lunes, 18 de julio de 2016

საფეხბურთო წარმატება (მარცხი), როგორც პოლიტიკური წარმატება (მარცხი) - ნაწილი პირველი

ტოტალიტარული რეჟიმები ფეხბურთს შეძლებისდაგვარად იყენებდნენ, როგორც სოციალურ ნარკოტიკს. პოლიტიკოსებისათვის საფეხბურთო წარმატებებს სხვა მოედნებზე განცდილი ფიასკოების კომპენსაციის ფუნქცია ჰქონდა. ეს ფეხბურთის პოლიტიზირებას ნიშნავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა თქვა: „სპორტულ წარმატებას შეუძლია ისეთივე სამსახური გაუწიოს ერს, როგორც ომში გამარჯვებამ“.
ამ აზრს ლათინური ამერიკის ისტორიაშიც ჰქონდა საკმაო გამოძახილი, სადაც: „ზღვარი ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის იმდენად მცირეა, რომ თითქმის არ ჩანს“. მეოცე საუკუნის შუა პერიოდსა და  მიწურულში ბევრი დიქტატორული რეჟიმი საკმაო თანხებს ხარჯავდა ეროვნული ნაკრებების წარმატებისათვის. ბრაზილია ურუგვაი და ჩილე არიან „ეროვნული ფეხბურთის“ (nacionalfutbolismo) მაგალითები, თუმცა მათთან შედარებაც კი არ ღირს იმ თანხებისა, რაც გენერალმა ხორხე რაფაელ ვიდელამ დახარჯა 1978 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისათვის. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეს ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტის 10% შეადგენდა.
სამხედრო ხუნტამ ეროვნული რეორგანიზაციის სახელით ცნობილი პროცესის შემდეგ, 1976 წლის 24 მარტს ხელში აიღო ძალაუფლება. მასში შედიოდნენ: შეიარაღებული ძალების სარდალი ხორხე რაფაელ ვიდელა, ადმირალი ედუარდო ემილიო მასერა და საჰაერო ძალების სარდალი ორლანდო რამონ აგოსტი. სამეულმა მანდატი შეუჩერა ხუან დომინგო პერონის ქვრივ მარია ესტრელა დომინგესს, რომელიც 1974 წლის 1 ივლისიდან მართავდა ქვეყანას.
ხუნტის ლიდერები: მასერა, ვიდელა და აგოსტი
ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ  ხუნტის ლიდერმა ვიდელამ მთავრობა სამხედროებით დააკომპლექტა (სახმელეთო ჯარი, საჰაერო ძალები, ფლოტი). დაუყოვნებლივ გაუქმდა სახალხო ჩართულობის ნებისმიერი ფორმა და გაიცა კონგრესის დაშლის განკარგულება. აკრძალეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, დაშალეს უზენაესი სასამართლო. მოხდა პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევა და მუშათა უფლებების შეკვეცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაწესდა შეზღუდვა და აიკრძალა გაფიცვები.
ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენინე თვის შემდეგ დაიწყო დევნის კამპანია, რომლის დროსაც ხდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა, წამება და გაუჩინარება. 1977 წელს ქვეყანა გარიცხეს გაეროდან და მთავრობას ბრალი დასდეს 2300 ადამიანის მკვლელობაში, 10 000 კაცის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებსა და და 20 დან 30 ათასამდე ადამიანის გაუჩინარებაში.
ასეთ ვითარებაში სამხედროებმა გაათვიცნობიერეს, რომ მათ მიერ „საყოველთაო დღესასწაულად“ მონათული 1978 წლის მუნდიალი ძალიან კარგი მანევრი იყო ქვეყნის შიგნით ყურადღების გადასატანად, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე არგენტინის იმიჯის გასაუმჯობესებლად. მსოფლიო ჩემპიონატი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხად იქცა. სახელმწოფო გადატრიალებიდან მცირე ხანში დაიწყო ოპერაცია „მსოფლიო თასი“. ოფიციალურად შეიქმნა ორგანო - Ente Autárquico Mundial 78 (EAM 78), რომლის მიზანიც ჩემპიონატის ორგანიზება და ფინანსების განკარგვა იყო.
მას მეთაურობდა გენერალი ომარ აკტისი, ხოლო მისი მოადგილე კაპიტანი კარლოს ალბერტო ლაკოსტე იყო. აკტისი წესრიგის მომხრე, ხოლო ლაკოსტე უფრო მფლანგველი იყო. აკტისის სიკვდილით დასჯის შემდეგ, გენარლმა ანტონიო მერლომ მის ადგილას ლაკოსტე დანიშნა. ტურნირის ორგანიზებისათვის 520 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ასეთი ბიუჯეტით 1982 წელს ეპანეთში გამართული ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი. გადაჭარბებული დანახარჯის შესახებ ვიდელა გააფრთხილა ეკონომიკის მინისტრმა ხოსე ალბერტო მარტინეს დე ოსმა. თუმცა გენერალმა მარტივად უპასუხა: „ასი მილონით მეტიც რომ დახარჯულიყო, მაინც სასარგებლო იქნებოდა არგენტინისთვის“.
„ურაკანის“ მარჯვენა ლატერალმა ხორხე კარასკოსამ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ მატჩებში, მუნდიალის წინ გუნდი დატოვა, მიზიზი ტურნირის პოლიტიზირება იყო. “არანაირად არ მსურდა პოლიტიკური დიქტატურის ისნტრუმენტი ვყოფილიყავი“. არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ საფეხბურთო ფორუმის გახსნის წინ თქვა: „თუ ჩემპიონატის ორგანიზების გარდა ქვეყნის რეიტინგი აიწევს, არგენტინელი ხალხი ბევრი პრობლემა მოგვარდება“.
პირველი რაც ქვეყნის მმართველებმა გააკეთეს იყო აშშ-ში საკონსულტაციო ფირმის Burson-Marsteller & Asociados დაქირავება, რომელიც მთავრობის იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავდა. აკეთებდა ქვეყნის რეკლამას და იბრძოდა, როგორც სამხედროები ამბობდნენ: „საზღვრებს გარედან მართული ანტიარგენტინული კამპანიის წინააღმდეგ“. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჰოლანდია და საფრანგეთი საუბრობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და „საკონცენტაციო ბანაკებს შორის ჩასატარებელი მსოლიო თასის ბოიკოტის“ იდეაც ჰქონდათ.
1 ივნისს, გახსნის საზეიმო ცერემონიალს „მონუმენტალის“ სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი დაესწრო. ჰიმნის შემდეგ დაიწყო გამოსვლები. პირველი სიტყვა წარმოთქვა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის საფინანსო ნაწილის უფროსმა ალფრედო კანტილომ.
1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა
მისი გზავნილი ნათელი და მარტივი იყო: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მშვიდობისმოყვარე მიწაზე. თავისუფლებას და სამართლიანობას თავად შიგრძნობთ“, თქვა მან. შემდეგ სიტყვა აიღო ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა. ბოლოს ვიდელას რიგიც დადგა, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ღონისძიება და განაცხადა რომ: „ეს არგენტინელი ხალხისთვის საზეიმო დღეა, რომელიც გამორჩეულია რაინდული სპორტული დაპირისპირებით და ადამიანებსა და ხალხებს შორის მეგობრობით“.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა 25 დღის მანძილზე 5 ქალაქში მიმდინარეობდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ტურნირის დაწყებამდე საკმაოდ  ადრე, ოფიციალური ცირკულარით, გააფრთხილეს, თუ როგორი ხასიათის მასალა გაეშუქებინათ. ჟურნალ Goles Match-ის რედაქციაში შემეგი სახის გზავნილი მიიღეს: „ჩვენი პოლიტიკური პუბლიკაციების ხაზი უნდა იყოს ზომიერი ყველა იმ ადამიანის, ინსტიტუტისა თუ ჩინოვნიკის მიმართ, რომელიც დღეს წყვეტენ სახელმწიფოს ბედს და მომავალში განსაზღვრავენ მისი განვითარებას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელი იქნება ყველა ის ჟურნალისტური პუბლიკაცია, რომელიც ხელს შეუშლის სოციალურ  მშვიდობასა და ეროვნულ ერთიანობას.“
            Radio Splendid-ის ოფისებშიც მსგავსი შეტყობინებები მივიდა: “პატრიოტული სულისკვეთების გათვალისწინებით მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, არც ერთ პროგრამაში არ უნდა დაფიქსირდეს ეროვნული ნაკრების კრიტიკა.“
            რეჟიმის მიერ ღონისძიებები კარგად იყო დაგეგმილი და შედეგმაც არ დააყოვნა. ვიდელას მუსლონის მსგავსად საკუთარი მუნდიალი სურდა და მიაღწია კიდეც. არგენტინამ პირველ ეტაპზე მოუგო უნგრეთსა და საფრანგეთს (ორივეს 2-1) და დამარცხდა იტალიასთან (1-0). მეორე ეტაპზე დაამარცხა პოლონეთი (2-0), ფრედ ითამაშა ბრაზილიასთან (0-0). პერუსთან სჭირდებოდა ოთხბურთიანი სხვაობით მოგება და გაიმარჯვა კიდეც 6-0. ეს მატჩი გარდა ანგარიშისა სხვა რამითაც აღმოჩნდა დასამახსოვრებელი - პერუს ნაკრების მეკარე კიროგა არგენტინაში იყო დაბადებული.
            25 ივნისს „მონუმენტალზე“ ფინალში ერთმანეთს არგენტინა და ჰოლანდია შეხვდნენ. წინა დღეს La Prensa ცდილობდა გაენეიტრალებინა ევროპიდან მომავალი ნეგატიური პოლიტიკური კომენტარები. „ნიდერლანდებში არსებული ინფორმაციით, არგენტინაში იყო ნამდვილი ფსიქოლოგიური ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ოფიციალური პირები არგენტინის პრეზიდენტის წინაშე. დასავლურ ევროპული გამოცემები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ტირანიული რეჟიმი ცდილობდა მოსახლეობის ჩაგვრა-შევიწროება სხვა თემაზე გადაეტანა. დაჟინებით ადარებდნენ არგენტინის ახლანდელ ვითარებას ნაცისტურ გერმანიას, სადაც 1936 წელს ჩატარდა ოლიმპიური თამაშები. ჩვენი მთავრობა მუშობდა და მუშაობს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და არასდროს უცდია რაიმე ხერხით ხელი შეეშალა მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისათვის“.
            არგენტინელებისათვის მატჩი კარგად დაიწყო. 37-ე წუთზე თავი მარიო კემპესმა გამოიჩინა. თამაშის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე, როდესაც ყველას ყველაფერი დამთავრებული ეგონა, დიკ ნანინგამ თავური დარტმით გაათანაბრა ანგარიში. დამატებით დროში თავი ისევ კემპესმა და შემდეგ ბერტონიმ  განმოიჩინეს და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირეს.
მარიო კემპესი
არგენტინამ მოიგო და ეს გამარჯვება იყო „პირველი კოლექტიური სიხარული 50 წლის პოლიტიკური იმედგაცრუებებისა და დაღმასვლის შემდეგ“. 25 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მოზეიმეთაგან ბევრი გადატრიალების შემდეგ იმალებოდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არსებულ რეჟიმს ემსახურებოდნენ. ჟურნალი El Gráfico ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო: „უცხო ქვეყნების პრესა თვეების მანძილზე ბოროტი განზრახვით სიცრუეზე აგებულ კამპანიას აწარმოებდა არგენტინის წინააღმდეგ,  თუმცა ჩატარებულმა ფორუმმა, მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის რეალური სურათი, ასევე მნიშვნელოვანი საქმეების კეთების უნარი და პასუხისმგებლობა უჩვენა“.
            „ვიდელიზმმა“ თავისი გაიტანა. ფეხბურთი დანარჩენ მსოფლიოში ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. ფილოსოფოსი ხუან ხოსე საბრელი თავი ნაშრომში „ფეხბურთის ერა“ ამბობს: „1978 წლის მუნდიალი ისტორიაში შევიდა ჰიტლერის ოლიმპიურ თამაშებსა და მუსოლინის მსოფლიო ჩემპიონატს შორის, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური მანიპულაცია“.
            მუნდიალის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს საფეხბურთო წარმატება პოლიტიკური რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება იყო. მიჩნეულია, რომ ტურნირის ორგანიზებით და არგენტინის ნაკრების ტრიუმფით გენერალ ვიდელას სამხედრო ხუნტამ დასახულ მიზნებს მიაღწია. 25 დღის განმავლობაში ქვეყნის პრობლემებმა მეორე პლანზე გადაიწია და ამ სპორტული მიღწევით ეს განწყობა შემდგომაც შენარჩუნდა“.
            1979 წელს 18 წლის მარადონას მეთაურობით არგენტინამ იაპონიაში U-20 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მანამდე კი დიეგო 1978 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდის სიიდან ბოლო წამს ამოიღეს.
მარადონა ახალგაზრდული მსოფლიო თასით
ტურნირს დაემთხვა ბუენოს-აირესში ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OEA) ვიზიტი, რომელსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით უნდა შეესწავლა ვითარება.
            ფინალი 7 სექტემბერს შედგა და ერთმანეთს არგენტინა და საბჭოთა კავშირი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამხრეთ ამერიკელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა. მარადონა ჩემპიონატის აღმოჩენად აღიარეს. მატჩი დასრულდა, ერთი საათი შემდეგ კი მაისის მოედანზე, მთავრობის სახლთან, ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OEA) ოფისი გაიხსნა. როდესაც OEA უგზუკვლოდ დაკარგულთა ნათესავების განცხადებებს უსმენდა, სახელმწიფოს ტელევიზია მხოლოდ არგენტინის ჩემპიონობის თემას აშუქებდა.
            ხელისუფლების მიერ მოხერხებულად მართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მოსახლეობას მოუწოდებდნენ ქუჩებში გამოსულიყვნენ და „ადამიანის უფლებათ კომისიისთვის ეჩვენებინათ თუ რა იყო ნამდვილი არგენტინა და ეზეიმათ ერის ეს საოცარი გამარჯვება“. ჟურნალისტების ჯგუფი დაუყოვნებლივ გაემართა ეროვნული გმირის სახლისკენ, რათა შეხვედროდა ეროვნული გმირის დედას და ოჯახის დანარჩენ წევრებს, რათა მსოფლიოსთვის გადაეცათ არგენტინელი ხალხის სიხარული.
            მანამ სანამ მრავალრიცხოვანი მოზეიმეები მაისის მოედანს იკავებდნენ და გამარჯვების აღსანიშნავად „მარადონა“, „მარადონას“ სკანდირებდნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები დღის პირველი საათიდან OEA წევრებთან შეხვედრას ელოდნენ. კამერებსა და მიკროფონებს, რომლებიც მოზეიმე ხალხის მასაზე იყო მიმართული ისინი არც შეუმჩნევია.
            როდესაც ნაკრები შინ დაბრუნდა, ფეხბურთელები „ვარდისფერ სახლში“ პრეზიდენტმა მიიღო და გულითადი მადლობა გადაუხადა მათ. ეს შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ფრანგმა ჟურნალისმა ჟან პიერ ბუსკემ ეს ეპიზოდი აღწერა როგორც „ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მომენტი არგენტინის რადიოსა და ტელევიზიის ისტორიაში“.
            სამი წლის შემდეგ, 1982 წლის 2 აპრილს, არგენტინის ინტერვენცია მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების დასაბრუნებლად, ბოლო ეპიზოდი იყო ხუნტის ცხოვრებაში, სადაც სახელმწიფო ტელევიზია საჯარისო ნაწილების შეჭრასთან ერთად 1978 წლის მუნდიალის კადრებს აჩვენებდა.  ოკუპაციის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა გუნდმა ამჯერად უკვე მარადონასთან ერთად, სამხედროების მხარდასაჭერად გადაიღეს ფოტო დროშის ფონზე, რომელსაც ეწერა: „მალვინები არგენტინაა!“ უშედეგო დიპლომატიური ნაბიჯების შემდეგ ბრიტანულმა არმადამ მიაღწია ატლანტიკის ოკეანის სამხრეთს და დაიწყო დაბომბვა. 14 ივნისს დაპირისპირება არგენტინის დანებებით შეწყდა.
მალვინების (ფოლკლენდის) ომი
 ბრიტანელებთან მარცხმა, რომელმაც სამხედრო ხელისუფლების დაცემა გამოიწვია, ოთხი წლის შემდეგ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბიძგი მისცა რევანშს. „მალვინების ომის“ მეორე ეტაპი სტადიონ „აცტეკაზე“, ქალაქ მეხიკოში შედგა. არც ერთ შეხვედრას, (გარდა 1969 წელს ჰონდურას-სალვადორს შორის გამართული მატჩისა, რომელიც „საფეხბურთო ომით“ დასრულდა), არ გამოუწვევია ასეთი პოლიტიკური ინტერესი.
            მოსალოდნელი მატჩი გულგრილს არავის ტოვებდა. პრესა წერდა: „უფრო მეტი ვიდრე საფეხბურთო დაპირისპირება“. თამაშამდე მხარეებს სურდათ ვითარების დეპოლიტიზება. ორივე ქვეყნის ელჩები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, არგენტინის პრეზიდენტმა კარლოს ალფონსინიმ დაურეკა მთავრ მწვრთნელს, კარლოს ბილარდოს, რათა ინგლისელთა დამრიგებელთან, ბობი რობსონთან ერთად, ნაკლები მნიშვვნელობა მიენიჭებინა ამ თამაშისათვის. ასეც მოიქცნენ.
            მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნორმალური ვითარება იყო, რეალობა სხვა სურათს იძლეოდა. ამ გამარჯვების მთავარი მოქმედი პირი, მარადონა, მატჩს შემდეგნაირად იხსენებდა: „ეს იყო როგორც ფინალი, ეს იყო გამარჯვება ქვეყნისთვის და არა ფეხბურთისთვის. ჩვენ თამაშამდე ვამბობდით, რომ ფეხბურთს არანაირი საერთო არ ჰქონდა „მალვინების ომთან“, მაგრამ ეს იყო ტყუილი. ამაზე ფიქრის გარდა სხვას არაფერს ვაკეთებდით. ეს იყო უფრო მეტი ვიდრე მატჩის მოგება, უფრო მეტი ვიდრე ინგლისის დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ რაღაცნაირად ვადანაშაულებდით ინგლისელ ფეხბურთელებს იმაში რაც მოხდა, იმ ტანჯვაში რაც არგენტინელებმა გადაიტანეს. ეს სიგიჟე იყო, მაგრამ ასე ვთვლიდით“.
მარადონას "ღმერთის ხელი" ინგლისთან მატჩში


                                                   ფრანსისკო ალკაიდე ერნანდესი
                                  ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა

No hay comentarios.:

Publicar un comentario