domingo, 4 de marzo de 2012

ნაწყვეტი "თანამედროვის ჩანაწერებიდან"


     

      არც ერთ სოციალურ წრეში, თვით პრივილეგიურში, არავინ იყო უზრუნველყოფილი, რომ მისი თანამეგობრობა, ან ბინა შურის გრძნობას არ აღძრავდა რომელიმე გავლენიან ადამიანში. არავინ უზრუნველყოფილი არ იყო, რომ მას პასუხს არ მოსთხოვდნენ რაიმე უწყინარი ხუმრობის ან ანეგდოტისთვის. ახლადგაღვიძებული  მოხელეები და მოქალაქენი შიშით
ელოდნენ, რომ მათი გვარები გაზეთის ფურცლებზე ან რადიოგადაცემაში მოხვდებოდა პოსკრიფციების სიაში. ასეთ შემთხვავაში ისინი საზოგადოებიდან იკვეთებოდნენ, მარტოვდებოდნენ და ზნეობრივად ისჯებოდნენ, სანამ ფიზიკურად განადგურდებოდნენ. ბოლოს, არავინ უზრუნველყოფილი არ იყო, რომ ნაშუაღამევს მისი ბინის შესავალთან საშინელი ავტომანქანა არ გაჩერდებოდა და ბნელ საკანში არ შეაგდებდნენ.
      ამავე დროს ხალხს ეუბნებოდნენ: ყველა შინაური ან გარეული მტერი, რომელიც დღემდე ხელს გვიშლიდა შემუსვრილი ან დაშინებულია, ყველა შინაპარტიული ერესი დარღვეულია. ამრიგად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ საბჭოთა საზოგადოების მორალურ-პოლიტიკურ მთლიანობას. თქვენ ყველანი ბედნიერი ხართ, ყველას საამური ცხოვრება გაქვთ. იცეკვეთ, ჭადრაკი და კალათბურთი ითამაშეთ, ჭამეთ გაყინული ღორის ხორცის კატლეტები, სვით ბურახი, ტაში დაგვიკარით, გააჩინეთ თორმეტი ბავშვი და მიიღეთ გმირის სახელწოდება. რაც შეეხება აზროვნებას, ხუთწლიანი გეგმების შედგენას, საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაძღოლას, ამისათვის რამდენიმე მეთაური და ერთი ზებელადი გვყავს. ხოლო თუ ეს არ გწამთ და არ მოგწონთ, მიბრძანდით კომის რესპუბლიკაში ქვანახშირისა და ტორფის ამოსაღებად, ციმბირში ხე-ტყის საჭრელად, ან შუა აზიაში ბამბის საკრეფად: ყოველ შემთხვევაში იქ უფრო ბედნიერი იქნებით, ვიდრე კაპიტალისტური ქვეყნების მცხოვრებლები არიანო.
     ხოლო მწერლებს, მხატვრებს, მოქანდაკეებს, კომპოზიტორებს ეუბნებოდნენ, ასახეთ ჩვენი გმირობა და ჩვენი სულიერი სილამაზეო. ეს ადვილი საქმე არ იყო, ვინაიდან ყოველ ათ კაცზე ცხრა თავის თავს ან გმირად თვლიდა ან გმირობის პრეტენდენტადგმირობამ მასობრივი ხასიათი მიიღო და ყოველი მწველავი დედაკაცი, რომელიც ძროხასა და თხას ისე წველიდა, რომ ხბოსა და თიკანს ერთ წვეთ რძეს არ უტოვებდა, დიდად განაწყენებული დარჩებოდა, თუ მისი ფოტოსურათი ცენტრალურ გაზეთებში არ გამოქვეყნდებოდა პირველ გვერდზე, ხოლო ზოგიერთ რაიკომის მდივანს და მით უმეტეს მაღლა მდგომ პირებს, თავი ისე ეჭირათ თითქოს ყველა ანტიკური ოლიმპიადის დაფნის გვირგვინების ღირსნი ყოფილიყვნენ.
                                                                                                      
გერონტი ქიქოძე


1954 წლის 12 მარტი


No hay comentarios.:

Publicar un comentario