martes, 7 de julio de 2015

ფრანკო და ესპანური მრისხანება

ფრანკოს მმართველობის დროს (ფრანკიზმი) ესპანეთი არ უყურებდა გულგრილად ფეხბურთის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების საკითხს. ეს პროცესი კაუდილიოს
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სამოქალაქო ომის (1936-1939) პერიოდიდან დაიწყო.
Generalissimo_Francisco_Franco
ფრანსისკო ფრანკო
           სპორტის ეროვნული დელეგაციის (DND) - დევიზი იყო: „დაკავდი სპორტით და გააკეთილშობილე რასა“. იგი ექვემდებარებოდა მმართველი პარტიის („ესპანური ფალანგა“) გენერალურ სამდივნოს, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი ხოსე მოსკარდო. ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმ  მიზნით, რათა საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა სპორტი, როგორც ესპანური სიმამაცე, როგორც ამას აკეთებდნენ იტალიური და გერმანული ტოტალიტარული რეჟიმები XX საუკუნის 30-40-იან წლებში.
moskardo
გენერალი ხოსე მოსკარდო
      ესპანელი ფეხბურთელები, გერმანელი და იტალიელი კოლეგების მსგავსად, ჩამწკრივდებოდნენ რიგში ყოველი თამაშის წინ, ზეაღმართავდნენ ხელისგულებს და მღეროდნენ „სახით მზისკენ“, შემდეგ კი შესძახებდნენ: „Arriba España“, „გაუმარჯოს ფრანკოს“.
2-Final Montjuic saludo inicial Marca 28-06-1939
1939 წლის თასის ფინალი: "სევილია"- "ფეროლი"
„1939 წლის 25 ივნისის ცხელ საღამოს, ბარსელონაში, მონჟუიკის სტადიონზე, გენერალისიმუსის თასის ფინალში, რომელიც პირველად გაიმართა, ერთმანეთს შეხვდნენ „სევილია“ და ფეროლის     „რასინგი“. სამოქალქო ომის დამთავრებიდან სამ თვეზე ნაკლები იყო გასული. თამაშის დაწყების წინ, ერთ ხაზზე განლაგებულმა ორივე გუნდმა ფაშისტური მისალმება შეასრულა. რამდენიმე წამის შემდეგ სტადიონის ხმის გამაძლიერებლებში ფალანგისტების ჰიმნი, „სახით მზისკენ“ გაისმა. მოთამაშეებმა სიმღერა დაიწყეს და მათ აჰყვა სტადიონზე მოსულთა უმრავლესობა, რომელიც  ფეხზე წამომდგარი, ზეაღმართული მკლავებით მღეროდა, როგორც ერთი კაცი“.
ფაშისტური პოლიტიკური გამოვლინებები უფრო აშკარა ე. წ. „ლურჯ პერიოდში“ (1939-1945) იყო. ნაკრების პირველი, წითელი მაისური, 1920 წლის ანტვერპენის (ბელგია) ოლიმპიური თამაშებისთვის, შექმნა მარკიზმა დე ვილამეხორმა, სადაც საფეხბურთო გუნდი პირველად გამოვიდა. შემდგომში ის ჩანაცვლდა ლურჯი ფერის მაისურით, რათა თავიდან აერიდებინათ ნებისმიერი პოლიტიკური ეჭვი. ამ სახიფათო ეპოქაში ყველაფერი წითელი განდევნილი იყო, თუმცა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურები, რომლებიც ლურჯი ფერის გახლდათ, უფრო მეტად შეესატყვისებოდა 40-იანი წლების ქრომატულ (ფერადი ფერები) ტენდენციას“.
ნებისმიერ უცხო გავლენას ეჭვის თვალით უყურებდნენ. ამიტომ, 1941 წლის 1 თებერვლის ბრძანებით სავალდებულო გახდა კლუბების ანგლოსაქსური დასახელებების  ესპანურით შეცვლა. მაგალითად: el Football Club Barcelona-ს დაერქვა  Fútbol Club Barcelona; el Athletic Club de Bilbao-ს ეწოდა Atlético Club de Bilbao, ხოლო el Sporting de Gijón-ს  Deportivo de Gijón.
პოლიტიკური კაპრიზების გამო გაწვალდნენ გაზეთების რედაქციები, რომლებმაც დაიწყეს საფეხბურთო ენის ნაციონალიზაცია და ენაში გამჯდარი ინგლისური ტერმინებისთვის ესპანური ვარიანტების მორგება. მაგალითად  foot-ball -ის ადგილი დაიკავა  balompié-მ, corner  (კუთხური) შეიცვალა saque de esquina-თი, linier (გვერდითი არბიტრი)  juez de línea-თი,  referee (არბიტრი) ჩაანაცვლა árbitro-მ, ხოლო  shoot (დარტყმა) chut-მა.
გარდა ამ ღონისძიებებისა, ყველა კლუბი ვალდებული იყო დირექტორთა საბჭოში მინიმუმ ორი ფალანგისტი შეეყვანა.
ეროვნული ნაკრები ფრანკოს დიდი  მოკავშირე იყო, რომელიც  ესპანურ მრისხანებას უკავშირებდა სამშობლოს იდეას. 1950 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი პატრიოტული ეგზალტაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება იყო. სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებამდე მოთამაშეები გააფრთხილეს ტურნირის მნიშვნელობის შესახებ და რომ ესპანეთის უმთავრესი მიზანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე  თავის გამოჩენა. როგორც ყვებოდა ნაკრების წევრი ლუის მოლოვნი, ბრაზილიაში წასვლამდე, საწვრთნელი პროცესის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ჩასჩიჩინებდნენ მოთამაშეებს, რომ ისინი  ესპანეთის ელჩები იყვნენ დანარჩენი მსოფლიოს წინაშე. მოთამაშეებს განუცხადეს, რომ მათი საქციელი ყოველთვის უზადო უნდა ყოფილიყო, რომ უნდა ჩაეცვათ ოფიციალური ტანსაცმელი, ყოფილიყვნენ უცხოელ ჟურნალისტებთან კორექტულები და მოედანზე დაშვებული შეცდომის მიუხედავად გაეღიმათ.
ტურნირზე გარანტიების მისაღებად კაუდილიოს დახმარების ხელი ფეხბურთის უმაღლესი ორგანოს მმართველმა გაუწია: „1950 წლის მუნდიალი იყო პოლიტიკური შესაძლებლობა, რითაც ესპანეთის მთავრობამ სცადა მაქსიმალური სარგებელი მიეღო ფიფას დახმარებით. ფიფამ საწყის ეტაპზე ჯგუფები დიდი სიფრთხილით დააკომპლექტა.  ესპანეთი მოხვდა პორტუგალიასთან და ირლანდიასთან (ერთადერთი სპორტული მეტოქეები 1945-1950 წლებში, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებს არ სურდათ ესპანეთთან დაპირისპირება) იმ მიზნით, რათა თავიდან აერიდებინათ სხვა მეტოქეების შესაძლო ბოიკოტი.
1950 წლის  2 ივლის, მარაკანაზე 65 ათასმა მაყურებელმა ყველაზე საინტერესო ეპიზოდი იხილა. მატჩი, რომელიც დანიშნული იყო ადგილობრივი დროით 14.00-ზე საუკეთესო იყო შემოსავლის თვალსაზრისით იმ თამაშებიდან, რომლებშიც არ მონაწილეობდა ბრაზილიის ნაკრები. ესპანეთმა დაამარცხა შეერთებული შტატები (3-1), ჩილე (2-0) და უნდა შეხვედროდა ინგლისს. 49-ე წუთზე ბასკმა თავდამსხმელმა ტელმო სარაორანდიამ (სარა) მატჩის ერათადერთი გოლი გაიტანა უილიამსის კარში. ფედერაციის პრეზიდენტმა და „ლურჯი დივიზიის“ ყოფილმა მეთაურმა, არმანდო მუნიოს კალერომ ბრაზილიის ნაციონალური რადიოს ეთერში პატრიოტული სულისკვეთებით განაცხადა: „პატივი მაქვს უსაზღვრო კმაყოფილებით ვაუწყო მის აღმატებულება გენერალისიმუს ფრანკოს, რომ დავამარცხეთ საზიზღარი ალბიონი.“ ინგლისზე გამარჯვება ნიშნავდა ხურდის დაბრუნებას „უძლეველი არმადის“ დამარცხებისთვის (იგულისხმება 1588  წლის ლა-მანშის საზღვაო ბრძოლა, სადაც ესპანური „უძლეველი არმადა“ ინგლისურ ფლოტთან დამარცხდა).
1140735601_850215_0000000001_sumario_normal
ტელმო სარაორანდიას გოლი ინგლისელთა კარში
გაზეთი Marca ამ გამარჯვების შესახებ წერდა: „ეს იყო შესანიშნავი დემოსტრაცია მთელი მსოფლიოსათვის. იმ სისხლიანი კონფლიქტიდან დაბადებულმა ახალმა ესპანეთმა სრულად აღიდგინა ტრადიციული ესპანური ღირსებები. როგორიცაა: ვნება, აგრესია, მრისხანება, სიმამაცე და შეუპოვრობა“.
როდესაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, მიუხედავად საომარ მოქმედებებში ესპანეთის ნეიტრალიტეტისა და გერმანელთა მხარეს სიმბოლური მონაწილეობისა, რაც გამოიხატებოდა „ლურჯი დივიზიის“ საბჭოთა მიწაზე გაგზავნით, დანარჩენი მსოფლიოს მიერ ესპანელი ხალხი აღიქმებოდა, როგორც ფაშიზმის უკანასკნელი წარმომადგენელი. ამის გამო გაერომ ქვეყანას დიპლომატიური და პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა. გენერალი ფრანკო მიხვდა, რომ  ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ქვეყნისთვის ამ სამარცხვინო ლაქის ჩამოშორება იყო. ეს პროცესი წარიმართა ფეხბურთის მეშვეობით.
1947 წელს ეროვნული ნაკრების მაისური ისევ წითელი ფერის გახდა და ამავე დროს გაუქმდა თამაშის წინ ფაშისტური მისალმება და სიმღერა. თუმცა სხვა გამოვლინებები კიდევ საკმო ხანი შემორჩა. მაგალითად, თითოეული კლუბის დირექტორთა საბჭოში ორი ფალანგისტის ყოფნის ვალდებულება 1967 წლამდე არსებობდა. ფაშისტური პროპაგანდა ფეხბურთში დიქტატურის ბოლომდე იყო, თუმცა შერბილებული სახით.
ესპანური სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი მომენტი დადგა 1964 წელს მოგებულ ევროპის ჩემპიონატზე. ამაზე უკეთესი მეტოქე (პოლიტიკური) არ შეიძლება სხვა ყოფილიყო: საბჭოთა კავშირი ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო. გარდა ამისა, ესპანეთი იყო ამ ტურნირის მასპინძელი. 1964 წლის 21 ივნისს ჩამარტინის არენაზე, ფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგნენ ესპანელები და საბჭოელები. ფეხბურთით გამოწვეული დიდი მოლოდინი არ იყო მხოლოდ სპორტული ხასიათის, მას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, რომელიც სპორტულით ინიღბებოდა. თამაშს 79.115 მაყურებელი დაესწრო.
2011-09-28_IMG_2011-09-28_09-34-40__7185413
ესპანეთის ნაკრები 1964 წლის ფინალის წინ
შეხვედრა იბერიული გუნდისთვის კარგად დაიწყო. მეხუთე წუთზე ჩუს პანედამ გოლი გაიტანა. ეს სიხარული მცირე ხანს გაგრძელდა. ორ წუთში ჰუსეინოვის გოლით ანგარიში გათანაბრდა. 84-ე გოლზე მარსელინომ თავური დარტყმით დაჯაბნა ლევ იაშინი, იგივე „შავი ობობა“ (ერთადერთი მეკარე, რომელიც დაჯილდოებულია ოქროს ბურთით).
ნამგლისა და უროს წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ დიდება მოიტანა. ფრანკომ შვებით ამოისუნთქა. საბჭოთა გუნდზე გამარჯვება თითქოს კომუნიზმზე გამარჯვებას ნიშნავდა. ოთხი წლით ადრე ფრანკოს მოუწია დაპირისპირებოდა საბჭოთა კავშირს, როდესაც ლოტოტრონმა ამ უკანასკვნელთან ნახევარფინალში დააწყვილა. კაუდილიომ იცოდა საბჭოთა ნაკრების ძალა და ვერ დაუშვებდა რომ პოლიტიკური მტრების წინაშე სუსტად წარმოჩენილიყო. ფედერაციამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა: „ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირთან გასამართი მატჩები ჩაიშალოს“. ამის შესახებ მათ აცნობეს ფიფას. უეფამ 600 ათასი რუბლით დააჯარიმა ესპანური მხარე. ესპანელთა საუბედუროდ „წითლები“ (სსრკ) გამოცხადდნენ გამარჯვებულებად.

                                                                  ფრანსისკო  ალკაიდე  ერნანდესი
                                           ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა

No hay comentarios.:

Publicar un comentario