viernes, 12 de junio de 2015

ფეხბურთი, როგორც პოლიტიკური ფენომენი

ფეხბურთის ისტორიაში, განსაკუთრებით კი XX საუკუნეში, შეიძლება ითქვას, რომ კავშირი ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის ძალიან მჭიდრო იყო. სპორტის ეს სახეობა ითვლებოდა ფაშიზმისა და დიქტატურის განუყოფელ მოკავშირედ, რომლებიც საფეხბურთო წარმატებებში პოულობდნენ იდეოლოგიისა და პროპაგანდისტული
მოქმედებების გენერირების მექანიზმს. სამი პერსონა: ბენიტო მუსოლინი, ადოლფ ჰიტლერი და ფრანცისკო ფრანკო აქტიურად იყენებდნენ ბურთს, საკუთარი რეჟიმებისათვის შესაბამისი იდეოლოგიების მისაწოდებლად.

 მუსოლინი და 1934, 1938 წლების მსოფლიო ჩემპიონატები


პირველი, ვინც ფეხბურთი პოლიტიკური მიზნებით გამოიყენა, იყო ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი იტალიაში. დიქტატორი, ფაშისტურ პარტიასთან ერთად, 1922 წლის 28 ოქტომბერს მოვიდა ხელისუფლების სათავეში. რომაული იმპერიის მოდელით შთაგონებულმა, თავის თავზე აიღო იტალიის ბატონობის სწრაფად აღდგენა და სამ წელიწადში პირველმა მოახერხა ევროპაში  დიქტატურის დამყარება.
მუსოლინი არ ყოფილა ფეხბურთის გულშემატკოვარი, მაგრამ სწრაფად შენიშნა ის შესაძლებლობები, რაც შეიძლებოდა მოეტანა ბურთს ხალხის გულის მოსაგებად. როგორც ოპორტუნისტმა ისარგებლა მომენტით, რადგან იცოდა, რომ ფეხბურთი მასების სპორტი იყო. მთავრობას  სჭირდებოდა ხალხის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერა კი ბურთში იყო. ფაშისტებისთვის ფეხბურთი იყო უფრო მეტი, ვიდრე სპორტი.
1934 წელს იტალიამ უმასპინძლა მსოფლიოს რიგით მეორე ჩემპიონატს. მუსოლინი დარწმუნებული იყო, რომ წარმოდგენდა ამ მოვლენას მასშტაბურად და ესწრაფოდა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში გაევრცელებინა თავისი იდეოლოგია, ეჩვენებინა საკუთარი რეჟიმის სამხედრო სიძლიერე და ექსპანსიური მიზნები. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯორჯო ვაკარომ განაცხადა: „ამ მოვლენის უკანასკნელი მიზანი იქნება ვუჩვენოთ სამყაროს, რომ ფეხბურთი არის  სპორტის ფაშისტური იდეალი “.
შვედეთმა, რომელიც იყო მუნდიალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნა თავისი კანდიდატურა. როგორც ჩანს, მუსოლინის დიპლომატიური ზეწოლა საკმარისი აღმოჩნდა ჩრდილოური ქვეყნის უარისათვის. ურუგვაიმ წინასწარ განსაზღვრა ჩემპიონატის მიმდინარეობა და უარი თქვა მონაწილეობაზე: „ჩვენ უარს ვეუბნებით ფაშისტურ რეჟიმს და ამ ღონისძიებაში პოლიტიკის ჩართვას“.
ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ფაშისტთა ლიდერმა ვაკაროს მოკლედ, თუმცა ნათლად აცნობა:
– არ ვიცი როგორ, მაგრამ იტალიამ ეს ჩემპიონატი უნდა მოიგოს.
ვაკარომ უპასუხა:
– გაკეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია.
დუჩეს პასუხი იყო კატეგორიული:
– თქვენ კარგად ვერ გამიგეთ. იტალიამ უნდა მოიგოს ეს მუნდიალი. ეს ბრძანებაა.
იმისათვის, რათა მხედველობიდან არ გამორჩენოდა არც ერთი საკითხი, მუსოლინიმ საკუთარ თავზე აიღო ღონისძიების ყველა დეტალის ორგანიზება. მთელი ჩემპიონატი დაპროგრამდა პოლიტიკურად. ღონისძიებასთან დაკავშირებულ პლაკატებზე გამოსახული იყო ჰერკულესის ფიგურა (რომელსაც ფეხი ბურთზე ედო), ხოლო გაშვერილი მკლავით ფაშისტურ სალამს აძლევდა. ტურინის სტადიონს მიენიჭა მუსოლინის სახელი. ნაკრების მოთამაშეები კი, რომელთაც იტალიელმა მმართველმა: “ეროვნული იდეის მსახური ჯარისკაცები“ უწოდა, იწყებდნენ და ამთავრებდნენ მატჩებს საჯარო ფაშისტური მისალმებით (ხელის წინ გაშვერით) და „იტალიის“ სიმღერით.
მხოლოდ იტალიური ძლიერების მსოფლიოსთვის ჩვენება არ ყოფილა მუსოლინის მიზანი. ამას გარდა იყო სიმბოლოები, რომლებიც მას წარმოაჩენდა. ამ მიზნით დუჩეს ბრძანებით დამზადდა ჩემპიონისთვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც ექვსჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე წინა მსოფლიოს ჩემპიონატის თასი. პრიზს ჰქონდა წარწერა: „დუჩეს თასი“.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად დამზადებული თასით
იმისათვის, რათა დარწმუნებული ყოფილიყო ეროვნული ნაკრების წარმატებაში, საფუძველი ჩაუყარა ორიუნდების პრაქტიკას (რომელსაც მოგვიანებით ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ესპანეთში) – ანუ იტალიური ფესვების მქონე უცხოელების ნატურალიზაციას. მუსოლინიმ იცოდა, რომ კარგ ფეხბურთს ოკეანის მეორე მხარეს, ლათინოამერიკულ მიწებზე თამაშობდნენ, სადაც არსებობდა ფართო იტალიური კოლონია. შედეგად მოხდა კონტრაქტების გაფორმება და ისეთი დიდი მოთამაშეების ნატურალიზება (ნაკრებში მოწვევა), როგორებიც იყვნენ: მონტი და ორსი (იუვენტუსი), გუაიტა (რომა), გუარისი (ლაციო) და დემარია (ამბროსიანა).
მუნდიალზე, რომელიც მუსოლინის მიერ იყო ორგანიზებული, დუჩე პირადად აკონტროლებდა მსაჯების დანიშვნას. დიქტატორს არ გამოუტოვებია არც ერთი მატჩი და მათ ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს.
ესპანეთის ნაკრები დაიჩაგრა ფაშისტთა მიერ დანიშნული მსაჯების მიკერძოებით. მერვედფინალში იტალია დამარცხდა შეერთებულ შტატებთან 8-1, ხოლო ეპანეთმა წააგო ბრაზილიასთან 3-1. მეოთხედფინალის საგზურისათვის ორივე გუნდს სჭირდებოდა მოგება. ეს მატჩი აღმოჩნდა ადრეული ფინალი, სადაც ორივე გუნდმა აჩვენა საუკეთესო თამაში. ესპანეთი, რეგეიროს გოლით, წინ გავიდა 31-ე წუთზე. პირველი ტაიმის ბოლოს ფერარიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბელგიელმა არბიტრმა ლუის ბეაღმა გოლი გააუქმა სკიავოს მხრიდან სამორაზე თამაშის წესების დარღვევის გამო. იტალიელებმა პროტესტი გამოთქვეს. მსაჯმა გვერდით არბიტრთან კონსულტაციის შემდეგ ბურთი ჩათვალა.
მეორე ნახევარში მატჩის მთავარ გმირად იქცა მსაჯი, რომელმაც არარსებული თამაშგარეს გამო გააუქმა ესპანელთა გოლი. მატჩის ფრედ, 1-1 დამთავრების გამო მეორე დღეს, 1 ივნისს, დაინიშნა გადათამაშება, რომელშიც 11-ე წუთზე მეაცას მიერ გატანილი გოლის წყალობით იტალიამ გაიმარჯვა. შვეიცარიელმა რენე მეღსემ ასევე დიდი გავლენა მოახდინა საფინალო ანგარიშზე, ესპანელთა გოლის გაუქმებით. არბიტრის მოქმედებები იმდენად უმსგავსო იყო, რომ შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ მას მსაჯობა სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა. მატჩის შემდეგ ბელგიელმა მსაჯმა  ჯონ ლანჟენიმ, რომელიც ამ ღონისძიებაზე ჟურნალისტიც იყო, თქვა: „მსოფლიოს ნამდვილი ჩემპიონი ესპანეთია . . . იტალიას სჭირდებოდა მოგება და არ  აწუხებდა თუ ეს ნათლად ჩანდა“.
ესპანელი მცველი ხასინტო კინკოსესი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მარცხენა ლატერალად დასახელდა, მოგვიანებით იხსენებდა: „ჩვენ ვდომინირებდით. მათ გოლის გატანა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სამორა მუშტით შეაგდეს კარებში. შემდეგ, თამაშგარის გამო არ ჩაითვალა ლაფუენტეს გოლი, რომელიც მან შექმნა დრიბლინგით და მივიდა კუთხურის ალამთან.  ამ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ დასრულდა, ჩემი ჩათვლით,  ჩვენ გვყავდა შვიდი დაშავებული მოთამაშე. მოწინაღმდეგე ისევ უხეშობდა და მსაჯობა კი ისევ  მიკერძოებული იყო“.
პედრო ესკარტინი - მოთამაშე, მწვრთნელი, საერთაშორისო არბიტრი და ჟურნალისტი – „ამ ფეხბურთში იყო ყველაფერი, გარდა ბურთისა . . . თამაში ძალიან პოლიტიზირებული გახლდათ. ესპანეთი დაიჩაგრა მსაჯების მიკერძოების გამო. ეს იყო მუსოლინის იტალია. გარდა ამისა, ეკონომიკურად წამგებიანი იქნებოდა იტალიის გამოვარდნა“. თითოეულმა იტალიელმა მოთამაშემ პრემიის სახით  10 ათასი ლირა მიიღო. 
ესპანეთის შემდეგ, ნახევარფინალში იტალია დაუპირისპირდა ავსტრიას, რომელიც  ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა. ავსტრიასთან მატჩი ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა მთელ მუნდილაზე – 811.526 ლირა. არც ამ შეხვედრას ჩაუვლია პოლემიკის გარეშე. როგორც ამბობენ, ამ მატჩზე დანიშნულმა მსაჯმა, შვედმა ივან ეკლინდმა, თამაშამდე ერთი დღით ადრე მუსოლინისთან ერთად ივახშმა. იტალიელებმა გაიმარჯვეს თამაშგარედან გატანილი გოლის წყალობით. ავსტრიელ ფეხბურთელ ბიკანს, სიკვდილამდე, 2001 წლამდე ახსოვდა ეს მატჩი: „ჩვენი მწვრთნელის, უგო მაისლისაგან ვიცოდით, რომ მსაჯი იტალიელების მიერ იყო მოსყიდული. როცა ბურთს ვურტყამდი მარჯვნივ, ერთ-ერთი თანაგუნდელი, ზიშეკი გარბოდა მისკენ, მაგრამ არბიტრი ბურთს იტალიელებს უბრუნებდა. ეს იყო სირცხვილი“.
კაპიტნები პლანეცკა და კომბო შვედ მთავარ მსაჯ ეკლინდთან ერთად
ფინალში ფაშისტთა მეტოქე იყო ჩეხოსლოვაკია. მატჩს დაესწრო 50 ათასზე მეტი მაყურებელი, რომელთა უმრავლესობა დუჩეს პარტიის წევრი იყო. ნახევარფინალში ეკლინდის მიერ ჩადენილი უმსგავსობა არ ყოფილა ხელისშემშლელი მუსოლინისთვის, რათა შვედი ტურნირის უკანასკნელი მატჩის მსაჯად დაენიშნა. მატჩის დაწყებამდე, ეკლინდი აღმოჩნდა ერთადერთი საპატიო პერსონა, რომელიც მიიწვიეს ლოჟაში, რათა მისალმებოდა მუსოლინის. ნორმალური იქნებოდა ლოჟაში ორივე გუნდის კაპიტანიც მიეწვიათ და არა მხოლოდ მსაჯი. ამ ფაქტმა ჩეხების მორალურ მდგომარეობაზე იმოქმედა, რადგან მათ ნახევარფინალში უკვე ჰქონდათ მიკერძოებული მსაჯობის პრეცენდენტი ავსტრიელების წინააღმდეგ.
პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. შესვენებაზე მუსოლინის წარმომადგენელმა იტალიელთა გასახდელში „აძურის“ მთავარ მწვრთნელს, ვიტორიო პოცოს დუჩეს წერილი გადასცა, სადაც ეწერა:
„ბატონი პოცო, თქვენ ხართ ერთადერთი პასუხისმგებელი გამარჯვებაზე, მაგრამ ღმერთი თუ დაგეხმარებათ წაგების შემთხვევაში“.
მწვრთნელმა მაშინვე მიმართა ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით: „არა აქვს მნიშვნელობა როგორ, მაგრამ დღეს უნდა დავამარცხოთ მოწინააღმდეგე. თუ წავაგებთ ჩვენი საქმე ცუდად იქნება“.
როგორც წინასწარ დაგეგმილი იყო, იტალიამ გაიმარჯვა 2-1, მიუხედავად „აღმოსავლეთის სამორად“ წოდებული მეკარის, პლანეცკას წინააღმდეგობისა. მეორე დღეს გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს დაჯილდოების ცერემონიაში, სადაც ფაშისტთა ლიდერმა ისინი სამხედრო უნიფორმებში გამოაწყო.
იტალიური გუნდის გამარჯვება შემდეგ დაიწყო პროპაგანდა. იქმნებოდა საფუძველი, რომელსაც ქვეყანა და რეჟიმი თბილად შეხვდებოდნენ.  გაზეთი Il Messagero ხაზს უსვამდა სკუადრა აძურას ტრიუმფს: „მუსოლინის გამოა, რომ ფაშისტი ახალგაზრდები არიან ძლიერები სტადიონზე . . . მუსოლინის გამო იბრძოლა ჩვენმა გუნდმა ფლორენციაში, მილანში, გუშინ რომში, რათა მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული“.
კონტროლი, რომელსაც ანხორციელებდა დუჩე, განსაკუთრებით ტურნირის ორგანიზებისას, იყო აბსოლუტური. როდესაც დამთავრდა ჩემპიონატი, ფიფას პრეზიდენტი გენერალურ მდივანს სწერდა: “ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფიფა კი არ ყოფილა მსოფლიო თასის ორგანიზატორი, არამედ მუსოლინი“. დუჩე უფრო მეტად პოპულარული გახდა, რის გამოც  ფაშიზმი  საერო რელიგიის ტიპად იქცა.
ოთხი წლის შემდეგ, საფრანგეთში, იტალიურმა გუნდმა ტრიუმფი გაიმეორა. ჩემპიონატს, უწესრიგო და ომის წინ მდგომ მსოფლიოში, ჩრდილს აყენებდა პოლიტიკური საკითხებიც.
იტალიამ მერვედფინალში 2-1 მოუგო ნორვეგიას, მეოთხედფინალში 3-1 – საფრანგეთს, ხოლო ნახევარფინალში ბრაზილიას 2-1. 12 ივნისს, საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩი იტალიელებმა ითამაშეს ძალიან მტრულ გარემოში. საფრანგეთის მთავრობა იყო ერთ-ერთი ვინც პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ფაშისტური დიქტატურისაგან დევნილებს. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც იტალიელები მოედანზე  შავ ფაშისტურ მაისურებში გამოწყობილები გამოვიდნენ და მოკრძალებული იმპერიული სალამით მოახერხეს მაყურებლის პროვოცირება.
უკანასკნელ მატჩში იტალია უნდა შეხვედროდა უნგრეთს. დუჩემ, რომელმაც იცოდა ამ გამარჯვების მნიშვნელობა, სურდა რომ სამყაროსთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ფაშისტური რეჟიმის უპირატესობა. თამაშამდე ერთი დღით ადრე მან პირადად გაუგზავნა ფეხბურთელებს ტელეგრამა გზავნილით: „სიკვდილი ან გამარჯვება“.
მუსოლინის ბრძანება შესრულდა და იტალია კვლავ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, გაიმარჯვა რა ანგარითით 4-2. მატჩის შემდეგ უნგრელთა მეკარე ანტალ საბომ თქვა:
„ჩემს ცხოვრებაში არასდროს მიგვრძნია ამაზე დიდი სიხარული მატჩის შემდეგ“.
ნანახით განცვიფრებულმა დაამატა:
„მე ვიხსენი იქ მყოფი 11 ადამიანი. თამაშის დაწყებამდე მითხრეს, რომ იტალიელებმა მუსოლინიგან მიიღეს ტელეგრამა ტექსტით: „სიკვდილი ან გამარჯვება“. მათ გაიმარჯვეს“.
პროპაგანდისას იტალიურ გაზეთებს ამ შემთხვევაზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება. მათ წარმატება მიაწერეს: „ფაშიტი ახალგაზრდობის საუცხოო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომლის მსგავსი იდეალები და მეთოდები აქვთ ანტიფაშისტურ ქვეყნებს“. სპორტულმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport-მა თასის მეორედ მოგება შეაფასა როგორც: „ფაშისტური სპორტის აპოთეოზი  რასის გამარჯვებაში“ და „დიდი გამარჯვება დუჩეს სახელისა და პრესტიჟისათვის“. 
                                                                       ფრანსისკო ალკაიდე ერნანდესი
ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა

No hay comentarios.:

Publicar un comentario