გერმანიამ, მაშინ როდესაც მისი მმართველი იყო ადოლფ ჰიტლერი, ხოლო პროპაგანდის მინისტრი - იოზეფ გებელსი, მუსოლინის მსგავსად, პოლიტიკური მიზნებით გამოიყენა ფეხბურთი 1936 წლის, რიგით XI - ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე. ჰიტლერს შეეძლო სპორტული მანიპულაციისგან ხელოვნების ნიმუში შეექმნა. გერმანელთა ლიდერს
ჰქონდა აკვიატებული იდეა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა გერმანელი ხალხის უპირატესობა და ნაცისტური იდეოლოგიის სიძლიერე, რაც ორგანიზაციული თვალსაზრისით დღემდე საუკეთესო მაგალითია ისტორიაში.
ჰქონდა აკვიატებული იდეა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა გერმანელი ხალხის უპირატესობა და ნაცისტური იდეოლოგიის სიძლიერე, რაც ორგანიზაციული თვალსაზრისით დღემდე საუკეთესო მაგალითია ისტორიაში.
მსოფლიოს წინაშე წარმოსაჩენად ჰიტლერს ხელთ ჰქონდა დიდი შესაძლებლობა და არ სურდა მისი ხელიდან გაშვება. მიზნის მისაღწევად მან ხარჯი არ დაინანა: ოლიმპიადის ბიუჯეტმა შეადგინა 30 მილიონი დოლარი, მაშინ როცა ოთხი წლით ადრე გამართული ლოს ანჯელესის თამაშები 2 მილიონი დოლარი დაჯდა. “სპორტსმენებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი მუშაობდა საათის სიზუსტით. თამაშების მაღალი ტექნიკური დონე ჩანდა ყველა მომენტში. ელექტრონული ქრონომეტრაჟი (სიჩქარის გაზომვა მძლეოსნობაში) და ფოტოფინიში, რომლებიც პირველად ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე დაინერგა, ბერლინში გაუმჯობესდა. საინფორმაციო სისტემები განახლდა, როგორც მსაჯების ისე ზოგადად მაყურებლებისათვის. ინფორმაციის მიწოდება იყო შესანიშნავი“.
ნაცისტებისათვის ზოგადად სპორტი და განსაკუთრებით კი ფეხბურთი, იყო საუკეთესო იარაღი არიული რასის სიწმინდის საჩვენებლად. გებელსი ამტკიცებდა: „ხალხისათვის საერთაშორისო საფეხბურთი მატჩის მოგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ქალაქის დაპყრობა“. გერმანელი ფეხბურთელები, რომელთა მაისურებზეც გამოსახული იყო სვასტიკა, ყოველის მატჩის წინ ასრულებდნენ ფაშისტურ მისალმებას.
ღონისძიებაში, რომელიც 1936 წლის 1-16 აგვისტოს მიმდინარეობდა, მონაწილეობა მიიღო 49 ქვეყნის 4069 სპორტსმენმა. სპორტსმენები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტის 19 სახეობის 129 დისციპლინაში. გახსნის ცერემონიაზე, რომელიც გრუნევალდის სტადიონზე შედგა, ჰიმნის შემდეგ ასი ათასზე მეტი ადამიანი სკანდირებდა „ჰაილ ჰიტლერ“. გერმანიამ ამ სპორტულ ფორუმზე ყველაზე მეტი, 89 მედალი მოიპოვა: 33 ოქრო, 26 ვერცხლი და 30 ბრინჯაო. აღტაცებული პრესა გერმანელ ტრიუმფატორებს „ქერა გამარჯვებულებად“ მოიხსენიებდა. პირველი ოლიმპიური ოქროს მედალიც გერმანელმა, ჰანს ვიოლკემ დაისაკუთრა. მან ბადრო 16,2 მეტრზე სტყორცნა, რისთვისაც ლეიტენანტის წოდებაც მიანიჭეს „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“.
რა თქმა უნდა ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული გეგმით არ მიმდინარეობდა. აფროამერიკელი, ოჰაიოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ჯესი ოუენსი გახდა ოლიმპიადის ტრიუმფატორი. ამერიკელმა ათლეტმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, აქედან სამი ოლიმპიური რეკორდით - სირბილი 200 მ-ზე (20,7 წმ), სიგრძეზე ხტომა (8,05 მ) და ესტაფეტა 4X100 მ-ზე (39,8 წმ); მან ასევე დაამაყარა ორი მსოფლიო რეკორდი 200 მეტრზე რბენასა და 4X100 ზე ესტაფეტაში. გარდა ამისა გაიმეორა წინა ოლიმპიური რეკორდი 100 მეტრზე რბენაში (10,3).
ჰიტლერს ათლეტის არც შედეგები და არც მისი კანის ფერი არ მოსწონდა. გერმანელი პრესა კი მას აკნინებდა და მოიხსენიებდა, როგორც „თეთრი ამერიკელების მონას“. იმისათვის, რათა ოუენსის პირველი ოქროს მედლის მოპოვებით გაცხარებული მმართველი დაემშვიდებინათ, მესამე რაიხის მაღალჩინოსნები დაპირდნენ ფიურერს, რომ გერმანია რამდენიმე დღეში გასამართ მატჩს ფეხბურთში, ნორვეგიის წინააღმდეგ, პრობლემების გარეშე მოიგებდა. მოპოვებული გამარჯვება მათ შელახულ ღირსებას აღადგენდა და კვლავ დაადასტურებდა გერმანელთა უპირატესობას. ჰიტლერი საჯაროდ პირველად სწორედ ამ საფეხბურთო მატჩზე გამოჩნდა. წინასწარი პროგნოზების მიუხედავად მასპინძელთა გუნდი დამარცხდა, რამაც კიდევ უფრო განარისხა ნაცისტთა ლიდერი.
1938 წლის მარტში, როდესაც გერმანელთა ჯარი ავსტრიას იპყრობდა (ავსტრიის ანშლუსი), ავსტრიელი ფეხბურთელები ქვეყანას იცავდნენ. ამ პერიოდში ავსტრილთა ნაკრებს Wunderteam („საოცარ გუნდს“) უწოდებდნენ, რომელსაც დიდი საერთაშორისო პრესტიჟი ჰქონდა მოხვეჭილი. ამბობდნენ რომ მათი ფეხბურთი „უფრო ჰგავდა ვალსის მოსმენას“.
ჰიტლერმა მაშინვე შენიშნა ავსტრიელი ტალანტების გერმანიის ნაკრებში გაერთიანების შესაძლებლობა, რაც ძლიერი გუნდით წარამატებისთვის ბრძოლის გარანტია იყო მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის დაწყებამდეც სამი თვე რჩებოდა. ეს შემთხვევა მას საშუალებას მისცემდა გადაეფარა ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე განცდილი წარუმატებლობები.
წარმოშობით ებრაელი თავდამსხმელი მატიას სინდელარი, რომელსაც „ფეხბურთის მოცარტად“ მოიხსენიებდნენ ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. სინდელარს „ქაღალდის კაცსაც“ უწოდებდნენ, რადგან სისწრაფის გამო მას ადვილად შეეძლო მოწონააღმდეგეების მცველებს შორის გაძრომა.
სინდელარი ეროვნული გმირი, ხოლო მისი თამაშის მანერა - პოეტების შთაგონების წყარო იყო. ეს სტრიქონები ავსტრიელ ფრიდრიხ ტორბერგს ეკუთვნის:
„თამაშობდა ფეხბურთს, როგორც არავინ,
გვაჩვენებდა გრაციოზულობას და ფანტაზიას,
თამაშობდა აუღელვებლად და მარტივად
ყოველთვის თამაშობდა და არასდროს იბრძოდა“.
სინდელარს დაეთმო მნიშვნელოვანი ადგილი ფეხბურთზე გადაღებულ ერთ-ერთ ფილმში. ასევე, ათასწლეულის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად იგი XX საუკუნის ავსტრიის საუკეთესო სპორტმენად დასახელდა.
მატიასი ყველა ხერხს მიმართავდა, რათა არ ეთამაშა გერმანიის ნაკრებში: „მას არასდროს უთქვამს საჯაროდ, რომ რეპრესიების ეშინოდა, თუმცა უარობდა ახალ გუნდში თამაშს. იმიზეზებდა ტრამვას, რათა გერმანიის ნაკრებში გამოძახებისათვის თავი აერიდებინა. მას იმაზე ფიქრიც კი აღიზიანებდა, რომ მატჩის დაწყებამდე ფაშისტური სალამი უნდა შეესრულებინა. არ სურდა ებრაელების ხოცვით ცნობილი რეჟიმისთვის მოეყარა მუხლი. ამგვარად, მან ბურთითა და საკუთარი მოხერხებულობის წყალობით საფეხბურთო ბრძოლა მოუგო ნაცისტებს“.
მიჩნეულია, რომ სინდელარს ეზიზღებოდა ნაცისტებს და მძიმედ განიცდიდა ავსტრიის დაპყრობას. ვერ იტანდა ნაცისტების არიულ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც მისი კლუბიდან, ვენის „აუსტრიიდან“, ყველა ებრაელი გააძევეს.
ანექსიის აღსანიშნავად გაიმართა ამხანაგური მატჩი გერმანიასა და ავსტრიას შორის. ამ შემთხვევაში სინდელარს თავის ასარიდებლად არ უძებნია რაიმე საბაბი და დათანხმდა მშობლიური ნაკრების სახელით თამაშს. მატჩის ქრონიკები მოგვითხრობენ, რომ ავსტრიელებმა ამ თამაშის წაგების ბრძანება მიიღეს. მატჩის პირველ ნახევარში სინდელარი მოედანზე არ ყოფილა გამორჩეული ფიგურა. იგი გერმანელი მოწინააღმდეგეების იგნორირებას ახდენდა და როდესაც გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, ბურთს განზრახ აცილებდა კარს. მეორე ტაიმში მისმა სიამაყემ იჩინა თავი და გატანილი გოლებიდან ერთ-ერთი ავსტრიელებმა გერმანელებს მიუძღვნეს საკმაოდ გამაღიზიანებელი ჟესტებით. „სინდელარი იდგა ლოჟის პირდაპირ, ნაცისტი მაღალჩინოსნების გაბრაზებული მზერის პირისპირ, ხოლო ცეკვა (რომელიც მან შეასრულა გოლის გატანის შემდეგ), მათ აღიქვეს როგორც შეურაცხყოფა“.
მას ეს თავხედობა ძვირად დაუჯდა. ნაცისტურმა რეჟიმმა მატიასი მაშინვე მოღალატედ ჩათვალა და დაიწყო მისი დევნა. ჰიტლერი არ პატიობდა არავის საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლას. ფეხბურთელის ცხოვრების ფინალი ტრაგიკული გამოდგა. 1939 წლის 23 იანვარს, სინდელარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 36 წლის სპორტსმენის სიკვდილის მიზეზად კარბონის მონოქსიდით (CO გაზი) მოწამლვა დასახელდა. თუმცა დღემდე გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ საქმის ოფიციალური მასალები კვალის ასარევად გამოიყენეს. ყველა პირდაპირი თუ ირიბი კვალი იმზე მიანიშნებდა, რომ მკვლელობა გერმანელების მიერ იყო ჩადენილი. ზოგიერთი თვლიდა, რომ სუიციდი რომ არ ყოფილიყო, იგი ფეხბურთის გარეშე ცხოვრებას მაინც ვერ გააგრძელებდა. მატიასის კუბოს 40 ათასი ადამიანი მიაცილებდა. დღესაც კი მისი გარდაცვალების დღეს, ვენის „აუსტრიას“ გულშემატკივრები მიდიან მის საფლავთან, როგორც ავსტრიული ანტიფაშისტური მოძრაობის სიმბოლოსთან. ვენაში ასევე არსებობს ფეხბურთელის სახელობის ქუჩა - სინდელარშტრასე.
უკრაინაშიც მიაგებენ პატივს კიევის „დინამოს“ იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც მესამე რაიხმა 1942 წელს გაანადგურა. გერმანელთა ოკუპაციის დროს, უკრაინელებმა სიგიჟე ჩაიდინეს და ჰიტლერის გუნდი საკუთარ მოედანზე დაამარცხეს. თამაშამდე „დინამოელები“ გააფრთხილეს: “თუ მოიგებთ, მოკვდებით”. მათ თამაში დაიწყეს დამარცხებისათვის განწირულებმა, შიმშილისაგან და შიშისგან კანკალებდნენ, მაგრამ ღირსების შენარჩუნების სურვილს ვერ გაუმკლავდნენ. ჰიტლერმა. რომელსაც არ შეეძლო მსგავსი შეურაცყოფის პატიება, პრობლემა მარტივად მოაგვარა: „თამაშის დამთავრების შემდეგ, საფეხბურთო მაისურებში ჩაცმული თერთმეტივე მოთამაშე უფსკრულის პირას დახვრიტეს“.










No hay comentarios.:
Publicar un comentario