viernes, 10 de diciembre de 2021

მონტონეროების ისტორია

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო

 

1977 წლის მაისი

 

თემა

ეს მოხსენება ეხება მონტონეროების ისტორიას არგენტინაში 1970 წლის მარტიდან 1977 წლის აპრილის დასაწყისამდე. რეპორტი დაყოფილია შემდეგ ოთხ ნაწილად: 1. 1970 წლის მარტიდან, როდესაც მონტონეროების ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, 1973 წლის გაზაფხულამდე, როდესაც პერონისტებმა გაიმარჯვეს არჩევნებში; 2. 1973 წლის მარტიდან, როდესაც ეკტორ კამპორა პრეზიდენტი გახდა, 1974 წლის 6 სექტემბრამდე, როდესაც მონტონეროებმა ომი გამოუცხადეს მთავრობას და საკუთარი ნებით წავიდნენ იატაკქვეშეთში; 3. 1974 წლის 6 სექტემბრიდან 1975 წლის 8 სექტემბრამდე, როდესაც მთავრობამ კანონგარეშედ გამოაცხადა ეს ორგანიზაცია; 4. 1975 წლის 8 სექტემბრიდან 1977 წლის აპრილის დასაწყისამდე;

 

ორგანიზაციის ლოგო

მონტონეროების ისტორია არგენტინაში 1970 წლის მარტიდან 1977 წლის დასაწყისამდე

1.      მონტონეროები ჩამოყალიბდნენ 1970 წლის მარტში, როგორც, ძირითადად, პერონისტული ორიენტაციის მქონე ორგანიზაცია, რომელშიც შედიოდნენ: მემარცხენე პერონისტები, რადიკალი კათოლიკეები, მემარცხენე ნაციონალისტები და მარქსისტები. თავდაპირველი წევრები მოიცავდნენ ყველა ფენას, მაგრამ უმრავლესობას, უმეტესად, შეადგენდნენ სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, პლუს მცირე რაოდენობით მუშები. მონტონეროებმა თავიანთი სახელი აიღეს არარეგულარული რაზმებისაგან, რომლებიც არგენტინის დამოუკიდებლობის, სამოქალაქო ომის და აჯანყებების დროს, 1820-1853 წლებში, დიქტატორების წინააღმდეგ იბრძოდნენ.[1] ფილოსოფიურად, პერონისტებმა აიღეს ტრადიციული პერონისტული მოძღვრება - სოციალური სამართლიანობა, უცხოური გავლენისაგან თავისუფალი ეკონომიკური განვითარება, სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება ეროვნულ სოციალისტურ სისტემაში და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. მონტონეროების იდეოლოგია ნელ-ნელა უფრო მარცხნივ გადაიხარა და 1973 წელს, ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა მათი მრწამსი აღწერა, როგორც მარქსიზმის, ნაციონალიზმისა და პერონიზმის კომბინაცია, რომელიც, როგორც მან განაცხადა, არგენტინაში არსებულ ვითარებასთან ადაპტირდა. ასევე თქვა, რომ მათი სტრატეგია იყო „სახალხო ომი“ მონტონეროების მეთაურობით და რომ არგენტინაში ეს გადამწყვეტი ბრძოლა იქნებოდა ერთის მხრივ ხალხს, რევოლუციურ ავანგარდსა და მეორე მხრივ, რეპრესიულ ძალებსა და იმპერიალიზმს შორის. 

1.      არსებობის პირველი სამი წლის განმავლობაში, მონტონეროები ფუნქციონირებდნენ, როგორც კლასიკური იატაკქვეშა ურბანული პარტიზანული ტერორისტული ჯგუფი, რომელმაც, როცა საჭირო იყო, ძალით და იარაღით თავი შესწირა სამხედრო ხელისუფლების დამხობას და პერონის ხელისუფლებაში დაბრუნებას. მათი პირველი ტერორისტული აქტი იყო 1970 წლის 29 მაისს, ყოფილი პრეზიდენტის, პედრო ე. არამბურუს გატაცება და შემდგომ მკვლელობა. [2] არსებობს სარწმუნო მინიშნებები, რომ პერონმა არც დაგმო ეს ქმედება. არამბურუს მკვლელობის შემდეგ, მონტონეროებმა განახორციელეს მკვლელობათა სერიები, ბანკების ძარცვა, შეტევები  სამხედრო ნაგებობებსა და პოლიციის შენობებზე, და პატარა ქალაქების დაკავება. განსხვავებით „ხალხის რევოლუციური არმიისაგან“ (ERP),[3] მონტონეროები არ აცალკევებდნენ უცხოელებს, ან უცხოურ ფირმებს, როგორც სამიზნეს. 1972 წლის სექტემბერში მათ არგენტინაში „ფილიპსის“ წარმომადგენლობის დირექტორი გაიტაცეს და შესაძლოა სხვა გატაცებებსაც ხელმძღვანელობდნენ. მონტონეროებმა იერიში პირდაპირ თავიანთ მთავარ მტერზე, სამხედრო ხელისუფლებაზე მიიტანეს.

პედრო ეუხენიო არამბურუ

2.      მონტონეროებმა ასევე გაზარდეს ერთობლივი ოპერაციების რიცხვი სხვა არგენტინულ ტერორისტულ ჯგუფებთან ერთად. ყველაზე შთამბეჭდავი იყო 1972 წლის აგვისტოში მომხდარი მასობრივი გაქცევა რაუსონის ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ მონტონეროების ლიდერმა, ფერნანდო ვაკა ნარვახამ,[4] მოახერხა თვითფრინავის გატაცება და ჩილეში გაქცევა, გაქცეულთა დიდი ნაწილი, სამხედროებმა, „ტრელევის ჟლეტისას“ [5] დახვრიტეს, რაც არგენტინული ტერორისტული ჯგუფებისათვის ხმაურიან სასამართლო პროცესაც იქცა.

პატიმრები, რომლებიც შეეწირნენ "ტრელევის ჟლეტას"

3.      იატაკქვეშეთში ყოფნის პირველი სამი წლის განმავლობაში მონტონეროებმა განაგრძეს როგორც თავიანთი პოლიტიკური ბაზის გაფართოება, ისე ტერორისტული აქტების განხორციელება. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 1971 წელს, მათ დიდი ენერგია დახარჯეს „ახალგაზრდა კათოლიკეთა მოძრაობაში“ მხარდამჭერთა ჯგუფების შესაქმნელად, ასევე განამტკიცეს გავლენა სამრევლო სკოლებში, უნივერსიტეტებში და კათოლიკურ ორგანიზაციებში. მონტონეროები ასევე დაინტერესებულნი იყვნენ მესამე სამყაროს სამღვდელოებით,“ [6] რადიკალურად განწყობილი სასულიერო პირების სუსტად და ბუნდოვნად დაკავშირებული ორგანიზაციით, რომელთა შორისაც მცირე ნაწილს სწამდა არგენტინაში სოციალური წესრიგის ძალადობრივი რევოლუციით ცვლილებისა.

4.      ამ დროის განმავლობაში მონტონეროების მოძრაობის მთავარი ძალა იყო ეროვნული შენაერთი, რომელსაც ექვემდებარებოდა რეგიონებში ჩამოყალიბებული დანაყოფები. ეროვნული შენაერთის წევრი ინიშნებოდა თითოეული პროვინციის შენაერთიდან და აძლევდა მას პოლიტიკის გატარების უფლებას. პროვინციის შენაერთი შედგებოდა სხვადასხვა საბაზო რეკრუტირებული დანაყოფისაგან და ძირითადი საბრძოლო რაზმისაგან, რომელიც პასუხისმგებელი იყო როგორც პროპაგანდისტულ აქტივობებზე, ისე სამხედრო ოპერაციებზე. ეს შენაერთები დაყოფილი იყო უჯრედებად.

5.      მონტონეროებმა თავიანთი მოქმედების მეორე ფაზა 1973 წლის გაზაფხულზე წამოიწყეს. 1973 წლის მარტში, ორთოდოქსულმა პერონისტულმა პარტიამ არგენტინაში მოქმედ ყველა ტერორისტულ ჯგუფს მოსთხოვა, საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში, შეეწყვიტათ თავიანთი მოქმედება. თუმცა ERP-მ უარყო ეს მოწოდება, მონტონეროები კი დათანხმდნენ.

6.      1973 წლის მარტში, საპრეზიდენტო არჩევნებში პერონისტი ეკტორ კამპორას [7] გამარჯვების შემდეგ, მონტონეროებმა შეამცირეს თავიანთი ტერორისტული აქტივობები და საკმაოდ ღიად დაიწყეს შესვლა და მოქმედება არგენტინულ პოლიტიკაში. ისინი კონცენტრირდნენ, რომ გამხდარიყვნენ გამაერთიანებელი იდეა ულტრამემარცხენე პერონისტებისათვის, განსაკუთრებით, პერონის მომხრე ახალგაზრდობაში. მონტონეროებმა, დიდწილად, თავი აარიდეს პოლიტიკურ ძალადობას, თუმცა შესაძლოა ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი ხოსე იგნასიო რუჩის მკვლელობაზე. [8] მუშათა ცნობილი ლიდერი 1973 წლის 25 სექტემბერს გამოასალმეს სიცოცხლეს.

ხოსე იგნასიო რუჩი

7.       1973 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში პერონის გამარჯვების შემდეგ, მონტონეროებმა ოფიციალურად განაცხადეს რომ ისინი ერთიანდებოდნენ რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან“ (FAR), [9] რომელსაც მეთაურობდა რობერტო კიეტო. [10] ახალი ჯგუფი იქნებოდა რობერტო კიეტოს და მონტონეროების რადიკალური პერონისტული ფრაქციის ლიდერის, მარიო ფირმენიჩის, [11] ერთობლივი ხელმძღვანელობის ქვეშ და გამოიყენებდა მონტონეროების სახელს.  დაჯგუფებამ ფიცი დადო რომ იქნებოდა პერონის მხარდამჭერი და ძალადობის გარეშე განაგრძობდა რევოლუციურ განვითარებას. კოლონა საბინო ნავაროს“ [12] სახელით ცნობილმა, მონტონეროებიდან გამოყოფილმა ჯგუფმა უარყო გაერთიანების იდეა და განაგრძო შეიარაღებული ბრძოლით სოციალისტური სახელმწიფოს შექმნის პროპაგანდა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ნაწილი მონტონეროებს მოგვიანებით კვლავ შეუერთდა.

FAR-ი, პირველად არგენტინაში, 1970 წლის ივლისის შუაში გამოჩნდა. თავდაპირველად ეს ორგანიზაცია ბოლივიაში ერნესტო „ჩე“ გევარას მხარდასაჭერად შეიქმნა და მის დამფუძნებლებს წვრთნა კუბაზე ჰქონდათ გავლილი. მის წევრებს, დიდწილად  საშუალო და დაბალი ფენები და სტუდენტები შეადგენდნენ. FAR-ის იდეოლოგია იყო მარქსიზმ-ლენინიზმი და მათი ლიდერები ემხრობოდნენ „ჩე“ გევარას თეორიას პარტიზანული ფრონტის შესახებ. FAR-ი, უცხოელი ბიზნესმენების გატაცებათა ჩათვლით, ფართოდ იყო ჩაბმული ტერორისტულ მოქმედებებში.

8.      1973 წლის ზაფხულში პერონი ცდილობდა დაერწმუნებინა მონტონეროები, რომ უარი ეთქვათ ძალადობაზე და დარჩენილიყვნენ პერონისტული მოძრაობის შემადგენელ ნაწილად. 1973 წლის სექტემბერში, მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი იყო ფირმენიჩისა და კიეტოსათვის მთავრობაში თანამდებობების შეთავაზება. სანაცვლოდ მონტონეროებისაგან ითხოვდნენ თანამშრომლობას. როგორც ამბობენ, ეს თანამდებობები იქნებოდა პატარა და მათ მთავრობაში, გადაწყვეტილების მიმღებ ძალებზე  მცირე გავლენა ექნებოდათ. მონტონეროების დელიკატური ქცევა გრძელდებოდა. როდესაც ორივე, კიეტო და ფირმენიჩი, 1974 წლის თებერვალში, სხვადასხვა ინციდენტებისას, გაყალბებული დოკუმენტების ფლობისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო დააპატიმრეს, ისინი მტკიცებულებების სიმცირის გამო სასამართლომ მალევე გაათავისუფლა.

9.      მონტონეროებისათვის ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტი პერონი არგენტინაში არ აპირებდა ისეთი მემარცხენე პოლიტიკის გატარებას, როგორც მას სურდათ. 1973 წლის ოქტომბრის შუაში, მონტონეროების ლიდერები შეხვდნენ გენერალური შტაბის უფროსს და სთხოვეს იარაღი, რათა პროფკავშირებით ექსტრემისტული ელემენტებისაგან  დაეცვათ თავი და ასევე გაეძლიერებინათ თავიანთი პოზიციები, იმისთვის რათა პრეზიდენტ პერონის ირგვლივ არსeბული „ფაშისტური“ წრე გაერღვიათ. არმიამ მათი შეთავაზება უარყო. 1974 წლის ზამთარში და გაზაფხულზე მონტონეროები მიხვდნენ, რომ თავიანთ მიზნებს ღიად ვერ მიღწევდნენ. მათ გადაწყვიტეს მთავრობას და თავად პრეზიდენტ პერონსაც კი დაპირისპირებოდნენ. მონტონეროების უმცირესობაში მყოფ ფრაქციას სურდა ემუშავა, რათა შეექმნა მასობრივი მოძრაობა, რომელიც გააერთიანებდა მსგავსი ფილოსოფიისა და იდეოლოგიის მქონე ჯგუფებს და, პერონისტულ მოძრაობაში, ნებისმიერ ფასად მოახერხებდა კონფრონტაციისა და დაშლის თავიდან აცილებას. უმრავლესობამ გაიმარჯვა.

ხუან და ისაბელიტა პერონები

10.  პერონთან კონფრონტაციამ აპოგეას 1974 წლის მაისში, ეროვნული ერთობის დღის აღნიშვნისას მიაღწია, როდესაც პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციის წევრები ანტისამთავრობო ლოზუნგებს ყვიროდნენ. ამან პერონი წყობიდან გამოიყვანა, გალანძღა ისინი და სულელები და უცხოური ფულით მოსყიდული უმწიფრები“ უწოდა. მონტონეროებმა მიტინგი ერთობლივად დატოვეს. ზომიერმა მონტონეროების ჯგუფმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესიის ნაწილი იყო, დაგმო მიტინგიდან წასულები და განაცხადა, რომ მონტონეროები შეცდომაში FAR-მა შეიყვანა.

11.  1974 წლის პირველ ივლისს, ხუან პერონის გარდაცვალებამ და თანამდებობაზე მისი ვიცე პრეზიდენტით, და ამავე დროს მისივე ქვრივით, მარია ესტელა (ისაბელ) მარტინესით [13] შეცვლამ, მონტონეროებისა და მთავრობის კონფრონტაცია ადვილად გამოიწვია. დაიწყო პროპაგანდა, იმისთვის, რომ ზეწოლა მოეხდინათ მთავრობაზე, რათა აეკრძალა მათი ორგანიზაცია. ეს გეგმა ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აკრძალა მონტონეროების ჟურნალის „La Causa Peronista-ს“ (“პესონისტის იდეალი“) [14] გამოცემა და მონტონეროები იძულებულნი გახდნენ თავად გადაედგათ ბოლო ნაბიჯი, როდესაც 1974 წლის 6 სექტემბერს ომი გამოუცხადეს ქალბატონი პერონის მთავრობას და წავიდნენ იატაკქვეშეთში. მათ ასევე განაცხადეს, რომ იწყებდნენ ანტისახელისუფლებო კამპანიას.

12.  1974 წლის სექტემბრის დასაწყისში, არგენტინაში, მონტონეროების რიგებში, მათივე ლიდერის თანახმად, 15 000 წევრი იყო. მათ შორის კი 2 500  შეიძლება მივიჩნიოთ შეიარაღებულ მებრძოლად. მხოლოდ ბუენოს აირესის არეალში, მათივე ლიდერის თქმით, 8 000 წევრია, რომელთაგანაც 1 500 შეიძლება ჩაითვალოს შეიარაღებულ მებრძოლად. მისი შეფასებით, მონტონეროებს, ქვეყნის მასშტაბით,  შეუძლიათ დაახლოებით, 200 000 მხარდაჭერის მობილიზება და 50-60 ათასი დემონსტრანტის თავმოყრა ბუენოს აირესის არეალში. არგენტინელი(ს) [] აზრით ამ დროისათვის მონტონეროების რიგებშია 11 000 წევრი, რომელთაგანაც 10-15% არის შეიარაღებული და სახიფათო. არგენტინელი [] ფიქრობს, რომ მონტონეროები იყოფიან ორ ფრაქციად - ძალისმიერი ხაზის მომხრე ჯგუფად, რომელიც, მთელი FAR-ის ჩათვლით,  წევრების 60% აერთიანებს და ზომიერ ნაწილად. [] ძალის გამოყენების მომხრე დაჯგუფება აკონტროლებს მთელ შეიარაღებას და ფინანსებს ექვსი მილიონი დოლარის სახით. 1974 წლიდან, ძალისმიერი პოლიტიკის მომხრე ფრაქციის ლიდერების უმეტესობას წარმოადგენდნენ FAR-ის ყოფილი მეთაურები და მათი იდეოლოგია უფრო მეტად მარქსისტული იყო, ვიდრე პერონისტული. იმ დროისათვის მიიჩნეოდა, რომ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო მარიო ფირმენიჩი, რომელმაც შეითავსა უფრო მეტად ზომიერი საჯარო იმიჯი, მაგრამ [] ის იმდენად უჭერდა მხარს ძალადობას, რამდენადაც FAR-ი. მათ, ფირმენიჩი, ფაქტობრივად, მიაჩნდათ ყველაზე უფრო საშიშად, ვიდრე მონტონეროების სხვა ლიდერები, იმიტომ რომ ის ორივე ფრაქციაში არსებული საკმაოდ ბევრი მხარდამჭერით და ასევე პოლიტიკური მანიპულაციით უნარით სარგებლობა.

FAR

13.  რაც შეიძლება ჩაითვალოს მონტონეროების „მესამე ფაზად“ არის, მათი 1974 წლის 6 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, ომი გამოუცხადონ მთავრობას და წავიდნენ იატაკქვეშეთში, 1975 წლის 8 სექტემბრამდე, მთავრობის მიერ ორგანიზაციის კანონგარეშედ გამოცხადებამდე, რადგანაც მათ განახორციელეს მთელი რიგი გახმაურებული ტერორისტული აქტები. მათგან ზოგიერთი აქაა მოყვანილი:

·         1974 წლის 19 სექტემბერი - მონტონეროებმა მოიტაცეს ორი ცნობილი ბიზნესმენი, ხუან და ხორხე ბორნები, კომპანია “Bunge & Born-დან. ხორხე 1975 წლის ივნისში გაათავისუფლეს, შემდეგ მისი ძმა დათანხმდა 30-60 მილიონის დოლარის გადახდას. ასევე 320 000 ახალი პესოს დახარჯვას ღარიბებისათვის სახვადასხვა საქონლის დასარიგებლად. [15]

ხორხე და ხუან ბორნები

·         1974 წლის 1 ნოემბერი - მონტონეროებმა რადიომართვული ბომბის ამოქმედებით მოკლეს ფედერალური პოლიციის შეფი ალბერტო ვიჟარი და მისი მეუღლე, როდესაც ისინი იახტაზე იყვნენ. [16]

·         1975 წლის 26 თებერვალი - მონტონეროებმა კორდობაში შეერთებული შტატების საპატიო კონსული, ჯონ პატრიკ ეგანი, გაიტაცეს. როდესაც არგენტინის ხელისუფლებამ მოლაპარაკება წარუმატებლად წარმართა და გამტაცებლებს გადასცა მოთხოვნილი ოთხი პატიმარი, მათ ეგანი მოკლეს, მისი გვამი კი 1975 წლის 28 თებერვალს იქნა ნაპოვნი.

·         1975 წლის 25-26 ივლისი - მონტონეროები არიან პასუხისმგებელნი გრან ბუენოს აირესში (ქალაქის შემოგარენი) მომხდარ ბომბების მრავალრიცხოვან აფეთქებებზე და სხვა ინციდენტებზე, რაც უკავშირდებოდა ევა პერონის გარდაცვალების თარიღს - 26 ივლისს.

·         1975 წლის 28 ივლისი - მონტონეროები თავს დაესხნენ „ჰალკონის“ იარაღის ობიექტს ბანფილდში და გაიტაცეს 600-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 105 ავტომატი.

·         1975 წლის 22 აგვისტოს იყო „ტრელევის ჟლეტის“ წლისთავი. მონტონეროები არიან პასუხისმგებელნი სხვადასხვა ინციდენტებზე, ფედერალურ დედაქალაქში სამხედრო-საზღვაო ძალების გემზე მომხდარი აფეთქების ჩათვლით, რამაც სერიოზული ზარალი გამოიწვია.

14.  იმ დროისათვის, ტერორისტული მოქმედებების მეშვეობით, მონტონეროების მიზანს წარმოადგენდა სამხედრო გადატრიალების პროვოცირება, რასაც მოჰყვებოდა პოლიტიკური ძალების პოლარიზება. მონტონეროებმა დაასკვნეს, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ მემარჯვენე სექტორი, სამხედროებისა და სამოქალაქოთა ნაწილის მეშვეობით, გახდებოდა დომინანტი და მემარცხენე ფრთა შექმნიდა კოალიციას, სადაც წამყვანი ძალა მონტონეროები იქნებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამგვარ ვითარებაში მემარჯვენეები აღმოჩნდებოდნენ მკაფიო უმცირესობაში და ბევრი, მათ მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი, გულგრილობის ან შიშის გამო, პროცესს გამოეთიშებოდა. წევრთა რაოდენობის უპირატესობით მონტონეროები წნეხს მოახდენდნენ არჩევნებზე და მემარცხენე კოალიციის მეშვეობით, რომლის სათავეშიც „ავთენტური პერონისტული პარტია,“ [17] იქნებოდა მათი პოლიტიკური გაერთიანება, არჩევნების მეშვეობით, ხელში აიღებდა ქვეყნის კონტროლს.

15.  1975 წლის შუაში, სამხედრო კამპანიის უკეთ ორგანიზების მიზნით, მონტონეროებმა გადაწყვიტეს, რომ დაახლოებით სამთვიანი პერიოდი მიეძღვნათ ინტენსიური სამხედრო მოქმედებებისათვის. ამას მოჰყვა  დაახლოებით ექვსთვიანი დაგეგმვა: კონკრეტული სამიზნეების შერჩევა და და მათ წინააღმდეგ ჯგუფის გამოყოფა, ქვედანაყოფის გაწვრთნა, იარაღისა და ტყვია-წამლის შეძენა. სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა ამ ფაზაში, მაგრამ დაბალ დონეზე. მონტონერობის მიერ, 1975 წლის 25-26 ივლისს დაწყებულ  ფართომასშტაბიან ტერორისტულ მოქმედებებს ეწოდა „პირველი სამხედრო კამპანია, რომელიც 1975 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. ამ კამპანიის ძირითადი სამიზნეები იყვნენ არგენტინის მთავრობის პარამილიტარული ძალები, რადგანაც მონტონეროები თვლიდნენ რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ არგენტინის არმიასთან პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზად. ისინი შურს იძიებდნენ, როდესაც შეიარაღებული ძალები რეპრესიულ ზომებს მიიღებდნენ მათი ორგანიზაციის წინააღმდეგ.

16.  1975 წლის 8 სექტემბრამდე, სანამ მონტონეროები კანონგარეშედ იყვნენ გამოაცხადებულები, მათ წევრებს ფაქტობრივად, დაუსჯელად შეეძლოთ ემოქმედათ. რადგან მონტონეროები იყვნენ ინსტრუმენტი პერონის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ვინაიდან ისინი თავიანთ თავს პერონიზმის ნაწილად თვლიდნენ, მთავრობისათვის მათ წინააღმდეგ წასვლა პოლიტიკური პრობლემა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათი  მებრძოლები თავს ესხმოდნენ ქალბატონი პერონის ხელისუფლებას. ამგვარად, მათ ფაქტობრივად, თავისუფალ მოქმედებას მოჰყვა ის, რომ მონტონეროებმა განაგრძეს ახალი წევრებითა  და მხარდამჭერებით შევსება. 1975 წლის სექტემბერში [] მონტონეროთა რიგები, უკანასკნელი რამდენიმე თვეში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. დიდი რაოდენობით ახალ მხარდამჭერებს შორის იყვნენ მუშებიც, რომლებიც არგენტინაში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. თუმცა, [] რეკრუტირებულთა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია. მისი აზრით, მათი რაოდენობა შეიძლება იყოს დაახლოებით 2 000 კაცი.

17.  ამ პერიოდში, გარდა მუშებს შორის შეძენილი ახალი წევრებისა, მონტონეროებმა გავლენის მოპოვება მოახერხეს მრეწეველობის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პერსონალზე, ისეთზე როგორიცაა საავტომობილო ქარხნები. მიუხედავად იმისა, რომ მონტონეროებს არასოდეს ჰქონიათ კონტროლი პროფკავშირებზე, მათ ბევრი ქარხნის მუშათა შიდა კომისიებში დომინაციას მიაღწიეს და არჩეულ იქნენ მათ დელეგატებად.  მონტონეროები იშვიათად ამჟღავნებდნენ თავიანთ კავშირს მუშა კოლეგებთან, მათ უბრალოდ პერონისტებს, ან ზეწოლისას, როგორც „ავთენტური პერონისტული პარტიის“ წევრებს, ისე წარმოაჩენდნენ. ამ მონტონეროებმა მთელი ძალისხმევა ჩადეს იმის მცდელობაში, რომ გამოეწვიათ ხელფასების მატება და მუშებისათვის სოციალური ბენეფიტების ზრდა და მათი დიდი ნაწილს არ ჰქონია მცდელობა მუშების პოლიტიკური ნიშნით ორგანიზება მოეხდინა. მონტონეროებისათვის რთული არ ყოფილა შესულიყვნენ ქარხნების მუშათა რიგებში, რადგანაც ისინი, როგორც წესი, კვალიფიციურობით გამოირჩეოდნენ; ბევრმა კომპანიამ მუშები და ტექნიკოსები გამოცდების შედეგად დაიქირავა და,   შესაბამისად, მონტონეროებს, რომელთა უმრავლესობასაც გარკვეული საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა, როგორც წესი, მარტივად შეეძლო ტესტირების გავლა და ლეგალურად დასაქმება. მაგალითად, მონტონეროების წევრებს, რომლებიც იყვნენ ინჟინერიის სტუდენტები, შეეძლოთ ტესტის გავლა საავტომობილო კომპანიებში.

18.  მონტონეროები ასევე სტუდენტთა შორის იძენდნენ ახალ წევრებს და გავლენას. მათი სტუდენტური ძალა საშუალო სკოლებში (high school) იყო „საშუალო სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება“ (UES), [18] ხოლო საუნივერსიტეტო დონეზე უნივერსიტეტის პერონისტი ახალგაზრდობა“ (JUP) [19] UES-ში პირველადი მიზანი იყო საშუალო სკოლებში, განსაკუთრებით კი ტექნიკურ მეცნიერებათა შემსწავლელ დაწესებულებებში, „საბაზო ჯგუფების“ ფორმირების გაგრძელება, რომლებიც ძირითადად შედგებოდა 4 კაცისაგან, რომთაგანაც ერთი იყო ლიდერი. UES-ი იშვიათად იკრიბებოდა, რათა ჯგუფურად გაეწია აგიტაცია სტუდენტური მიზნებისათვის. ძალისხმევა UES-ის მიზნების ხელშეწყობისათვის მშვიდად ხერხდებოდა ინდივიდუალური კონტაქტის მეშვეობით.

პერონი და UES-ის წევრები

19.  საუნივერსიტეტო სექტორში JUP-ი იყო UES-ზე მეტად ხმაურიანი, იყენებდა თავის ორგანიზაციულ ძალას, გამოცდილებას და თავისი წევრების უნარს დაეცვა საკუთარი ინტერესები და ზეწოლა მოეხდინა პროცესებზე. მიზნის მისაღწევად JUP-მა საჯარო შეკრებებს, პროპაგანდას და პროფესორებზე ზეწოლას მიმართა. JUP-ის აქტივისტები ყურადღებას ამახვილებდნენ როგორც ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე, ისე  სტუდენტურ ასპექტებზე. მაგალითად, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აღსანიშნავია არაადექვატური სტუდენტური სასადილოები, პროფესორთა მიერ ლექციების გაცდენა, არდადეგების სიმცირე კონკრეტულ კურსზე და სირთულეები რეგისტრაციისა. ეს ყველაფერი გახდა JUP-ის საზრუნავი და ის შეეცადა მოეხერხებინა სტუდენტების რეკრუტირება და მოეპოვებინა მათი სიმპათიები. JUP-ში წარმოდგენილი პირები არჩეულ იქნენ სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის ცალკეული ფაკულტეტებიდან. თითოეულ ფაკულტეტზე იყო „სტუდენტური ცენტრები,“ რაც წარმოადგენდა პოლიტიკურად ორიენტირებულ სტუდენტთა ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, რათა საუნივერსიტეტო ორგანიზაციებში, მათ შორის JUP-ში, ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენლობა. მონტონეროებმა ღიად და ფარულად შეაღწიეს ქვეყნის თითქმის ყველა უნივერსიტეტის ფაკულტეტთა „სტუდენტურ ცენტრებში.“ მათ ამ „ცენტრებში“ დომინირებას სტუდენტთა იდეოლოგიური დაინტერესებითა და სამსახურის გაწევით მიაღწიეს. ეს უკანასკნელი გამოიხატებოდა იაფი სახელმძღვანელოებით მომარაგებაში, კურსზე სწავლისას დახმარებაში და დასაქმების შესაძლებლობებში.

20.  JUP-ის ხელმძღვანელობაში, ქვეყნის დონეზე, შედიოდა ორი წარმომადგენელი ბუენოს აირესიდან, ერთი ლიტორალური ზონიდან (ლიტორალური არგენტინა მოიცავს მისიონების, კორიენტესის, ენტრე რიოსის, ფორმოსას, ჩაკოს და სანტა ფეს პროვინციებს - ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს - მთარგმნელის შენიშვნა), ერთი ლა პლატადან და ერთიც კორდობადან. JUP-ის ლიდერებს შეეძლოთ მხოლოდ ყოველ 15 დღეში შეხვედროდნენ ერთმანეთს, ხოლო ეროვნულ დონეზე მონტონეროების მეთაურებს თვეში ერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ორივემ, JUP-მა და UES-მა მთელ ქვეყანაში დიდი გავლენა შეიძინეს, ფედერალურ დედაქალაქში JUP-ის პოზიციები ძალიან ძლიერი იყო ბუენოს აირესის უნივერსიტეტში, განსაკუთრებით: მედიცინის, არქიტექტურის და ურბანიზმის, ზუსტი მეცნიერებების, ფარმაციის და ბიოქიმიის, ფილოსოფიის და ლიტერატურის, ეკონომიკის მეცნიერებების, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტებზე. საშუალო სკოლებში, დედაქალაქში, UES-ს ჰქონდა ძლიერი გავლენა, მათ შორის: ბუენოს აირესის, კარლოს პელეგრინის და სარმიენტოს ეროვნულ სკოლებში. (საუბარია,  XIX საუკუნეში დაარსებულ დიდი ტრადიციების მქონე პრესტიჟულ საჯარო სკოლებზე - მთარგმნელის შენიშვნა)

JUP

21.  რაც შეიძლება მონტონეროების  „მეოთხე ფაზად“ ჩაგვეთვალა, არის 1975 წლის 8 სექტემბერი, როდესაც მონტონეროების აკრძალვა მოხდა დღევანდელ დღემდე და ეს პერიოდი გამოირჩეოდა არგენტინის სამხედრო, საპოლიციო და ბიზნეს სექტორების მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტებით. საპასუხოდ, იყო სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ძალების მიერ ძირგამომთხრელი საქმიანობის საწინააღმდეგო ზომები, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა, 1976 წლის 24 მარტის, სამხედრო გადატრიალების შემდეგ. 1975 წლის სექტემბრისათვის, მონტონეროები ელოდნენ, რომ შეიარაღებულ ძალებთან ბევრად სერიოზულ შეტაკებები, დაახლოებით, 1976 წლის ბოლოსა და 1977 წლის დამდეგს დაიწყებოდა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯავშანმანქანებზე შეტევისათვის მათ მოამზადეს ანტისატანკო და ჯავსანსაწინააღმდეგო საშუალებები, ისეთი როგორებიცაა ვიეტ-კონგის ტიპის ნაღმები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები. ისინი ასევე აპირებდნენ 51 მილიმეტრიანი ესპანური ტიპის ნაღმმტყორცნების გამოყენებას. 1975 წლის 5 ოქტომბერს, მათ დღემდე, სამხედრო გარნიზონზე განხორციელებული ყველაზე ხანგრძლივი შეტევისას, ინიციატივა ხელში აიღეს. სამეტაპიანი ერთდროული შტურმისას (ა) მონტონეროებმა შეუტიეს არმიის 29-ე პოლკის ბაზას ფორმოსაში, თუმცა წააწყდნენ ძლიერ წინააღმდეგობას, რის შედეგადაც ბევრი მათგანი დაიჭრა და დაიღუპა. (ბ) ფორმოსაში ხელში აიღეს პაკუს აეროპორტის კონტროლი და (გ) გაიტაცეს „არგენტინის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც შიდა ფრენას ასრულებდა. გეზი შეუცვალეს პაკუს აეროპორტისკენ, რათა ბორტზე აიეყვანათ 29-ე პოლკზე შეტევის შემდეგ გადარჩენილი თანამბერძოლები. ეკიპაჟი აიძულეს იმ ადგილიდან მოშორებით დაესვა თვითმფრინავი და მიიმალნენ. [20]

22.  1975 წლის ბოლოსთვის, სამხედროებმა და სამოქალაქოებმა [] დაიწყეს მონტონეროების წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავება. 1975 წლის 28 დეკემბერს, არგენტინის [] ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბუენოს აირესის შემოგარენში, მარტინესში, პლაჟზე დააკავეს რობერტო კიეტო. კიეტომ განაცხადა, [] რომ 1975 წლის დეკემბრისათვის, მონტონერეობს ჰყავდათ 7 000-10 000 აქტიური წევრი და დაახლოებით 30 000 მხარდამჭერი. მან ასევე თქვა, რომ ის და ფირმენიჩი იყვნენ ორგანიზაციის უმაღლესი მეთაურები, ხოლო რანგით მესამე ლიდერი გახლდათ ალბერტო ხოსე მოლინას ბენუსი, [21] რომელიც პროპაგანდას ხელმძღვანელობდა. მოლინასი, მოგვიანებით, 1976 წლის 29 სექტემბერს, უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას მოკლეს. სიკვდილის დროს, ის იდენტიფიცირებულ იქნა [] როგორც მეექვსე პირი მონტონეროების იერარქიაში.

რობერტო კიეტო

23.  კიეტომ დაასახელა მონტონეროების ველაზე დიდი  და მნიშვნელოვანი იარაღის სამალავი ბუენოს აირესის შემოგარენში, ვიჟა ბაჟესტერში მდებარე საწყობში და ასევე განაცხადა რომ აქ ჰყავდათ დაკავებული ძმები ბორნები. კიეტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რეიდი განახორციელეს საწყობში და ამოიღეს არგენტინაში დამზადებული, 150 ცალი „ჰალკონის“ ტიპის ავტომატი, იტალიური წარმოების გაზის ახალი თოფები, ხუთი ცალი „კოლტის“ მძიმე ტყვიამფრქვევი, დაახლოებით 100 პისტოლეტი ამერიკული მოდელების ჩათვლით, “FAL“-ის შაშხანები, ხელყუმბარები, სამი მილიონი ვაზნა, მონტონეროების მიერ დამზადებული ათასი ცალი ავტომატი, პისტოლეტების გამწმენდი და შესანახი მოწყობილობების დიდი რაოდენობა, მონტონეროების უნიფორმები, საველე წესდება მცირე კალიბრის იარაღის გამოყენების, ასაფეთქებელი იარაღისა და პარტიზანული ომის წარმოების შესახებ. [] ხელისუფლების მიერ, ამ რეიდისას მოხდა ყველაზე დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ამოღება.

24.  კიეტომ ასევე განაცხადა რომ მონტონეროების შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე ინახავდნენ 150 მილიონ დოლარს, 50 მილიონთან ერთად რომელიც მთელ არგენტინაში გადანაწილდა. 1975 წლის აგვისტოში, არგენტინელი რევოლუციონერის [] ინფორმაციის თანახმად ამ თანხის დიდი ნაწილი მონტონეროების მიერ მოპოვებულ იქნა მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად - ადამიანის გატაცებებისა და ძარცვების შემდეგ. მან თქვა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილის დაბანდება მოხდა ადგილზე და საზღვარგარეთ, დიდი არგენტინული კომპანიების აქციების შეძენით, რათა შემდგომში უზრუნველეყოთ მუდმივი შემოსავლის მიღება. სხვა ტიპის შემოსავლის წყარო იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ასეთ ტრანზაქციებთან დაკავშირებულები აღმოჩნდნენ მონტონეროების ის წევრები, რომლებიც ხელისუფლების მიერ არ იყვნენ იდენტიფიცირებულნი. ფულის მცირე ნაწილი ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ. იმ ხალხს, ვინც ლეგალურად მუშაობდა, თავისი შემოსავლის გარკვეული პროცენტი უნდა გადაეხადა ორგანიზაციისთვის,  რომელიც ინდივიდის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად იცვლებოდა.

25.  1975 წლის დეკემბერში გარდა ფირმენიჩისა და მილინასისა კიეტომ მონტონეროების სხვა ლიდერებიც დაასახელა:

·         ალბერტო მიგელ კამპსი - ლოჯისტიკის ხელმძღვანელი ორგანიზაციის მასშტაბით; [22]

·         რიკარდო რენე აიდარი - საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო უცხოეთთან კავშირზე.[23] კიეტოს დაკავებისას აიდარი რომში ცხოვრობდა. 1977 წლის თებერვალში ის ხელისუფლებამ ბუენოს აირესში დააპატიმრა.

·         ხუან ხულიო როკე, მეტსახელად მატეო“ - ბუენოს აირესის რეგიონის მეთაური, რომელიც მოიცავს ფედერალურ დედაქალაქს და ბუენოს აირესის პროვინციას; [24]

·         ფრანსისკო რეინალდო ურონდო - პროპაგანდის ხელმძღვანელი ბუენოს აირესის რეგიონში; [25]

·         იგნასიო ველეს კარერასი - კორდობის პროვინციის მეთაური; [26]

·         ერნან აგოსტო ოსორიო - სამხრეთის რეგიონის ხელმძღვანელი; [27]

·         მარია ანტონია ბერჯერი - სამხრეთის ზონის საბრძოლო დანაყოფის მეთაური; [28]

·         ფერნანდო ვაკა ნარვახა - ორგანიზაციის კუიოს რეგიონის ლიდერი, რომელშიც შედის სან ლუისის, მენდოსას და სან ხუანის პროვინციები;

ფერნანდო ვაკა ნარვახა

·         ესთერ ნორმა აროსტიტო - ჩრდილოეთის რეგიონის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, არამბურუს წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში. [29] 1976 წლის 2 დეკემბერს, აროსტიტო უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა და, მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოგვიანებით მოკლა.

·         ხორხე ომარ ლევინხერი - დასავლეთის რეგიონის მეთაური. ჩვენი მონაცემებით, ის მანამდე იქნა დაკავებული.[30]

27. 1976 წლის 29 სექტემბერს მოხმდარ  შეტაკებაში, რომელსაც მეთაურობდა მოკლული მოლინასი, არმია G-2-ის (შეიარაღებული ძალების დაზვერვაში შემავალი სტრუქტურა - მთარგმნელის შენიშვნა). ინფორმაციის მიხედვით, მოხდა მონტონეროების შემდეგი წევრების,  ლიკვიდაცია:

·         ხოსე კარლოს კორონელი, მეტსახელად „ხულიანი“ - ქარხნის მუშების მეთაური.[31]

·  ისმაელ სალამე, მეტსახელად „თურქი“ - სტუდენტურ დონეზე მონტონეროების ხელმძღვანელი აგიტაციასა და აქტივობებში. [32]

·  მარია ვიკტორია ველში, მეტსახელად „ილდა“- მუშათა ფრონტის პრესის განყოფილების ხელმძღვანელი.[33]

·         იგნასიო ბერტრანი [34]

ის მონტონეროები, რომლებმაც, აროსტიტოს და ფირმენიჩის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ყოფილი პრეზიდენტის, არამბურუს, წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაში, იყვნენ: 1972 წლის 18 აგვისტოს მოკლული კარლოს რაულ კაპუანო მარტინესი; [35] 1970 წლის 7 სექტემბერს ლიკვიდირებული კარლოს გუსტავო რამუსი [36] და ამავე დღეს მოკლული ფერნანდო ლუის აბალ მედინა. [37]

ლუის აბალ მედინა

28. მოპოვებულ დოკუმენტში, რომლის სათაურიცაა „მონტონეროების წლიური გეგმა 1976 წლის თებერვლიდან 1977 წლის თებერვლამდე,“ ორგანიზაცია გამოხატავს თავის მისწრაფებას პირველი სამხედრო კამპანიის ფარგლებში,“ 1976 წლის მარტ-აპრილში, ჩაებას ბრძოლაში და შეეცადოს „დაამარცხოს“ საპოლიციო ძალები და გააგრძელოს მოქმედებები მსხვილი ბიზნესმენების წინააღმდეგ. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო საბრძოლო კამპანიები დამოკიდებული იყო მარტ-აპრილის ოპერაციების შედეგებზე. სხვა [] დოკუმენტები ეხება მონტონეროების „მეოთხე სამხედრო კამპანიას,“ რომელიც მიმდინარეობდა 1976 წლის აგვისტოს დასაწყისსა და 1976 წლის ოქტომბრის შუაში, სადაც მკვლელობის ობიექტები იყვნენ „რეპრესიული ძალები“ და მსხვილი ბიზნესმენები. მკვლელობის გარდა, მათ სამიზნეების მიმართ განახორციელეს მომქანცველი ოპერაციები, რაც მოიცავდა: მუქარისშემცველ სატელეფონო ზარებს და წერილებს; ამავე სახის ამანათებს, ზოგიერთებს ბომბით, ზოგიერთებს მის გარეშე; საჩუქრად გაგზავნილ ყვავილებში ასაფეთქებელ მოწყობილობებს  და სხვ. მონტონეროებისათვის ამ კამპანიის ძირითადი ამოცანა სამიზნე ჯგუფებში, მცირე რესურსებით, შიშისა და დაბნეულობის გამოწვევა იყო.

29. 1976 წელს, სამხედროებისა და პოლიციის წინააღმდეგ განხორციელებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი  მოქმედებები ასევე მიეწერება მონტონეროების სახელს:

§  1976 წლის 15 მარტი - მონტონეროები არიან პასუხისმგებლები არმიის მეთაურის, გენერალ ხორხე ვიდელას [38] მკვლელობის მცდელობაზე, როდესაც გენერალური შტაბის შენობის გვერდით მდგარ ავტომანქანაში დამონტაჟებული ძლიერი ბომბი აფეთქდა.

§  1976 წლის 18 ივნისი - ფედერალური პოლიციის შეფი, ბრიგადის გენერალი სესარიო ანხელ კარდოსა მოკლულ იქნა მონტონეროების წევრის, ანა მარია გონსალესის მიერ, საწოლის ქვეშ დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შემდეგ. [39]

§  1976 წლის 2 ივლისი - მონტონეროები არიან პასუხისმგებლები უსაფრთხოების სამსახურის შენობის სასადილოში მომხდარ ძლიერ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. (სასადილო სავსე იყო სამხედროებით, რომლებიც საუზმობდნენ. ჭერში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შემდეგ დაიღუპა 24 ადამიანი, ხოლო 70 მდე დაიჭრა - მთარგმნელის შენიშვნა).

§  1976 წლის 2 ოქტომბერი - ვარაუდობენ რომ მონტონეროები არიან პასუხისმგებლები კამპო დე მაჟოს ბაზაზე, საპარადე ტრიბუნის ქვეშ აფეთქებულ ძლიერ ბომბზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. პრეზიდენტი ვიდელა რამდენიმე წუთით ადრე ტრიბუნაზე იჯდა, მაგრამ არ დაშავებულა.

ხორხე ვიდელა

§  1976 წლის 17 ოქტომბერი - ვარაუდობენ, რომ მონტონეროები არიან პასუხისმგებლები ფედერალურ დედაქალაქში, სამხედრო კლუბში მომხდარ ძლიერ აფეთქებაზე, რომლის შემდეგაც მრავალი ადამიანი დაშავდა.

§  1976 წლის 15 დეკემბერი - მონტონეროები არიან პასუხისმგებლები ბუენოს აირესის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის დეპარტამენტის გვერდით მდებარე კინოთეატრში მომხდარ ძლიერ აფეთქებაზე, რასაც მინიმუმ 14 ადამიანის დაღუპვა და 13 დაშავება მოჰყვა.

30. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, 1976 წლის აგვისტოს თვით დათარიღებულ დოკუმენტში, მონტონეროები აცხადებდნენ, რომ მათ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს 2000 მუქარის წერილი გაუგზავნეს და, „რევოლუციური ტრიბუნალის“ მეშვეობით, გასამართლებას დაემუქრნენ, თუკი ისინი მთავრობასთან ითანამშრომლებდნენ. მდიდარი ბიზნესმენების დაშინებისა და მკვლელობების კამპანია, განსაკუთრებით მულტინაციონალური კომპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული. მონტონეროები იმედოვნებდნენ, რომ ისინი უარს იტყოდნენ არგენტინაში ინვესტიციების ჩადებაზე და ხელს შეუწყობდნენ ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის გაგრძელებას. მონტონეროები ამას განიხილავდნენ როგორც უპირატესობას საბოლოო მიზნისაკენ, რასაც მათი მხრიდან ძალაუფლების ხელში აღება უნდა მოჰყოლოდა.

31. მეოთხე სამხედრო კამპანია“ ასევე, მსხვილი ინდუსტრიების წინააღმდეგ, საბოტაჟზე იყო ფოკუსირებული, უპირველესად მათ საწინააღმდეგოდ, ვინც მათი აზრით, ხელფასის გადახდის გარეშე აგდებდა ან დროებით ათავისუფლებდა დასაქმებულებს სამსახურებიდან. უმთავრეს სამიზნეებში გამოსაყოფია საავტომობილო და ტექსტილის ინდუსტრია. მონტონეროებმა დაასკვნეს, რომ საბოტაჟი წარმოადგენდა განსაკუთრებულად ეფექტურ გზას მტრისთვის დარტყმის მისაყენებლად და რომ ოპერაციის განხორციელება შეიძლებოდა ფარულად, ორგანიზაციის წევრების მეშვეობით და მინიმალური რისკით. პოლიტიკურად, საბოტაჟი დაეხმარა საჯარო მტკიცებულებების გავრცელებას, რომ  ჯერ კიდევ არსებობდა სიცოცხლისუნარიანი და ძალის მქონე ოპოზიციური მოძრაობა. სამხედრო თვალსაზრისით, ასეთმა ოპერაციებმა მტერი აიძულა გაეფანტა თავისი ჯარები და, ამგვარად, შეესუსტებინა საკუთარი პოზიციები. მონტონეროები ორიენტირებულები იყვნენ, რომ საბოტაჟის აქტები ძირითადად სამი მიმართულებით განეხორციელებინათ: საქონლის წარმოების მოშლა, მაგალითად არსებული მარაგების; პროდუქციის წარმოების შენელება და, საცალო ვაჭრობის ჩათვლით. საწყის ეტაპზე, საბოტაჟი უნდა აერიდებინათ, რადგან ამის გამო, წარმოების გვიანდელ ეტაპზე, მეტისმეტად ბევრი ადამიანი სამსახურს კარგავდა.

32. 1976 წლის 17 აგვისტოს, უცხოელი კორესპონდენტებისათვის, მონტონეროებმა ჩაატარეს პრესკონფერენცია, სადაც მათმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლო მომავალში, ორგანიზაცია ორიენტირებული იქნებოდა პროპაგანდაზე, ფსიქოლოგიურ ქმედებებზე და ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდა სამხედრო აქტივობებს. მონტონეროები ირწმუნებოდნენ, რომ ორგანიზაცია არ ჩქარობდა ძალაუფლების ხელში აღებას და იმუშავებდა კულისებიდან, რათა ნელ-ნელა გაეძლიერებინა მხარდაჭერა. მათ განაცხადეს, რომ ის შედეგი, რაც მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის, ხოსე მარტინეს დე ოსის [40] „შიმშილის გეგმას,“ განაპირობა პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიურმა მოქმედებებმა, რომელიც ტაქტიკურად შეესაბამებოდა მონტონეროების კურსს და აგრძელებდა ორგანიზაციის ნაკლებად ძლიერი სამხედრო ოპერაციების ხაზს.

33. მრავალრიცხოვანი კონფისკებული დოკუმენტების მიხედვით იკვეთება, რომ „პროპაგანდისტულ/ფსიქოლოგიური მოქმედებები“ ფაქტობრივად, იყო ოპერაციათა ტიპი, რომელიც მონტონეროებმა, 1976 წლის განმავლობაში, განახორციელეს, ე.ი. ცალკეული მკვლელობები, ბომბების აფეთქებები, საბოტაჟი, მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური  შეტევა, განსაკუთრებით პროპაგანდის ნაწილში თანმხლები ეფექტით, რაც არგენტინასა და მის ფარგლებს გარეთ მთავრობისადმი წინააღმდეგობას აძლიერებდა. რაც შეეხება, განსაკუთრებით, შეიარაღებულ ძალებს, გარდა მრავალი ოფიცრის მკვლელობის მცდელობისა და სამხედრო ჩინოსნებში შიშის დათესვისა, მონტონეროებმა მოიფიქრეს ცილი დაეწამათ არმიის სარდლობისათვის, ხელი შეეწყოთ სამხედრო მოსამსახურეთა შორის ერთიანობის რღვევისთვის და მოეხდინათ დანარჩენი მოსახლეობისაგან სამხედრო ხელისუფლების იზოლაცია. მონტონეროებმა აღიარეს, რომ მათი საბოლოო გამარჯვება ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული შეტევითი სამხედრო ოპერაციების განხორციელებაზე და უფრო მეტად, ძირგამომთხრელ საქმიანობაზე, რომელიც მიზანმიმართული უნდა ყოფილიყო იმისკენ, რომ ხელი შეეშალა მთავრობის წარმატებული ნაბიჯებისათვის. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობის ზრდასთან და არმიის მაღალჩინოსნებში ერთიანობის რღვევასთან ერთად, ქვეყნის მართვის პროცესი საბოლოოდ, თავისთავად, მივიდოდა კოლაფსამდე, რა დროსაც სამხედროები იძულებულები გახდებოდნენ დაენიშნათ არჩევნები. ამგვარად, მონტონეროები, როგორც მემარცხენე ფრონტის ავანგარდი და სოციალისტური სახელმწიფოს ფორმირებისათვის საჭირო მთავარი ელემენტი, ძალაუფლებას კანონიერი გზით მოიპოვებდნენ. 1974 წლის 30 ივნისს, მარიო ფირმენიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, ამ მომენტიდან, მისი პროგნოზით, ქვეყანას სჭირდებოდა ათ წლიანი პროგრამა, სანამ არგენტინა სოციალისტური ქვეყანა გახდებოდა.

34. სამხედროთა მმართველობის პირობებში, მონტონეროებმა პოლიტიკური მიზნების შესაბამისად, სცადეს შეექმნათ ფართო, ოპოზიციური „წინააღმდეგობის ეროვნული მოძრაობა,“ რომელიც საბოლოოდ გარდაიქმნებოდა უფრო პოლიტიკურ, „ეროვნულ განმათავისუფლებელ ფრონტად.“ მათ, ასევე, 1976 წლის 17 ოქტომბერს,  პერონიზმის „ერთგულების დღეზე“ იატაკქვეშეთში დააარსეს  „პარტია მონტონერო.“ [40] პარტიის გენერალური მდივანი გახდა მარიო ფირმენიჩი, რომელიც ასევე აგრძელებდა მონტონეროების ლიდერის ფუნქციების შესრულებას. ახლადშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო ის არხი, რომლითაც ხდებოდა მონტონეროების პოლიტიკური კონცეფციის გამოხატვა, ისევე როგორც „ეროვნულ განმათავისუფლებელ ფრონტზე“ ფოკუსირება. მაშინ როცა, „პარტია მონტონერო“ და „ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი,“ წარმოადგენდნენ ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ ელემენტებს, „მონტონეროების არმია“ და სამხედრო განათლებამიღებული მხარდამჭერები უნდა ყოფილიყვნენ მონტონეროების სამხედრო ელემენტი. რასაც ადრე ერქვა „პერონისტული წინააღმდეგობა, იქცა „მონტონეროს წინაღმდეგობად.“ მონტონეროების დოკუმენტი აცხადებდა „პარტია მონტონეროს“ შექმნის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს: ფირმენიჩმა, „მენდისაბალმა,“ რომელიც სავარუდოდ არის ორასიო მენდისაბალი [42] და „ვაკა ნარვახამ,“ დიდი ალბათობით ფერნანდო ვაკა ნარვახამ. 1976 წლის აგვისტოსათვის, მონტონეროებს დაწყებული ჰქონდათ ბროშურის, მონტონერული წინააღმდეგობის“ რეგულარული გავრცელება და ასევე აგრძელებდნენ ოფიციალური ორგანოს „ელ მონტონეროს“ გამოცემას.

მარიო ფირმენიჩი

35. მონტონეროების ძალისხმევა, გაეფართოებინათ თავიანთი გავლენა რელიგიურ ფენაზე, გამოჩნდა [] მათივე დოკუმენტში, რომელიც უნდა ვივარაუდოთ, რომ 1976 წლის აგვისტოთი ან სექტემბრის თვით თარიღდება.  დოკუმენტის შექმნის მომენტისათვის მონტონეროებს უკვე დაწყებული ჰქონდათ მუშაობა სამ ჯგუფთან, რასაც რელიგიის სეგმენტში მათი ორგანიზაციის გავლენის ზრდა უნდა მოჰყოლოდა. ესენია: (1) „სოციალ-ქრისტიანული მოძრაობა.“ (SCM). SCM უმთავრესად იყო პოლიტიკური ერთეული, რომელიც აერთიანებდა „სახალხო ქრისტიანული პარტიის“ სექტორებს და „რევოლუციურ ქრისტიანულ პარტიას.“ როდესაც დოკუმენტი იქმნებოდა, SCM-ს ჰყავდა დაახლოებით 42 პარტნიორი. მათ შორის ზოგიერთი ამ ორი უკანასკნელი პარტიის პირველი და მეორე ეშელონის წევრები იყვნენ. (2) „მოძრაობა ქრისტიანთა ერთობისათვის“ უმთავრესად აერთიანებდა სასულიერო პირებს და მათი მიზანი იყო მთავრობასა და საეკლესიო იერარქებს შორის არსებული ახლო ურთიერთობის გაწყვეტა. (3) „ქრისტიანები განთავისუფლებისათვის“ (CPL). CPL ამ ჯგუფებისაგან განსახვებით, ძირითადად მონტონეროებისაგან შედგებოდა. ეს ორგანიზაცია გრან ბუენოს აირესში მუშაობდა და მონტონეროების მიზანი იყო CPL-ის, როგორც ფართო „ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის“ ნაციონალურ დონეზე ხელშეწყობა.

36. სხვა [] დოკუმენტით ჩანს მონტონეროების ძალისხმევა, 1976 წლის ივლისიდან, ხელი შეუწყონ წინააღმდეგობის საუბნო ცენტრების“ შექმნას. ამ ცენტრების მიზანი იყო,უფრო მეტად ღარიბ რაიონებში,  წინააღმდეგობის ორგანიზებაში, კოორდინირებასა და წარმართვაში ხელშეწყობა, რაც ასევე გულისხმობდა ღარიბების მონაწილეობას ტერორისტულ აქტებში. წარსულში, მონტონეროების დივერსიული ოპერაციები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა კარგად გაწვრთნილი ჯგუფების მიერ, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. თუმცა, 1976 წლის შუაში, მონტონეროებმა მხარი დაუჭირეს იმ ადამიანებს, რომლებიც გეგმავდნენ და სისრულეში მოჰყავდათ ოპერაციები, ისეთი როგორიცაა მკვლელობები, რა იარაღითაც კი იყო შესაძლებელი; ხანძრის გაჩენა, დანაღმვა, ქუჩების ბლოკირება, მდიდარი უბნების საბოტაჟის მეშვეობით გარესამყაროსგან მოწყვეტა, მათი წყლის, ელექტრობის, გაზის გარეშე დატოვება და სხვ.

37. მუშებში, სახელმწიფო გადატრიალებისა და ტრადიციული შრომითი აქტივობების აკრძალვის შემდეგ, მონტონეროები შეეცადნენ, ლეგალური, თუმცა უკვე გაუქმებული  „შრომის მთავარი კონფედერაციის“ (CGT) პარალელურად, იატაკქვეშეთში შეექმნათ „შრომის მთავარი კონფედერაცია - წინააღმდეგობა“ (CGT/R). პრეს რელიზის მიხედვით, რომელიც CGT/R-მ უცხოელ კორესპონდენტებს არგენტინაში გაუგზავნა, ორგანიზაციის პირველი პლენუმი 1976 წლის 14 აგვისტოს, გასაიდუმლოებულ ადგილას, ბუენოს აირესის პროვინციაში ჩატარდა. შეკრებას დელეგატები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაესწრნენ. სხვადასხვა თანამდებობებზე აირჩიეს წარმომადგენლები, მათ შორის მეტალურგი არტურო გარინი, [43] რომელსაც შესაძლოა მეტსახელიც ჰქონდეს, დასახელდა  (CGT/R)-ის ხელმძღვანელად.

38. 1976 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მონტონეროების დისკუსიები ERP-თან, მათი შესაძლო გაერთიანების და მცდელობის შესახებ, რომ გაეძლიერებინათ ბრძოლა მთავრობის წინააღმდეგ. ასეთ საუბრებს ადგილი ჰქონდა, მინიმუმ, 1974 წლის 13 თებერვლიდან, როდესაც მარიო ფირმენიჩი, ERP-ს მეთაური მარიო სანტუჩო [44] და სხვები შეხვდნენ ერთმანეთს მენდოსას პროვინციაში, რათა განეხილათ გაერთიანების საკითხი. მომდევნო პრესკონფერენციაზე ფირმენიჩმა აღიარა, რომ მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ შეთანხმებამდე ჯერ არ იყვნენ მისულები. ფირმენიჩმა განაცხადა რომ მონტონეროების აზრით, ERP-ს მთავარი შეცდომა იყო ვიეტნამში არსებული ვითარების მოდელის კოპირების მცდელობა, განსაკუთრებით, იმის დაჯერება, რომ მტერი შეიძლება მკაფიოდ იყოს განსაზღვრული, რომ იარაღი წარმოადგენს მთავარ ძალას და რომ სასურველია ფოკუსი რურალურ ზონებზე გაკეთდეს. გარდა ამისა, მონტონეროები თვლიდნენ, რომ ERP-ს ბრმა ერთგულებამ მარქსისტული თეორიებისადმი გამოიწვია ის რომ ორგანიზაცია შეიბორკა დოგმით და დაუშვა პოლიტიკური შეცდომები. შედეგად ERP დაშორდა არგენტინელ ხალხს. მონტონეროები ასევე მიიჩნევდნენ, რომ ERP ზედმეტად იყო დაინტერესებული სამხედრო საკითხებით, რათა გამოერიცხა პოლიტიკური მოვლენები.

მარიო სანტუჩო

39. ფირმენიჩმა აღიარა, რომ მონტონეროებსაც ჰქონდათ შეცდომები. მისი თქმით, ორგანიზაციის შეიარაღებული შეტაკებების მოდელი აღებული ჰქონდა „ჩე“ გევარას გამოცდილებიდან და მათი ძალისხმევა მიმართული იყო რურალურ ზონებში კონცენტრაციისკენ. ფირმენიჩის თქმით,  მონტონეროები მოგვიანებით დარწმუნდნენ ამ გეგმის არარეალურობაში. მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო სექტორი არ უნდა იყო მიტოვებული, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ურბანულ პარტიზანულ ომზე, რადგანაც მუშათა მასები ცხოვრობენ ქალაქებში და არა მთებში.

40. ERP პირიქით, მონტონეროებს ადანაშაულებდა ოპორტუნისტობასა და განსაზღვრული იდეოლოგიის არქონაში. მათი აზრით ეს უკანასკნელები არ იყვნენ ჭეშმარიტი რევოლუციონერები, რადგანაც არ აღიარებდნენ არც ერთ რევოლუციურ დოქტრინას და არგენტინის პოლიტიკურ სისტემაში, პრეზიდენტ კამპორასა და პრეზიდენტ  ხუან პერონის მმართველობის ქვეშ სურდათ ემოქმედათ.

41. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება ვერ მოხერხდა, თანამშრომლობის მიზნით, ორ დაჯგუფებას შორის  კონტაქტები გაგრძელდა. 1975 წლის დასაწყისში, უსაფრთხოების ძალების რეიდის დროს, მონტონეროების დოკუმენტი [] ადასტურებს, რომ 1975 წლის განმავლობაში,  შეხვედრები უნდა შემდგარიყო მონტონეროების ლიდერებსა და ERP-ს პოლიტიკურ ელემენტ „მუშათა რევოლუციურ პარტიას“ (PRT) შორის. 1975 წლის 18 აგვისტოს, ერთობლივ ოპერაციასთან დაკავშირებით, მონტონეროებმა და ERP-მ გაიტაცეს შეიარაღებული ძალების სატვირთო ავტომობილი, რომელიც სავსე იყო ავტომატებითა და სხვა იარაღით. ოფიციალური განცხადებით, ორგანიზაციებმა თავიანთი ძალები გააერთიანეს კორდობაში, მარიანო პუხადასის [45] ოჯახის მკვლელობის გამო შურისსაძიებლად, რომელიც სავარაუდოდ მემარჯვენე ძალებმა ჩაიდინეს. ამავე კომუნიკეს ცნობით, მონტონეროები და ERP გააგრძელებდნენ არგენტინის შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების თანამშრომელთა მკვლელობებს.

42. 1975 წლის სექტემბერში, მონტონეროების ლიდერმა განაცხადა, რომ მათ ორგანიზაციასა და ERP-ს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდა და რომ ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი საკოორდინაციო საბჭო, თუმცა ორივე დაჯგუფებისათვის ეს არ ყოფილა ცენტრალური ორგანო. მისი თქმით, მონტონეროებისა და ERP-ს თანამშრომლობის მაგალითი იყო 1975 წლის 21 აგვისტოს განხორციელებული ერთობლივი თავდასხმა კორდობაში, სადაც ERP-მ შეუტია პოლიციის შენობას, ხოლო მონტონეროებმა - შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების ცენტრს. 1975 წლის სექტემბერში, არმიამ [] მიიღო ინფორმაცია, რომ მონტონეროები დაახლოებით 80 კაცს გზავნიდნენ ტუკუმანის პროვინციაში, რათა დახმარებოდნენ ERP-ს ურბანულ ტერორისტულ მოქმედებებში.

43. რობერტო კიეტომ, დაკავების შემდეგ ხელისუფლებას განუცხადა, რომ კავშირები მონტონეროებსა და და ERP-ს შორის უმნიშვნელო იყო. კიეტომ თქვა, რომ ERP-ს პროპაგანდა ასახავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ამ ორგანიზაციებს შორის, ვიდრე ეს რეალურად არის, რათა შეიქმნას საკუთარი იმიჯი, მონტონეროებიდან მოიზიდოს რეკრუტები  და დააბნიოს ხელისუფლება.

44. გაერთიანების შანსი შემცირდა მას შემდეგ, რაც ERP-მ, 1975 წლის 23 დეკემბერს,  წარუმატებლად სცადა ბუენოს აირესის პროვინციაში, მონტე ჩინგოლოში, „დომინგო ვიეხობუენოს არსენალის ბატალიონის“ აღება, რომლის დროსაც ორგანიზაციის 50-ზე მეტი წევრი იქნა მოკლული (ოპერაციაში დაახლოებით 300 მებრძოლი მონაწილეობდა - მთარგმნელის შენიშვნა). მიღებული ინფორმაციის თანახმად, რადგან მონტონეროებმა ოპერაციის დამხმარე შესაძლებლობებზე აიღეს პასუხისმგებლობა, მარცხის გამო ERP-ს მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურეს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა იმ ჯგუფთან გაერთიანების სასურველობა, რომელიც მონტონეროების აზრით, ასე კატასტროფულად ჩავარდა. გარდა ამისა, მონტონეროებს დიდი სურვილი არ ჰქონდათ მჭიდრო კავშირში ყოფილიყვნენ იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც სრულიად მარქსისტული იდეოლოგია ჰქონდა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შეეძლოთ პერონისტული დროშის ქვეშ უფრო მეტად ეფექტურად ემოქმედათ. 1976 წლის 19 ივლისს, მარიო რობერტო სანტუჩოს სიკვდილმა ასევე შეაფერხა საუბრები გაერთიანების შესახებ. ამას თან მოჰყვა ERP-ს წინააღმდეგ, უსაფრთხოების ძალების მიერ, განხორციელებული მრავალი სხვა ქმედება.

45. ორგანიზაციებმა მაინც განაგრძეს წარუმატებელი თანამშრომლობა და 1976 წლის ივლისში, ფინანსური პრობლემების გამო, ERP-მ დაახლოებით 600 000 დოლარი ისესხა მონტონეროებისაგან.

46. 1976 წლის შუაში, მათ ხელი შეუწყვეს პროპაგანდის საერთაშორისო კამპანიას, რომელიც არგენტინის მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ მხრივ, თითოეული ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო „არგენტინის ინფორმაციისა და სოლიდარობის ცენტრში (CAIS), რომელსაც შტაბ-ბინა საფრანგეთში, პარიზში ჰქონდა. 1976 წლის აგვისტოსათვის, CAIS-ს შიდა პრობლემები გააჩნდა, რაც მის პროპაგანდისტულ გამოცემებზეც აისახა. ეს პრობლემები, დიდწილად, უკავშირდებოდა ERP-ს წევრის, როდოლფო მატაროლოს [46] (მეტსახელად „რაულ ნავასი“) და CAIS-ის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის, მონტონერო ლუის სერუტი კოსტას შორის არსებულ დაპირისპირებას. სირთულეების ნაწილი, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო მონტონეროების მცდელობასთან, არგენტინის მასშტაბით, სრულიად აეღოთ ხელში დივერსიული საქმიანობა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 1976 წლის შუაში, CAIS-ს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ლათინოამერიკელი სტუდენტების სექციასთან“ (AELA) გერმანიაში;  „არგენტინაში რეპრესიების საწინააღმდეგო ანტიფაშისტურ კომიტეტთან“ (CAFRA)  რომში, რომელსაც ჰქონდა იტალიის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერა; „არგენტინის ანტიიმპერიალისტური სოციალისტური მოძრაობა“ (MASA) შეერთებულ შტატებში; „C.O.S.A.” (sic) ლონდონში; „არგენტინელი ხალხის სახლი“ მექსიკაში; „საერთაშორისო ამინისტია;“ „რასელ ტრიბუნალ II;” “მშვიდობის ასოციაცია“ შეერთებული შტატებში; და კომუნისტური ფრონტის „მშვიდობის მსოფლიო საბჭოს“ შვილობილი ორგანიზაცია „ადვოკატთა საერთაშორისო კომისია.“

47. 1975 წლის ნოემბერში, [] მონტონეროების მემარცხენე ფრთა წამყვან ელემენტს წარმოადგენდა მეხიკოში არსებულ „არგენტინელი ხალხის სახლში“ და ეს ქალაქი გამოიყენებოდა მონტონეროებისა და ERP-ს მხარდასაჭერ ბაზად. ამ მხრივ, „არგენტინელი ხალხის სახლი“  მათ აწვდიდა დოკუმენტებს, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით, სამოგზაურო ხარჯებით და სხვ.

48. 1976 წლის ივნისში, მონტონეროების წარმომადგენელი, ენვარ ელ კადრი, [47] ლისაბონში დაესწრო „რევოლუციურ საკოორდინაციო საბჭოს“ [48] შეხვედრას, რომელშიც შედიოდნენ ERP, ურუგვაული „ეროვნული გათავისუფლების მოძრაობა/ტუპამაროს;“ [49] ჩილეური „მემარცხენე რევოლუციური მოძრაობა,“ [50] და ბოლივიური „ეროვნული გათავისუფლების არმია.“ [51] შეხვედრის მიზანი იყო ჯგუფისათვის შეტყობინება, რომ მონტონეროები, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არ შედიოდნენ JCR-ის შემადგენლობაში, მიიღებდნენ მონაწილეობას დამკვირვებლის/მრჩევლის სტატუსით და, ასევე, ყოველთვიურად უზრუნველყოფდნენ JCR-ის ფინანსურ დახმარებას. 

რევოლუციური საკოორდინაციო საბჭოს გერბი

49. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, გაეფართოებინათ თავიანთი გავლენა და ხელი შეეშალათ მთავრობის მოქმედებებისათვის, 1976 წლის მარტის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში, მონტონეროებმა არაოფიციალურად აღიარეს, რომ მათ უსაფრთხოების ძალებისაგან მნიშვნელოვანი დარტყმები მიიღეს ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კორდობაში, მენდოსაში, ჩრდილო-აღმოსავლეთში და ლიტორალურ ნაწილში. მონტონეროებს გარდუვლად მიაჩნდათ, რომ შიდა ნაწილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით,  კონტროლის აღების შემდეგ, მთავრობა ფედერალურ დედაქალაქსა და ბუენოს აირესის პროვინციაში, მეტ რესურსს მიმართავდა მონტონეროებზე შეტევის განსახორციელებლად. ვინაიდან მონტონეროების არიერგარდი ბუენოს აირესის შემოგარენში სუსტად ითვლებოდა და არ შეეძლო გამკლავებოდა არმიის შემოტევას, მიღებულ იქნა „ტაქტიკური ბრძანება,“ რაც ითვალისწინებდა „ოპერაცია ქამელეონის“ სისრულეში მოყვანას - მონტონეროთა დიდი ნაწილის მიმალვას. იატაკქვეშეთში მონტონეროების დასახმარებლად, „ტაქტიკური ბრძანება“ ამოქმედდა 1976 წლის 30 აპრილიდან, რაც გულისხმობდა კანონიერი დოკუმენტების და  მონაცემების მოსაპოვებლად ინტენსიურ ძალისხმევას, იმ მოქალაქეებისაგან, ვინც არ იყო მონტონერო. ორგანიზაცია შემდგომში შეცვლიდა დოკუმენტებს იატაკქვეშეთში მყოფი მონტონეროსთვის ან მოპოვებული პერსონალური მონაცემებით დაამზადებდა ყალბ საბუთებს. თავდაცვითი „ოპერაცია ქამელეონის“ პარალელურად, მათ უნდა გაეგრძელებინათ შეტევითი სამხედრო მოქმედებები და  ორივეს მიზანი იყო სამხედროთა წინსვლის შეჩერების მცდელობა და, ამავე დროს, მონტონეროების იმიჯის განმტკიცება.

50. რობერტო კიეტო დაპატიმრების გამო მონტონეროებმა მოღალატედ შერაცხეს, რადგანაც მან საშუალება მისცა პოლიციას დაეკავებინათ და შემდეგ გასცა ინფორმაცია [] და ასვე უსაფრთხოების ძალების მიერ მონტონეროების წინააღმდეგ განხორციელებული სხვა მოქმედებების გამო ორგანიზაციამ თავიდან შეაფასა ვითარება და, დაახლოებით, 1976 წლის მაისის დასაწყისში, დაიწყო ინსტიტუციური ცვლილებები.

51. როდესაც მონტონეროების ორგანიზაცია ყალიბდებოდა, ის შედარებით მცირე ჯგუფს წარმოადგენდა, რომლის სამხედრო დანაყოფიც ძირითადად დამოუკიდებლად მოქმედებდა. როდესაც წევრთა რაოდენობა გაიზარდა, ნათელი გახდა რომ უფრო მეტად ცენტრალიზებულ და სტრუქტურირებულ ორგანიზაციას აუცილებელი იყო რეალობისთვის ეპასუხა. 1973 წლის მაისში, გადაიდგა ნაბიჯები სამხედრო დანაყოფების უფრო მეტად შეკრულ შენაერთად თანდათანობითი კონსოლიდაციისკენ. სამხედრო მეთაურები გახდნენ ლიდერები ეროვნულ დონეზე, რომელთა რიცხვიც საბოლოოდ დავიდა სამამდე: ფირმენიჩი, კიეტო და შესაძლებელია, რაღაც მომენტში მოლინასი. დროთა განმავლობაში, სუპერსტრუქტურა გაფართოვდა და დემილიტარიზაციის პერიოდთან ერთად გამოიწვია ბიუროკრატია. დემილიტარიზაციის შედეგი იყო სამხედრო წვრთნების ნაკლებობა და დაბალ დონეზე ოპერაციების წარმართვა. ბიუროკრატიამ ძალიან იმატა და მონტონეროების წევრებმა დამოუკიდებლად  დაიწყეს მოქმედებები, თავიანთი ქმედებების განხორციელება ნეათვისა ან ზედამხედველობის გარეშე. გარდა ამისა, პრობლემა იყოს ისიც, რომ ლიდერები გახდნენ ხელმიუწვდომელნი. მათი გადაწყვეტილება იყო არ გამხდარიყვნენ ეჭვის და არც კითხვების ადრესატი. ლიდერშიპის პირველადი ყურადღების ფოკუსი ფედერალური დედაქალაქზე იყო და მათ ნაკლები ცოდნა ჰქონდათ სხვა რეგიონებზე. ლიდერებმა ვერ გაატარეს თანმიმდევრული და ცხადი პოლიტიკა, რაც ეხებოდა მთელ ორგანიზაციას და ამან დედაქალაქსა და რეგიონებს შორის  წინააღმდეგობები გამოიწვია. გაფართოებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას ნაკლებად ჰქონდა ეფექტური საშუალება განეხილა და გადაეჭრა პრობლემები.  

52. 1976 წლის დასაწყისში, არსებული ვითარების შესაცვლელად მონტონეროების „ეროვნულმა საბჭომ“ შემდეგი რეკომენდაციები გასცა: ა) ორგანიზაციის ფართო დემოკრატიზაცია წევრებს შორის უფრო მეტად ეფექტური კომუნიკაციის დაშვებით და ყველა დონეზე ხედვებისა და კრიტიკის გამოხატვის შესაძლებლობით; ბ) უკეთესი სამხედრო წვრთნები, წელიწადში მინიმუმ ერთი სამხედრო ოპერაციით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა მონტონეროების დიდი სამხედრო კონტინგენტი;  გ) უფრო მეტი ცოდნა და ინტერესი ორგანიზაციების წევრების მიმართ ყველა დონეზე, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებას. ეს საკითხი ეხებოდა კიეტოს, რადგანაც როგორც ჩანს, იგი ხელისუფლებასთან მისმა ცოლმა დაასმინა, რომელიც მონტონერო „ანასთან“ ქმრის ურთიერთობით იყო გაბრაზებული; დ) თითოეულ რეგიონალურ ოლქში უსაფრთხოების ოფიცრის დანიშვნა, რომელიც განგაშს გამოაცხადებდა წევრთა პოტენციურ პრობლემებზე, რასაც შეეძლო გავლენა მოახდინა ორგანიზაციის უსაფრთხოებაზე. ე) დაჟინება, რომ ყველა წევრს გაეგრძელებინა იარაღის ტაება, რათა მისი გამოყენებით თავიდან აეცილებინა ტყვედ ჩავარდნა ან თავი მოეკლა თუ ეს უკანასკნელი გარდაუვალი იყო. ასევე ციანიდის კაფსულა იყო თვითმკვლელობის საშუალება.

53. დაახლოებით 1976 წლის მაისში, გადაწყდა მონტონეროების „მეთაურისთვის“ ეწოდებინათ  „გენერალური მდივანი“ და გაეცალკევებინათ „ტაქტიკური“ (სამხედრო) და „სტრატეგიული“ (პოლიტიკური) ფუნქციები, რომელიც აქამდე გაერთიანებული იყო. „ტაქტიკურ“ ასპექტებს გააკონტროლებდა „ეროვნული სამდივნო,“ რომელიც ფედერალურ დედაქალაქში მოქმედებდა. „სტრატეგიული“ ნაწილი უფრო მეტად ორიენტირებული იქნებოდა რეგიონებზე. რეგიონული ელემენტები“ არსებითად, შეიცვალა „კოლონებით“ ან „ზონებით,“ რომლებსაც გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა. „კოლონებს“ და ზონებს“ უნდა ჰქონოდათ „რეგიონულ ელემენტებზე“ უფრო დიდი ვერტიკალური მართვის სტრუქტურა.

54. საბოლოო ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში, მონტონეროების ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგი სახის იყო: ა) ეროვნული ლიდერშიპი (ეროვნული მმართველობა) მოიცავდა გენერალურ მდივანს და პლუს სამ „რეგიონულ მეთაურს; ბ) სამდივნო შედგებოდა გენერალური მდივნის და ეროვნულ დონეზე მდივნებისაგან, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სამხედრო, ორგანიზაციულ, პროპაგანდისტულ საკითხებზე.  ასევე იდეოლოგიურ მასალებზე და საერთაშორისო ასპექტებზე; გ) „კოლონებს“ და ზონებს,“ თითოეულს, მეთაურობდა გენერალური მდივანი პლუს ოთხი მოადგილე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ: პოლიტიკურ, ორგანიზაციულ, პროპაგანდისტულ და იდეოლოგიურ საკითხებზე.

55. ფედერალური დედაქალაქში გენერალური მდივნის მოადგილე სამხედრო ნაწილში, პასუხისმგებელი იქნებოდა სამ დეპარტამენტზე: შეიარაღების წარმოება; სერვისი, რაც მოიცავდა ლოჯისტიკას, მხარდაჭერას, სამედიცინო აპარატურას, იარაღის და საბრძოლო მასალის სამალავებს და დოკუმენტაციას; და საინფორმაციო განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საიდუმლო ფაილების დაცვაზე ან საინტერესო პერონებზე და პოტენციურ სამიზნეებზე, როგორცაა მაგალითად, ქვეყნის ინფრასტრუქტურა და სხვ.

56. ფედერალურ დედაქალაქში, გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში პასუხისმგებელი იქნებოდა ოთხ დეპარტამენტზე: სტუდენტური, შრომის, პრესა-პროპაგანდა და „ეროვნული გათავისუფლების ფრონტი.“

57. ფედერალურ დედაქალაქში, გენერალური მდივნის მოადგილე ორგანიზაციულ საკითხებში პასუხისმგებელი იქნებოდა ხუთ დეპარტამენტზე: კადრები, პატიმრები, ფინანსები, კომუნიკაციები და ტექნიკური მხარდაჭერა.

58. ფედერალურ დედაქალაქში, გენერალური მდივნის მოადგილე პროპაგანდისა და ინდოქტრინაციის საკითხებში, პასუხისმგებელი იქნებოდა პროპაგანდისტული მასალის მომზადებაზე, გამოცემასა და გავრცელებაზე.

59. ეროვნული მდივანი პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო საკითხებზე და ხელმძღვანელობდა ოთხ დეპარტამენტს: ლათინური ამერიკა, კვლევა და ინფორმაცია, სპეციალური მომარაგება და ურთიერთობები ევროპასთან, აფრიკასთან და საბჭოთა ბლოკთან. 1975 წლით დათარიღებული დოკუმენტი მოკლედ აღწერდა მონტონეროების „სამუშაო გეგმას“ და მიუთითებდა რომ ორგანიზაციის საერთაშორისო განყოფილებას პერიოდული კონტაქტი უნდა ჰქონოდა კუბის, მეგობარი არაბული ქვეყნების, (ისეთი როგორიცაა სირია), ერაყის და ალჟირის საელჩოებთან; და სხვა კომუნისტური ქვეყნების შერჩევა, დოკუმენტის თანახმად, მოხდებოდა მოგვიანებით. „სამოქმედო გეგმა“ ამბობდა, რომ უნდა მომხდარიყო მომზადება მისიის დასავლეთ ევროპაში გასაგზავნად, რათა არგენტინაში არსებული, რეპრესიებთან დაკავშირებული პროპაგანდა გავრცელებულიყო და ევროპული „სოციალ დემოკრატიული ჯგუფებისაგან“ მიეღოთ მხარდაჭერა.

60. მონტონეროების ახალმა ორგანიზაციულმა სტრუქტურამ მოითხოვა „მებრძოლი ჯგუფების“ მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელება, რომელშიც დაახლოებით ოცი ადამიანი ირიცხებოდა და იყოფოდა ოთხეულებად, მაგრამ ემორჩილებოდა საერთო მეთაურს. გარდა ამისა, მონტონეროებმა დაიწყეს მოძრავი პატრულის სისტემის დანერგვა, იმ მიზნით რათა  შესაძლებლობების ფარგლებში სამიზნე ობიექტებზე ტერორისტული აქტები განეხორციელებინათ. პატრულირების მთავარ დეტალს ის წარმოადგენდა, რომ ყველა ვინც ჩართული იყო ოპერაციაში, ძალიან კარგად იცნობდა თავის ზონას. პატრულირების სისტემა განსხვავდებოდა ოპერაციების წარსული გამოცდილებიდან, სადაც მონტონეროები წინასწარ, გულდასმით გეგმავდნენ ოპერაციას და შემდეგ მიზნის განსახორციელებლად ირჩევდნენ ინდივიდებს, რომლებსაც უნდა შეედგინათ „მებრძოლთა ჯგუფები.“ შერჩევა დამოკიდებული იყო სხვადასხვა ფაქტორებზე, სადაც აუცილებელი არ იყო ოპერაციის ლოკალური სივრცის ცოდნა.

61. 1976 წლის ბოლოს და 1977 წლის დასაწყისში, ანტიდივერსიული მოქმედებების შედეგად, მონტონეროებმა დაკარგეს მრავალი წევრი და მხარდამჭერი, ხოლო მათმა ლოჯისტიკურმა და ორგანიზაციულმა სტრუქტურებმა მძიმე დარტყმები მიიღეს.

62. 1976 წლის იანვრის დასაწყისში, უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, მონტონეროებმა წარუმატებლობა განიცადეს მშრომელთა წრეებში. ამავე პერიოდში, უსაფრთხოების ძალებმა, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დივერსანტებმა შეაღწიეს შრომის კომისიებში ქარხნების თანამშრომელთა დონეზე, დააკავეს მონტონერო დივერსანტები. მონტონეროებმა მაშინვე შეწყვიტეს ინფილტრირების პროცესი და ვინც გადარჩა მათ მიმალვაში დაეხმარნენ. შედეგად, შემცირდა ის გავლენა რაც მათ აქამდე შეიძინეს მუშათა შორის. 1976 წლის მარტის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მუშებში დივერსიული ინფილტრაციის კიდევ უფრო შესაფერხებლად, უსაფრთხოების ძალების 601-ე ბატალიონმა [52] ნელ-ნელა დაიწყო თავისი ხალხის ჩანერგვა რაც შეიძლება მეტ კომპანიაში, რათა პირველწყაროდან მიეღო ინფორმაცია და მუშათა შორის მოეხდინა დივერსანტების იდენტიფიცირება. 1977 წლის იანვრისათვის, არმიის უსაფრთხოების 601-ე ბატალიონმა დაახლოებით ათას კომპანიაში შეაღწია.

63. მიუხედავად ამისა, მონტონეროებმა ისევ სცადეს მუშათა შორის გაეფართოებინათ თავისი გავლენა და გადაწყვიტეს მათი მხარდამჭერ ბაზად გამოყენება. 1977 წლის დასაწყისში, ისინი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, რადგანაც გაუარესებული ეკონომიკური ვითარების და სამთავრობო ძალებსა და მუშებს შორის არსებული მასობრივი კონფრონტაციის გამოყენების იმედი ჰქონდათ. ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, 1977 წლის პირველი იანვრიდან, მათ დაგეგმეს რაც შეიძლება მეტ ქარხანაში ინფილტრირების ინტენსიური ღონისძიებები, დიდი ძალისხმევა მიმართეს რეკრუტირებისკენ, მუშებს შორის მცირე მებრძოლი ჯგუფების შექმნისა და შრომის შიდა კომისიებში მონტონეროების კონტროლის დამყარებისათვის. მათი მიზანი იყო, თითოეულ ქარხანაში, მინიმუმ მუშების 30%-ში მოეპოვებინათ მხარდაჭერა. მათ განზრახული ჰქონდათ, მეტალურგთა და ტექსტილის პროფკავშირებში ძირითადი ყურადღება  ინფილტრაცია/რეკრუტირებაზე გადაეტანათ. მონტონეროები ასევე იმედოვნებდნენ CGT/R-ს რეორგანიზებას და მის უფრო მეტად ეფექტურ ორგანიზაციად ქცევას.

64. მუშებთან დაკავშირებით ამბიციური მიზნების მიუხედავად, ისინი შეეცადნენ იმ მუშების მხარდაჭერის მოპოვებას, რომლებიც ძირითადად, კვლავ თანაუგრძნობდნენ მშრომელთა ტრადიციონალისტ პერონისტ  ლიდერებს და ეს ლიდერები კი პირიქით, არ იყვნენ განწყობილნი მონტონერობისთვის გაყოთ თავიანთი ძალაუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მონტონეროებმა CGT/R-ს ან რომელიმე სხვა საშუალებით შეიძლება საბოლოოდ მოახერხონ მუშათა უკმაყოფილების პოლიტიკურ საყრდენად გამოყენება, ეს ალბათ ნელ-ნელა, ხანგრძლივ პერიოდში  გამოჩნდება და არა დაუყოვნებლივ.

65. მონტონეროების ლოჯისტიკურ აპარატთან დაკავშირებით, 1976 წლის ნოემბერში, ანტიდივერსიულმა ძალებმა  სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელეს და არმიის [] მონაცემებით, არგენტინაში, დივერსიული ორგანიზაციის მომარაგებასთან დაკავშირებულმა ინფრასტრუკტურამ უძლიერესი დარტყმა მიიღო. მათი იარაღის ქარხნების და მომარაგების ცენტრების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდების შედეგად, ხელისუფლებამ ამოიღო მონტონეროების მიერ დამზადებული თითქმის ყველა G-70 energa-სყუმბარა და 16-33-MP-ის ყუმბარმტყორცნების უმრავლესობა. გარდა ამისა, კონფისკებულ იქნა ხელყუმბარების ერთი მეოთხედი, რომლებიც 60 მმ-იანი მორტირების პროტოტიპს წარმოადგენდა. ეს მოქმედებები განხორციელდა ჩაკოში, კორიენტესში, სანტა ფეში და ვიჟა დომინიკოში (ბუენოს აირესის პროვინცია).

66. 1977 წლის დასაწყისში, მონტონეროების დოკუმენტში ჩანს, მათ აღარ შეუძლიათ მცირე კალიბრის იარაღი მიაწოდონ თანამებრძოლებს და რომ არაფორმალურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ შეიარაღება თავად უნდა მოიპოვოს. მიუხედავად ამისა, ყუმბარების წარმოება გრძელდებოდა და პრიორიტეტი ენიჭებოდა SFM-5 ჭურვებისა და ყუმბარმტყორცნების დამზადებას. მონტონეროები იმედოვნებდნენ, რომ 1977 წლის აპრილისათვის, SFM-5-ის ყუმბარები მზად იქნებოდა. ისინი ასევე ელოდნენ, რომ 1977 წლის ბოლოსათვის ექნებოდათ 1000-2000 ერთეული G-40-ის ჭურვი.

67. რაც შეეხება მონტონეროების ფინანსებს, ორგანიზაციის ეროვნულმა სამხედრო მდივანმა სიაში შეიტანა ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ფედერალურ დედაქალაქში, 1976 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 127.500, 233.250 და 70.450 დოლარის ექვივალენტი პესოში. მთლიანი თანხის დაახლოებით 42% დაიხარჯა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე, კონსპირაციულ ბინებზე და  სხვა კერძო საკუთრებაზე; 38% მოხმარდა მომარაგებას და სხვადასხვა საკითხებს, ხოლო 20% დაბანდებულ იქნა.  არმიის [] შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მონტონეროებმა დაკარგეს წევრები და ზარალი განიცადეს ლოჯისტიკურ აპარატში, მინიმუმ, 1976 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის მონაცემებით, არ ჰქონია სახსრების პრობლემა.

68. ეს ვითარება შეიცვალა 1977 წლის თებერვალში, როდესაც არგენტინის საზღვაო ძალებმა, ბუენოს აირესში დააკავა მონტონეროების ეროვნული მდივანი ფინანსურ საკითხებში, რენე აიდარი. აიდარმა ორგანიზაციის ფინანსური სტრუქტურის შესახებ მათ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის, გათქვა მონტონეროების მთავარი ფინანსური რეზერვების ანგარიშები ესპანეთში და შვეიცარიაში, რომლებთანაც დაკავებულს, „პაბლო ვენტურას“ სახელით, პირდაპირი წვდომა ჰქონდა. აიდარის ინფორმაციის დახმარებით [] ძალებმა მოახერხა მადრიდში მდებარე ბანკის ანგარიშიდან 14 მილიონი დოლარის, ხოლო შვეიცარიული ბანკის (ჟენევა) ანგარიშიდან 50 მილიონის დოლარის და ასევე აქციების მიღება. აიდარმა ხელისუფლებას განუცხადა, რომ მონტონეროების ოპერაციათა უმრავლესობა ამ ორ ევროპულ ანგარიშზე არსებული თანხებიდან მიღებული პროცენტებით ფინანსდებოდა. მას ასევე, არგენტინაში, გამოძიებას კორდობასა და მენდოსაში უჩვენა სამალავები, სადაც მონტონეროები 17 და 4 მილიონ დოლარს ინახავდნენ. ამ ოპერაციების შედეგად, რომელშიც აიდარი იყო ჩართული, 1977 წლის თებერვლისათვის, მონტონეროების ფინანსური რეზერვები ფაქტობრივად აღარ არსებობდა.




რიკარდო რენე აიდარი

69. სტუდენტთა სექტორში, დამამთავრებელ კლასებსა და საუნივერსიტეტო დონეზე, სახელმწიფო გადატრიალებიდან მალევე, დაიწყო ანტიდივერსიული კამპანია. 1976 წლის დასაწყისში, პრეზიდენტმა ვიდელამ განაცხადა [] რომ მთავრობას სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დივერსიული მოქმედებების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. ვიდელას თქმით, წინა ხელისუფლებამ უნივერსიტეტებში კარგი სამუშაო გასწია ასეთი აქტივობების შესამცირებლად, მაგრამ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ყურადღება არ გაუმახვილებია სკოლის დამამთავრებელ დონეზე. მისი თქმით, რაც არსებულმა სამხედრო მმართველობამ აღმოაჩინა, იყო სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე დივერსანტების მიერ განხორციელებული ფართო  ინფილტრაცია, რომელშიც ზოგ შემთხვევაში, ჩართულები იყვნენ პროფესორები და სკოლების დირექტორები.

70. მიუხედავად წევრების დაკარგვისა, 1976 წლის სექტემბერში, [] მონტონეროთა მებრძოლების რიცხვი, ალბათ, დაახლოებით, 70000-ია. [] 1977 წლის თებერვლისათვის, მათი რიცხვი არ უნდა ყოფილიყო 1000-ზე მეტი, ხოლო ორგანიზაციის ლიდერთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 80%-ით შემცირდა. [] 1977 იანვრისათვის მებრძოლთა რაოდენობა იყო დაახლოებით 2000. ორივე, ლიდერებიც და პირადი შემადგენლობაც გაიფანტა და 1977 წლის მარტისათვის, ითქვა, რომ ფირმენიჩი საფრანგეთში იყო.

71. მიუხედავად წარუმატებლობებისა, „1977 წლის იანვარი-აპრილის ეროვნული გეგმის“ მიხედვით, რომელსაც ხელს აწერდა მონტონეროების ეროვნული სამხედრო მდივანი როფოლფო გალიმბერტი, [53] ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა, 1977 წელს, გაეგრძელებინა ტერორისტული ოპერაციები და, პრიორიტეტის მიხედვით, მათი სამიზნეები იყვნენ:

ა) მონოპოლისტური კომპანიების ხელმძღვანელები და ოლიგარქიის წევრები, რომლებმაც თავიანთი მოქმედებებით ზიანი მოუტანეს მშრომელებს. ამ ინდივიდების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული კამპანიის პირველადი მიზანი იყო რომ მათ, დაშინების შედეგად დაეტოვებინათ არგენტინა. თუ მათ სურთ ქვეყანაში დარჩენა და სიცოცხლე,  CGT/R-ის მიერ განსაზღვრული ხელფასი და სარგებელი უნდა მისცენ მუშებს. ძირითადად, სამიზნეებს წარმოადგენენ ის ბიზნესმენები, რომლებსაც არ ჰყავთ დაცვა ან ადვილია მათი დაკავება.

ბ) შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის წევრები. ზოგადად, აქცენტი კეთდებოდა იმ ქმედებებზე, რომელიც უფრო მეტად არმიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე პოლიციის. ინდივიდუალურად, პოლიციის ოფიცრების მკვლელობის მიზანი, პირველ რიგში, იყო იარაღის მოპოვება. მონტონეროება ასევე მნიშვნელოვნად ჩათვალეს გაეგრძელებინათ პროპაგანდისტულ/ფსიქოლოგიური მოქმედებები, რომლის მიზანიც იყო სამხედროებს შორის არსებული უთანხმოების ინტენსიფიცირება და შეიარაღებულ ძალებში არსებული განსხვავებების გამძაფრება, რომელიც უკავშირდებოდა მთავრობის მიერ დაგეგმილ პოლიტიკას. პროპაგანდა ამ თვალსაზრისით, აგრძელებს ხაზგასმას, რომ სამხედრო იერარქია მშრომელებისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე ემხრობა იმპერიალისტებს და ოლიგარქიას. მონტონეროები იმედოვნებენ, რომ დაბალი ჩინის სამხედროებში საზოგადოებრივი თვითშეგნება დიდად მოიმატებს და ისინი ეჭვქვეშ დააყენებენ ზემდგომების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

გ) არგენტინის მთავრობის წევრები, როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირები. შერჩეული მაღალი რანგის ფიგურები, სიკვდილით უნდა დაშინდნენ იქამდე, სანამ არ გადადგებიან. ქვედა რგოლის ჩინოვნიკები კი მოუწოდებენ ხელი შეუწყონ პოლიტიკას, რომელიც სარგებელს მოუტანს დაბალ და საშუალო ფენებს.

72. მიუხედავად იმისა, რომ მონტონეროებმა გააგრძელეს არგენტინაში შეერთებული შტატების მისიაზე ინფორმაციის შეგროვება და შენახვა, ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების თანამდებობის პირები არ მოხვდნენ მათი უპირველესი სამიზნეების სიაში, ალბათ დაკავშირებულია 1976 წლის სექტემბრის დასაწყისში, როსარიოში გამართულ შეხვედრასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მარიო ფირმენიჩი, მოლინასი და „პაბლო ვენტურა“ იგივე რენე აიდარი. შეხვედრაზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით აშშ-ში, მუშაობდა მონტონეროთა სასარგებლოდ. შესაბამისად, ამ უპირატესობის შენარჩუნების გამო, ისინი არ განახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს დიპლომატიური მისიების ან მათი პერსონალის წინააღმდეგ არგენტინაში, რადგანაც ასეთი მოქმედებები, ადამიანის უფლებების კონტექსტში, დაასუსტებდა მონტონეროების პოზიციებს. მათი თქმით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, როგორც მონტონეროების, ისე სხვა მემარცხენე ჯგუფების სიმპათიებს და მხარდაჭერას იწვევდა და არგენტინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები საბოლოოდ, რადიკალური მემარცხენე სექტორისთვის იყო სასარგებლო.

73. 1977 წლის დასაწყისში, მონტონეროების წინააღმდეგ გაზრდილმა ანტიდივერსიულმა მოქმედებებმა, ორგანიზაციაში დიდი ცვლილებები გამოიწვია. მდივნის პოზიცია გაუქმდა და სტრუქტურა გახდა უფრო მეტად დეცენტრალიზებული, სადაც მოქმედებები ზონის დონეზე ხდებოდა. მონტონეროების პოლიტიკა აღარ არსებობდა, როგორც, ფაქტობრივად საზოგადოებისაგან განცალკევებული, გამორჩეული და მკაცრი მთლიანობა. ის დაიქსაქსა და მისი წევრები შეერივნენ ხალხს, სადაც მათ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ საზოგადოების ფართო მასებზე, განსაკუთრებით მუშათა შორის. ამ გზით, მონტონეროებს იმედი ჰქონდათ, რომ მშრომელებსა და მთავრობას შორის გაზრდილ დაპირისპირებას კარგად გამოიყენებდნენ და შეეცდებოდნენ გამხდარიყვნენ ოპოზიციური ძალის ავანგარდი. მათ განიზრახეს გაეფანტათ თავიანთი ხალხი მთელ ქვეყანაში, რათა ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო წინააღმდეგობისთვის ხელი შეეწყოთ და ამავე დროს, თავიდან აეცილებინათ მონტონეროების ერთ ადგილას თავმოყრა, რაც ორგანიზაციის წევრებს უსაფრთხოების ძალებთან მოწყვლადს გახდიდა. ზონის ფარგლებში, განსაკუთრებულ პოლიტიკურ და სამხედრო მოქმედებებს ზონის ლიდერი ზემდგომის დასტურის გარეშე წარმართავდა. თუმცა ასეთი ქმედებები უნდა შეიცავდეს მიზანს და განხორციელდეს მონტონეროების „სამხედრო ინსტრუქციის სახელმძღვანელოში“ დადგენილი ზოგადი მითითებების შესაბამისად. ეს სახელმძღვანელო უნდა შექმნილიყო 1977 წლის იანვრიდან 1977 წლის თებერვლის დასაწყისამდე და ოცეულის მეთაურების მიერ, სახელმძღვანელოს მიხედვით, მებრძოლებისათვის ოთხდღიანი კურსები უნდა ჩატარებულიყო. ყოველთვიურად უნდა ჩატარებულიყო ორდღიანი შეხვედრა სხვადასხვა ზონის მეთაურებთან და შესაბამის ეროვნულ წარმომადგენლებთან, რათა შეეფასებინათ წინა თვის პრობლემები და წარმატებები, დაესახად მომავალი თვის გეგმები და განეხილათ პოლიტიკური საკითხები. ნებისმიერი სამიზნის მიმართ დაგეგმილი ოპერაცია უნდა ყოფილიყო მონტონეროებისათვის დაბალი რისკის შემცველი და რაც შეიძლება მცირე ძალებით უნდა ჩატარებულიყო. იმ მონტონეროებმა, რომლებიც ანხორციელებენ ოპერაციებს კარგად უნდა იცოდნენ ლოკაციები და ჰქონდეთ გეგმები, რათა მოახერხონ ადვილად და სწრაფად გაქცევა. გადატვირთულ რაიონებში შეუძლიათ გამოიყენონ ველოსიპედები ან მოტოციკლეტები და არა ავტომობილები. მათ აღიარეს რომ საკომუნიკაციო საშუალებები უკიდურესად მოიწყვლადი იყო, ვინაიდან უსაფრთხოების სამსახურებმა წევრების უმეტესობის შესახებ იცოდა და ამის გამო, 1977 წლის იანვარ-აპრილში კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად სპეციალური მოქმედებები უნდა განხორციელებულიყო.

74. მიუხედავად მონტონეროების გეგმებისა და ძალისხმევისა, ყოფილიყვნენ სიცოცხლისუნარინნი და განეხორციელებინათ თავიანთი გეგმები, 1977 წლის დასაწყისში, პრეზიდენტმა ვიდელამ საჯაროდ განაცხადა, რომ ხაზს უსვამს მთავრობის გადაწყვეტილებას, ბოლომდე გააგრძელოს დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლა. ხელისუფლების [] ზოგიერთი წარმომადგენელის გათვლით დივერსანტები 1977 წლის ბოლოს განადგურებულები იქნებიან, თუმცა სხვების შეფასებით ეს ბრძოლა გაგრძელდება 1978 წლის ბოლომდე. თუმცა მონტონეროები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, სჯერათ რომ, მიუხედავად მათ მხარეს არსებული კონფრონტაციისა, მემარცხენე ძალები საბოლოოდ გაიმარჯვებენ და არგენტინაში, მონტონეროების დომინაციით,  ჩამოყალიბდება სოციალისტური სახელმწიფო.

 

                                 ინგლისურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა

 

შენიშვნები:

[1] მონტონერა (Montonera) – XIX საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში შეიქმნა არარეგულარული სამხედრო ნაწილები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის ესპანელების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

რაც შეეხება არგენტინას, რურალურ რეგიონებში შექმნილი ცხენოსანი მილიცია „მონტონერა,“ ძირითადად მონაწილეობდა  უნიტარისტებსა (ლიბერალები) და ფედერალისტებს (კონსერვატორები) შორის, XIX საუკუნის პირველ ნახევარში, მიმდინარე სამოქალაქო ომებში და ამ უკანასკნელის მხარე ეჭირა.

[2] 1955 წლის 16 სექტემბერს მოხდა „განმათავისუფლებელი რევოლუციის“ სახელით ცნობილი ანტიპერონისტული და ანტიკომუნისტური გადატრიალება, რომლის შედეგადაც, დაამხეს ხუან პერონის ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში აიღეს სამხედროებმა. მათ დაშალეს კონგრესი, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ასევე პროვინციებისა და ქალაქების მმართველები. 1955-1958 წლებში არგენტინას ორი დე ფაქტო პრეზიდენტი, ჯერ პირველი სამი თვე ედუარდო ლონარდი, ხოლო შემდგომში პედრო ეუხენიო არამბურუ  (Pedro Eugenio Aramburu – 1903-1970) მართავდნენ.

მონტონეროების „გენერალ ხუან ხოსე ვაჟეს“ შენაერთმა გატაცებული არამბურუ ბუენოას აირესის პროვინციაში, კარლოს ტეხედორის რაიონში, დასახლებულ პუნქტ ტიმოტესთან მდებარე რანჩოში გადაიყვანა. „რევოლუციურმა სასამართლომ“ მას ბრალი დასდო 1955 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში, 1956 წელს, ხოსე ლუის სუარესში მოწყობილ პერონისტთა ხოცვაში და ევა პერონის გვამის გაუჩინარებაში. გამტაცებლებმა ექსპრეზიდენტი დახვრიტეს.

[3] ხალხის რევოლუციური არმია ( Ejército Revolucionario del Pueblo (ERP)XX საუკუნის 70-იან წლებში არგენტინაში მოქმედი მარქსისტული ორიენტაციის მქონე პარტიზანული დაჯგუფება, რომელიც „მშრომელთა რევოლუციური პარტიის“ (Partido Revolucionario de los Trabajadores), სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენდა. ERP-ს მიზანი არგენტინაში სოციალისტური რეჟიმის დამყარება იყო. მათი საქმიანობა მოიცავდა თავდასხმებს ბანკებზე, პოლიციის შენობებზე, სამხედრო ობიექტებზე, გამოსასყიდის მიზნით ბიზნესმენების გატაცებებს, ხელისუფლებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირების მკვლელობებს და ა.შ.

[4] ფერნანდო ვაკა ნარვახა (Fernando Vaca Narvaja – 1948) - მეტსახელად „ბასკი“ იყო მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სამხედრო დიქტატურის დროს მეხიკოში იმყოფებოდა. 2012-2014 წლებში ეკავა რიო ნეგროს პროვინციის ინფრასტრუქტურისა და სერვისების მინისტრის თანამდებობა. მანამდე, მცირე ხნით იყო სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „პატაგონიის მატარებლის“ დირექტორი.

[5] „ტრელევის ჟლეტა“ (masacre de Trelew) – 1972 წლის 15 აგვისტოს, ჩუბუტის პროვინციაში მდებარე როუსონის ციხეში ადგილი ჰქონდა გაქცევის მასობრივ მცდელობას. მემარცხენე პარტიზანული დაჯგუფებების (მონტონეროები, ERP, FAR) ასზე მეტი წევრიდან მიზანს მხოლოდ ორმა ჯგუფმა მიაღწია. ერთში 6 ადამიანი შედიოდა, მეორეში 19. მარიო რობერტო სანტუჩოს, მარკოს ოსატინსკის, ფერნანდრო ვაკა ნარვახას, რობერტო კიეტოს, ენრიკე გორიარან მერლოს და დომინგო მენასგან შემდგარმა ექვსეულმა, რომელიც, ამავე დროს, „გაქცევის კომიტეტსაც“ წარმოადენდა, მოახერხა ციხის დატოვება. ფორდ ფალკონის ავტომობილით, რომელიც მათ გარეთ ელოდებოდა, ჯგუფი გაემართა ტრელევის აეროპორტისაკენ, რათა ასულიყო გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე. საფრენი აპარატი მგზავრებმა ვიკტორ ფერნანდეს პალეირომ (ERP) და ანიტა ვეისენმა (FAR) ამ ოპერაციისთვის გაიტაცეს. საბოლოოდ, ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავით ჩილეში გაქცევა, საიდანაც სალვადორ აიენდეს რეჟიმის დახმარებით, კუბას შეაფარა თავი.

რაც შეეხება 19 კაციან ჯგუფს, მათ ვერ მოახერხეს ტრელევის აეროპორტის ტერმინალის დაკავება, სადაც მგზავრები და ავიაკომპანიის პერსონალი იმყოფებოდა. მალევე იმედგაცრუებულთა სახელით პრესკონფერენცია გამართა რუბენ პედრო ბონეტმა (ERP), რომელიც პატიმრებისათვის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვდა. ტრელევს და როუსონს არგენტინის არმია და ჟანდარმერია მაქსიმალურად აკონტროლებდა,  პრეზიდენტი ლანუსე კი მკაცრად ითხოვდა ჩილელი კოლეგისაგან გაქცეული დამნაშავეების გადაცემას.

21 აგვისტოს, საღამოს, სამხედრო ხელისუფლება მთავრობის სასახლეში შეიკრიბა, თუმცა ჟურნალისტებისათვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. 22 აგვისტოს, ღამის 03:30 ზე, პატიმრები ადმირალ სარის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დახვრიტეს. 16 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიჭრა და საბოლოოდ გადარჩა. ბრძანება სისრულეში მოიყვანეს კაპიტანმა ემილიო სოსამ და ლეიტენანტ-კორვეტმა, რობერტო ბრავომ. ოფიციალური ვერსიის თანახმად, სამხედრო-საზღვაო ძალებმა აღკვეთა გაქცევის მცდელობა. იმავე ღამეს, მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავდა პარტიზანული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. მომდევნო დღეებში, არგენტინის დიდ ქალაქებში დემონსტრაციებით და ბომბების აფეთქებით გააპროტესტეს მომხდარი.

[6] „მღვდლების მოძრაობა მესამე სამყაროსათვის“  (Movimiento de Sacerdotes para el Tercer Mundo (MSTM) - არგენტინის კათოლიკურ ეკლესიაში 1967 წელს დაწყებული მოძრაობა, რომლის მიზანიც იყო გარდაქმნების მიღწევა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით. ორგანიზაციის გამორჩეულ ლიდერებად ითვლებიან: თეოლოგი ლუსიო ხერა (Lucio Gera), ყოფილი სემინარიელი და პარტიზანული ორაგანიზაცია „პერონისტთა შეიარაღებული ძალების“ (Fuerzas Armadas Peronistas (FAP) წევრი ხერარდო ფერარი (Gerardo Ferrari მოკლეს 1969 წელს)  და მემარცხენე მღვდელი კარლოს მუხიკა (Carlos mugica), რომელიც მემარჯვენე პერონისტულმა პარამილიტარისტულმა ორგანიზაცია „სამმაგმა ა“-მ (არგენტინის ანტიკომუნისტური ალიანსი) მოკლა. ამ მოძრაობის სასულიერო პირები ძირითადად უღარიბეს (villa miseria) და მუშათა უბნებში მოღვაწობდნენ.  მათი იდეოლოგია ძირითადად მემარცხენე, პერონისტული ხასიათისა იყო. ასევე კავშირი ჰქონდათ ურბანულ პარტიზანულ ორგანიზაციებთან. 1976 წელს, დიქტატურის დამყარების შემდეგ მოძრაობამ არსებობა შეწყვიტა.

[7] ეკტორ კამპორა (Héctor Cámpora 1909-1980) - პერონისტი პოლიტიკოსი, რომელმაც 1973 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ გაიმარჯვა რაც სამხედრო ხელისუფლებამ გადაწყვიტა დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლა და ნება დართო პერონისტულ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მისი მმართველობა მხოლოდ 49 დღე გაგრძელდა. კამპორამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა კუბასთან,  მიიღო კანონი ამინისტიის შესახებ, რომელიც პოლიტიკურ დევნილებს შეეხოთ (მათ შორის მემარცხენე პარტიზანული ორგანიზაციების წევრებს) და  დანიშნა ახალი არჩევნები, რითაც გზა გაუხსნა ხუან პერონს, რომელიც 18 წლიანი ემიგრაციის შემდეგ არგენტინაში დაბრუნდა და 1973 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა პრეზიდენტად.

[8] ხოსე იგნასიო რუჩი (José Ignacio Rucci – 1924-1973) - პერონთან დაახლოებული პროფკავშირების ლიდერი, რომელიც CGT-ს 1970-1973 წლებში ხელმძღვანელობდა. მას „მემარჯვენე პერონისტების“ მხარე ეკავა და უპირისპირდებოდა რადიკალური მემარცხენე დაჯგუფებების (მონტონეროები, ERP, FAR, FAP) გავლენის ზრდას. 1973 წლის 25 სექტემბერს ის სახლთან მოკლეს. რუჩის 23 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ERP-მ ღიად განაცხადა, რომ მას მომხდართან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, მონტონერეობმა კი დუმილი ამჯობინეს. ორი წლის შემდეგ, მონტონეროების ოფიციალურ გამოცემაში, ჟურნალ „ევიტა მონტონერაში“ (მონტონერო ევიტა) „სახალხო მართლმსაჯულების“ მიერ გასამართლებულთა სიაში აღმოჩნდა რუჩის გვარიც. წლების შემდეგ ამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა, პროფკავშირების ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით,  არაოფიციალურად აღიარეს თავიანთი პასუხისმგებლობა.

[9] რევოლუციური შეიარაღებული ძალები (Fuerzas Armadas Revolucionarias (FAR) – XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს არგენტინაში შეიქმნა მემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაცია, რომლის იდეალიც იყო ჩე გევარას პარტიზანული მოძრაობა ბოლივიაში. მისი წევრების უმრავლესობას, რომლებსაც მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგია ჰქონდათ, წარმოადგენდნენ „არგენტინის ახალგაზრდა კომუნისტთა ფედერაციის“ (Federación Juvenil Comunista de la Argentina) ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია განხეთქილების შემდეგ დატოვეს. FAR-ის აქტივობები ძირითადად მოიცავდა თავდასხმებს ბანკებზე და პოლიციის განყოფილებებზე. 1973 წელს ისინი მონტონეროებთან გაერთიანდნენ. 

[10] რობერტო კიეტო (Roberto Quieto 1938-1976) - მეტსახელად „შავი. პროფესიით ადვოკატი მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 1975 წლის ბოლოს დააპატიმრეს. მან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ორგანიზაციის შესახებ. რის გამოც მონტონეროების სასამართლომ მას ღალატისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა, ორგანიზაციის შიგნით ადგილი ჰქონდა დებატებსაც, რადგანაც კიეტომ ინფორმაცია წამების შემდეგ გასცა. ის დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

[11] მარიო ფირმენიჩი (Mario Firmenich – 1948) - მონტონეროების მთავარი ლიდერი, რომელიც ადრეული ასაკიდან შევიდა ორგანიზაცია „კათოლიკე მოსწავლე ახალგაზრდობაში“ Juventud Estudiantil Católica (JEC), სადაც გაიცნო მღვდელი კარლოს მუხიკა, რომელმაც მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ფირმენიჩს მუხიკასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის სიკვდილამდე.

1976 წელს, დიქტატურის დამყარების შემდეგ, მან არგენტინა დატოვა. ემიგრაციაში ყოფნისას ფირმენიჩი რომში მეხიკოსა და კუბაზე ცხოვრობდა. 1983 წლიდან, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის შემდეგ, პრეზიდენტ რაულ ალფონსინის მმართველობისას მოხდა ფირმენიჩის დაკავება ბრაზილიაში და მისი ექსტრადიცია. სასამართლომ მას 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ 1990 წელს, პრეზიდენტმა კარლოს მენემმა ის შეიწყალა. მონტონეროების ყოფილმა ლიდერმა პოლიტიკა დატოვა და სწავლა დაიწყო. 1996 წელს დაიცვა ხარისხი ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. შემდეგ გაემგზავრა ბარსელონაში და 1999 წელს, ნობელიანტი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის ხელმძღვანელობით მიიღო ეკონომიკის დოქტორის ხარისხი. ბარსელონის უნივერსიტეტში, ეკონომიკის თეორიის დეპარტამენტში მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად.

[12] კოლონა საბინო ნავარო (Sabino Navarro Column) - მონტონეროების ერთი ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციას ჩამოშორდა და 1972-1975 წლებში დამოუკიდებლად მოქმედებდა. მათი ლიდერები იყვნენ: იგნასიო ველეს კარერასი, გრასიელა დოლდანი და სხვები. ისინი გამოსცემდნენ ჟურნალს „პურო პუებლო“ (მხოლოდ ხალხი). ჯგუფის გამოყოფის მიზეზი გახდა 1971-1972 წლებში, ქალაქ რესისტენსიის ციხეში მონტონეროებს შორის არსებული შიდა დისკუსია, რასაც „მწვანე დოკუმენტის“ შექმნა მოჰყვა (დაწერილი იყო მწვანე ფერის მუყაოს ფრაგმენტებზე და ციხიდან მის გამოტანას თავმოყრას გარკვეული დრო დასჭირდა). დოკუმენტი სამი პოსტულატისგან შედგებოდა: კლასებად დაყოფა, ალტერნატიულობა და რევოლუციურობა. მათი აზრით რევოლუციისათვის საინტერესო იყო პერონისტული მუშათა კლასი და არა მთელი მოძრაობა. მონტონეროების სწორედ „მოძრაობად“ მიიჩნეოდნენ და საჭირო იყო „ალტერნატივის“ გაჩენა.

[13] მარია ესტელა მარტინესი (María Estela Martínez – 1931) - იგივე ისაბელიტა, პერონის მესამე და უკანასკნელი ცოლი იყო. იგი 1965 წელს პერონის პირადი წარმომადგენელი გახლდათ არგენტინაში, როდესაც ამ უკანასკნელს ქვეყანაში დაბრუნების უფლება არ ჰქონდა. 1973 წელს, პერონის გაპრეზიდენტების შემდეგ მან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ 1974-1976 წლებში ქვეყანას პირველი პირის რანგში მართავდა. მისი მმართველობისათვის დამახასიათებელი იყო მწვავე ეკონომიკური კრიზისი და სისხლიანი დაპირისპირებები მემარცხენე პერონისტულ, მარქსისტულ ურბანულ პარტიზანულ ორგანიზაციებთან, რომლებსაც უპირისპირდებოდნენ სახელმწიფო და მემარჯვენე პერონისტული პარამილიტარული ორგანიზაცია „არგენტინის ანტიკომუნისტური ალიანსი.“ ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა პერონთან დაახლოებული ხოსე ლოპეს რეგა (José López Rega). რეგას სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის პოსტი ეკავა და მარტინესის მთავრობაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

[14] ჟურნალი გამოდიოდა 1974 წლის ივლისს-სექტემბერში. გამოიცა ცხრა ნომერი.

[15] არგენტინის ყველაზე დიდი კერძო კომპანიის “Bunge & Born“-ის თანამოწილის, ხუან ბორნის შვილები ქალაქის ცენტრში მოიტაცეს, როდესაც ისინი სამსახურში მიდიოდნენ. ოპერაციისას მონტონეროებმა მოკლეს მანქანის მძღოლი და ბორნების ახლო მეგობარი ხუან ბოში. გამოსასყიდმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც  არგენტინის 1974 წლის სამხედრო ბიუჯეტის 1/3 იყო. ამას გარდა, 1.2 მილიონი დოლარის ტანსაცმელი და საკვები გაგზავნილ იქნა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში.

[16] ალბერტო ვიჟარი (Alberto Villar – 1923-1974) - ვიჟარი 70-იანი წლებიდან, ბუენოს აირესში, კორდობასა და ტუკუმანში იბრძოდა მემარცხენე ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. ის ასევე იძიებდა პრეზიდენტ არამბურუს მკვლელობის საქმესაც. ვიჟარი ითვლებიდა „არგენტინის ანტიკომუნისტური ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერად.

[17] ავთენტური პერონისტული პარტია (Partido Peronista Auténtico) - მონტონეროებთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა 1975-1977 წლებში. პარტია პერონის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა, როგორც ხუსტისიონალისთა გაერთიანების საპირწონე, რომლის ლიდერებიც მარია ესტელა მარტინესი და ხოსე ლოპეს რეგა იყვნენ.

[18] საშუალო სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება (Unión de Estudiantes Secundarios (UES) – 1953 წელს, განათლების მინისტრის, არმანდო მენდეს სანმარტინის მიერ, პოლიტიკური მიზნებისათვის შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა სკოლების დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებს. 1955 წელს, „განმანთავისუფლებელი რევოლუციის“ სახელით ცნობილმა სამხედრო რეჟიმმა დაამხო ხუან პერონი. მალე ეს გაერთიანებაც აიკრძალა. 1973 წელს ორგანიზაცია ძველი სახელით აღდგა და მას რევოლუციური პერონიზმის მემარცხენე რადიკალური იდეოლოგია ჰქონდა.

[19] უნივერსიტეტის პერონისტი ახალგაზრდობა (Juventud Universitaria Peronista (JUP) - პერონისტული პარტიის საუნივერსიტეტო განაყოფი, რომელიც 60-იან წლებში შეიქმნა და ჰქონდა ავტონომია. JUP-ი ითვლებოდა პარტიის მომხრე ტექნოკრატებისა და პოლიტიკური ლიდერების სამჭედლოდ.

[20] ფორმოსას პროვინციაში (არგენტინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი) განხორციელებული ეს თავდასხმა ცნობილია ოპერაცია „პირველი ნაყოფის“ (Primicia) სახელით.  შეტაკებებისას დაიღუპა არმიის 12 ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი. მონტონეროებმა დაკარგეს 9 წევრი.

[21] ალბერტო ხოსე მოლინას-ბენუსი (Alberto Jose Molinas-Benussi – 1945-1976) - მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი, პროფესიით ექიმი. მას ჰყავდა სამი ძმა და ერთი და, ყველა ამავე ორგანიზაციის წევრი იყო. 1975-1977 წლებში ძმებიდან ორი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ერთი მოიტაცეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაც გაიტაცეს და შემდგომში მოკლეს.

[22] ალბერტო მიგელ კამპსი (Alberto Miguel Camps -1948-1977) - მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბანკებზე განხორციელებულ თავდასხმებში. კამპსი იყო სამიდან ერთ-ერთი ვინც გადაურჩა „ტრელევის ჟლეტას.“ 1977 წელს დაიღუპა უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას.

[23] რიკარდო რენე აიდარი (Ricardo René Haidar – 1944-1982) - მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი, პროფესიით ინჟინერ ქიმიკოსი. იგი ორგანიზაციაში გაწევრიანებამდეც მონაწილეობდა პოლიციის შენობაზე თავდასხმაში (1969). ასევე ჩართული იყო იარაღით სავსე სატვირთოს ძარცვაში (1970) და სანტა ფეში მდებარე პოლიციის შენობის აფეთქებაში (1971). აიდარი, მეტსახელად „თურქი,“ იყო სამიდან ერთ-ერთი ვინც გადაურჩა „ტრელევის ჟლეტას.“ სამხედრო დიქტატურის მიწურულს, 1982 წელს, იგი გაუჩინარდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

[24] ხუან ხულიო როკე (Juan Julio Roqué – 1940-1977) - მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი, ფლობდა სამეცნიერო ხარისხს ზუსტ მეცნიერებებში და იყო კორდობაში დამამთავრებელი საფეხურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. ადრეული ასაკიდან დაინტერესებული იყო მემარცხენეობით. როკემ შეისწავლა მარქსიზმი და თვლიდა, რომ განათლებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა საზოგადოების ტრანსფორმირებაში. 1973-1974 წლებში ის ხელმძღვანელობდა პრესის მიმართულებას და ცდილობდა გაზეთ „ნოტისიას“ (ამბები) გამართვას. რაც შეეხება სამხედრო მხარეს, როკე 1972 წელს, როსარიოში ხელმძღვანელობდა გენერალ ხუან კარლოს სანჩესის მკვლელობის ოპერაციას. ჟურნალისტთა ნაწილი მას აბრალებდა პროფკავშირების ლიდერის, ხოსე იგნასიო რუჩის მკვლელობაში მონაწილეობასაც. 1975 წელს, როგორც ბუენოს აირესის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა რომ საჭირო იყო მებრძოლების სოციალური და შრომითი ცხოვრებიდან იზოლირება, რათა უსაფრთხოების საკითხები ყოფილიყო დაცული. 1976 წელის სამხედრო გადატრიალების შემდეგ როკე თვლიდა, რომ ხალხის მასებისაგან ორგანიზაციის დისტანცირება უეჭველ დამარცხებას უდრიდა, ამიტომ მხარს უჭერდა მასობრივ წინააღმდეგობას, რაც სხვა ლიდერებმა არ მიიღეს. 1977 წელს, უსაფრთხოების ძალებმა ბუენოს აირესის პროვიციაში, ქალაქ აედოში, ერთ-ერთი სახლს ალყა შემოარტყეს. შეტაკება საბოლოოდ როკეს თვითმკვლელობით დასრულდა. 

[25] ფრანსისკო რეინალდო ურონდო (Francisco Reinaldo Urondo 1930-1976) - მწერალი, პოეტი, სცენარისტი. 1958 წელს დაინიშნა სანტა ფეს პროვინციის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1973 წლიდან ეკავა ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ლიტერატურის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 1970 წელს FAR-ის რიგებში მონაწილეობდა ქალაქ გარინის (ბუენოს აირესის შემოგარენი) აღების მცდელობაში. ურონდო 1976 წელს, მენდოსაში, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. 2011 წელს მისი და სხვა პირების მკვლელობის ბრალდებით ოთხ ადამიანს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, ერთს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს სანტა ფეს კულტურის ცენტრს ეწოდა მისი სახელი. 2020 წელს ბუენოს აირესის ცენტრში, პუერტო მადეროში, გაიხსნა ურონდოს სახელობის სკვერი. ამავე წელს ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კულტურის ცენტრი ურონდოს სახელობისა გახდა.

[26] იგნასიო ველეს კარერასი (Ignacio Vélez Carreras) - ის ექსპრეზიდენტ არამბურუს გატაცების ოპერაციიდან ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი პირია. კორდობელი ველეს კარერასი ასევე მონაწილეობდა ქალაქ ლა კალერას (კორდობის პროვინცია) აღების ოპერაციაში, როდესაც მონტონეროებმა დაიკავეს პოლიციის შენობა, გაძარცვეს „პროვინციის ბანკის“ ადგილობრივი  ფილიალი და გათიშეს ქალაქის სატელეფონო სადგური. თუმცა ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაშვებული შეცდომებს მოჰყვა მებრძოლთა ნაწილის დაპატიმრება. პრეზიდენტ ნესტორ კირშნერის მმართველობისას (2003-2007) ხელმძღვანელობდა „აბლაციისა და იმპლანტის მაკოორდინერებელ უნიკალურ ცენტრალურ ეროვნულ ინსტიტუტს“ (Instituto Nacional Central Único Coordinador de Ablación e Implante (INCUCAI).

[27] ერნან აგოსტო ოსორიო (Hernan Agosto Osorio 1945-2018) - სკოლის ასაკიდან მონაწილეობდა გაფიცვებში და იყო აქტიური პერონისტი. 1975 წელს დააკავეს მისი მეუღლე, რომელმაც ციხეში 6 თვე გაატარა. ცოლის და სამი შვილის გამო ოსორიო მალე ჩამოშორდა აქტიურ პარტიზანულ ცხოვრებას და ცდილობდა ემიგრაციაში წასვლას, რაც ოჯახი დამარებით, 1978 წელს მოახერხა. მან ყალბი საბუთებით ჯერ რიოში მოახერხა ჩასვლა, იქიდან კი ბელგიაში.  ტატოს, როგორც მას უწოდებდნენ, მალე ოჯახიც შეუერთდა. ის არგენტინაში 1987 წელს დაბრუნდა. ასწავლიდა ფრანგულს, შემდეგ კი ბუენოს აირესში  გაზეთების კიოსკში მუშაობდა, რომელიც მისი საკუთრება იყო. ოსორიო 2018 წელს გარდაიცვალა. ელ კონდორის მუნიციპალიტეტში (რიო ნეგროს პროვინცია) არის მისი სახელობის სკვერი.

[28] მარია ანტონია ბერჯერი (María Antonia Berger 1942-1979) - პროფესიით სოციოლოგი ბერჯერი, იყო სამიდან ერთ-ერთი ვინც გადაურჩა „ტრელევის ჟლეტას.“ ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ოპერაციაში (ქალაქ გარინის აღების მცდელობა (1970), სამხედრო სატვირთო მანქანაზე თავდასხმა (1971) და სხვ. 1976 წელს, დიკტატურის დამყარების შემდეგ, ცხოვრობდა რომში და ჰავანში. 1979 წელს, მონტონეროების მიერ დაგეგმილი „სტრატეგიული კონტრშეტევის კამპანიის“ ფარგლებში ბერჯერი დაბრუნდა არგენტინაში და იყო ორგანიზაციის ქალთა ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე. ამავე წელს, უსაფთხოების ზალებმა ის მოიტაცეს და მოკლეს.

[29] ესთერ ნორმა აროსტიტო (Esther Norma Arrostito 1940-1978) - მონტონეროების შექმნისას, ის ერთადერთი ქალი ლიდერი იყო ორგანიზაციაში და მას არგენტინულ საზოგადოებაში „პარტიზან ქალად“ მოიხსენიებდნენ. აროსტიტო, 60-იანი წლებიდან ჩანს პერონისტებთან, თუმცა მისი იდეები კომუნიზმთანაც ახლოს იყო. 1967 წელს, კუბაში, მან მონაწილეობა მიიღო „ლათინოამერიკული სოლიდარობის ორგანიზაციის“ (Organización Latinoamericana de Solidaridad (OLAS) შეკრებაში, სადაც რეგიონის რევოლუციური და ანტიიმპერიალისტური მოძრაობები იყვნენ წარმოდგენილნი. 1970 წლის სექტემბერში, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს მისი პარტნიორი ლუის მედინა, რის გამოც ის ნელ-ნელა ჩამოშორდა პარტიზანთა მმართველ რგოლს, რომელთანაც იდეოლოგიაზე და ბრძოლის მეთოდებზეც  განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. 1973 წელს, ეკტორ კამპორას მიერ გამოცემული ამინისტიის შემდეგ, აროსტიტომ მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ეროვნულ სკოლაში, ასევე პროფესორად მიიწვიეს ბუენოს აირესის უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერებების კათედრაზე. ამავე დროს იყო, მონტონეროებთან აფილირებული პოლიტიკოსის, ბუენოს აირესის პროვინციის გუბერნატორის, ოსკარ ბიდეგაინის პირადი სამდივნოს ხელმძღვანელი. 1976 წლის 2 დეკემბერს სამხედრო რეჟიიმა ის გაიტაცა, თუმცა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ აროსტიტო მოკლეს. ამის მიზანი იყო საზოგადოების დარწმუნება პარტიზანის ლიკვიდაციაში და ამავე დროს შესაძლებლობა, მიეღოთ მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აროსტიტო ერთწლიანი წამების შემდეგ, 1978 წლის იანვარში მოკლეს.

[30] ხორხე ომარ ლევინხერი (Jorge Omar Lewinger – 1944) - პროფესიით ჟურნალისტმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო კუბაზე გამგზავრებით, რათა შეერთებოდა ჩე გევარას ბოლივიაში, თუმცა ეს უკანასკნელი მოკლეს. 70-იანი წლებიდან ის გახდა ჯერ FAR-ის, შემდეგ კი მონტონეროების წევრი. 1972 წელს ჰქონდა როუსონის ციხიდან გაქცევის მცდელობა. 1976 წელს დამყარებული დიქტატურის შემდეგ ვენხერი ემიგრაციაში წავიდა და მექსიკაში ცხოვრობდა. არგენტინაში 1982 წელს, ბრიტანეთთან ომის დროს დაბრუნდა. 1998 წელს გონსალო ჩავესთან ერთად გამოაქვეყნა წიგნი „73 იანელები - მონტონეროს მოგონება.“ (Los del 73. Memoria Montonera).

[31] ხოსე კარლოს კორონელი (Jose Carlos Coronel 1944-1976) - პოეტი და ტუკუმანის უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში. კორონელი ირიცხებოდა FAR-ს რიგებში და 1970 წელს მონაწილეობა მიიღო  ქალაქ გარინის აღების ოპერაციაში. 1971 წელს როსარიოში დააპატიმრეს, თუმცა ორი წლის შემდეგ ამინისტიით გათავისუფლდა.

[32] ისმაელ სალამე (Ismael Salame 1947-1976) - სალამე სტუდენტობიდნ, როგორც აქტიური პერონისტი იბრძოდა ხუან კარლოს ონგანიას დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც 1966 წელს. პრეზიდენტ არტურო ილიას დამხობის შემდეგ დამყარდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ტუკუმანში, 1969-1970 წლებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში („ტუკუმანასო“), რაც გამოწვეული იყო შაქრის 11 ქარხნის დახურვით. მალევე ის შედის მონტონეროების რიგებში და 1975 წელს ხდება ორგანიზაციის ეროვნული პოლიტიკური სამდივნოს წევრი.

[33] მარია ვიკტორია ველში (María Victoria Walsh 1950-1976) - ჟურნალისტი, რომელიც 22 წლის ასაკში გახდა მონტონერო. ამავე ორგანიზაციაში იყო  მისი მამა, მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი როფოლფო ველში.

[34] იგნასიო ბერტრანი (Ignasio Bertran 1947-1976) - სწავლობდა ბუენოს აირესში, სალვადორის იეზუიტურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. ბერტრანმა შემდგომში სწავლა განაგრძო სემინარიაში, თუმცა მღვდელი არ გამხდარა. იყო მონტონეროების ეროვნული პოლიტიკური სამდივნოს წევრი.

[35] კარლოს კაპუანო მარტინესი (Carlos Capuano Martínez 1949-1972) - მეტსახელად „გამხდარი,“ სწავლობდა არქიტექტურას კორდობას უნივერსიტეტში. სტუდენტობისას შევიდა „კათოლიკე მოსწავლე ახალგაზრდობის,“ რიგებში, შემდეგ კი გახდა მონტონეროების ერთ-ერთი ლიდერი. 1970 წელს, მონაწილეობდა ქალაქ ლა კალერას (კორდობის პროვინცია) აღების ოპერაციაში, რომელიც ბევრი მონაწილის დაპატიმრებით დასრულდა, ხოლო კაპუანო მარტინესმა გაქცევით უშველა თავს. 1971 წელს ის მეთაურობდა FAP-ის „ევა პერონის შენაერთს,“ რომელმაც FAR-თან და მონტონეროებთან ერთად, ბუენოს აირესის სან ტელმოს უბანში მდებარე ქალთა ციხიდან  პარტიზანებს ციხიდან გაქცევის შესაძლებლობა მისცა. ამავე წლიდან „გამხდარი“ ხელმძღვანელობდა მონტონეროების „ჩრდილო-დასავლეთის“ შენაერთს. 1972 წელს, ის ბარში იმყოფებოდა ორ მეგობართან ერთად. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა მათ საბუთები მოსთხოვეს, კარლოსმა იარაღი ამოიღო და მოკლა პოლიციელი და დაჭრა ერთ-ერთი მეგობარი. ის გაქცევისას, მანქანაში ჩაჯდომის დროს პოლიციელმა მოკლა. კაპუანო მარტინესი კორდობას პროფკავშირების შენობაში დაასვენეს, მის დაკრძალვაზე გვირგვინებს შორის იყო ერთი, წარწერით „პერონი-ისაბელიტა.“ ხუან პერონი მას თანამებრძოლად თვლიდა.

[36] კარლოს გუსტავო რამუსი (Carlos Gustavo Ramus 1947-1970) - მონტონეროების ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა აქტიურობით. ის ჯერ ორგანიზაცია „კათოლიკე მოსწავლე ახალგაზრდობას“ (Juventud Estudiantil Católica (JEC) ლიდერობდა მარიო  ფირმენიჩთან და აბალ მედინასთან ერთად, რომელიც უღარიბეს უბნებში საქმიანობდა, ხოლო ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ეკონომიკის სწავლისას, შედიოდა ერთ-ერთი პერონისტული სტუდენტური დაჯგუფების რიგებში. 1970 წელს მონაწილეობდა ქალაქ ლა კალერას აღების ოპერაციაში და ასევე ქალაქ რამონ მეხიაში (ბუენოს აირესის პროვინცია) „გალისიის ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმაში.

[37] ფერნანდო ლუის აბალ მედინა  (Fernando Luis Abal Medina) - მონტონეროების დამაარსებელი და სიცოცხლის ბოლომდე მთავარი ლიდერი თინეიჯერობის ასაკიდან განიცდიდა მღვდელ კარლოს მუხიკას იდეების ძლიერ გავლენას. მისი პირველი პოლიტიკური აქტივობა იყო პროტესტი 1967 წლის 1 მაისს, ბუენოს აირესის საკათედრო ტაძარში, სადაც მესას  ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი კარლოს ონგანია. ამავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო „ლათინოამერიკული სოლიდარობის ორგანიზაციის“ დაფუძნებაში, რომელიც ჰავანაში შედგა. კუბაში მეორე ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა შეექმნა შეიარაღებული რევოლუციური ორგანიზაცია. პედრო ეუხენიო არამბურუს გატაცებამდე, მან პოლიციის შენობებზე ორ თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შედეგადაც მონტონერორბმა მოიპოვეს იარაღი და პოლიციის ფორმები. რაც შეეხება ზემოხსენებულ გატაცებას, ექსპრეზიდენტის „სასამართლო“ განაჩენი, დახვრეტა,  სისრულეში სწორედ აბალ მედინამ მოიყვანა. მისი ბოლო ოპერაცია იყო ქალაქ რამონ მეხიაში „გალისიის ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც მძარცველებმა დაახლოებით 36.000 დოლარი გაიტაცეს. 7 სექტემბერი, რამუსისა და მედინას მკვლელობის გამო, ორგანიზაციამ მონტონეროების ხსოვნის დღედ გამოაცხადა. მონტონერეობის ლიდერი დაკრძალეს ჩაკარიტას სასაფლაოზე. ვადის გასვლის შემდეგ გადაასვენეს უცნობ ადგილას. ამ საუკუნის დასაწყისში, მისი დედის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა იყიდა აკლდამა რეკოლეტას სასაფლაოზე (ადგილი სადაც ყველაზე ცნობილი არგენტინელები არიან დაკრძალულნი) და აბალ მედინას ნაშთები იქ გადაასვენა. მისგან 100 მეტრში კი ექსპრეზიდენტ არამბურუს საფლავია.

[38] ხორხე ვიდელა (Jorge Videla 1925-2013) - სამხედრო და პოლიტიკოსი, არგენტინის დე ფაქტო პრეზიდენტი 1976-1981 წლებში. 1976 წლის 24 მარტს, სახმელეთო ჯარების სარდალ ვიდელას, სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ედუარდო მასერას და საჰაერო ძალების პირველი პირის ორლანდო რამონ აგოსტიმ მეთაურობით, განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც    ხელისუფლებაში მოსულებმა უწოდეს „ეროვნული რეორგანიზაციის პროცესი,“ რომელიც 1983 წლამდე გაგრძელდა. ეს პერიოდი  ყველაზე სისხლიანად ითვლება არგენტინის ისტორიაში. რეჟიმმა აქტიურად დაიწყო ბრძოლა მემარცხენე პოლიტიკური და რევოლუციურ-პარტიზანული ჯგუფების, ასევე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა დაახლოებით 30 000 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ წამების ცენტრებში მოკლეს. მათ „უგზო-უკვლოდ“ დაკარგულად მოიხსენიებენ.

არგენტინაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის შემდეგ, ვიდელა 1985 წელს გაასამართლეს მკვლელობების, 506 ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამების, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების და სხვა ბრალდებებით და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ 1990 წელს, პრეზიდენტმა მენემმა „წარსულის კონფლიქტების დაძლევის“ მოტივით  გენერალი, ხუნტის წევრი სამხედროები, მარიო ფირმენიჩი და სხვები შეიწყალა. 1998 წელს ის კვლავ დააკავეს, თუმცა 38 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ასაკის გამო, შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 2003 წელს გერმანიამ მოითხოვა ვიდელას გადაცემა, 1977 წელს, არგენტინაში მოკლული მისი მოქალაქის ელისაბეთ კაესმანის გამო. 2008 წელს ის კვლავ ციხეში გადაიყვანეს. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულის საქმესთან დაკავშირებული სერიოზულობა გადაულახავი მომენტი იყო შინა პატიმრობისათვის. ამასობაში, 2009 წელს, ნიურნბერგის პროკურატურამ კვლავ განაახლა საქმე, რადგანაც კიდევ ერთი გერმანელი მოქალაქის მოკლული გვამი აღმოჩნდა არგენტინაში. 2010 წელს კორდობაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ვიდელამ განაცხადა რომ სასამართლოს არ ჰქონდა მისი განსჯის კომპეტენცია. მისი თქმით, ის იყო არმიის მეთაური, რომელიც იბრძოდა დივერსიის და ტერორიზმის წინააღმდეგ და ის იღებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას. სასამართლომ უკანონოდ ცნო მენემის გადაწყვეტილება და ყოფილ დიქტატორს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2012 ვიდელა კვლავ დამნაშავედ ცნეს, მისი მმართველობის მცირეწლოვანთა გატაცების გამო, და 50 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ციხეში, 2013 წელს გარდაიცვალა.

[39] ანა მარია გონსალესი (Ana María González) იყო კარდოსოს შვილის მეგობარი, რომელმაც მოახერხა გენერლის საძინებელში შეღწევა და მატრასის ქვეშ 700 გრამი ტროტილის დამონტაჟება. აფეთქების შედეგად სესარეო კარდოსო (Cesáreo Cardozo 1926-1976) და მისი ცოლი დაიღუპნენ. გონსალესი, რომელიც კარდოსოს მისი თანამებრძოლების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობებში ადანაშაულებდა, 1977 წელს, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

[40] ხოსე მარტინეს დე ოსი (José Martínez de Hoz 1925-213) - არგენტინელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი 1976-1981 წლებში. იგივე პოსტი, რამდენიმე თვით, 1963 წელსაც ეკავა. მარტინეს ოსი ემხრობოდა არგენტინის ბაზრის გახსნას, ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის შემოსვლას და ლიბერალურ რეფორმებს.

[41] პარტია არსებობდა 1976-1983 წლებში. მისი შექმნა გამოიწვია შემდეგმა მოსაზრებამ: მონტონეროები თვლიდნენ, რომ პერონისტული „ხუსტისიონალისტთა“ პარტია (Partido Justicialista) არ პასუხობდა პერონიზმის იდეებს.

[42] ორასიო მენდისაბალი (Horacio Mendizábal 1944-1979) - პროფესიით ადვოკატი, ნაციონალისტი კათოლიკე, რომელიც 60-იანი წლებიდან პერონისტულ იდეებს უჭერდა მხარს. 1968 წელს, მან, თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა პარტიზანული ორგანიზაცია „უპერანგოები“ (Descamisados), რომელიც 1972 წლამდე არსებობდა და შემდეგ მონტონეროებს შეუერთდა. მენდისაბალი 1975 წელს დააპატიმრეს, თუმცა  რამდენიმე თვეში ადვოკატის დახმარებით, ფედერალური მოსამართლის კაბინეტიდან, მოახერხა გაქცევა - ადვოკატმა პისტოლეტი დაადო ზედამხედველს, შემდეგ კი ისიც და მენდისაბალიც ფანჯრიდან გადახტნენ, სადაც მათ მანქანა ელოდებოდათ და მიიმალნენ. 1977 წელს არგენტინელი პარტიზანი ბეირუთში ჩავიდა, რათა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ შეერთებოდა. 1978 წელს მონტონეროებმა გადაწყვიტეს „კონტრშეტევაზე“ გადასვლა, რაც ითვალისწინებდა საზღვარგარეთ მყოფი წევრების არგენტინაში დაბრუნებას და ადგილზე ბრძოლის გაგრძელებას. 1979 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა. 17 სექტემბერს უსაფრთხოების ძალებმა შეტაკების შემდეგ დააკავეს. დაჭრილი მონტონერო რამდენიმე დღის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მთლიანობაში ამ „კონტრშეტევით“ ოპერაციას დაახლოებით 80 პარტიზანი შეეწირა. 

 [43] არტურო გარინი (Arturo Garin 1944-1976) - კათოლიკე პერონისტი და მეტსახელად „გაუჩო, რომელიც დააკავეს 1976 წლის დეკემბერში და გადაიყვანეს იატაკქვეშა ცენტრში. დაკითხვისას მან თავში დაზიანებები მიიღო, ამიტომ მონტონეროების წევრმა ექიმმა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობას აიძულებდნენ, მოიტყუა რომ გარინი კომაში იყო და მისი დაკითხვა არ შეიძლებოდა. ეს უკანასკნელიც სიმულირებდა, ისარგებლა დაცვის მიერ ყურადღების მოდუნებით და გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. შემდგომში ის კვლავ აწამეს მაგრამ უშედეგოდ. გარინი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

[44] მარიო სანტუჩო (Mario Santucho 1936-1976) - მარქსისტი პოლიტიკოსი და პარტიზანი, „მშრომელთა რევოლუციური პარტიის“ (Partido Revolucionario de los Trabajadores (PRT)  ერთ-ერთი დამაარსებელი (1965) და ამ პოლიტიკური ძალის გასამხედროებული ნაწილის „ხალხის რევოლუციური არმიის“   ლიდერი. (ეს ყველაზე დიდი და ამავე დროს არაპერონისტული დაჯგუფება იყო არგენტინაში).

სანტუჩო სტუდენტობიდან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 1971 წელს დააპატიმრეს და გადაიყვანეს როუსონის ციხეში. 1972 წელს მონაწილეობა მიიღო ცნობილ გაქცევაში, რასაც „ტრელევის ჟლეტა“ მოჰყვა. ჩილედან სანტუჩო კუბაზე გადავიდა, თუმცა იმავე წლის ბოლოს დაბრუნდა არგენტინაში. სანტუჩო 1976 წელს, ვიჟა მარტელიში (ბუენოს აირესის პროვინცია) შეტაკებისას მოკლეს.

[45] მარიანო პუხადასი (Mariano Pujadas  1948-1972) - მონტონეროების ორგანიზაციის ლიდერი კორდობას პროვინციაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნებრასკას უნივერსიტეტში. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო კორდობას უნივერსიტეტში, სადაც ჩაერთო პერონისტულ მოძრაობაში. მონტონეროებთან ერთად მონაწილეობდა რამდენიმე ოპერაციაში. დააკავეს 1971 წელს და გასამართლების შემდეგ გადაიყვანეს როუსონის ციხეში. დახვრიტეს 1972 წელს, „ტრელევის ჟლეტისას.“

[46] როდოლფო მატაროლო (Rodolfo Mattarollo 1939-2014) - ადვოკატი, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავდა როგორც არგენტინაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 70-იან წლებში, არგენტინაში იცავდა პოლიტიკური პატიმრებსა და პროფკავშირების ლიდერებს. ამ საქმიანობის გამო, 1976 წლის დიქტატურის დამყარების შემდეგ, მატაროლო იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა.

[47] ენვარ ელ კადრი (Envar El Kadri – 1941-1998) - პროფესიით ადვოკატი, 1968 წელს, პარტიზანული შენაერთის „პერონისტული შეიარაღებული ძალების“ (Fuerzas Armadas Peronistas – FAP) ერთ-ერთი დამაარსებელი.

[48] რევოლუციური საკოორდინაციო საბჭო (Junta Coordinadora RevolucionariaJCR) - სამხრეთამერიკული ორგანიზაცია, რომელიც 1973-1976 წლებში აერთიანებდა არგენტინულ, ჩილეურ, ბოლივიურ და ურუგვაულ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯგუფებებს.

[49] ეროვნული გათავისუფლების მოძრაობა - ტუპამაროს (Movimiento de Liberación Nacional-Tupamaros (MLN-T) - ურუგვაული ულტრამემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც 60-70 იან წლებში იყენებდა პარტიზანულ ტაქტიკას. სახელი ტუპამაროს, დაკავშირებულია ტუპაკ ამარუ II-ს ანტიესპანურ აჯანყებასთან, რომელიც 1780 წელს, პერუს ვიცე-სამეფოში მოხდა.

[50] მემარცხენე რევოლუციური მოძრაობა (Movimiento de Izquierda Revolucionaria (MIR) - მარქსისტულ-ლენინისტურ და გევარიზმის საფუძვლებზე 1965 წელს, ჩილეში შექმნილი ულტრამემარცხენე  ორგანიზაცია, რომელიც პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას მიმართავდა და მიზნად ისახავდა ჩილეში სოციალიზმის დამყარებას.

[51] ბოლივიის ეროვნული გათავისუფლების არმია (Ejército de Liberación Nacional de Bolivia (ELN) - კომუნისტური პარტიზანული ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს შექმნა ერნესტო ჩე გევარამ.

[52] უსაფრთხოების ძალების 601-ე ბატალიონი Batallón de Inteligencia 601 (B Icia 601)- განსაკუთრებული მნიშვნელობის სამხედრო-სადაზვერვო დანაყოფი, რომელიც შეიქმნა 1968 წელს და აქტიურად მოქმედებდა „ბინძურის ომის“ დროს. დანაყოფი ნერგავდა თავის აგენტებს სასურველ დაწესებულებებში, აგროვებდა ინფორმაციას პარტიზანულ ჯგუფებზე და უფლებადამცველ ორგანიზაციებზე. ორგანიზებას უწევდა მკვლელობებსა და ადამიანთა გატაცებებს. შენაერთი არსებობდა 1985 წლამდე.

[53] როდოლფო გალიმბერტი (Rodolfo Galimberti – 1947-2002) – მონტონეროების ერთი-ერთი ლიდერი, რომელსაც მემარჯვენე ორიენტაცია ჰქონდა. ხელმძღვანელობდა დედაქალაქისა და აგლომერაციის ჩრდილოეთ კოლონებს. იყო ხუან და ხორხე ბორნების გატაცების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1976 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მის დაქვემდებარებაში მყოფი შენაერთები განადგურდა და მან გადაწყვიტა არგენტინა დაეტოვებინა. ემიგრაციაში ის დაუპირისპირდა მონტონეროების იმ ლიდერებს, რომლებიც „კონტრშეტევის პოლიტიკას“ ემხრობოდნენ, რისთვისაც მოღალატედ შერაცხეს.

 

 

მოხსენება ორიგინალში :

https://www.cia.gov/readingroom/docs/HISTORY%20OF%20THE%20MONTONEROS%5B15515133%5D.pdf