martes, 28 de noviembre de 2017

სოსო - Back-ი არსაიდან


მე ქართული რაგბის „ექსპერტობაზე“ პრეტენზია არა მაქვს და არც სპორტის ამ სახეობის ცოდნის პროფესიული დონით გამოვირჩევი. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ეს მცირე მიმოხილვა, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ ერთი გულშემატკივარის პოზიციაა, რომელსაც შეიძლება ზოგიერთი (ანაც ბევრი) ადამიანი არ დაეთანხმოს, თუმცა ერთ, მთავარ საკითხში, რასაც ქართული რაგბის წარმატება ჰქვია, დარწმუნებული ვარ, ყველა შევთანხმდებით.

2017 წლის სარაგბო სეზონს რომ გადავავლოთ თვალი, ძირითადად, სამი დასამახსოვრებელი მომენტი გაგვიელევებს: გუნდის კაპიტნისა და ლიდერის, მამუკა გორგოძის წასვლა ნაკრებიდან (თუმცა გამოსათხოვარი მატჩი რუმინეთთან წინაა), გელა აფრასიძის ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო ირლანდიის ახლგაზრდულ ნაკრებთან (რომელიც world rugby-მ წლის საუკეთესო ლელოების ნომინაციაში დაასახელა და უკანახაზელ სოსო მათიაშვილის თამაში კანადასთან).
ვფიქრობ, მამუკას სანაკრებო კარიერის დასრულება ცალკე საუბრის თემაა, ისევე როგორც ახალგაზრდული ნაკრების წარმატებული გამოსვლა 2017 წლის მსოფლიო თასზე. (ამას გარდა სარაგბო სეზონში ბათუმის მესამე დონის ევროტურნირზე, ევროპის კონტინენტურ ფარზე გამოსვლაც არ უნდა გამოგვრჩეს), სასაუბრო მართლად საკმაოდაა, ამიტომ შევეცდები მხოლოდ ეროვნული ნაკრების გამოსვლაზე ვისაუბრო.
რახან 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში დაბევებული გვაქვს, ევროპის ერთა თასზე მილტონ ჰეიგმა გადაწვიტა, ახალი სახეების გამოცდა, თუმცა ძირითადად ფორვარდებს მისცა შანსი. (ბურჯები: მატარაძე/ბეკოშვილი/ტაბიძე; ჰუკერი: ჭყოიძე; მესამე ხაზი; ცუცქირიძე/მჭედლიშვილი; N9 აფრასიძე; ცენტრი: ლიპარტელიანი; ფრთა/ფულბეკი: მათიაშვილი); ამას გარდა ითამაშეს: ალხაზაშვილი (ჰუკერი), გიორგაძე (მეორე/მესამე ხაზი), ჯინჭველაშვილი (მგეზავი), სვანიძე (ფრთა/ფულბეკი), რომლებაც ჯამში 10 კეპიც არ ჰქონდათ ნაკრებში.
სეზონი მძიმედ დაიწყო გუნდმა. ბელგია-გერმანიასთან იოლ გამარჯვებებს, სამი რთული მატჩი მოჰყვა. მძიმე მოგება გასვლაზე ესპანეთში, არც თუ ადვილი გამარჯვება შინ რუსეთთან, მტკივნეული მარცხი მთავარ მეტოქესთან ბუქარესტში და ერთა თასის დათმობა. სამივე თამაშში გუნდი დამაჯერებელ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, რაც საბოლოოდ რუმინეთთან გამოჩნდა. ამ მატჩში ალბათ მტკივნეული ის უფრო იყო, რომ საქართველოს ნაკრები თავისი პოტენციალის 20-30% აჩვენებდა, თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მოთამაშე რუმინთისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო. მე ისეთი განცდა დამრჩა, რომ ეს თამაში ჩვენ უფრო წავაგეთ, ვიდრე რუმინეთმა მოიგო.
ივნისის ამერიკულ ტურნეში (კანადა-აშშ-არგენტინა), მართალია დებიუტანტი არ გვყოლია გუნდში, მაგრამ ერთა თასზე გამოცდილი ახლგაზრდა ბიჭები საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილნი. აქ ასევე ერთ  დეტალს უნდა გავუსვათ ხაზი: რუმინეთთან განცდილი მწარე მარცხის შემდეგ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ მილტონ ჰეიგს ღიად მიანიშნა, რომ ზაფხულის ტესტებში დამაკმაყოფილებელი შედეგი ორი მოგება იქნებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ზელანდიელი სპეციალისტი კანადა-აშშ-თან უფრო პარგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ რაგბს მოსთხოვდა გუნდს, რაც მთლიანობაში ასეც მოხდა.
 ამ სერიაში, პირველი მატჩი, რომელიც კანადასთან შედგა არანაირი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რადგანაც ის მძიმე კლიმატურ პირობებში, აუტანელ სიცივეში გაიმართა. თავად მოთამაშეებიც აღნიშნავდნენ, რომ ასეთ ამინდში არასდროს უთამაშიათ. ერთის მხრივ ამინდისა და მეორეს მხრივ საოცრად ხარვეზიანი სტრიმ რეპორტაჟის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშში რაც მოგვეწონა მხოლოდ ანგარიში იყო: 13-0.
ქვეყნის გამოცვლასთან ერთად მეორე თამაშში, აშშ-თან კლიმატიც გამოიცვალა გუნდმა: სიცივიდან სიცხეში, ნესტიან ჯორჯიაში გადაბარგდა. ეს თამაშიც მოგვიანებით, ნოემბერში გამართულ მატჩს გავდა იმ თავლსაზრისით, რომ პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოვიგეთ და მეორეში მეტოქემ 4 ქულამდე შეგვიმცირა სხვაობა.
ორი მძიმე მოგებით და ნაკრების თამაშის ხარისხის კრიტიკით (განსაკუთრებით მისი სანახაობრივი მხრის), გუნდი ჯერ ბუენოს აირეში, იქიდან კი არგენტინის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციულ ქალაქ ხუხუიში ჩაფრინდა. (ამ თამაშზე მეც მომიწია დასწრება და ჩემთვის, როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივარისთვის, დიდი სიამოვნება იყო ნაკრებთან ერთად გატარებული ორი დღე).
ცნობილი ამბავია, რომ რაგბის სამყაროში გარკვეულწილად სეგრეგაციული წესებია. დონეებათ დაყოფის გამო ტიერ 2 ის გუნდებს არ უწევთ ზედა ეშელონის ნაკრებებთან ხშირი თამაში. ჩვენთვის ასეთი შანსი მაქსიმუმ ორი იყო 2017 წელს და, უნდა ითქვას, რომ თავი არ შეგვირცხვენია. პირველად ისტორიაში 4 ლელო დავუდეთ პირველო დონის გუნდს, თანაც გასვლაზე. არგენტინულმა პრესამ აღნიშნა, რომ “Los Lelos” ყოველწლიურდა უმატებს და წინ მიდის. თამაშის შემდეგ ყველას ის გრძნობა გვქონდა, რომ მეტი შეგვიძლია და ამ მეტისთვის, სწორედ, ასეთი  მატჩებია საჭირო.
სარაგბო წლის დასკვნითი ნაწილში, ნოემბრის ტესტებზე, მეტოქედ ისევ კანადა-აშშ გვერგო და მათ შორის, მეორე თამაში უელსთან, კარდიფში, მილენიუმზე. ჰეიგმა ორი ახალი სახე გამოიძახა ნაკრებში: არმაზის ცენტრი/ფრთა გიორგი კვესელაძე, ვინაც ახალგაზრდულ მსოფლიიო თასზე თავი გამოიჩინა და აიას ფულბეკი მირიან მოდებაძე, რომელიც ჰეიგმა ფრთის პოზიციაზე გამოსცადა. აღსანიშნავია, რომ ამ ტესტებზე ჰეიგმა ახალგაზრდა უკანახაზელებს დიდი ნდობა გამოუცხადა.
კანადა საბრძოლო შემადგენლობით გვესტუმრა, განსაკუთრებით გამოსაყოფია მათი უკანა ხაზი, რომელმაც საკმაო პრობლემები შეგვიქმნა. როგორც წესი, სერიის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ყოველთვის მძიმედ იწყებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად მოხდა. ამ თამაშში საქართველო დაცვის რიგ მონაკვეთებში, ხოლო შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით კი ფულბეკი სოსო მათიაშვილი, რომელმაც ორი ლელო დადო, აქედან მეორე საოცარი, მსოფლიო სარაგბო სამყაროში რეზონანსული, როდესაც მატჩის ბოლოს სპრინტში დაჯაბნა მეტოქე და ნახტომში დაამიწა ბურთი და ასევე დაამყარა საქართველოს ნაკრების რეკორდი - ერთ მატჩში მოაგროვა 34 ქულა.
საერთოდ, სოსო 2017  სარაგბო წლის მთავარ აღმოჩენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 24 წლის თბილისის აკადემიის ლიდერმა, თამაში 19 წლისამ დაიწყო. მას არ გაუვლია ჩვენს სარაგბო სისტემაში (ფესტივალები, ასაკობრივი ნაკრებები), ფაქტობრივად, პირდაპირ მოხვდა ქვეყნის მთავარ გუნდში და თავიდანვე სპორტული თავხედობით შეუდგა ადგილის დამკვიდრებას (და იმედია მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და განაგრძობს წინსვლას). ნიჭიერი უკანახაზელის და სპორტსმენის (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) წარმატება მშვენიერი მაგალითი იქნება მათთვის, ვინც ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად.
კარგი განწყობით გუნდი კარდიფში გაემგზავრა, სადაც უელსის გადახალისებულ, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერ გუნდთან უნდა გაემართა მეორე ტესტი. ამ შეხვედრის ბოლო წუთებში განვითარებულ მოვლენებს რომ თავი გავანებოთ, გამოჩნდა შემდეგი: 1. დაცვაში თავი გავართვით თამაშს; 2. შეტევაში 1-2 მომენტის გარდა ბევრი არ შეგვიქმნია, ვუტევდით მამა-პაპური აიღე და მიეძალეთი; 3. გვეტყობოდა ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობა; 4. ჩვენ სასიკეთოდ იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ უელსმა რამდენიმე კარში დასარტმელი ჯარიმა კიდეზე გადაიტანა, ქულებში ვერ გარდასახა და თამაშის ფრედ დამთავრების დიდი შანსი დაგვიტოვა. ასე იყო თუ ისე ამ მარცხმა ყველას დაანახა, რომ საქართველო იმსახურებს პირველი ეშელონის ნაკრებებთან მეტ მატჩს.
დადებითი გამოხმაურებით და უკეთესი თამაშის იმედით დავხდით აშშ-ს, რომელიც დიდ ბრძოლას გვპირდებოდა. სავარაუდოდ იმაზე გათვლით, რომ საქართველოს ნაკრები სერიის დასკვნით ტესტს შეთამაშების გამო უკეთესად ატარებს ხოლმე, მილტონ ჰეიგი გარკვეულ რისკზე წავიდა: მარქაფში ექვსი მორკინალი დასვა, ცენტრის წყვილიდან მოხსნა დაცვის ერთ-ერთი ბურჯი, კაჭარავა და  კიდევ უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა ხელით უკეთ მოთამაშე ახალგაზრდებს, რომელთაც ფორვარდების მიერ მოპოვებული უპირატესობა კარგად უნდა გამოეყენებინათ (აღსანიშნავია რომ მეკოს გამოკლებით უკანა ხაზის საშუალო ასაკი 21,5 წელი იყო). მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: ერთის მხრივ გაგვიჭირდა მოლში თამაში და დიციპლინის გამო ორი მორაგბე სინბინით დაისაჯა, მაგრამ მეორეს მხრივ მეტი კონცენტრაციით ვითამაშეთ და კაცნაკლულებმა ორი ლელო დავდეთ და კრიტიკულ სიტუაცია თავიც კარგათ დავიცავით. სამაგიეროთ მეორე ტაიმში შეცდომების და კონცენტრაციის ნაკლებობით ქულაც კი ვერ ავიღეთ და საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში ერთი ქულით მოვიგეთ.
ბოლო წლების მატჩებმა გვიჩვენა, რომ ახლა ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით კლასის თვალსაზრისით: გვიჭირს ფავორიტის რანგში თამაში მეტ-ნაკლებათ ჩვენი დონის გუნდებთან, რადგანაც სწრაფად შემტევი არ/ვერ ვართ და შედარებით გვიადვილდება ე.წ. „მეორე ნომრად“ თამაში, როდესაც გვიწევს დაცვიდან მოქმედება.
სათამაშო კომპონენტებს რაც შეეხება:
1.       შერკინებაში მიწოლა: კვლავ ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ ყველა მეტოქესთან, გარდა რუმინეთისა. კარგია რომ ამ პოზიციაზე შევსებაც კარგი მოდის;
2.       მოლი: ჩენი ტრადიციული იარაღი, რომელსაც ისე კარგათ ვეღარ ვიყენებთ და იმედია მსოფლიო თასისთვის ხარვეზებს გამოვასწორებთ;
3.       აუტი: საერთო ჯამში ნორმალური. სტაბილურად ვიგებთ ჩვენს აუტებს;
4.       რაქები: კვლავ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით სწრაფად გასუფთავება;
5.       დაკიდებული ბურთები: ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი სუსტი წერტილია და ბევრი გვაქვს სამუშაო;
6.       ღერძი: ბურჯების და მესამე ხაზის გარდა ყველა სათამაშო პოზიციაზე გვაქვს პრობლემები, მაგრამ რადგან ღერძი თამაშის წარმმართველია, უფრო მეტად ჩანს ხარვეზები;
7.       ხელით თამაში: მხოლოდ ეპიზოდებში ვახერხებთ სწრაფად ბურთაობას, მაგრამ იმედი გვაქვს ახალი თაობის;
8.       სელექცია: ეს საკითხი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ა) ნაკრების მწვრთნელები ცდილობენ მსოფლიო თასისათვის გუნდში ყველა პოზიციაზე შექმნან სიღრმე, რაც მისასალმებელია. აქცენტი კეთდება ახალგაზრდა, უნივერსალ მორაგბეებზე, რომლებიც ცდილობენ სწრაფად ითამაშონ ხელით. მსოფლიო თასისათვის მზადებასთან ერთად ახლა ნაკრები თაობათა ცვლის გარდაუვალ პროცესსაც გადის. ჯერ დრო არის და  მნიშვნელოვანია, ეს ორი წელი ამ მხრივ კარგად გამოვიყენოთ; ბ) მოთამაშეების შერჩევა  მწვრთნელების საქმეა და მასში არავინ უნდა ჩაერიოს, თუმცა გულშემატკივარს მაინც რჩება იმის განცდა, რომ რამდენიმე მოთამაშე იმსახურებს შანსს ნაკრებში ან უსამართლოდაა შემადგენლობის მიღმა დარჩენილი; გვესმის რომ ნაკრების  „შიდა სამზარეულოს“ გარეთ გამოტანა არაა სასიამოვნო, მაგრამ გულშემატკივარი იმსახურებს ინფორმირებას.
ეროვნული ნაკრები სარაგბო პირამიდის წვერია, რომელიც მდგრად საფუძველზე უნდა იდგეს. ეს საფუძველი კი არის: გამართული ეროვნული ჩემპიონატი, შვიდკაცა და ბავშვთა რაგბი. ევროტურნირებზე თამაში, ან საუკეთესო შემთხვევაში ერთი, ნაკრების საბაზო გუნდით რომელიმე დიდ დაკლუბო ტურნირში ჩაბმა. ეს ყველაფერი კი მთლიანად ფინანსებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ წინსვლა გავაგრძელოთ და 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით გამოვიდეთ მეტი მატერიალური რესურსი გვჭირდება, წლიური ბიუჯეტის (დაახლოებით 7 მილიონი დოლარი) მინიმუმ გაორმაგება.



გოგი გაფრინდაშვილი

No hay comentarios.:

Publicar un comentario