viernes, 6 de noviembre de 2009

რამდენიმე მოსაზრება მაქს ვებერის “პროტესტანტული ეთიკისა და კაპიტალიზმის სულისკვეთების” შესახებ

       ცნობილი გერმანელი სოციოლოგი, ისტორიკოსი და ეკონომისტი მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი დაიბადა 1864 წელს ქ. ერფურტში. იგი სხვადასხვა დროს სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ბერლინის, ფრაიბურგის, ჰაიდელბერგის, მიუნხენისა და ვენის უნივერსიტეტებში. ამას გარდა 1919 წელს  გახლდათ გერმანიის დელეგაციის წევრი, მრჩეველის რანგში, ვერსალის საზავო კომფერენციაზე. ვებერი 1920 წელს გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა ქ. მიუნხენში.

წლების მანძილზე მისი ყურადღების საგანს სხვადასხვა საკითხი წარმოადგენდა. მისი მრავალრიცხოვანი მემკვიდრეობიდან ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ 1905 წელს გამოსულ ნაშრომზე “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება”, რომელიც ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომადაა მიჩნეული.
დღევანდელი გაგებით “დასავლეთის” ჩამომყალიბებელად (რომელშიც იგულისხმება დასავლეთ ევროპა და მის მიერ კოლონიზაციის შედეგად ათვისებული ჩრდილოეთ ამერიკა) მაქს ვებერს ორი ფაქტორი მიაჩნია: ანტიკური ეპოქა და მის საფუძველზე აღმოცენებული რენესანსი და რეფორმაცია. ამ ევროპული რაციონალური სისტემის პირველი ეტაპი ანტიკურ პერიოდში ჩამოყალიბდა კაპიტალიზმის პირველი ციკლის დროს და იგი გამოვლინდა სხვადასხვა სფეროში. (მათემატიკა, ფიზიკა, გეომეტრია, ქიმია, სამართალი, მუსიკა, არქიტექტურა...), რომლის დროსაც მოხდა მსოფლიოში აკუმულირებული ცოდნის ახლებურად გააზრება და ბერძენ-რომაელთა მიერ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა.  შუა საუკუნეების დაისზე პროცესმა რომელსაც ახასიათებდა “ქალაქების ინდუსტრიის აშკარა უპირატესობა აგრარულ სექტორთან, ინდუსტრიული ნაწარმის ექსპორტი, საბანკო საქმის განვითარება, ძლიერი სავახშო კაპიტალი, მანუფაქტურები, რთული და გრანდიოზულინაგებობები” [1:14] ანუ მეორე ციკლის კაპიტალიზმი ჯერ იტალია (რომელსაც მიზეზთა გამო ყველაზე მეტი სიახლოვე გააჩნდა ბერძნულ-ანტიკურ სამყაროსთან) ხოლო შემდეგ დანარჩენი ევროპაც მოიცვა. პროვიდენციალური, ღვთის ნებით ახსნილი პროცესების ჩანაცვლება რაციომ ითავა. ადამიანის გონებამ დაიწყო სამყაროს ცენტრისაკენ სვლა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ევროპელი ადამიანის სააზროვნო სისტემის რეფორმა. იცვლება დროისა და სივრცის აღქმის ფორმები. მაგალითისათვის, ეკლესიის ზარების მექანიკური საათით ჩანაცვლება ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო. ეკონომიკური დაწინაურება აისახა ტექნიკურ პროგრესზე. უმთავრესი რაც რენესანსის ეპოქამ მოგვცა იყო სხვებზე უფრო კარგად ჩამოყალიბებული სისტემური ცოდნა, რომელიც გონებას დაეფუძნა და ეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემურობა დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალად და გამოკვეთილ მახასიათებლად იქცა.
თუმცა გერმანელი სოციოლოგის აზრით ეს მხოლოდ ერთი ეტაპი იყო. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საფეხური დაუკავშირდა კათოლიციზმის წიაღში XVI საუკუნეში აღმოცენებულ ლუთერანობას, ანუ პროტესტანტიზმს (რომელიც შიგნით კიდევ იყოფა სხვადასხვა მიმდინარეობებად: კალვინიზმი, მეთოდიზმი, ანაბაპტიზმი და ა.შ.) როგორც ვებერი აღნიშნავს ამ რელიგიურმა მიმდინარეობამ სრულიად ახლებური ხედვა ჩამოაყალიბა შრომასთან დაკავშირებით. ამ ხედვის ერთ-ერთი ავტორის, მარტინ ლუთერისათვის შრომაში გამოჩენილი სიბეჯითე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ლოცვაში გატარებული მთელი დღეები. “ძვირფასო ქრისტიანებო ილოცეთ ცოტა მაგრამ ღრმად, ვინაიდან ის გმობს ხანგძლივ და სიტყვამრავალ ლოცვებს“ [3:73] ლუთერი ასევე ილაშქრებს მრავალრიცხოვანი უქმეების წინააღმდეგ და თვლის რომ “უქმეებში ადგილი აქვს ლოთობას, აზარტულ თამაშებს, უსაქმურობას და ყოველგვარ ცოდვას. საკმარისია დავტოვოთ მხოლოდ კვირადღე ან კიდევ დილა როცა ლოცულობენ ადამიანები; დანარჩენი დრო კი უნდა იყოს სამუშაო დღე, როცა ადამიანები შრომობენ და ირჯებიან” [3:73]
  ვებერი ყურადღებას ამახვილებს იმ ძირეულ მენტალურ ცვლილებებზე რაც გამოიწვია რეფორმაციამ. ეს იყო ადამიანთა ფასეულობების გადაფასება და ფაქტიურად ახალებურად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანის ფორმირება. რელიგიური ფაქტორის გამო მოხდა გადაწყობა და ახალი ცხოვრებისეული პრიორიტეტების განსაზღვრა. რელიგიური ასკეტიზმი, რომელიც შუა საუკუნეების დასავლეთს ახასიათებდა შრომითმა ასკეტიზმმა შეცვალა და იგი იქცა იმ უმთავრეს სიქველედ, რომლისკენაც უნდა აღებულიყო სწორება. მართალია  პროტესტანტების “მთავარ არენად” სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იქცა, თუმცა შენარჩუნდა პატიოსანი თამაშის წესები, რომელიც სახარების მათეულ გააზრებას ეფუძნებოდა. “როგორც წესი, თავზეხელაღებულმა და უნამუსო სპეკულანტებმა, ეკონომიკის ავანტურისტებმა, ეკონომიკის ისტორიის ყველა ეპოქაში რომ გვხვდებიან, ან უბრალოდ “დიდი ფულის პატრონებმა” კი არ მოახდინეს ეკონომიკურ ცხოვრებაში ამ ახალი სულისკვეთების დამკვიდრებისათვის გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც ასე გადამწყვეტი შემობრუნება, არამედ ცხოვრების უსასტიკეს სკოლაში გამოზრდილმა, ერთდროულად წინდახედულმა და გაბედულმა, პირველ ყოვლისა ფხიზელმა და შეუდრეკელმა, საკუთარი საქმისათვის მტკიცედ და ბოლომდე თავდადებულმა, მკაცრი ბურჟუაზიული თვალთახედვისა და “პრინციპების” ერთგულმა ხალხმა.” [2:61] 
უნდა ავღნიშნოდ პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის განსხვავების უმნიშვნელოვანესი მომენტი – დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროფილი. კათოლიკეებისაგან განსხვავებით პროტესტანტები ესწრაფვიან ისეთი განათლების მიღებისაკენ, რაც მათ მიერ ცხოვრებაში დასახული ამოცანების გადაჭრაში უფრო მეტად დაეხმარება.
გერმანელი მეცნიერის თვალს ყურადღების მიღმა არ რჩება დასავლური სისტემის ერთ-ერთი ბურჯი – შრომის დანაწილების შედეგად ჩამოყალიბებული ვიწრო, თუმცა თავის საქმის ღრმად და მაღალპროფესიულად მცოდნე ადამიანები. “მეცნიერების რაციონალური და სისტემური დარგობრივი წარმოება: დარგის გაწაფული სპეციალისტის ფენომენი, დღევანდელი გაგებით მხოლოდ დასავლეთში არსებობდა. უპირველეს ყოვლისა, ესაა სპეციალისტი მოხელე, დასავლეთის თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე ეკონომიკის ბურჯი.” [2:10]
  შემდეგ პატივცემული მკვლევარი კიდევ უფო უღრმავდება საკითხს და გამოყოფს დასავლური სისტემის მართვისათვის საჭირო ორ მნიშვნელოვან სეგმენტს – სამართალსა და მენეჯმენტს, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწა. “მთავარს წარმოადგენს სამართლისა და მართვის რაციონალური სტრუქტურა, რადგან თანამედროვე რაციონალურ კაპიტალიზმს ესაჭიროება როგორც ანგარიშს დაქვემდებარებული შრომის ტექნიკური საშუალებანი, ისევე ფორმალური წესების მიხედვით ანგარიშს დაქვემდებარებული სამართალი და მართვა . . . კაპიტალისტურმა ინტერესებმა გზა გაუკაფა რაციონალური სამართლის სფეროში გამოწრთობილ იურისტების ფენის ბატონობას სამართლწარმოებასა და მართვაში.” [2:19]
ვებერი ცდილობს მკითხველს კიდევ უფრო მძაფრად წარმოუდგინოს პროტესტანტული ეთიკის მთელი არსი. ამისათვის იგი იმოწმებს აშშ-ს ერთ-ერთ დამაარსებელს, ბენჯამენ ფრანკლინს. ფრანკლინისეული მსოფმხედველობიდან, რომელის ფილოსოფიაზეცაა შეერთებული შტატები სხვებთან ერთად დაფუძნებული, ამჯერად მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მცირე მონაკვეთს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მის დამოკიდებულებას კაპიტალიზმთან მიმართებაში. “ფულის ბრუნვაში ჩადებული ხუთი შილინგი უკვე ექვსია, კვლავ ჩადებული – შვიდი შილინგი და სამი პენსია და ასე შემდეგ ვიდრე 100 ფუნტი სტერლინგი არ გახდება. რაც უფრო მეტია ფული იგი უფრო მეტს შობს ბრუნვაში ჩადებისას. ვინც ხუთშილინგიანს მოკლავს, ის ყველაფერს კლავს რისი შეძენაც შეიძლებოდა ამით ანუ ფუნტი სტერლინგების მთელ კოლონიებს”. [2:42]
      სხვადასხვა მიზეზთა გამო საქართველოში კაპიტალიზმის დამკვიდრების პროცესი XIX საუკუნიდან დაიწყო, მაგრამ ქართველებმა, რომლებიც კაპიტალიზმისაგან განსხვავებული ცხოვრების წესის მიმდევრები იყვნენ ახალი დროების გამოწვევას ალღო ვერ აუღეს, რამაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენა. ილია ჭავჭავაძე კარგად ხედავდა, და აანალიზებდა, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარების გზა და  პრიორიტეტი ევროპულ სისტემას და კაპიტალიზმს უკავშირდებოდა. “ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლასა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლსა ჰღვრიდეს. კიდე ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს.” [4:175]
    მაქს ვებერი შეეცადა აეხსნა თანამედროვე კაპიტალიზმის გენეზისი ძირითადად პროტესტანტიზმთან კონტექსტში და ეჩვენებინა მოდერნული ევროპული სისტემის საფუძვლები. მან ხაზი გაუსვა რეფორმაციის შედეგად უფრო მეტად სტიმულირებულ კაპიტალისტურ ეკონომიკურ წყობას და წინა პლანზე წამოწეულ მისთვის დამახასიათებელ მორალურ კოდექსს. ეს კოდექსი, მიზეზთა გამო, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა გერმანიაში და ანგლო-საქსურ სამყაროში. განსაკუთრებით ამ უკანასკნელში (იგულისხმება აშშ, ინგლისი, ავსტრალია) დანერგილმა ხსენებულმა მოდელმა ყველაზე კარგი ნაყოფი გამოიღო და ეს ნაყოფი საყოველთაო მოწონებისა და მიბაძვის ობიექტია.


გამოყენებული ლიტერატურა
1. თედო დუნდუა, ნათია ფიფია, დასავლეთი და აღმოსავლეთი – მასალები სალექციო კურსისთვის, ნაწილი I, თბილისი 2008 წელი.
2. მაქს ვებერი, ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ, თბილისი 2004 წელი. 
3. გურამ კუტალია, საზოგადოებრივ პოლიტიკური იდეები რეფორმაციის ეპოქის გერმანიაში, თბილისი 2000 წელი
4. ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, თბილისი 1985 წელი