sábado, 13 de septiembre de 2014

ცხრა მთას იქეთ

სად სად და თუ არგენტინაში მომიწევდა წასვლა, ტურისტად კი არა, გარკვეული დროით საცხოვრებლად, ნაკლებად წარმომედგინა, მაგრამ გოგი ბჭობდა და მისი ცოლის კარიერა იცინოდაო (დიპლომატის მეუღლის სტატუსით ვარ).
არ იყო ამხელა გზაზე (13 000 კმ-ზე) წამოსვლა ადვილი, მაგრამ ოჯახურმა საბჭომ
მსჯელობის შემდეგ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი სამხრეთ ამერიკაში მდებარე ამ ქვეყანაში დაგვეწყო.
წამოსვლისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა პატარა ჩანაწერების გაკეთება და ბლოგის შექმნა, სადაც ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდით ამ ქვეყნისა და აქაური ყოფის შესახებ. არგენტინა ისევე როგორც ყველგან, ჩვენთანაც ასოცირდება – ფეხბურთთან, სტეიკთან, ტანგოსთან და მხატვრულ ლიტერატურასთან. მაგრამ სხვა ბევრი აქამდე უცნობი წვრილმან-მსხვილმანიც იქნება საინტერესო.
24 საათიანი მგზავრობა მარშრუტით: თბილისი-სტამბოლი-სან პაოლო-ბუენოს აირესი მომქანცველი იყო. პირველი შთაბეჭდილება თვითმფრინავის დაშვებისას გაჩახჩახებულმა „სინათლის ქალაქმა“ მოახდინა, რომელიც აგლომერაციის ჩათვლით, დაახლოებით 12 მილიონ ადამიანს ითვლის და 200 კვადრატულ კმ-ზეა გადაჭიმული.
ჰავა წელიწადის ამ დროისათვის მშვენიერია (განსაკუთრებით აგვისტოს თბილისური ხვატის შემდეგ), ტემპერატურა 15-20 გრადუსია, თუმცა არ ცივა (თბილისურ აპრილს გავს). ეს იმ პირობებში, როცა აქაური გაზაფხული ოფიციალურად 21 სექტემბერს იწყება. თუმცა მალევე „დამამშვიდეს“: ზომიერი კლიმატით გამოწვეულ სიხარულს ცხელი და ნესტიანი ზაფხული გაგიქარწყლებსო.

ჩვენი საელჩო 2012 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს და ფარავს: ჩილეს, პარაგვაის, ურუგვაის, ბოლივიას და ეკვადორს. მისი აქ გახსნა კულტურული თუ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გარდა, ემსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის ხელშეწყობას რეგიონში.
ელჩი, გელა სეხნიაშვილი საინტერესო და კომუნიკაბელური ადამიანია. ფლობს ექვს ენას. კარგად იცნობს ლათინურ ამერიკას. სასიამოვნოა, როცა შენს ქვეყანას ასეთი ადამიანი წარ მოადგენს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, გელა სეხნიაშვილი
არგენტინაში მუდმივად მცხოვრები ქართველი ბევრი არაა. აკაკი და თამარ პაპავების ოჯახის შთამომავალთა გარდა, მუდმივად აქ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ცხოვრობს. ერთი-ერთი ბენიაშვილების ოჯახია, რომელმაც საქართველო 90-იანი წლების ბოლოს დატოვა და ბუენოს აირესში გადმოსახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 15 წელია აქ ცხოვრობენ და თანამემამულეებთან ნაკლებად აქვთ კონტაქტი, აქცენტით, მაგრამ მშვენივარად საუბრობენ ქართულად. მიუხედავად იმისა, რომ მათ ორი კვირაა ვიცნობ, უკვე დავახლოვდით. კვირის ბოლოს ერთად ვსადილობთ. ძალიან თბილი და გულისხმიერი ხალხია. აქ ცხოვრების გამოცდილებას გვიზიარებენ და ადაპტაციაში გვეხმარებიან. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ოჯახები საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.
სიმონ ბენიაშვილი და ნინო კასრაძე
მიშო და ლაშა ბენიაშვილები დედასთან, ნინო კასრაძესთან ერთად
ერთ-ერთი პირველი, რაც თვალში მომხვდა, მოხერხებულად დაგეგმარებული ქალაქია, რომელიც ე. წ. კუადრებათაა (კვადრატი) დაყოფილი (ერთი კუადრას სიგრძე 100 მეტრია). ქუჩების გადაკვეთებზე ყველგანაა აბრები, რაც რუკის ქონის პირობებში ბევრად აადვილებს ფეხით მოძრაობას. რა თქმა უნდა GPS-იც გამოსადეგია, მაგრამ აქაური wi-fi მაინცდამაინც კარგად ვერ მუშაობს (ჩვენი ინტერნეტი ბევრად სჯობს აქაურს).
პირველი, რაც მაშინვე თვალში მომხვდა, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის მოწყობილი ადაპტირებული ასასვლელებია ყოველი კვადრის თავსა და ბოლოში. ასეთივე ასასვლელები აქვს თითქმის ყველა დაწესებულებას. (თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ორი კვირის მანძილზე ეტლიანი არ შემხვედრია, პარკშიც კი).


ამჯერად აქ შევჩერდები. სამი წელი არაა მცირე დრო სათქმელიც ბევრი დაგროვდება, რომელსაც ნელ-ნელა გაგიზიარებთ.


No hay comentarios.:

Publicar un comentario