jueves, 10 de marzo de 2016

რუსული „რბილი ძალა“ და მისი გავლენა მომავალ არჩევნებზე


2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია კარდაკარ დადიოდა და იმ მოქალაქეების ხელმოწერებს აგროვებდა, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. მაშინ ეს საკითხი საზოგადოებაში არ განიხილებოდა, მაგრამ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ დაღმასვლისა და ახალი კოალიციის, „ქართული ოცნების“ უხვად გაცემული დაპირებების ფონზე არ შეეძლო
მოსახლეობისათვის რაიმე ღირებული დაპირებების მიცემა, რაც საარჩევნო ბარიერის გადალახვის საშუალებას მისცემდა.
4 წლის შემდეგ საკითხი პოლიტიკური სპექტრისთვის კვლავ აქტუალური გახდა. ამაში 2013 წლის 17 მაისს განვითარებულმა სამარცხვინო მოვლენებმაც ითამაშა თავისი როლი, როდესაც აგრესიული მრავალათასიანი ბრბო „ქართველობის დაცვის“ მოტივით მზად იყო ჩაექოლა 2-3 ათეული მისთვის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე, თუ მათი მხარდამჭერი ადამიანი. ამ მოვლენამ აჩვენა, რომ საზოგადოების საკმაო ნაწილისათვის წყალგამყოფი სწორედ ამ საკითხზე გადიოდა.
2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთმა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს 2008 წლის ომის გამო მიუღებლად თვლიდა და აცხადებდა, რომ მასთან არ ითანამშრომლებდა, პოლიტიკა შეცვალა და ხისტი ნაბიჯებიდან შედარებით ზომიერ პოლიტიკაზე გადავიდა, რომელსაც „რბილი ძალის პოლიტიკას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას არასამხედრო და უფრო მოქნილი ინსტრუმენტებით.
რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პოლიტიკაში კარგი კალაპოტი იპოვა რუსული „რბილი ძალის“ (soft power)  ნაკადმა, რომელსაც რამდენიმე განშტოება აქვს:
1.  ერთმორწმუნეობის საკითხი, რომელსაც რუსული ისტორიოგრაფია სათავისოდ იყენებდა ბოლო 500 წლის ქართულ-რუსული ურთიერთობების განხილვისას და მას ქართველების მხსნელად წარმოაჩენდა. სამწუხაროა, რომ ეს  ისტორიული კლიშეები, რომელიც გადახედვას ითხოვს, დღესაც ნეგატიურად მუშაობს მოსახლეობის ისტორიულ მახსოვრობაზე (ერთ-ერთი კარგი მაგალითია სტალინი, რომლის დადებით კონტექსტში წარმოჩენასაც დღემდე ცდილობენ).
მართლმადიდებლობის ჭრილში რუსეთი თავის თავს განიხილავს, ტრადიციული ღირებულებების დამცველად და დასავლეთიდან მომავალი გარყვნილების (ლგბტ საკითხი, ასევე რელიგიური სექტები, მასონები და სხვ.) შემაკავებლად. ქართულ ეკლესიაშიც არიან ძალები, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ. ეს კი საფრთხის შემცველია, რადგანაც ეკლესიას საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს.
2.   ეკონომიკური კავშირებისა და რუსული ბაზრის თემა წარსული გამოცდილების, განვლილი ეკონომიკური ემბარგოსა და ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის სირთულეების გამო, ხელისუფლებისა და განსაკუთრებით გლეხებისათვის ისევ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს,  რუსული ბაზარი აქტუალურობას ძალიან ნელა კარგავს.
3.  პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკვე ღიად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე ჩადიან მოსკოვში, აფიქსირებენ მხარდაჭერას ოკუპანტი ქვეყნის და მისი ლიდერი მიმართ და ჩრდილოელ მეზობელს განიხილავენ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად. ზოგიერთი მათგანს ტერმინ „ოკუპანტის“ ხსენებაც კი ეუხერხულება.
4.    „რბილი ძალის“ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები, სოციალური ქსელები), რომლებიც ღიად და უხვად ფინანსდებიან რუსეთიდან და ცდილობენ შექმნან პრორუსული და ანტიდასავლური საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მათთვის სასურველ გავლენას მოახდენს ოქტომბერში, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
არჩევნების წინ ჩამოყალიბდა რეალობა, სადაც ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, გაუფასურებულ ლარს, დედაქალაქში არსებულ სატრანსპორტო და სამშენებლო ქაოსს, კვლავ უიმედო, ჩიხში მყოფ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და სხვა პრობლემებს.
ასეთ ვითარებაში რთულ მდგომარეობაშია ხელისუფლება, რომელსაც დეკლარირებული აქვს ნატოში გაერთიანება და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა. რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა (უკრაინა, სირია, „ისლამური სახელმწიფო“) და მათთან დაკავშირებული რუსეთის  ფაქტორი ართულებს  დასავლეთის ისეთი „დოზით შემოყვანას“ ქვეყანაში, რომ ასახვა ჰპოვოს მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს კი დასავლეთის მიმართ იმედგაცრუებას იწვევს, რასაც ამძაფრებს მედიაში არსებული აქტიური პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკა.
რუსული ორბიტის გარშემო ჩვენ ვხედავთ „მეხუთე კოლონად“ ჩამოყალიბებულ ფიგურებს, რომლებსაც ეკონომიკური სანქციებისა და ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის შედეგად რუსეთში არსებული კრიზისის გამო არ შეუძლიათ და არც ინტელექტუალური რესურსი აქვთ, მოსახლეობას რაიმე ღირებული შესთავაზონ გარდა ზემოთმოყვანილი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვისა. (ამ უკანასკნელს, ბოლო დროს აგორებული ხმაურის გამო წამყვანი პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ, რადგან ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხე დაინახეს)
მიუხედავად პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებისა, რომ მას ძალიან აშფოთებს პრორუსული პროპაგანდა, რეალურად სახელმწიფოს რეალური ბერკეტები ჯერ კიდევ არ აუმუშავებია მათ მოსათოკად. არადა, კარზე მომდგარი არჩევნების ფონზე თუ  არ მოხდა მათი ფინანსური წყაროების გადაკეტვა და  კანონის ფარგლებში რესპრესიული მანქანის ამუშავება საარჩევნო გაურკვევლობის ფონზე (მოსახლეობის 60% ჯერ კიდევ არა აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას) საარჩევნოდ ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. 


No hay comentarios.:

Publicar un comentario