sábado, 28 de enero de 2012

ქართული სპორტი საბჭოურ რელსებზე?!


ქართულ საფეხბურთო სივრცეში სერიოზული გამოცოცხლება შეინიშნება. სამამულო მასშტაბებით შესაშური დაფინანსებისა და პირობების მქონე „ზესტაფონს“, სერიოზული გეგმების მქონე ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეემატა (ანგარიშგასაწევია რუსთავის „მეტალურგიც“), თუმცა პროცესი ამით არ დამთავრებულა.
მალე მათი რიგებში რადიკალურად განახლებული გორის „დილაც“ ვიხილეთ. გამოცდილი ლეგიონერების დაბრუნებამ და ფულის ჩადებამ, გააჩინა მაყურებლის სტადიონზე დაბრუნებისა და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის დონის ამაღლების მოლოდინი. მაგრამ საინტერესოა რის ფასად, ან რა მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. შევეცდებით ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და განვიხილოთ საქართველოში სპორტის სამი პოპულარული სახეობის: ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის მაგალითზე.
სპორტის მასობრივი სახეობები ყოველთვის იყო პოლიტიკის ნაწილი და ისინი სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. ამას გარდა საუკუნეთა მიჯნაზე გამოიკვეთა ახალი ტენდენცია: სპორტი გადაიქცა დიდ ბიზნესად, სადაც მილიარდები ტრიალებს. ამას ბევრგან მიხვდნენ და ახლებურად გადაეწყვნენ, მაგრამ ჩვენში ჯერჯერობით, როგორც ჩანს ბოლომდე არ ან ვერ.

საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა, არსებობდა ე. წ. უწყებრივი სპორტული გუნდები, ანუ კოლექტივები, რომლებსაც რომელიმე სამინისტრო, ფაბრიკა–ქარხანა ან სხვა რაიმე დაწესებულება „პატრონობდა“. მოსკოვის „ცე–ეს–კა“ არმიის პატრონაჟს ქვეშ იყო, ხოლო მოსკოვის დინამო შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ამ საკავშირო სქემის მიხედვით თბილისის „დინამოც“ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გახლდათ, მაგრამ რეალურად, ცხადია, საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა.
სახელმწიფოს მიერ სპორტული კლუბების შენახვა შევარდნაძის პერიოდშიც ხდებოდა და 2003 წლის შემდეგაც, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ბოლნისის სიონი, რომელსაც გამგეობა და „მადნეული“ აფინანსებდნენ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ეტაპზე მოხდა გადასვლა. ხელისუფლებამ მოისურვა სპორტის ძირითადი სახეობების კონტროლი და ყველა ფედერაციაში თავისი კაცი დასვა. (ჭიდაობა: კახა გეწაძე, კრივი: პეტრე ცისკარიშვილი და სხვ). ფეხბურთი, საერთოდ დიდი ვნებათა ღელვის მიზეზი გახდა. (იგულისხმება ახალკაცი–ნემსაძის დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე.) და სხვ.
2011 წლიდან ხელისუფლების სპორტული აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა და ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
ფეხბურთი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითავა  დააფინანსოს გორის „დილა“ (თუმცა, ითქვა რომ ფულს კერძო კომპანიებიც ჩადებენ, ან „ჩაადებინებენ“). ამ პროექტის მიხედვით უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი და რუსული პრემიერლიგის „ვოლგადან“ სოსელოს ქალაქს მიაშურეს ქართული საზომით ისეთმა სახელიანმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან: ხოჯავა, სალუქვაძე, ვაწაძე, არზიანი, ასევე დინამოდან გადავიდა კახელიშვილი.
კალათბურთი – აქ განსაკუთრებით გამორჩეულია გუნდი „არმია“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს და პარტიულ–ამხანაგური წესიც დაცულია. გუნდის სათავეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფრიად დაახლოებული, მაგრამ სამწვრთნელო ასპარეზზე გამოუცდელი, კოტე ტუღუში დგას. დაფინანსება, კი საკმაოდ სოლიდურია, რადგან კლუბმა NBA–ში არსებული ლოკაუტის გამო „ნიუ ჯერსი ნეთსის“ მცველი სანდიეტა გეინსი შეიმატა, რომელსაც თვეში 25 ათას დოლარს უხდიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სოხუმის“  ამერიკელი ლეგიონერები 15–17 ათას დოლარს იღებდნენ თვეში და დაახლოებით ამდენს, თუ მეტს არა, აიღებდნენ „არმიის“ სხვა ამერიკელები მოთამაშეები. 
ცალკე თემაა გულშემატკივრობა. ევროჩელენჯზე არმიის 3 მატჩს დავესწარი სპორტის სასახლეში და, უნდა ითქვას, რომ ხელოვნურობა თვალში საცემი იყო. 10 000 კაციანი დარბაზის ¾ ეკავათ  ჯარისკაცებს და თავდაცვის უწყებაში მომუშავე ადამიანებს. ყველაფერი ძალიან შორს იყო სპორტული ატმოსფეროსგან. ამას ბევრად სჯობდა „სოხუმის“ საშინაო მატჩზე მოსული 3000 მაყურებელი, რომელიც ბუნებრივად ქომაგობდა გუნდს.
 გუნდი ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელსაც „არმიასთან“ შედარებით მოკრძალებული მიზნები აქვს და აქცენტს უფრო ადგილობრივ ახალგაზრდებზე აკეთებს.
რაგბი – აქაც თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს, რომელმაც შარშან დააფუძნა სარაგბო კლუბი „არმია“, რომელმაც გამართულ სამივე ტურნირში იმარჯვა და წელს ევროჩლენჯზე გასვლასაც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ რაგბს შედარებით ნაკლები თანხები სჭირდება (ხელფასი 2000–3000 ლარი), მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი მთლიანად ქართველ მორაგბეებზეა გამახვილებული (რაგბი ყველაზე ნაციონალური სპორტის სახეობაა) და შეიძლება ეს პროექტი სამთავროპო სპორტულ კლუბებს შორის ყველაზე წარმატებულად მივიჩნიოთ, მაინც გვგონია, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია.
ამგვარი დამოკიდებულებით, რომელსაც ამჟღავნებენ ქვეყნის ძალოვანი უწყებები, საქმე გვაქვს მიზნობრივად გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ჩოხასავით მორგებასთან. სახელმწიფოს მხრიდან ფაქტიური უკონტროლობის პირობებში ხდება საკუთარი სურვილითა და გემოვნებით თანხების უკონტროლო ხარჯვა, რასაც არ მოაქვს სპორტის განვითარებისთვის შედეგი და ამ ფულის გამოყენება შეიძლება ბევრად უფრო ეფექტურად. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ სახეზეა საქმისადმი საბჭოური, დრომოჭმული მიდგომები. ასეთი ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და ექნება მხოლოდ PR სახე.

No hay comentarios.:

Publicar un comentario