ცოტაც
და მთავარი სარაგბო ფორუმი, მსოფლიო თასის გათამაშება ინგლისში სტარტს აიღებს. მილიონობით
ადამიანს და, განსაკუთრებით მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებს, დიდი მოლოდინი აქვთ.
დიდი მოლოდინია C ჯგუფშიც, სადაც საქართველოს გარდა ტონგა, ნამიბია, ახალი ზელანდია
და არგენტინა არიან.
გარდა ამისა რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო საქართველოს,
ახალ ზელანდიას და არგენტინას? სამივე სარაგბო ქვეყანაა, სამივე ღვინის მწარმოებელი
(ზელანდია და არგენტინა ექსპორტიორებს შორის ათეულში შედიან).
ამ მნიშვნელოვანმა საერთო შეხების წერტილებმა
გააერთიანა საქართველოსა და ახალი ზელანდიის საელჩოები და არგენტინის რაგბის კავშირი
„Group C Wine-Out”-ის გარშემო, რომელსაც ჩვენმა საელჩომ უმასპინძლა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მაისურის დამზადება
გადავწყვიტე, რომელზეც მამუკა გორგოძის ფოტო იქნებოდა, მაგრამ „გადამაგდეს“, დაპირებული
ორი დღის ნაცვლად, მითხრეს რომ ექვს დღეში იქნებოდა მზად. არგენტინული „სერვისი“ ქართულზე
უარესია, თუმცა ამაზე სხვა დროს.
აქ ზამთრის ბოლოა, თუმცა აქაური ამინდისთვის
დამახასიათებელი რბილი ამინდის ნაცვლად იმ დღეს ქარი და სიცივე იყო. თუმცა სტუმრები
(დიპლომატიური კორპუსი, ზელანდიური სათვისტომოს წარმომადგენლები, არგენტინული სარაგბო
წრეები) საკმაოდ მოგროვდნენ, რომლებსაც საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული,
არგენტინული და ახალზელანდიური ღვინოები. ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდათ არგენტინულ
კაბერნესა და მალბეკს, მაგრამ უფრო დიდი ინტერესი „ახალმა ხილმა“ - რბილმა ზელანდიურმა
სოვინიონ ბლანმა და ქართულმა მუკუზანის საფერავმა გამოიწვია. ამ უკანასკნელის ღირსებები
ყველამ აღნიშნა.
![]() |
| ახალზელანდიური, არგენტინული და ქართული ღვინოები |
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ელჩებმა
და არგენტინის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს არაუხომ, რომელმაც ბოლოს წარმატება
გვისურვა, მაგრამ ხუმრობით დააყოლა ჩვენთან ზედმეტი არ მოგივიდეთო.
| ახალი ზელანდიის ელჩი ჰეიდენ მონტგომერი, კარლოს არაუხო და საქართველოს ელჩი გელა სეხნიაშვილი |
არგენტინული სარაგბო დელეგაციას კავშირის პრეზიდენტთან
ერთად „პუმების“ ისეთი ყოფილი ვარსკვლავებიც შეადგენდნენ, როგორებიც არიან: შუამარბი
ფელიპე კონტეპომი (მას ყველაზე მეტი, 87 კეპი აქვს მოხვეჭილი ნაკრებში) და შერკინების პირველხაზელი როდრიგო რონსერო.
| ფელიპე კონტეპომი და როდრიგო რონსერო |
| "პუმების" ბურჯი პედრო ლედესმა |
არგენტინელი მორაგბეების დიდი ნაწილი ქართველების
მსგავსად ფრანგულ კლუბებში გამოდის, ამიტომ ერთმანეთს მეტ-ნაკლებად იცნობენ. რონსერომ
იხუმრა მამუკა გორგოძეზე: შერკინებიდან თავი ამოვყავით, ჩხუბი იყო და პირველი ის ვიკითხეთ
გორგოძე სად არისო. გვიპასუხეს ჩხუბობსო. მე ვუთხარი მაშინ ჯობია ჩვენ უსაფრთხო ადგილი
ვიპოვოთო.
ფაქტობრივი
„მესამე ტაიმის“ შემდეგ გადაწყდა რომ ჩვენ და ზელანდიელები ერთად ვუყურებთ საქართველო-ახალი
ზელანდიის ჩვენთვის ისტორიულ მატჩს, თუმცა მანამდე ტონგასთან უმთავრეს შეხვედრაში გვაქ
საომარი, რომელსაც პირადად მე ამდენი ხანია ველოდები და ძალიან ვნერვიულობ. შეიძლება მაგის ბრალიცაა, რომ
ცოტა მშრალად გამომივიდა ამბების აღწერა.
p. s. რაგბი ჩვენი თამაშია

No hay comentarios.:
Publicar un comentario