ნაციონალური, ანუ ეროვნული იდენტობა გულისხმობს ისეთი ტიპის მახასიათებლების ერთობას, რომელიც ქმნის კონკრეტული ერის სახეს. აქ ძირითადად იგულისხმება ენა, კულტურა, ტრადიცია, რელიგია, ისტორიული მახსოვრობა და სხვ. ნაციონალურ ჭრილში ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა სპორტი, რომელთან
დაკავშირებულ რამდენიმე ასპეტს ქვემოთ შევეხებით.
დაკავშირებულ რამდენიმე ასპეტს ქვემოთ შევეხებით.
სპორტი, გარდა იმისა, რომ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დიდი ხანია გასცდა ამ საზღვრებს და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. დღეს ხშირად ცდილობენ ეს ორი სფერო ერთმანეთისგან გამიჯნონ და სპორტი მხოლოდ კეთილშობილური იდეების მატარებლად და მშვიდობის ელჩად წარმოაჩინონ, მაგრამ ეს რომ ასე არ არის ამას ყველა ხედავს.
პოპულარული სპორტის სახეობები, ჩასახვის ადგილის მიუხედავად, ძირითადად უნივერსალური ხასიათისაა, თუმცა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი მასში ხედავს თავისი ხასიათის ნაწილს და სულისკვეთებას. ეს განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როდესაც რომელიმე სპორტის სახეობის სოციალური დატვირთვა მაღალია. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ნიმუშად ფეხბურთისც გამოგვადგება. ფეხბურთი დიდი ხანია სპორტი აღარაა, ის მილიონობით ადამიანისათვის ცხოვრების წესია, სიხარულისა თუ მწუხარების წყაროა. და ფეხბურთი, იმის მიხედვით თუ როგორი სტილისაა ეროვნული ხასიათის ნაწილიც გახლავთ.
სპორტის ინდივიდუალურ თუ გuნდურ სახეობებში განივთებულია ამა თუ იმ ნაციის ხასიათი და ტემპერამენტი. მაგალითად ფეხბურთი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბრაზილიური იდენტობის ნაწილად, ისევე როგორც კალათბურთი ამერიკული იდენტობის ნაწილად, ხოლო რაგბი ახალი ზელანდიურის. ამასთან ერთად ჩვენთვის საინტერესოა იდენტობის ორი ტიპი:
1. სადაც ჩანს დიდი სახელმწიფოს („დერჟავის“) დამოკიდებულება სპორტისადმი;
2. პატარა და სუსტი სახელმწიფოს დამოკიდებულება სპორტისადმი;
სპორტში, ისევე როგორც პოლიტიკაში, სხვადასხვა სიძლიერის მოათამაშეებს სხვადასხვა მიზნები და ამბიციები აქვთ. მაგალითად ზესახელმწიფოთა მიზანს პირველობისთვის ბრძოლა წარმოადგენს. ამგვარი პაექრობის კლასიკური მაგალითია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარე ოლიმპიური თამაშები (თუმცა მანამდე 1936 წელს ჰიტლერს ჰქონდა ბერლინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პოლიტიზაციის აქტიური მცდელობა, სადაც ცდილობდა „არიელთა რასის“ უპირატესობის დამტკიცებას).
სპორტის პოლიტიზირება განსაკუთრებით ტოტალიტარულ ქვეყნებს ახასიათებთ, რომლებიც უფრო მეტად ცდილობენ ამ სფეროში მიღწეული წარმატებებით დაამტკიცონ თავიანთი პოლიტიკურ–იდეოლოგიური უპირატესობა მოწინააღმდეგეზე. მაგალითად, სტალინმა 1948 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე უარი თქვა, რადგან სპორტსმენთა მომზადების დონის გამო, არ ჰქონდა გარანტია იმისა, რომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, რომელიც ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, საბჭოთა კავშირი პირველ ადგილს დაიკავებდა. მან ეს გარანტია მომდევნო, 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო და საბჭოეთმაც გუნდურ ჩათვლაში საკმაო უპირატესობით აჯობა კაპიტალისტურ ქვეყნებს და, მათ შორის, მის მთავარ მოწინააღმდეგე აშშ–ს. ეს „ოლიმპიური დაპირისპირება“ გრძელდებოდა „ცივი ომის“ დასასრულამდე. ცხადია დღეს ეს ბრძოლა იდეოლოგიურად ისე დატვირთული აღარაა, თუმცა, პოლიტიკით საკმაოდ შეზავებული კონკურენცია, კვლავ შენარჩუნებულია და საბჭოთა კავშირის ადგილი ამჯერად ჩინეთს უჭირავს.
სპორტის ამა თუ იმ სახეობის პოლიტიზირებას ხელს უწყობს არსებული გლობალური პოლიტიკური თამაშის წესები, სადაც მიუხედავად დეკლარირებული თანასწორობის პრინციპისა, ძალის პოლიტიკაა გამეფებული და დიდი და ძლიერი ჩაგრავს პატარასა და სუსტს. ხოლო ერთადერთი ადგილი, სადაც მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ძალები ყოველთვის თანაბარია, გახლავთ სპორტული არენა, სადაც პატარა და სუსტ ქვეყანას აქვს შანსი და არნახული მოტივაცია, პატიოსან და თანაბარ ბრძოლაში დაამტკიცოს თავისი სიძლიერე. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
1. ესპანეთში, ფრანკოს რეჟიმის დროს, კატალონიელებისათვის, რომლებიც არსებული რეჟიმისაგან დაჩაგრულად მიიჩნევდნენ თავს საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ და სტადიონი „ნოუ კამპი“ იყო ის ადგილი, სადაც ისინი სრულფასოვან რევანშს იღებდნენ მოსისხლე მადრიდის „რეალზე“ და მწვანე მინდორზე, ნამდვილი ბრძოლით მოპოვებული გამარჯვებით, ანსახიერებდნენ კატალონიელთა ხასიათის საუკეთესო თვისებებს. ამიტომაც „ბარსა“ იქცა მათ სახედ და სალოცავ ხატად. ამიტომსც დღეს კატალონია და საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ხშირად განუყოფელია;
2. კიდევ უფრო კარგი მაგალითია 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადა. ამ წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირის ჯარებმა ბუდაპეშტში სისხლში ჩაახშვეს სახალხო გამოსვლები. უნგრელთა ამ ბრძოლას თავისუფლებისათვის 2500 კაცი შეეწირა. ცხადია ძალთა თანაფარდობა განუზომლად დიდი იყო და მადიარები დამარცხდნენ, მაგრამ ერთი ბრძოლა წინ იყო. ბრძოლა შედგა აუზში, სადაც წყალბურთში, ნახევარფინალურ მატჩში, ერთმანეთის პირისპირ დადგნენ უნგრეთისა და საბჭოთა კავშირის გუნდები (საბჭოთა კავშირის ნაკრებში ორი ქართველი ნოდარ გვახარია და პეტრე მშვენიერაძე თამაშობდნენ). უნგრეთისათვის ეს იყო ღირსების მატჩი და მათ ეს მატჩი 4–0 მოიგეს. მადიარებმა გამართეს ნამდვილი ბრძოლა. მელბურნის ოლიმპიური აუზი სისხლით შეიღება. მათ დაიცვეს ნაციის ღირსება და მსოფლიოს დაანახეს, რომ უნგრეთი არ აპირებდა დანებებას.
3. 2008 წლის აგვისტო. რუსული-ქართული სამხედრო დაპირისპირების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველთა გამოსვლას. გარდა საერთო წარმატებისა განსაკუთებული ფასი დაედო რუსულ–ქართულ დაპირისპირებას სპორტულ არენაზე. ასეთი კი შემთხვევა დაფიქსირდა ძიუდოში, როდესაც 90 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთის პირისპირ დადგნენ ირაკლი ცირეკიძე და პუტინის ფავორიტი ფალავანი ივან პერშინი. ცხადი იყო, ამ დაპირისპირებას საომარი მოქმედებების ექოც თან ახლდა. იმ წამს ცირეკიძე იყო სიმბოლო მებრძოლი საქართველოსი და მას არ ქონდა თავისი გაწამებული მოქალაქეების გაწბილების უფლება. ასეც მოხდა და მან ბოჭვით ბეჭებზე გააკრა ივან პერშინი, რითაც სიამაყის ბოღმანარევი ცრემლი მოჰგვარა ბევრს და ოდნავ მაინც ამოასუნთქა ომით დაზაფრული მოსახლეობა.
დამოუკიდებლობის არარსებობის პირობებში ეროვნული ღირსების ნაწილს წარმოადგენდა თბილისის „დინამო“, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო და მათი გამარჯვება საკავშირო თუ თუ საერთაშორისო მასშტაბით საერთო ნაციონალურ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე. ფეხბურთელებს კარგათ ესმოდათ, რომ „დინამო“ გუნდზე მეტი იყო და ერის ღირსებას იცავდა. მაგალითად მეკარეს ხშირად ეუბნებოდნენ რომ ის 7,32 სანტიმეტრიან რკინის კონსტრუქციაში კი არ იდგა არამედ დარიალის კარში.
დღევანდელ პირობებში ფეხბურთის ადგილი რაგბმა დაიკავა. განსაკუთრებით რაგბში გამოვლინდა ქართული ხასიათის ის საუკეთესო თვისებები, რომლებიც სხვაგან ნაკლებად ჩანს. თავიდანვე სპორტის ეს სახეობა არ იყო განებივრებული ყურადღებით. მოთამაშეებს არც პირობები ჰქონდათ და არც ნორმალური ანაზღაურება, თამაშობდნენ ასფალტზე ან ტალახში და „ლოკომოტივის“ სათადარიგო მოედანზე თამაში ლამის ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული, მაგრამ მხოლოდ ისინი მღეროდნენ ჰიმნ „დიდებას“ ხმამაღლა, რომელსაც ყველა იწუნებდა და ცრემლებიც მათ მოსდიოდათ.
ყველაზე კარგათ სწორედ რაგბის თამაშისას ჩანს ხოლმე ის სულიერი ერთობა, რომელიც დამყარებულია მოთამაშეებსა და მაყურებლებს შორის. მათ ყველაზე კარგათ აქვთ გათვიცნობიერებული, რომ ეს მხოლოდ თამაში არაა და ამის უკან დგას ქვეყანა და მისი ღირსება. ამას წინათ „ლელომ“ გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფორუმელის („იუნკერის“) სიტყვები სადაც იგი სავსებით მართებულად ამბობს: „ჩემი აზრით, არაფერი ისე ქართული არაა, როგორც რაგბი! და არსად, ჭიდაობის გარდა, არ აისახება ქართული სული და შემართება, როგორც რაგბიში. ვისაც გინდათ დამცინეთ ან გამაქილიკეთ, მაგრამ ჩვენი მორაგეების ნებისმიერი თამაშისას იმ სულს ვგრძნობ, რომლითაც ლუარსაბ პირველი შეტევას იწყებდა. მორაგბეები ჩემთვის არიან ლუარსაბ მეფის მოლაშქრეები - სრულიად თავზეხელაღებული, უფრო მეტიც, სრულიად შეურაცხადი ტიპები, რომლებიც ტყე-ღრეში ცხოვრობდნენ (ტალახში ვარჯიშობდნენ), მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი იდეის - საქართველოს გამარჯვების სჯეროდათ და არაფერი აბრკოლებდათ და მიდიოდნენ ამ მიზნისკენ! მათმა (ლუარსაბ მეფის მოლაშქრეთა) ძალისხმევამ გადაარჩინა საქართველო.“
მოთამაშეები და მაყურებელი სტადიონზე ქმნიან სულიერ ერთობას და ერთგვარად განასახიერებენ საკუთარ სამშობლოს. ორივე მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. მაყურებელი ვალდებულია ბოლომდე უქომაგოს საკუთარ გუნდს, რომელიც წარმოადგენს მის ქვეყანას, ხოლო გუნდი (ნაკრები) ვალდებულია დაიხარჯოს ასევე ბოლომდე და ღირსეულად ატაროს საკუთარი ქვეყნის მაისური. როგორც ვთქით, ესაა ერთგვარი პასუხისმგებლობა, სადაც ორივე მხარეს აქვს თანაბარი წილი და ვალდებულება ქვეყნის წინაშე. ასეთი დამოკიდებულება ყველაზე კარგად სწორედ მორაგბეებს აქვთ შეგნებული და სულ ცოტა 15 წელია ამით გვანებივრებენ.
![]() |
| ლევან ცაბაძე ტირის ჰიმნზე - 2003 წელი, გადამწყვეტი მატჩი რუსეთთან |
წარმატებები სპორტის გუნდურ სახეობებში კიდევ ერთ საქმეს ემსახურება: თითოეული საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება და დიდ სპორტულ ფორუმებზე ასპარეზობა რამდენადმე აბალანსებს წარუმატებლობებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. ამგვარი წარმატებები კიდევ უფრო კრავს ნაციას ერთ მუშტად და ხელს უწყობს მის კონსოლიდაციას. ასევე სპორტული წარმატებები ამსხვრევს არასრულფასოვნების კომპლექსს, რომელიც სახელმწიფოებრიობის არქონითა და სამხედრო–პოლიტიკური მარცხითაა განპირობებული. ის იმედით ავსებს საზოგადოებას, უყალიბებს გამარჯვებულის ფსიქოლოგიას, არწმუნებს საკუთარ ძალებში და ეუბნება, რომ ყველაფერი მის ხელთაა, რომ მას ბრძოლით შეუძლია გადალახოს პოლიტიკური თუ სხვა სახის წინაღობა და მიაღწიოს მიზანს.


No hay comentarios.:
Publicar un comentario