თავიდან, როცა ზოოპარკში წასვლა მოვინდომე, ბილეთის ფასი მეძვირა (10 დოლარის ეკვივალენტი პესოებში) განსაკუთრებით, თბილისის ფონზე, სადაც ზოოპარკში შესვლა 2 ლარი ღირს, მაგრამ როცა საზღვარგარეთ მცხოვრებმა მეგობრებმა იქაური
ზოოპარკების ფასები გამაცნეს, მივხვდი, თბილისთან არც უნდა შემედარებინა. საბოლოოდ, ნანახმა მოლოდინს და ბილეთის ფასს ნამდვილად გადააჭარბა.
ბუენოს-აირესის ზოოპარკი, თბილისის მსგავსად, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კორპუსებსა და ტრასასთან ახლოს მდებარეობს და 18 ჰა-ზეა გაშლილი. ვიქტორიანული ბაღი, ძველი შენობები და ქანდაკებები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, რომ ამ ტერიტორიაზე ადრე ვინმე არგენტინელი დიდებულის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
 |
| ზოოპარკს და ამ კორპუსს ეს ღობე ჰყოფს |
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, პრეზიდენტ დომინგო სარმიენტოს ინიციატივით შეიქმნა „სამი თებერვლის პარკი“, რომელსაც ზოოლოგიური განყოფილებაც ჰქონდა. ამ პარკის ბაზაზე 1875 წელს გაიხსნა ზოოპარკი, რომლის განაშენიანებაც თანდათან მიმდინარეობდა. ზოგიერთ ვოლიერთან აგებულია იმ ფორმისა და ორნამენტების ნაგებობა, რომელი ქვეყნიდანაც ესა თუ ის ბინადარი ჩამოიყვანეს. მაგალითად, 1904 წელს აზიური სპილოსთვის აიგო „სპილოს სასახლე” – ბომბეიში მდებარე ტაძრის ზუსტი ანალოგი (სხვათა შორის, პირველი აზიური სპილო ზოოპარკის პირობებში ბუენოს-აირესში დაიბადა). ჩინეთიდან ჩამოყვანილ წითელ პანდასთან ჩინური ტაძრის მსგავსი შენობა დგას. ზოოპარკის ისტორიული, წინა საუკუნის დასაწყისში აგებული არქიტექტურული ნიმუშების ნაწილი დღეს კულტურული მემკვიდრეობაა.
 |
| “სპილოს სასახლე” |





რაც შეეხება თავად ზოოლოგიურ პარკს, (სადაც წარმოდგენილია 313 სახეობის 2500 ცხოველი და ფრინველი) ის შეიძლება პირობითად რამდენიმე ნაწილად დავყოთ. მოზრდილი ნაწილი უკავია მტაცებელი ცხოველების წარმომადგენლებს, მათი ვოლიერების ნაწილი მთლიანად დახურულია (ლეოპარდი, ვეფხვი) და ნაწილი შედარებით ღია სტილისაა, ოღონდ, უსაფრთხოების მიზნით, ღობესთან ერთად შემოვლებული აქვს ღრმა თხრილი, რომელსაც ვერც ცხოველი გადალახავს და ვერც მეტისმეტად ცნობისმოყვარე დამთვალიერებელი.
ცალკეა გამოყოფილი ოკეანის ბინადართა განყოფილება, სადაც ულამაზესი თევზები ჰყავთ, ასევე ტერარიუმი ხვლიკებითა და გველებით, რითაც მანდამაინც ვერ აღვფრთოვანდით.
 |
| მახრჩობელა გველი ბოა |
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ადამიანებისათვის უსაფრთხო ბინადრები (მორა, აგუტი, ფარშევანგი, კოიპო, იხვები), თავისუფლად მოძრაობენ ზოოპარკის ტერიტორიაზე. შეგიძლია საკვები უყიდო, დააპურო და თუ მოახერხებ, მოეფერო კიდეც.
 |
| მღრღნელი კოიპო, გავრცელებულია ამერიკის კონტინენტზე |
 |
| მორების ნაწილი ასე გაშეშებული იყო ერთ ადგილას |
მოკლედ, აღნიშნული პარკი, ნამდვილად დასტურია იმისა, რომ შუა ქალაქში არსებობდეს მშვენიერი ინფრასტრუქტურის მქონე ზოოპარკი. უკეთეს წარმოდგენას კი ფოტოები შეგიქმნით.
 |
| ასე იყო დაბმული |
 |
| ფლამენკოები |
No hay comentarios.:
Publicar un comentario