sábado, 10 de octubre de 2015

ფეხბურთი, როგორც სოციალური ნარკოტიკი

ბრიტანელ ისტორიკოს პოლ პრესტონს ეკუთვნის ფეხბურთის, როგორც სოციალური ნარკოტიკის იდეა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის პასიურ პოლიტიკურ მდგომარეობაში ყოფნას, რათა თავიდან იქნას აცილებული აჯანყებები და მანიფესტაციები. როგორც წესი, ეს იყო ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც ხშირად იყენებენ პოლიტიკური რეჟიმები მთელ მსოფლიოში, როგორც მოსახლეობის კონტროლის საშუალებას.
ისტორიკოსი პოლ პრესტონი
ესპანეთში „ფეხბურთი იყო სპორტის სანახაობრივი სახეობა, რომელსაც შეეძლო სახიფათო სახალხო მანიფესტაციების კონტროლი, რადგან ცნობილი იყო, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა შესაძლო რეპრესიებზე მოსახლეობის დაბალ ფენას. ამიტომ გამოსვლების თავიდან ასაცილებლად მათ სთავაზობდნენ ხარისხიანი ფეხბურთის მთელ რეპერტუარს ან სხვაგაგვარ სპორტულ აქტივობებს, რომელიც ემსახურებოდა პირველ მაისს დანიშნული მიტინგების განეიტრალებას”.
ჟურნალისტმა ხულიან გარსია კანდაუმ თავის 1980 წელს გამოცემ წიგნში, „პოლიტიკა განონგარეშე“ დეტალურად გაანალიზა პოლიტიკასა და ფეხბურთს შორის არსებული კავშირები: „ესპანეთში ფეხბურთი განვითარდა მას შემდეგ, რაც დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელსაც თან ახლდა რეპრესიები“.
დასრულებული საომარი მოქმედებების შემდეგ ქვეყნის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ბრძოლებით გაჩანაგებულ ესპანეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს ემუქრებოდა შიმშილი. მძიმე რეალობიდან თავის არიდების  საშუალებად რჩებოდა გართობა, თუმცა არჩევანი დიდი არ იყო. ომის შემდეგ დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატი (La Liga) და გენერალისიმუსის თასი (მას სამოქალაქო ომამდე ალფონსო XIII-ის თასი ერქვა, ხოლო შემდეგ ესპანეთის თასი).
ამ ფონზე ჩამარტინისა და მეტროპოლიტენის სტადიონებზე[1] ფიქსირდებოდა სრული დასწრება: „როდესაც სამოქალაქო ომი დასრულდა ეროვნული საფეხბურთო სურათი  ისეთივე პირქუში იყო, როგორც საერთო ვითარება ქვეყანაში. ხალხს სურდა ცხოვრების ნორმალიზება და იმის დავიწყება, რაც ომმა სრულიად გაანადგურა. ფეხბურთი ყოველთვის იყო ერთგვარი ნარკოტიკი, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს უსიამოვნებების გადატანაში, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. თითქმის 40 წლის მანძილზე ესპანელებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე უფრო მეტად ის აღელვებდათ, თუ რომელ ადგილზე იყო ჩვენი გუნდი რეიტინგში“.

ფეხბურთის, როგორც სოციალური ნარკოტიკის შესახებ საუბრობდნენ მადრიდული კლუბების პრეზიდენტები. „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ვისენტე კალდერონი ამბობდა: „ნეტავ, ფეხბურთმა ისე გამოათაყვანოს ხალხი, რომ მატჩამდე სამი დღით ადრე და სამი დღის შემდეგ ფეხბურთზე იფიქრონ. ამ შემთხვევაში სხვა, სახიფათო საკითხებით არ დაინტერესდებიან“.  „რეალის“ პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ აღიარებდა: „ჩვენ სამსახური უნდა გავუწიოთ ერს . . .  იმიტომ რომ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და მასთან  ერთად უფრო მსუბუქი გახდება მათი ყოველდღიური პრობლემები. ისეთ რთულ და საშინელ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ხალხს ნამდვილი სიმშვიდე სჭირდება და არ სურს პრობლემები. ფეხბურთი კი საშუალებაა, რათა მასამ დაივიწყოს ყველა სხვა სიძნელე“.
სანტიაგო ბერნაბეუ და ვისენტე კალდერონი
არსებული რეჟიმისათვის ტელევიზია იყო ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება, რომელსაც შეეძლო ხალხის ქუჩებიდან სახლებში თავმოყრა, განსაკუთრებით ისეთ დღეებში როგორიც იყო 1 მაისი, როდესაც მშრომელების მანიფესტაციებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. “პელეს ათასი გოლი ან ლა ლიგის მატჩები აიძულებდა ხალხს დამსხდარიყვნენ შავ-თეთრი ტელევიზორების წინ.“
ფეხბურთის, როგორც სოციალური ნარკოტიკის ფენომენს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამხრეთამერიკულ დიქტატურებთან: ბრაზიალია (1964-1985), ჩილე (1973-1989), ურუგვაი (1973-1985) და არგენტინა (1978-1983). პოლიტიკური თვალსაზრისით მთავრობები ძირითადად ამჯობინებენ ხალხის პასიურობას, რადგან ასე უფრო იოლია ძალაუფლების შენარჩუნება.
გადატრიალების გზით სამხედროები ხელში იღებდნენ ძალაუფლებას და ძალადობრივი გზით ანადგურებდნენ ან ქვეყნიდან აძევებდნენ მოწინააღმდეგეებს. ასეთ ვითარებაში ხალხი ემორჩილებოდა მათ. ეჭვგარეშეა,  ახალმა მმართველებმა იცოდნენ, რომ რესპრესიების შიში არ იქნებოდა საკმარისი და ნებისმიერი სახის გამოსვლების თავიდან ასაცილებლად მიმართავდნენ კლასიკურ რომაულ ფორმულას - panem et circenses (პური და სანახაობა) - სადაც ფეხბურთი ასრულებდა სანახობის ფუნქციას.
ლათინური ამერიკის შემთხვევაში იშვიათად ყოფილა სასურველი პოლიტიკური სტაბილურობა. ფეხბურთი ცვლიდა და ამშვიდებდა ადამიანთა სულებს. მთლიანობაში კი ხდებოდა საფეხბურთო გამარჯვებების პოლიტიკასთან დაკავშირება.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამხრეთ ამერიკული სამხედრო რეჟიმები მიმართავდნენ სხვადასხვა საშუალებებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ფეხბურთი იყო პოლიტიკურად დაუოკებელი სულების შემაკავებელი დამბა. გაზეთები ამტკიცებდნენ, რომ დიდი ფული საშუალებას აძლევდა გაკოტრებულ კლუბებს მიეღოთ ატლანტიკის ოკეანის მეორე მხრიდან მაცდუნებელი წინადადებები, რომელებიც დაკავშირებული იყო ეპოქის მთავარ მოთამაშეებთან. ბრაზილიაში პელე, სან პაულოს „სანტოსის“ რიგებში, პრაქტიკულად, მთელი კარიერის მანძილზე - 1956-1974 წლებში თამაშობდა. 1960 წელს მთავრობამ იგი  „არაექსპორტირებად ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა.
 არგენტინაში, 1982 წლამდე, დიეგო არმანდო მარადონას გადასვლა ესპანეთში ხელისუფლებამ შეაყოვნა. „მარადონა არ იყიდება! მარადონა არ მიდის! მარადონა არის საერთოეროვნული საკუთრება!“ ყვიროდნენ გაცეცხლებული გულშემატკივრები. 1979 წელს „ბარსელონა“ ცდილობდა მის გადაყვანას, მაგრამ სამხედროების მიერ მოწყობილმა სწრაფმა გადატრიალებამ ტრანსფერი ჩაშალა. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მმართველები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ el Pelusa (მარადონას მეტსახელი ბუჩქივით თმების გამო) სამშობლოს წარადგენდა: “სამხედროებს სურდათ მარადონა ქვეყანაში დარჩენილიყო, რადგან იგი, რეჟიმისათვის რთული პერიოდის დადგომის შემთხვევაში,  მოსახლეობის ყურადღების გადასატანად მშვენიერ საშუალებას წარმოადგენდა. დიეგო აბედნიერებდა ხალხს. რომაელები სანახობისათვის იყენებდნენ ცირკს, ჩვენი სამხედროები კი საფეხბურთო არენებს“. არგენტინული სამხრდრო ხუნტა ასევე იყენება მასმედიის საშუალებებს, რათა მოსახლეობის სრული პოლიტიკური ანესთეზიისათვის მიეღწია. კვირაში ექვსი თამაშის რეპორტაჟი გადაიცემოდა. რითაც იმ კლუბებს ეხმარებოდნენ ეკონომიურად, ვის სტადიონებსაც დახმარება შეუმცირდათ.
ჩილეში ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის კავშირი 1973 წელს ავსგუსტო პინოჩეტის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალებისა და სოციალისტი ლიდერის, პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს ჩამოგდების შემდეგ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა.
 
ჩილეს სამხედრო ხუნტა 1973 წელს
დიქტატურის განმავლობაში გენერალმა რამდენიმე გუნდი იხსნა ფინანსური სიძნელეებისაგან, მაგალითად ვინია დელ მარის „ევერტონი“ და ტალკას „რეინჯერსი“, რადგანაც ამ გუნდების გაქრობის შემთხვევაში, მოსახლეობა ყურადღებას გადაიტანდა ყოფით საკითხებზე, ეს კი მათ ქუჩაში გამოსვლას გამოიწვევდა. გარდა ამისა 1981-1984 წლებში პინოჩეტი ქვეყნის ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის სანტიაგოს „კოლო კოლოს“ პრეზიდენტი იყო.

ფრანსისკო ალკაიდე ერნანდესი
ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა



[1] ჩამარტინზე თამაშობდა „რეალი“, ხოლო მეროპოლიტენზე „ატლეტიკო“, სანამ სანტიაგო ბერნაბეუსა და ვისენტე კალდერონის არენებს ააგებდნენ.