როცა არგენტინაში მოვდიოდი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი მქონდა, პირველ რიგში ფეხბურთის მატჩებს დავსწრებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ სტადიონზე მოხვედრა ძირითადად აბონემენტით ხდება, ხოლო თუ ბილეთის შეძენა გსურს, წინასწარ უნდა
დაიჭირო თადარიგი.
დაიჭირო თადარიგი.
თუმცა, ფეხბურთის გარდა არგენტინა სპორტის სხვა სათამაშო სახეობებშიც გამორჩეულია, მათ შორის აღსანიშნავია რაგბი. აქაურებმა ოვალით ბურთაობაში დიდ შედეგებს მიაღწიეს და 2012 წლიდან, სამ ერის უპრესტიჟულეს ტურნირს (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა) შეუერთდნენ, თუმცა, შეხვედრების უმრავლესობას რეგიონებში მართავენ, რომელიც დედაქალაქიდან საკმაოდ შორსაა და იქ მოხვედრა ნაკლებად მოსახერხებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში ბედმა გამიღიმა, როცა ჩვენი ელჩისგან თამაშამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე შემთხვევით შევიტყვე, რომ ბუენოს-აირესიდან 60 კილომეტრში, მარ დელ პლატას სტადიონზე პუმები (არგენტინა) ALL BLACKS შეერკინებოდნენ. რაგბი თუ გიყვარს ახალი ზელანდიის თამაშის ნახვა ისეთი რამეა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა დაესწრო. ამიტომ მეორე დღესვე ვიყიდეთ ბილეთები, რომელიც ასეთი თამაშის მნიშვნელობასთან შედარებით სულაც არ ღირდა ძვირი (დაახლოებით 45 ლარი დაგვიჯდა 1 ბილეთი).
27 ოქტომბერი მთლიანად სარაგბო გამოდგა. ჯერ challenge cup-ის შეხვედრას ვუყურე თბილისის „კავკასიელებისა“ და იტალიური „როვიგოს“ მონაწილეობით და გული დამწყდა, რომ წავაგეთ (მონდომება და ჟინი შეცდომებმა გადაწონა). ასე ხასიათგაფუჭებულმა გადმოვიღე ჩემი სარაგბო ატრიბუტები – ბორჯღალიანი ქუდი და მაისური, რომელიც თბილისში სპეციალურად ვიყიდე (რაგბი ის იშვიათი სახეობაა, რომელიც საქართველოს და არგენტინას აერთიანებს, თან ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად წარმოაჩენს). მალე ხუთ კაციანმა ჯგუფმა მარ დელ პლატასკენ ავიღეთ გეზი (ჩემი მეუღლე, ჩვენი ელჩი, მისი პატარა შვილი და გვატემალის ელჩი არგენტინაში).
მარ დელ პლატას მულტიფუქციური სტადიონი (ასე ქვია), რომელიც „ესტუდიანტესისა“ და „ხიმნასიას“ საშინაო არენაა, თამაშის დაწყებამდე 45 წუთით ადრე შევსებული იყო. იგრძნობოდა საზეიმო განწყობა. სტადიონის კომენტატორმა გუნდების გამოცხადება რომ დაიწყო, მაყურებელმა განსაკუთრებული ოვაცია ზელანდიელ რიჩი მაქოუს გვარის გამოცხადებისას გამოხატა (ეს უკანასკნელი მსოფლიო რაგბის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება). საკუთარი გუნდიდან კი განსაკუთრებული ყიჟინა ხუან მარტინ ფერნანდეს ლობესა და ხუან მარტინ ფერნანდესის გამოცხადებას მოჰყვა.
ჰიმნების შემდეგ ზელანდიელებმა თავისი ტრადიციული საბრძოლო რიტუალი – ჰაკა შეასრულეს, თუმცა მაყურებელმა მხოლოდ მცირე ნაწილი მოისმინა, რადგან მიკროფონები ბოლო წამებზე ჩართეს. ეს ალბათ მასპინძელთა ხრიკი იყო, ვიდრე ტექნიკური ხარვეზი, რადგან ითვლება, რომ ჰაკა მოწინააღმდეგე გუნდზე დამთრგუნველად მოქმედებს.
თავად თამაშზე რა შეიძლება ითქვას. ახალი ზელანდია, რომელიც ისეთივე პოპულარულია, როგორც ბრაზილია ფეხბურთში ან აშშ კალათბურთში, წლევანდელ ოთხ ერზე განსაკუთრებით ძლიერ ფორმაშია. ეს არგენტინასთანაც ნათლად გამოჩნდა. არც ერთი ზედმეტი გადაცემა და მოძრაობა, ხელდახელ, მარაოსავით გაშლილი თამაში, მინიმალური წუნი – ამ ყველაფერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დილეტანტიც კი მიხვდებოდა კლასში სხვაობას. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზელანდიას როცა უნდოდა, მაშინ მოუმატებდა თამაშის ტემპს და რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა. რაც შეეხება არგენტინას, რომელმაც წინა თამაშებში ტოლი არ დაუდო ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას, ბოლომდე იბრძოლა, ბოლოს ლელოს დადებაც მოახერხა და ღირსეული ანგარიშით წააგო: 13-34.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რაგბის აქაური გულშემატკივარი, რომლის საქომაგო კულტურა, ქებას იმსახურებს და ნამდვილად მისაბაძია ჩვენთვის. არანაირი გინება, მხოლოდ მსაჯს თუ გაუწყრებოდნენ, ისიც არც თუ უხეშად. შემდგომ ვიკითხე და მითხრეს, რომ ასეთი საქციელი მხოლოდ რაბის ქომაგებს ახასიათებს, ფეხბურთზე საპირისპირო სიტუაციაა, იქ ათანაირი გინების კორიანტელი დგასო. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაგბის ნამდვილი ქომაგები, რომლებიც მაინც უმცირესობაში არიან, საქართველოშიც ზუსტად ასე იქცევიან: მათთვის უცხოა გინება, სტვენა და აგრესია მეტოქე გუნდის მიმართ.
მოკლედ, ჯერ ისევ ემოციების ქვეშ ვარ. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ასეთი სარაგბო ზეიმისაგან ჩვენ განებივრებულნი ნაკლებად ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს მივაღწევთ, იმიტომ რომ რაგბი ჩვენი თამაშია!





No hay comentarios.:
Publicar un comentario