში, ისე ოპოზიციაში), რომლებსაც შიდა საკითხებზე კამათისა და დაპირისპირების მიუხედავად, საგარეო პოლიტიკაში სრული კონსენსუსი ჰქონდათ და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას უჭერდნენ მხარს.
უკიდურესად მწირი დაფინანსების პირობებში, დაიწყო დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩამოყალიბება ევროპის სახელმწიფოებში და აქტიური საქმიანობა აღიარების და ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან პროტექტორატის მოსაპოვებლად. ეს მიზანი ნაწილობრივ შესრულდა. რადგან წამყვანმა სახელმწიფოებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი  და სხვა) სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
დასავლეთში პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების გარდა, მთავრობა მუდმივად ცდილობდა იარაღის შეძენას თავდაცვის მიზნით.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ვიზიტი საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დიდი ბრიტანეთის, ბელგიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები.
1918 წლის 3 სექტემბერს თბილისის უნივერსიტეტი გამოცხადდა სახელმწიფო უნივერსიტეტად (დაარსდა ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით 1918 წლის 8 თებერვალს). 
1919 წელს დაარსდა საქართველოს მუზეუმი.
1920 წელს - საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა და საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივი.  


გოგი გაფრინდაშვილი

2016 წლის 11 ივნისი, ბუენოს აირესო


martes, 1 de mayo de 2018

10 ძალიან არგენტინული პრობლემა


  1.    როდესაც ვინმე გთხოვს აუხსნა რა არის პერონიზმი;
  2.  წარმოდგენა არა გაქვს თუ რას გულისხმობენ, როდესაც გეუბნებიან „დამელოდე ერთი წამით“ -  ხუთ წუთს თუ ნახევარ საათს;
  3. როდესაც დედასთან ლაპარაკისას წამოგცდება „che, boluda(ქართულად დაახლოებით „შეჩემა, ტო“) (ეს ძირითადად ახალ თაობასთან დაკავშირებული საკითხია);
  4. გეშინია ნარკომანად არ ჩაგთვალონ, რადგან მიემგზავრები სხვა ქვეყანაში და ჩემოდანში 1 კილო ბალახი (მატე) გიდევს. (mate - მატონიზირებელი სასმელი, რომელიც შეიცავს კოფეინს. გავრცელებულია არგენტინაში, ურუგვაიში, პარგვაისა და ბრაზილიის ნაწილში).
  5.  ახალ უბანში საცხოვრებლად გადასვლისას ყველაზე უფრო მეტად გაწუხებს ახალი, სანდო ყასაბის პოვნის საკითხი.
  6. გადაწყვიტო რა ჭამო კვირას, პასტა თუ ხორცი, ხოლო პარასკევს პიცა თუ ემპანადები;
  7. ბუენოს აირესის ქუჩებში სიარულისას ამოიცნო სველი და ცუდად დაგებული ფილა და არ დააბიჯო;
  8. როცა იწყებ ლაპარაკს არგენტინაზე და ვეღარ ამთავრებ. (საუბრობ: კებრადა დე უმაუაკაზე (ულამაზესი ხეობა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით, ხუხუის პროვინციაში), პატაგონიაზე, არგენტინულ სტეიკზე, ლუდზე მეგობრებთან ერთად, Soda stereo-ზე (არგენტინული როკ-ჯგუფი);
  9. საკუთარ წარუმატებლობად თვლი მესის გაცუდებულ საგოლე მომენტებს, მაგრამ ცოტათი აგინებ მას, როდესაც „ვერ ვიგებთ“ (ხო, მრავლობითში);
  10. როდესაც რაღაცის ყიდვის მთავარი მოტივია შემოთავაზება 12, 24 ან 800 თვიანი უპროცენტო განვადებით;



წყარო: https://matadornetwork.com/es/problemas-argentinos-que-el-resto-del-mundo-no-podra-comprender-jamas/