მოგეხსენებათ, ფრანკოფონული ქვეყნები ფრანგულად მოსაუბრე მოსახლეობას აერთიანებს და საფრანგეთის მეთაურობით ისინი სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აწყობენ მსოფლიოს მასშტაბით. ასე იყო ბუენოს აირესშიც, სადაც ღია ცის ქვეშ მოწყობილი ღონისძიება კულინარიულ-გასტრონომიულ ხასიათს ატარებდა. საკუთარი
ქვეყნისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის შანსი საქართველოს გარდა ისეთმა არაფრანკოფონულმა ქვეყნებმაც გამოიყენეს, როგორებიც არიან: მექსიკა, სომხეთი, ყატარი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ავსტრია.
რადგან გამოფენა ღია ცის ქვეშ იმართებოდა უნდა შეგვერჩია დასამზადებლად მოსახერხებელი მენიუ. მანამდე „დავტესტეთ“ ქაბაბი, ხინკალი და შილა ფლავი, თუმცა საბოლოოდ დიპლომატთა კონსილიუმი ბაჟეზე, ნიგვზიან ბადრიჯანზე, ჩურჩხელასა და კომპოტზე შეჯერდა.
გახსნის დღეს მოვრთეთ ჩვენი მინი პავილიონი. დავდგით სტენდი, სადაც გამოსახული იყო საქართველოს რაგბის ნაკრები და ოლიმპიური მიღწევები, განსაკუთრებით ჭიდაობაში. რაგბის წინა პლანზე წამოწევის მიზეზი ორია: ეს ყველაზე წარმატებული გუნდური სახეობაა საქართველოში და ასევე წელს საქართველო არგენტინას დაუპირისპირდება ინგლისში მსოფლიო თასზე.
რაგბის თემა რომ გავაგრძელო, იმსაც გეტყვით, რომ ფრანკოფონიის დღეები დაემთხვა დაუნის სინდრომის კვირეულს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნებოდა. მთელი დღის მანძილზე ჩვენთან ერთად იყვნენ ადგილობრივი ორგანიზაციის „Rugby Inclusivo”-ს წარმომადგენლები. ეს ორგანიზაცია, რომლის სათავეშიც ყოფილი მორაგბეები დგანან, აერთიანებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ნერგავს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაგბის ფასეულობებს. ჩემი ჯერჯერობით გაუმართავი, მაგრამ პროგრესის გზაზე მდგარი ესპანურით კომუნიკაციაც ნორმალურად მოვახდინე. რა თქმა უნდა Top 14 მოთამაშე ქართველი ვარსკვლავების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ მათთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, იმის გაგება რომ საქართველოში რაგბს მხოლოდ 7000 კაცი თამაშობს.
![]() |
| rugby inclusivo-ს ლოგო |
![]() |
| არგენტინის ნაკრები rugby inclusivo-თან ერთად |
მონაწილე 20 მდე ქვეყანას თავისი სამზარეულოს გამორჩეული ნაწილი და ტურისტული ბუკლეტები ჰქონდა წარმოდგენილი. ბელგიას და შვეიცარიას შოკოლადი, საფრანგეთს პურ-ფუნთუშეული და სხვ.
![]() |
| ბელგია |
როგორც გამოჩნდა ჩვენი გათვლა არც თუ სწორი გამოდგა. ხორცისმოყვარული არგენტინელები უფრო ჩურჩხელამ მიიზიდა, ვიდრე ნიგვზიანმა ბადრიჯანმა. სამაგიეროდ ქუვეითის პავილიონთან ისეთი შაურმის რიგი დადგა გლდანის შაურმა გამახსენდა. არანაკლებ იხეირეს ჰაიტელებმაც, რომლებიც ტროპიკული ხილის ნატურალურ წვენებს იქვე ამზადებდნენ და ყიდდნენ. თაკარა სიცხის გამო მუშტარი ბუზებივით ეხვიათ.
საერთო ჯამში ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ქართული სამზარეულოც დააგემოვნეს, საქართველოს ტურისტული ბუკლეტებიც ბლომად დარიგდა და ცოტა მეც ვიხეირე. ამდენი ესპანურად ერთ დღეს ჯერ არ მილაპარაკია.
![]() |
| ჩაროზად კონგოელი გოგუები |
![]() |
| rugby inclusivo-ს წარმომადგენელთან ერთად |









No hay comentarios.:
Publicar un comentario