სპორტი და ფული
საკმაო ხანია, დაახლოებით 15-17 წელია, სპორტს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს (განსაკუთრებით ფეხბურთს) და როდესაც ვადარებ ახლანდელ ჩემს დამოკიდებულებას, ვხედავ რომ ბევრი რამ შეიცვალა და შეიცვალა უარესობისკენ, რამაც რაღაცნაირად ამიცრუა კიდეც გული ფეხბურთზე.
სპორტის ნებისმიერი სახეობის უმთავრესი მიზანი გარდა ფიზიკური გაჯანსაღებისა არის თვითონ თამაშის იდეა, რომელიც დასაწყისში მოკლებული იყო ყველანაირ ფინანსურ-კომერციულ დატვირთვას. ფინანსური მხარე მაშინ ხდება აქტუალური, როდესაც სპორტის სოციალიზაციის ხარისხი მაღალია, თუმცა ფეხბურთში XXI საუკუნეში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დიდი ხანია ცნობილია რომ სპორტი, ამავე დროს, დიდი ინდუსტრიაა, მაგრამ პოპულარულ სახეობებში (კალათბურთსა და რაგბში, რომლებსაც ქვემოდ შევეხებით) სპორტული პრინციპი მაინც დაცულია.
ფეხბურთის ფილოსოფია მარტივია. ესაა ლამაზი თამაში, სადაც უმთავრეს როლს ასრულებდა მაყურებელი და იღებდა სიამოვნებას. იგი იყო, და დღესაც არის, უამრავი ადამიანის ცხოვრების წესი, სიხარულისა და მწუხარების წყარო.
ამ სპორტის მასშტაბების ზრდამ და იმან რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიადის დონის ღონისძიებაა, და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ხელი შეუწო კომერციალიზაციას. უმთავრესი მიზეზი მაინც უეფა და ფიფაა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის კორუფციაზე ღიად საუბრობენ. არასწორმა მიდგომამ ფეხბურთი გადააქცია დიდი ფულის საკეთებელ მანქანად, თავისი ტოტალიზატორებითა და კლუბების მილიარდელი მფლობელებით. იატაკქვეშა ტოტალიზატორებზე რამოდენიმე ათეული წლის წინაც საუბრობდნენ (განსაკუთრებით იტალიაში), მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ღიად ხდება და ამის მაგალითად საქართველოს ჩემპიონატიც გამოგვადგება და განსაკუთრებით რუსული პრემიერლიგაც, სადაც დიდი ფული ტრიალებს და თამაშების „გამაზვა“ ჩვეულებრივი ამბავია;
ცალკე თემაა კლუბის მილიარდელი მფლობელები, რომლებიც ძირითადად ინგლისურ ფეხბურთს ეტანებიან, რადგანაც ესპანეთში კლუბის აქციები სოსიოების, ანუ მეპაიეების ხელშია, რომელთა რაოდენობა ხანდახან 1000 აჭარბებს. ამ შემთხვევაში კი ძნელია მოლაპარაკება და კლუბის შეძენა. იტალიაში კლუბები ოჯახური კლანების ხელშია, რომელთათვისაც ეს ბიზნესია და ამავე დროს მათ არანორმალურადაც უყვართ ფეხბურთი და ზოგიერთი მათგანი (მორატი, ანიელი) ნახევარ საუკუნეზე მეტია ფლობს გუნდს. დარჩა ინგლისი, სადაც მოდიან გლეიზერები და არაბი შეიხები. თუკი ამერიკელისთვის სოკერი (ამერიკელები ასე ეძახიან ფეხბურთს) მხოლოდ სარფიანი ბიზნესია, არაბისთვის გართობისა და პრესტიჟის საქმეა და რა ბედენაა რამდენიმე ასეული მილიონის გადაგდება საკუთარი სიამოვნებისთვის.
ფაქტობრივად, ფეხბურთი მიშვებულია, არ არსებობს არანაირი ფინანსური შეზღუდვა სახელფასო ფონდზე და კლუბის ბიუჯეტზე. თამაშის იდეა სადღაც დოლარებისა და ევროების დასტებს შორის იკარგება. ფეხბურთელი აღარ ფიქრობს, რომ კლუბს უერთგულოს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხელფასი აქვს. ის ფიქრობს უკეთესი და ხშირად ასტრონომიული ანაზღაურების გამო, (კვირაში 50 დან 120 ათას ფუნტამდე) ხშირ შემთხვევაში, შედარებით ნაკლებადტიტულოვან კლუბში გადავიდეს. უკან იწევს ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება კლუბის, ხშირ შემთხვევაში სუკუნოვანი, ტრადიცია და მისი პატივისცემა.
განსხვავებული სიტუაციაა კალათბურთში, განსაკუთრებით NBA-ში. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ფული ტრიალებს აქ მაინც დაცულია სპორტული პრინციპი და მე მაგალითად არასდროს მსმენია საუბარი გარიგებული მატჩების შესახებ. ფინანსური საკითხიც დარეგულირებულია. არსებობს ერთგავრი „სახელფასო ჭერი“ რომელიც სეზონის მანძილზე ყველა გუნდმა უნდა დაიცვას, ანუ დაწესებული სახელფასო ფონდის მაქსიმალური ზღვარი გაანაწილოს გუნდზე. ხოლო თუკი გადაცდება ამ ზღვარს, მაშინ რამდენითაც გადაცდება ერთი იმდენ თანხას იხდის ლიგის ბიუჯეტში. აღარაფერს ვამბობ თამაშის ესთეტიურ მხარეზე, რომელიც ამ სახეობას ლამაზ შოუდ აქცევს ხოლმე. მაგრამ უმთავრესი ალბათ ისაა, რომ ამერიკელები მას განიხილავენ, როგორც ნაციონალურს სპორტის სახეობას (ამერიკელმა ნეისმიტმა მოიგონა კალათბურთი) უფრთხილდებიან მას.
საინტერესო და სპეციფიკურია რაგბი. რომ შევადაროთ მორაგბეებისა და ფეხბურთელების ხელფასები გაგეცინებათ. ჯერ არცერთ მორაგბეს არა აქვს მილიონიანი ხელფასი, ხოლო წამყვანი ევროპელი მორაგბეების თვიული ანაზღაურება 30 ათას ევროს არ სცილდება, როცა ბევრ ფეხბურთელს ამხელა ხელფასს ერთ კვირაში იღებს. ეს ალბათ განაპირობებს კიდეც იმას რომ რაგბის მთავარი იდეა მყარად დგას და უმთავრესი კვლავ თამაში და მისი ფილოსოფიაა, თამაშის მერე საპატიო დერეფნითა და მესამე ტაიმით.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ირლანდიის რაგბის კავშირი საკუთარ მორაგბეებს დამატებით ხელფასს უხდის, რათა მათ არ დატოვონ ირლანდია და ფინანსურად უფრო გამართულ სარაგბო ლიგებს არ მიაშურონ და უნდა ითქვას, რომ ეს წესი ამართლებს. ირალდიელების უმრავლესობა საკუთარ კლუბებში გამოსვლას ამჯობინებს უცხოეთში წასვლას და საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავს.
რაგბის მაინც ყველაზე უფრო კონსერვატიული სტრუქტურით გამოირჩევა და იქ გუნდებს შორის მკაცრი რანგირება არსებობს. ამგვარი სისტემა ხელს უშლის მის გამასობრიოებას და შესაბამისად ინტერესიცა და ფულიც ფეხბურთთან შედარებით ნაკლებია.
საბოლოო ჯამში პრობლების გასაღები ალბათ ფინანსურ რეგულაციაში, რამაც ფეხბურთი გარკვეულ კალაპოტში უნდა მოაქციოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტად მოხდება მისი გაუცხოება თამაშის მთავარი იდეისგან და ფეხბურთელი საბოლოოდ გადაიქცევა არა საკუთარი სიამოვნებისათვის მოთამაშედ, არამედ მილიონების მომხვეჭ სუბიექტად.
No hay comentarios.:
Publicar un comentario