ბრაზილიაშიც ფეხბურთის გამოყენება ხდებოდა პროპაგანდისტული განზრახვებით, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. ოციანი წლების ბოლოსა და ოცდაათიანი წლების დასაწყისში ქვეყანაში
იყო ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის ნაზავი. რესპუბლიკას არ შესწევდა ძალა ნაციიის შექმნისა. მიზეზებს შორის აღსანიშნავია ძლიერი რეგიონალიზმი, რის გამოც ისინი, ვისაც გააჩნდა პოლიტიკური ძალაუფლება, სწრაფად მოქმედებდნენ, რათა მოეხდინათ ბრაზილიური ნაციის კონსტრუირება.
ფეხბურთი ამ პროცესის მამოძრავებელ ძალად, ეროვნული ნაკრები კი დასახული ამოცანის შესრულების გზაზე საუკეთესო მოკავშირედ იქცა. 1938 წელს, საფრანგეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი იყო კარგი სცენარი, რათა ეს ოცნება ხელშესახებ რეალობად ქცეულიყო. ღონისძიების საერთაშორისო ხასიათი აკმაყოფილებდა მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა მოთხოვნას.
ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა ეროვნული თანადგომის კამპანია, რომელსაც მორალურის გარდა მატერიალური ხასიათიც ჰქონდა. მისი მიზანი იყო ამ პროცესში მაღალჩინოსნების იმგავარად ჩაბმა, რომ მათ მთელი ქვეყნის ყურადღება მიეპყროთ და ეროვნული ნაკრების მეშვეობით ეგრძნოთ პასუხისმგებლობა ერის წინაშე.
ბრაზილიის სპორტულმა კონფედერაციამ (CBD) წამოიწყო „საფოსტო მარკების კამპანია“, რათა ევროპაში ნაკრების გასამგზავრებლად მოეგროვებინა თანხა. წამოწყება შედეგიანი გამოდგა. 1938 წლის 6 აპრილს სან პაულოს გაზეთი A Gazeta წერდა: „საფოსტო მარკების კამპანიას“ ჰქონდა დიდი წარმატება და გაიყიდა თითქმის 100 ათასი საფოსტო მარკა. ამ კამპანიაში ჩართულებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენ გუნდთან ერთად მოგზაურობით, შეუძლიათ საფოსტო მარკის შეძენით შეუძლიათ გაინაღდონ მსოფლიო თასზე გამგზავრება. მარკის შეძენით არა მარტო პატრიოტულად ერთვებიან მსოფლიოს მესამე ჩემპიონატზე ბრაზილიის მონაწილეობაში, არამედ დელეგაციის წევრებიც ხდებიან 500 რეალად“.
ნათლად გამოჩნდა, რომ მთლიანად საზოგადოება იყო ნაკრების წარმატებაზე პასუხისმგებელი. ბრაზილიის სპორტულმა კონფედერაციამ შეაგროვა 50 მილიონი რეალი, რაც საკმარისზე მეტი თანხა იყო, რათა ნაკრები გამგზავრებულიყო და ეცხოვრა საფრანგეთში საუკეთესო პირობებში. ეს ყველაფერი კი კარგ გავლენას ახდენდა ჩვენი ფეხბურთელების მზადყოფნაზე, რათა ებრძოლად ამ მნიშვნელოვან ტურნირზე საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. ამგვარად ჩვენი გამარჯვების შანსები გაიზრდებოდა. საფოსტო მარკის შეძენა არა მხოლოდ ევროპაში წასვლისა და მუნდიალზე დასწრების იმედი იყო, არამედ ჩვენი იდეალების სამსახურისათვის პატრიოტული აქტიც, იმის წარმოსაჩენად თუ როგორ იკავებს ბრაზილია უმაღლეს პოზიციას ფეხბურთში, რისი დასტურიც იქნებოდა მსოფლიო თასის დასაკუთრება“.
ბრაზილიის, როგორც ერის ჩამოყალიბებასთან ერთად, მუნდიალზე მონაწილეობით ქვეყანას საშუალება ეძლეოდა საკუთარი სახელი გაეტანა ძველ კონტინენტზე. ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ტურნირი, არამედ ძალის დემოსტრირება: „მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თასზე აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. არ დავზოგავთ ძალებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს დელეგაცის გავუწევთ დიდ მორალურ მხარდაჭერას რათა ბოლომდე მიყვანილ იქნას ბრაზილიის პროპაგანდა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია“.
ტურნირზე ნაკრების დებიუტამდე ერთი დღით ადრე გაზეთი A Gazeta განმარტებას აკეთებდა ამ ღონისძიებაში მთელი ქვეყნის ჩართულობასთან დაკავშირებით: „მთელი ბრაზილია, სპორტული თუ არასპორტული, კონცენტრირებულია ბრაზილიელთა ხვალინდელ დებიუტზე; . . . ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიმდინარე სპორტულ დაპირისპირებაში ბრაზილელი ხალხის სული ასე არასდროს ყოფილა აჟიტირებული თავისი ეროვნულობის წარმოსაჩენად. ჩვენ გვაქვს მთელი ერის როგორც მორალური, ისე მატერიალური მხარდაჭერა და პირველად მივემართებით ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეს.“
1938 წლის 5 ივნისს, კვირა დღეს, სადებიუტო მატჩში ბრაზილიამ დაამარცხა პოლონეთი ანგარიშით 6-5. მოპოვებულმა გამარჯვებამ და პირველი თამაშის წინ არსებულმა მოლოდინმა ქვეყანაში კიდევ უფრო გაამყარა ეროვნული კავშირები. გახარებულმა ხალხმა განსაკუთრებულად აღნიშნა გამარჯვება. ზეიმში თითოეულმა ბრაზილიელმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა: „1.000, 10.000, 200.000 ან უფრო მეტი ადამიანი, შეიძლება სან პაულოს მთელი მოსახლეობა, უზარმაზარი სიხარულით აღანიშნავდა ბრაზილიელთა პირველ გამარჯვებას მსოფლიოს თასზე“.
გამარჯვებამ ნათლად აჩვენა ბურთის პროპაგანდიტული და დიპლომატიური შესაძლებლობები. ბრაზილიელებს არასოდეს ჰქონიათ შანსი შეემოწმებინათ თუ რა დიდი უპირატესობა ჰქონდა ფეხბურთს უცხოეთში პროპაგანდის თვალსაზრისით. „რაც ჩვენ დიპლომატიას ვერ მიჰყავდა ბოლომდე, ვერ ახერხებდა ქვეყნის ინტერესების მსოფლიოში გატარებას, იმას ფეხბურთი თვალის ერთ დახამხამებაში ახერხებდა“.
ასევე დაძაბული გამოდგა ბრაზილიელთა მეორე შეხვედრა, ამჯერად ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ. დაპირისპირება ფრედ დასრულდა და დაინიშნა გადათამაშება, რომელიც შედგა ორი დღის შემდეგ, 14 ივნისს. ამ შემთხვევაში სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს ანგარიშით 2-1. თამაშის წინ, მატჩისას და შეხვედრის შემდეგაც მოლოდინი კარგი იყო: “ბრაზილია-ჩეხოსლოვაკიის შეხვედრას თან ახლდა დედაქალაქ რესიფეს მოსახლეობის დიდი ენთუზიაზმი. შუადღეს დაიხურა დაწესებულებები და მაღაზიები. გამარჯვების შემდეგ გახარებული ხალხი ქალაქის ქუჩებში დარბოდა.
პატრიოტიზმის გამოვლინებები ფედერალურ მთავრობასაც ჰქონდა: განათლების მინისტრმა შემდეგი ტელეგრამა გაუგზავნა გუნდს: “დღევანდელი გამარჯვება შეიცავს აზრს: ყველაფერი ბრაზილიისთვის“.
ნახევარფინალში ბრაზილია უნდა შეხვედროდა იტალიას. სამხრეთამერიკული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა. ამ მიზეზით მთავარმა მწვრთნელმა ადემარ პიმენტამ გადაწყვიტა რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაესვენებინა და შემოენახა ისინი ფინალისათვის. იტალია რთული მეტოქე აღმოჩნდა და გაიმარჯვა ანგარიშით 2-1. მარცხმა გულგრილი არავინ დატოვა. გაზეთი Correio da Manha წერდა: „საერთო-სახალხო ნერვიულობის გამო დაფიქსირდა მრავალი ინცინდენტი. ცალკე აღნიშვნის ღირსია 22 წლის მარია დე ლურდესის შემთხვევა, რომელმაც შეიტყო რა ბრაზილიის მარცხის შესახებ, თვითმკვლელობა სცადა და საწამლავის დიდი დოზა მიიღო. მარია დე ლურდესი იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში.“
იტალიასთან მარცხის შემდეგ სამხრეთამერიკელებმა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში შვედეთი გაანადგურეს (4-1) და აღიდგინეს ეროვნული ღირსება.
როდესაც დასრულდა ტურნირი და ფეხბურთელების ქვეყანაში დაბრუნდნენ, ხალხი მათ, როგოც გმირებს ისე შეხვდა: “როგორც ცნობილია მსოფლიოს მესამე ჩემპიონატმა მოიცვა მთელი ბრაზილია ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და ბუნებრივია რიოში ჩვენი გმირების ჩამოსვლა დაუვიწყარი იყო. მოთმაშეებს დიდი პატივით დახვდნენ, რადგან მესამე ადგილი ყველა მათგანის დამსახურება იყო“.
ფრანსისკო ალკაიდე ერნანდესი
ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა




No hay comentarios.:
Publicar un comentario